Gccc-logo.png


მუხლი 1. ცნება. მოქმედების სფერო

From Georgian Civil Code Commentary
Revision as of 11:51, 31 December 2017 by David Maisuradze (talk | contribs) (3. სამოქალაქო კოდექსის რეგულირების საგანი)
(diff) ← Older revision | Latest revision (diff) | Newer revision → (diff)
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 1. ცნება. მოქმედების სფერო


ლადო ჭანტურია
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

ეს კოდექსი აწესრიგებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს.

I. ზოგადი დებულებანი

1. ნორმის მიზანი და ფუნქცია

1
სამოქალაქო კოდექსის პირველი მუხლი ზოგადად განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსით მოსაწესრიგებელი ურთიერთობების სფეროს და ასრულებს საორიენტაციო ფუნქციას. მართალია, მასში ჩამოთვლილი ურთიერთობები არ არის ამომწურავი, მაგრამ შეიცავს საჯარო სამართლისაგან კერძო სამართლის განმასხვავებელის თითქმის ყველა კრიტერიუმს და ნორმატიულად განამტკიცებს იმ დებულებას, რომ სამოქალაქო სამართალი კერძო სამართალია. პირველი მუხლის მიერ შესრულებული ფუნქცია „სპეციფიკურია“, რადგან „იგი უშუალოდ ემსახურება კოდექსის ტექსტის ორგანიზაციის ამოცანას“ და იურიდიული ძალის მქონეა სამოქალაქო სამართლის ნორმების განმარტებისას.[1]
2
საქართველოს სამოქალაქო კოდექსს არა აქვს პრეამბულა. ამით ის განსხვავდება ზოგიერთი სხვა ქვეყნის სამოქალაქო კოდექსებისაგან.[2] ამ თვალსაზრისით პირველი მუხლი ასრულებს პრეამბულის ფუნქციასაც.
3
კოდექსის მოქმედების სფეროს განსაზღვრის გარდა, პირველი მუხლი შეიცავს სამოქალაქო სამართლის ლეგალური დეფინიციის მცდელობასაც, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალი „აწესრიგებს პირთა თანასწორობაზე დამყარებულ კერძო ხასიათის ქონებრივ, საოჯახო და პირად ურთიერთობებს“.

2. კერძო და საჯარო სამართალი

4
სამოქალაქო კოდექსმა საქართველოში ნორმატიულად პირველად განამტკიცა „ნაციონალური სამართლის სისტემის დანაწევრება კერძო და საჯარო სამართლის სფეროებად“.[3] ამით კოდექსმა საკანონმდებლო დონეზე აღიარა კონტინენტური ევროპის სამართლისადმი ქართული სამართლის კუთვნილების ფაქტი.[4]
5
კერძო სამართალი არის სამართლის სისტემის ნაწილი, რომელიც აწესრიგებს კერძო პირთა შორის თანასწორუფლებიანობის საფუძველზე წარმოშობილ ურთიერთობებს, რომელთაც საფუძვლად უდევს პირთა ნების გამოვლენის თავისუფლება და სხვა პირებთან ურთიერთობის დამყარების სურვილი - კერძო ავტონომია.[5] კერძო ავტონომია საკუთრების უფლებასთან ერთად შეადგენს კერძო სამართლის ფუნდამენტს.[6] კერძოსამართლებრივი ურთიერთობების მაგალითებია: ნასყიდობა, ჩუქება, ქირავნობა, იჯარა, დაქორწინება, ანდერძი და ა.შ.
6
საჯარო სამართალი აწესრიგებს სახელმწიფოს მიერ საჯარო უფლებამოსილებათა განხორციელებისას პირთა სუბორდინაციული დაქვემდებარების ნიადაგზე წარმოშობილ ურთიერთობებს, რომელთა ინიცირება ხდება არა კერძო ავტონომიის, არამედ სახელმწიფოს ან მისი ორგანოების ნების საფუძველზე.

საჯარო სამართალი განსაზღვრავს სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფოსა და მისი ორგანოების მონაწილეობის წინაპირობებსა და წესებს, რომელთა შესაბამისად სახელმწიფო არღასრულებს კონსტიტუციითა და საჯარო სამართლის სხვა კანონებით დაკისრებულ ფუნქციებს. ამ გაგებით საჯარო სამართალი წარმოადგენს სახელმწიფოსთვის შექმნილ სპეციალურ სამართალს.[7]

კერძო სამართლისაგან განსხვავებით, რომელშიც პირები გადაწყვეტილებებს კერძო ავტონომიის საფუძველზე იღებენ, საჯარო სამართალში მისაღები გადაწყვეტილებების უმეტესობა კანონით არის დაწვრილებით დადგენილი: სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს თავისი ძალაუფლების შეუზღუდავად გამოყენების შესაძლებლობა.[8]

საჯაროსამართლებრივი ურთიერთობების მაგალითებია: სამშენებლო ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემა, პოლიციური ფუნქციების შესრულება, სამართალდარღვევების აღკვეთა, გადასახადებისა და მოსაკრებლების ადმინისტრირება და ა.შ.

3. სამოქალაქო კოდექსის რეგულირების საგანი

7
პირველი მუხლი განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის, როგორც კერძო სამართლის კანონის, გამოყენების სფეროს და ადგენს სამოქალაქო კოდექსით მოსაწესრიგებელი ურთიერთობების კრიტერიუმებს.

ა. პირთა თანასწორობა

8
პირთა თანასწორობა ნიშნავს ნების თავისუფალი გამოვლენისა და ურთიერთობის თავისუფლად დამყარებისა თუ კონტრაგენტის არჩევის შესაძლებლობას, ურთიერთობის მონაწილეთა მიერ “ინიციატივის გამოჩენას, გარეშე პირთა ჩაურევლობას“.[9] ერთი პირის ბრძანების ან მისი დიქტატის საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობა, მაგალითად, პოლიციელის მიერ ჯარიმის დაკისრება, არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის მოწესრიგების საგანს.

პირთა თანასწორობა არ გამორიცხავს კერძო სამართალში სუბორდინაციულ ურთიერთობებს, ე.ი. ხელისუფლებასა და დაქვემდებარებაზე დამყარებული ურთიერთობების არსებობას, მაგალითად, ურთიერთობანი სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორებსა და მართვის ორგანოებს ანდა მშობლებსა და შვილებს შორის და ა.შ.

პირთა თანასწორობა არსებითად კერძო ავტონომიის სინონიმია და ნიშნავს ნების თავისუფლად, სხვისი იძულების გარეშე, გამოხატვის უნარს.[10]

ბ. კერძო ხასიათის ურთიერთობები

9
სამოქალაქო კოდექსი აწესრიგებს მხოლოდ კერძო პირებს, ინდივიდებს შორის წარმოშობილ ურთიერთობებს, მიუხედავად იმისა, წარმოადგენს თუ არა ეს ურთიერთობები სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესის საგანს, მაგალითად, მშობლების მოვალეობა იზრუნონ შვილებზე და ა.შ. ამ გაგებით სამოქალაქო სამართალი ყოველდღიურობის მომწესრიგებელ ურთიერთობებს, ყველასა და თითოეულს ეხება.[11]

კერძო პირად მიიჩნევა ურთიერთობის მონაწილე ყველა სუბიექტი, რომელიც თანასწორობის საფუძველზე და არასაჯარო ფუნქციის შესასრულებლად იყენებს სამოქალაქოსამართლებრივ კონსტრუქციებსა თუ ინსტიტუტებს, მაგალითად, ნასყიდობის ან ნარდობის ხელშეკრულებებს. ამ პირების დეფინიციას შეიცავს 8 I მუხლი.

სახელმწიფოს ან საჯარო სამართლის სხვა იურიდიული პირების მონაწილეობა ურთიერთობაში ავტომატურად არ იწვევს ამ ურთიერთობის გადაქცევას საჯაროსამართლებრივ ურთიერთობად, თუკი სახელმწიფო მათში არ აღასრულებს საჯარო ფუნქციებს, მაგალითად, არ ახორციელებს გადასახადების აკრეფას.

გ. ქონებრივი ურთიერთობები

10
სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებული ურთიერთობების უმეტესობა ქონებრივი ხასიათისაა და ისინი წარმოიშობა ქონებრივ სიკეთეებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, ქონებრივი სიკეთე მატერიალურია თუ არამატერიალური (7, 147). საჯარო სამართალში წარმოშობილი ქონებრივი ურთიერთობები არ წესრიგდება სამოქალაქო კოდექსით, ვინაიდან ისინი არ არიან კერძო ხასიათის და მათ საფუძვლად არ უდევთ პირთა თანასწორუფლებიანობა, მაგალითად, სახელმწიფოს საბიუჯეტო ურთიერთობები.
11
სახელმწიფოს მონაწილეობა ქონებრივ ურთიერთობებში არ იწვევს ამ ურთიერთობების გადაქცევას საჯაროსამართლებრივ ქონებრივ ურთიერთობებად, მაგალითად, სახელმწიფოს მიერ მაღაზიაში სამსახურებრივი ავტომანქანის შეძენა ნასყიდობის ხელშეკრულების დადებით. სახელმწიფოს მიერ ავტომანქანის შეძენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესი წარმოადგენს საჯაროსამართლებრივ ურთიერთობას და მასზე სამოქალაქო კოდექსი არ ვრცელდება.[12]
12
ქონებრივი ურთიერთობების კვალიფიკაციის პრობლემა წარმოიშობა სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შემთხვევაშიც. გადაწყვეტილება პრივატიზაციის შესახებ და ამ გადაწყვეტილების პროცედურა წარმოადგენს საჯარო სამართალს, ხოლო სახელმწიფო ქონების მიყიდვა შემძენზე ფორმდება კერძოსამართლებრივი ხელშეკრულებით. პრივატიზაციის ხელშეკრულების შეფასებასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლო თავის ადრეულ სასამართლო გადაწყვეტილებებში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ზ“ პუნქტზე დაყრდნობით თვლიდა, რომ პრივატიზაციის ხელშეკრულება წარმოადგენდა ადმინისტრაციულ გარიგებას და დავა ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას უნდა განეხილა.[13]

დ. საოჯახო ურთიერთობები

13
სამოქალაქო კოდექსი აწესრიგებს საოჯახო ურთიერთობებსაც. თავისი ბუნებით საოჯახო ურთიერთობები შეიძლება იყოს პირადიც და ქონებრივიც.[14] მაგრამ პირველ მუხლში საოჯახო ურთიერთობების ცალკე გამოყოფით სამოქალაქო კოდექსი გაემიჯნა 70 წლიან საბჭოთა ტრადიციას, რომლის მიხედვითაც საოჯახო სამართალი ცალკე იყო მოწესრიგებული საქორწინო და საოჯახო სამართლის კოდექსებში. მრავალი პოსტსაბჭოთა ქვეყანა დღემდე ამ ტრადიციის ერთგული დარჩა.[15]

ე. პირადი ურთიერთობები

14
პირადი ურთიერთობებით სრულდება სამოქალაქო კოდექსით მოწესრიგებული ურთიერთობების საორიენტაციო ჩამონათვალი. მათში იგულისხმება სახელის, პატივისა და ღირსების, საკუთარის გამოსახულების, საქმიანი რეპუტაციის და ა.შ. დაცვა.

პირად ურთიერთობებს გამნეკუთვნება ავტორობის უფლებიდან წარმოშობილი ურთიერთობებიც.

ლიტერატურაში არის მოსაზრება “პირადი უფლებების“ “პიროვნული უფლებებით“ შეცვლის თაობაზე. ვიდრე სამოქალაქო კოდექსი იყენებს ტერმინს “პირადი უფლებები“, მიზანშეწონილია ამ ტერმინით სარგებლობა.[16]

4. კერძო და საჯარო სამართლის გამიჯვნა

15
სამართლის სისტემის დაყოფა კერძო და საჯარო სამართლად სამართლის მეცნიერების ერთ-ერთი უძველესი თემაა და მას მრავალი თეორია მიეძღვნა, რომელთაგან აღსანიშნავია ინტერესების, სუბორდინაციის, სუბიექტის და სპეციალური სამართლის თეორიები.[17]
16
თეორიულის გარდა საყურადღებოა გამიჯვნის პრაქტიკული მნიშვნელობა, რომელთაგან აღსანიშნავია ორი საკითხი: პირველი, რომელი ნორმა უნდა იქნეს შერჩეული ურთიერთობის მოსაწესრიგებლად კონკრეტულ შემთხვევაში და, მეორე, რომელმა სასამართლომ უნდა განიხილოს მოცემული დავა - სამოქალაქომ თუ ადმინისტრაციულმა.
17
სამართლის ნორმის შერჩევის საკითხი მნიშვნელოვანია როგორც კანონშემოქმედების, ისე სამართალგამოყენების დროს.

კანონშემოქმედების დროს კანონმდებელმა უნდა გადაწყვიტოს, მიზანშეწონილია ურთიერთობის მოწესრიგება სახელმწიფოს მონაწილეობით (საჯარო სამართალი), თუ საკმარისია თვით ამ ურთიერთობის მონაწილეთა ინიციატივა და აქტიურობა (კერძო სამართალი). მაგალითად, შრომითი ურთიერთობები შესაძლებელია მთლიანად კერძო სამართლით მოწესრიგდეს შრომის ხელშეკრულების საფუძველზე ანდა სახელმწიფომ საჯაროსამართლებრივად განსაზღვროს სამუშაოს მიმღებთა სამართლებრივი სტატუსი.

სამართალგამოყენების დროს მოსამართლის ამოცანაა შეარჩიოს დავის გადასაწყვეტად შესაბამისი ნორმა და გადაწყვიტოს საკითხი იმის შესახებ, დავა საჯაროსამართლებრივია თუ კერძოსამართლებრივი, მაგალითად, თუ სახელმწიფოს ასპროცენტიანი მონაწილეობით შექმნილი სააქციო საზოგადოების ორგანოებმა მიიღეს გადაწყვეტილება მომსახურების ან პროდუქტის შესყიდვის შესახებ, გარიგების სამართლებრივი შეფასებისას გადასაწყვეტი იქნება საკითხი იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი კანონის საფუძველზე უნდა მოხდეს ეს შეფასება - მეწარმეთა შესახებ თუ სახელმწიფო შესყიდვების კანონების საფუძველზე.
18
კერძო და საჯარო სამართლის გამიჯვნა პრობლემატურია განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას, რომელიც პარალელურად რამდენიმე საპროცესო სამართლის არსებობისას - სამოქალაქო და ადმინისტრაციული - წარმოიშობა. კერძოდ, პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, თუ რომელმა სასამართლომ უნდა განიხილოს მოცემული დავა.

წლების მანძილზე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მისაჩნევად საკმარისად თვლიდა სახელმწიფოს ან მისი ორგანოების მონაწილეობას გარიგებაში, რაც იწვევდა სახელმწიფოს მონაწილეობით დადებული სამოქალაქო გარიგებების განხილვის აუცილებლობას ადმინისტრაციული სასამართლოების მიერ (სუბიექტის თეორია). 2005 წლის 25 ივნისს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილი ცვლილებებით ეს მიდგომა შეიცვალა: ამჯერად მნიშვნელოვანია ის, თუ რა უფლებამოსილებით მონაწილეობს სახელმწიფო ურთიერთობებში - თუკი საჯარო ფუნქციებს ახორციელებს, მაშინ დავა ადმინისტრაციულმა სასამართლომ უნდა განიხილოს, თუ არა - სამოქალაქო სასამართლომ (სპეციალური სამართლის თეორია). ამით განსჯადობის საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა მიენიჭა არა ამ ურთიერთობის მონაწილეებს, მაგალითად სახელმწიფოს (სუბიექტის თეორია), არამედ სადავო სამართალურთიერთობის ბუნებას (სპეციალური სამართლის თეორიას).[18]

5. კერძო სამართლის სისტემა

19
კერძო სამართალი შედგება სამოქალაქო სამართლისა და კერძო სამართლის სხვა დარგებისაგან.
20
სამოქალაქო სამართალი, როგორც სამოქალაქო კოდექსისა და მის საფუძველზე წარმოშობილი სამოსამართლო სამართლის ნორმების ერთობლიობა, ზოგად კერძო სამართალს წარმოადგენს. ამ დებულებას აღიარებს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც.[19] სამოქალაქო სამართალი კერძო სამართლის ბირთვია და განსაზღვრავს კერძო სამართლის ფუძემდებლურ დებულებებს, როგორიცაა პირები, გარიგებები, კერძო ავტონომია, ხელშეკრულების თავისუფლება, საკუთრების უფლება და ა.შ.
21
გარდა ზოგადი კერძო სამართლისა არსებობს ასევე კერძო სამართლის სპეციალური დარგები, რომლებიც კერძო სამართლის ცალკეულ კანონებში არის განმტკიცებული.[20] ზოგად კერძო სამართლად სამოქალაქო სამართლის აღიარება ნიშნავს სამოქალაქო კოდექსში განმტკიცებული ნორმებისა და ინსტიტუტების გამოყენებას კერძო სამართლის სპეციალურ დარგებშიც. მაგალითად, გარიგებანი, ვადები და ხანდაზმულობა, იურიდიული პირები გამოიყენება საკორპორაციო სამართალშიც.[21]
22
კერძო სამართლის სპეციალურ დარგებს განეკუთვნება: მეწარმეთა, ინტელექტუალური საკუთრების, შრომის, საკორპორაციო, გაკოტრების და ა.შ. სამართალი.

საერთაშორისო კერძო სამართლით მოწესრიგებული ურთიერთობები ასევე კერძოსამართლებრივია და განეკუთვნება კერძო სამართალს.[22] კერძო სამართლის სპეციალური დარგების ეს ჩამონათვალი არ არის ამომწურავი.

6. საჯარო სამართლის სისტემა

23
საჯარო სამართალს განეკუთვნება: კონსტიტუციური, სახელმწიფო, ადმინისტრაციული, საგადასახადო, საბაჟო, სისხლისა და საპროცესო, საეკლესიო სამართალი.[23]
24
კონსტიტუციური (სახელმწიფო) სამართლის შემდეგ მოცულობითა და შესრულებული როლით განსაკუთრებული ადგილი უკავია ადმინისტრაციულ სამართალს. ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის გვერდით, რომელიც 1999 წლიდან საქართველოში კოდიფიცირებულია, მნიშვნელოვანია სპეციალური ადმინისტრაციული სამართლის დარგები: საგადასახადო, საბაჟო, საფინანსო, საბიუჯეტო, საპოლიციო, საპასპორტო, სამშენებლო, სასოფლო-სამეურნეო, გარემოს დაცვის, საგზაო, კომუნალური, სამოხელეო და ა.შ. სამართალი.
25
საპროცესო სამართალი მთლიანად, როგორც სისხლის, ისე ადმინისტრაციული და სამოქალაქო პროცესი, განეკუთვნება საჯარო სამართალს.
26
საჯარო საერთაშორისო სამართალი ასევე საჯარო სამართალს წარმოადგენს, განსხვავებით საერთაშორისო კერძო სამართლისაგან, რომელიც კერძო სამართლის ნაწილია.
27
საჯარო სამართლის ნაწილია საეკლესიო სამართალი, რომელიც აწესრიგებს ეკლესიასა და მის წევრებს შორის წარმოშობილ ურთიერთობებს.

II. სამოქალაქო სამართლის კოდიფიკაცია

1. სამოქალაქო კოდექსის შექმნის ისტორია

28
1991 წელს საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადებამ, კერძო საკუთრებისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების აღიარებამ დღის წესრიგში დააყენა ახალი სამოქალაქო კოდექსის შექმნის აუცილებლობა. ამ მიზნით შეიქმნა სამთავრობო კომისია (კომისია), რომელსაც პროფესორი სერგო ჯორბენაძე ხელმძღვანელობდა. კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ სამართლის მეცნიერებისა და პრაქტიკის წარმომადგენელი სხვადასხვა თაობის იურისტები.[24]
29
ახალი სამოქალაქო კოდექსის შემუშავების აუცილებლობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებშიც იქნა დანახული. ინიციატივა რუსეთმა გამოიჩინა და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში შექმნილმა კერძო სამართლის ცენტრმა პროფესორ ალექსანდრე მაკოვსკის ხელმძღვანელობით დაიწყო მუშაობა დსთ-ის მოდელურ სამოქალაქო კოდექსზე. ამ კოდექსის შემუშსავებაში მონაწილეობის თაობაზე მიწვევა საქართველომაც მიიღო. გასული საუკუნის ოთხმოცდაათციან წლებში საქართველოში მრავლად იყვნენ როგორც პოლიტიკოსები, ისე იურისტები, რომლებიც დსთ-ის მოდელური კოდექსის მიღებას უჭერდნენ მხარს.[25]
30
პარალელურად დაიწყო თანამშრომლობა გერმანელ იურისტებთან ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორის როლფ კნიპერის ხელმძღვანელობით.[26] ამ თანამშრომლობას გერმანიის მთავრობის დავალებით უზრუნველყოფდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება.[27] კომისიამ არჩევანი გააკეთა გერმანელებთან თანამშრომლობაზე და უარი თქვა დსთ-ის მოდელური სამოქალაქო კოდექსის შემმუშავებელ ჯგუფთან კოოპერაციაზე.[28] კომისიის მიერ მომზადებული სამოქალაქო კოდექსის პირველი პროექტი ითარგმნა გერმანულ ენაზე. ამ ტექსტის ექსპერტიზის საფუძველზე გერმანელი იურისტების მიერ შემუშავდა კოდექსის პროექტის ახალი ვარიანტი, რომლის ყოველ წინადადებასა და მუხლზე ოთხი წლის განმავლობაში - 1993-1997 წლებში - მიმდინარეობდა მუშაობა. კოდექსზე მუშაობას ართულებდა მრავალი ინსტიტუტისა და დებულების სიახლე და ქართული იურიდიული ენის მოუმზადებლობა ახალი სამართლებრივი რეალობისათვის. სამართლის მეცნიერებისა და სასამართლო პრაქტიკის განვითარებამ მრავალი პრობლემა და სირთულე გამოიტანა სააშკარაოზე.
31
1996 წელს სარედაქციო ჯგუფმა დაასრულა მუშაობა სამოქალაქო კოდექსის პროექტზე და ის იუსტიციის მინისტრმა თედო ნინიძემ წარუდგინა საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს, რომელმაც პროექტი განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნა.
32
კოდექსის პროექტზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდა პარლამენტშიც. საბოლოოდ 1997 წლის 26 ივნისს საქართველოს პარლამენტმა ერთხმად მიიღო საქართველოს ისტორიაში დამოუკიდებელი სახელმწიფოს პირველი სამოქალაქო კოდექსი.[29] სამოქალაქო კოდექსი ძალაში შევიდა 1997 წლის 25 ნოემბრიდან (1504).

2. სამოქალაქო სამართლის განვითარება კოდექსის მიღების შემდეგ

33
სამოქალაქო კოდექსის მიღებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოში თანამედროვე, განვითარებული სამოქალაქო სამართლის რეცეპციისა და დამკვიდრების საქმეში. მან დააჩქარა საბჭოთა სამართლის რელიქტების გაუქმება და ახალი ქართული სამართლებრივი ცნობიერების ჩამოყალიბება.[30]
34
ასპარეზზე გამოვიდნენ ახალი თაობის ქართველი იურისტები, რომლებმაც სამოქალაქო სამართალი ახალი კოდექსის საფუძველზე შეისწავლეს, ხოლო მათთმა ერთმა ნაწილმა განათლება დასავლეთის ქვეყნებში მიიღო. ეს თაობა სრულიად თავისუფალია საბჭოთა სამოქალაქო სამართლის იდეოლოგიური გადმონაშთებისაგან.
35
სამოქალაქო კოდექსმა საფუძველი ჩაუყარა ქართული ცივილისტიკის განვითარებას, რაც გამოიხატება სამოქალაქო კოდექსის ცალკეული ინსტიტუტების თაობაზე მომზადებულ და გამოქვეყნებულ მრავალრიცხოვან პუბლიკაციებში.[31] პირველად ქართული სამართლის ისტორიაში მომზადდა და გამოიცა სამოქალაქო კოდექსის ექვსტომიანი კომენტარი.[32]

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მრავალჯერ იყო უცხოეთში შესრულებული სამეცნიერო კვლევევების საგანიც.[33] უცხოელმა ავტორებმაც მიუძღვნეს ნაშრომები ქართულ სამოქალაქო კოდექსს.[34] საზღვარგარეთ გამოცემულ სამეცნიერო კრებულებსა თუ მონოგრაფიებშიც იყო სამოქალაქო კოდექსი კვლევის ობიექტი.[35]

სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე მომზადდა არაერთი სახელმძღვანელო თუ დამხმარე სახელმძღვანელო, რამაც შესაძლებელია გახადა სამოქალაქო სამართლის ფართომასშტაბიანი სწავლება უნივერსიტეტებში.

36
სამოქალაქო კოდექსმა გავლენა მოახდინა სასამართლო პრაქტიკაზე. სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნებით 1999 წლიდან ხელმისაწვდომი შეიქნაგახდა სამოსამართლო სამართალი, რამაც შესაძლებელი გახადა მეცნიერებასა და პრაქტიკას შორის მჭიდრო კავშირი.[36] სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე მიღებული ზოგიერთი სასამართლო გადაწყვეტილება სამართალშეფარდების მეთოდოლოგიის სრულყოფის თვალსაზრისითაც იმსახურებს ყურადღებას, რის გამოც ისინი ცალკე კვლევის ობიექტიც კი გახდა.[37] ქართული სასამართლო პრაქტიკის ზოგი პრობლემური საკითხი უცხოელი მოსამართლეების მსჯელობისა და პუბლიკაციის საგანიც იყო.[38]
37
სამოქალაქო კოდექსმა შესაძლებელი გახადა საერთაშორისო კონტაქტების, უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობისა და ერთობლივი სამეცნიერო კვლევების წამოწყება და მათი ფართოდ განვითარება. მრავალი პროექტი დღემდე წარმატებულად ხორციელდება.[39] ამან კი ხელი შეუწყო ქართული სამოქალაქო სამართლის ევროპეიზაციის პროცესს.[40]




  1. ნინიძე, სამოქალაქო კოდექსის პირველი მუხლის სტრუქტურა, 2013, გვ. 151.
  2. ახალი კოდიფიკაციებიდან მაგალითად გამოდგება ქვებეკის სამოქალაქო კოდექსის პრეამბულა, ხოლო ძველიდან - საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსი. იხ. ნინიძე, სამოქალაქო კოდექსის პირველი მუხლის სტრუქტურა, გვ. 152-153.
  3. ნინიძე, სამოქალაქო კოდექსის პირველი მუხლის სტრუქტურა, გვ. 156.
  4. ჯორბენაძე, სკ-ის კომენტარის პირველი გამოცემის წინათქმა, წიგნი I, 1999, გვ. 8; მისივე, საქართველოს რესპუბლიკის მომავალი სამოქალაქო კოდექსის ძირითადი პრობლემები, 1994; ზოიძე, ევროპული კერძო სამართლის რეცეფცია საქართველოში, 2005, მისივე სამოქალაქო სამართლის რეფორმის ისტორიული ძირები საქართველოში, ჟურნალი „სამართალი“, N 5-6, 1996, გვ. 54-61 და სხვ.
  5. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 2.
  6. შდრ. Medicus, BGB AT, 10. Aufl., Rn. 4 a.
  7. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 13, შდრ. Lüke, Zivilprozessrecht, 9. Aufl., 2006, Rn. 52.
  8. შდრ. Medicus, Allgemeiner Teil des BGB, Rn. 5.
  9. ჯორბენაძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 1, გვ. 29.
  10. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 4.
  11. ჯორბენაძე, სკ-ის კომენტარის პირველი გამოცემის წინათქმა, წიგნი I, გვ. 7.
  12. ეს ურთიერთობები წესრიგდება კანონით სახელმწიფო შესყიდვების შესახებ.
  13. საქ. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2001 წლის 10 ოქტომბრის 3კ/332-01 და 3კ/554-01 განჩინებები.
  14. შენგელია, საოჯახო სამართალი, 1999; ჩიკვაშვილი, საოჯახო სამართალი, 1999.
  15. ზოიძე, ევროპული კერძო სამართლის რეცეპცია საქართველოში, ასევე, Knieper/Chanturia/Schramm, Das Privatrecht im Kaukasus und in Zentralasien, BWV, Berlin, 2010, S. 53 ff.
  16. ამის თაობაზე იხ. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 131-133.
  17. ამ თეორიების განხილვა იხ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 9-14.
  18. იხ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლი.
  19. საქ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებანი სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეებზე (სუსგ), 1/2008, გვ. 20.
  20. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 14.
  21. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 15.
  22. ლილუაშვილი, საერთაშორისო კერძო სამართალი, 2001; გამყრელიძე, საერთაშორისო კერძო სამართლის შესავალი, წიგნი I, 2000; გაბისონია, საქართველოს საერთაშორისო კერძო სამართალი, 2006.
  23. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 17-18.
  24. სამოქალაქო კოდექსის შექმნის ისტორია იხ. ზოიძე, ქართული სამოქალაქო კოდექსის შექმნის ისტორიიდან, ქართული სამართლის მიმოხილვა, 6/2003-1, გვ. 86-114; მისივე “ევროპული კერძო სამართლის რეცეპცია საქართველოში“ და “სამოქალაქო სამართლის რეფორმის ისტორიული ძირები საქართველოში“ ჟურნალი სამართალი, 5-6/1996, გვ. 54-61.
  25. ამ დისკუსიის შესახებ იხ. Чантурия, Итоги и перспективы реформы частного права в Грузии. Пути к новому праву, 1998. С. 35-47; მისივე Предотвращение законотворческого хаоса - важная задача правовой реформы. 1998. С. 157-158.
  26. ქართული სამართლისა განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის როლფ კნიპერი ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი გახდა, ხოლო მოგვიანებით - საქართველოს საპატიო მოქალაქე.
  27. 2011 წლის 1 იანვრამდე ამ საზოგადოებას ერქვა გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ).
  28. ამ უარის მოტივების შესახებ იხ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011 გვ. 21.
  29. პარლამენტის უწყებანი, № 31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1.
  30. იხ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 23-32.
  31. მაგ., ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, 2003; შენგელია, საოჯახო სამართალი, 1999; ახვლედიანი, ვალდებულებითი სამართალი, 1999; ჭანტურია, შესავალი საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, 1997 და ა.შ.
  32. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი ექვს წიგნად. გამომცემლობა “სამართალი“, 1999-2002 წლები.
  33. მაგ., Kupraschwili, Schweigen beim Vertragsabschluss. Eine rechtsvergleichende Untersuchung unter Berücksichtigung von Deutschland und Georgien, 2006; Kereselidze, Der allgemeine Teil des Georgischen Zivilgesetzbuches von 1997, 2004 usw.
  34. მაგ., Muth, Neues Recht zwischen Tradition und Systemwechsel: Beratung des georgischen Arbeitsrechts in der Praxis, 2004; Pellegrino, Postkommunismus und Zivilrecht. Das Obligationenrecht Georgiens. 1996.
  35. მაგ., Knieper/Chanturia/Schramm, Das Privatrecht im Kaukasus und in Zentralasien, 2010; Chanturia, Das neue Zivilgesetzbuch Georgiens:Verhältnis zum deutschen Bürgerlichen Gesetzbuch. In Aufbruch nach Europa. 2001. S.893-904; Chanturia, The Development of Civil Law in Georgia, in Georgia in Transition King/Khubua (eds.), 2009, p. 1-17.
  36. 1999 წლიდან საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, პირველმა, პოსტსაბჭოთა სივრცეში, დაიწყო სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნება და უარი თქვა უზენაესი სასამართლოს პლენუმის ე.წ. ნორმატიულ დადგენილებებზე.
  37. მაგ., ბოელინგი/ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, 2003.
  38. მაგ., Bölling, Recognition as an Unworthy Heir and the Deprivation of the Right to a Compulsory Portion according to the Civil Code of Georgia (and Some Comments on the Method of Interpretation of Law), in: Georgian Law Review 6/2003. p. 517-525.
  39. მაგ., გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების სამართლის რეფორმის პროექტი. ამ გამოცდილების შესახებ იხ. Knieper, Juristische Zusammenarbeit: Universalität und Kontext. 2004.
  40. 2007 წლის 24 მაისს ჰამბურგის მაქს-პლანკის ინსტიტუტში ინსტიტუტის დირექტორის პროფესორ კლაუს ჰოპტის ინიციატივით ჩატარდა კონფერენცია თემაზე “ქართული სამართლის ევროპეიზაცია“. იხ. Chanturia, Die Europäisierung des georgischen Rechts – bloßer Wunsch oder große Herausforderung? In Rabels Zeitschrift, Band 74, Heft 1, 2010, S. 154-181.


ანონიმური მკითხველი #1

23 თვის წინ
შეფასება: 1++
ძალიან მომწონს ბატონო ლადოს კომენტარი.
დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_1._ცნება._მოქმედების_სფერო&oldid=622"