Gccc-logo.png


მუხლი 112. ხელშეკრულებაზე უარის უფლება

From Georgian Civil Code Commentary
Revision as of 17:16, 9 September 2018 by David Maisuradze (talk | contribs) (Created page with "{{თავი}} {{მუხლი |სათაური= მუხლი 112. ხელშეკრულებაზე უარის უფლება |ავტორ...")
(diff) ← Older revision | Latest revision (diff) | Newer revision → (diff)
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 112. ხელშეკრულებაზე უარის უფლება


სერგი ჯორბენაძე/აკაკი გაწერელია
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

ხელშეკრულების დასადებად თანხმობის მიცემამდე მეორე მხარეს უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაკლის შესახებ მან ხელშეკრულების დადების დროს იცოდა. ხელშეკრულების დადებაზე უარი შეიძლება გამოითქვას წარმომადგენლის მიმართაც.

I. ზოგადი დებულებანი

1

112-ე მუხლი აწესრიგებს გარიგების მეორე მხარის უფლებას უარი თქვას ხელშეკრულებაზე,[1] ვიდრე წარმოდგენილი პირი მეორე მხარის მოთხოვნის საფუძველზე დასთანხმდება, ან უარყოფს ხელშეკრულების დადებას (111 II). განსახილველი მუხლი აწესრიგებს არა გარიგებაზე, არამედ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევას. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ 103-ე და შემდგომ მუხლებში მოცემული დანაწესის არეალი 112-ე მუხლში ვიწროვდება და არა ზოგადად გარიგებებს, არამედ მხოლოდ ხელშეკრულებებს ეხება, რაც პრაქტიკული თვალსაზრისიდან გამომდინარე ლოგიკურიცაა.

II. მოქმედება თანხმობის მიცემამდე

2

მას შემდეგ, რაც მეორე მხარე შეიტყობს, რომ ხელშერულების დადებისას წარმომადგენლს არ გააჩნდა სათანადო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, წარმოდგენილის მიერ ხელშეკრულებაზე თანხმობის (მოწონების) ან თანხმობაზე (მოწონებაზე) უარის გაცხადებამდე, იგი იმყოფება გაურკვეველ მდგომარეობაში.[2] სწორედ ამ მიზნით, 112-ე მუხლი სამართლებრივი სტაბილურობის შესანარჩუნებლად, გარიგების მეორე მხარეს ანიჭებს შესაძლებლობას, არ დაელოდოს წარმოდგენილის გადაწყვეტილებას და ცალმხრივი ნების გამოვლენით დაასრულოს მისთვის არასასურველი არამყარი სამართლებრივი მდგომარეობა.[3]

3

არ არსებობს ხელშეკრულებაზე უარის უფლება, თუ მეორე მხარემ იცოდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაკლის შესახებ და ამის მიუხედავად, მაინც დადო ხელშეკრულება. ამ შემთხვევაში, მეორე მხარე აცნობიერებს სამართლებრივი სიმყარის არარსებობის ფაქტსა და მასთან დაკავშირებულ პოტენციურ რისკებს, რაც, შესაბამისად, მას სამართლებრივი დაცვის შესაძლებლობას უკარგავს.[4]

III. ხელშეკრულებაზე უარის უფლება

4

ხელშეკრულებაზე უარის უფლება მხარეთა ნების ავტონომიის რეალიზაციის ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენს. სწორედ ამ მიზნით, 112-ე მუხლი წარმომადგენლობით დადებული გარიგებისას მეორე მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას. ასეთი ქმედება შეიძლება მეორე მხარისგან ეფუძნებოდეს კონკრეტულ ეჭვს ან სხვა მიზეზიდან გამომდინარეობდეს. თითოეულ შემთხვევაში უარის მოტივი არ იქნება მხედველობაში მიღებული და მეორე მხარის მიერ გამოვლენილი ნება ნამდვილად ჩაითვლება (თუ იგი დააკმაყოფილებს კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს).

1. ხელშეკრულების დადების თავისუფლება

5

კანონის განმარტებიდან გამომდინარე, ორი კვირა იმ ვადად აღიქმება, როდესაც მეორე მხარეს ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის უფლება გააჩნია. აღნიშნული შეესაბამება ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპს, მხარემ არ დადოს ხელშეკრულება, თუ იგი არ ეთანხმება პირობებს და სხვ.

2. ნების გამოვლენის ნამდვილობა და ფორმის თავისუფლება

6

გარიგების მეორე მხარის მიერ ნების გამოვლენის გამოთხოვა (ხელშეკრულებაზე უარი)[5] წარმოადგენს ცალმხრივ, მიღებასავალდებულო ნების გამოვლენას. მისი ნამდვილობისთვის არ არის აუცილებელი რაიმე სპეციალური ფორმის დაცვა[6] და შესაძლოა გამოვლინდეს როგორც წარმოდგენილის, ასევე წარმომადგენლის მიმართაც.[7] ხელშეკრულებაზე უარი შესაძლოა კონკლუდენტური მოქმედებითაც განხორციელდეს.[8]

IV. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაკლის შესახებ ცოდნა

7

წარმომადგენელთან გარიგების დადებისას მეორე მხარე არ უნდა ფლობდეს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაკლის შესახებ ინფორმაციას.[9] აღნიშნულ შემთხვევაში, მხოლოდ წარმოდგენილი პირია უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ნამდვილობა/არანამდვილობის შესახებ.[10]

8

აღსანიშნავია, რომ ნების გამოვლენის გამოთხოვის (ხელშეკრულებაზე უარის) უფლება გამოირიცხება მხოლოდ პოზიტიური ცოდნის დროს.[11] თავად უხეში გაუფრთხილებლობით არცოდნის დროს, მეორე მხარე მაინც ინარჩუნებს ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესაძლებლობას. ამდენად, მეორე მხარის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაკლის ცოდნის შესახებ ფაქტის შეფასებისთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს ნების გამოვლენის კონკრეტული დროის მონაკვეთი (ოფერტი/აქცეპტი). კერძოდ, თუ გარიგების მეორე მხარე ავლენს ნებას, ვიდრე იგი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაკლის შესახებ წარმოდგენილის აქცეპტის (მოწონების) მიღებამდე შეიტყობს, მაშინ მას არ ეზღუდება ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება.[12]

V. უარი წარმომადგენლის მიმართ

9

112-ე მუხლის მე-2 წინადადება წარმომადგენლის მიმართ ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის უფლებას განსაზღვრავს. ასეთ შემთხვევაში ადრესატად გვევლინება წარმომადგენელი, რომელსაც მეორე მხარის ნება მიუვა.

VI. პარალელი შეცილების უფლებასთან

10

112-ე მუხლი და საცილო გარიგებების მომწესრიგებელი ნორმები, როგორც წესი, არ გამორიცხავენ ერთმანეთს. შეცილების მიზნებისთვის არ გამოიყენება 74 I მუხლი, რომელიც კონტრაჰენტის პიროვნებაში არსებითი შეცდომის სამართლებრივ წინაპირობებს განსაზღვრავს, ვინაიდან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაკლის არცოდნა არ წარმოადგენს არსებით შეცდომას.[13] არ არსებობს შეცილების უფლება გარიგების მოტყუებით დადების შემთხვევაშიც. 112-ე მუხლი წარმოადგენს სპეციალურ მოწესრიგებას და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაკლისას, გარიგების მეორე მხარეს ენიჭება ხელშეკრულებაზე უარის თქმის დამოუკიდებელი უფლება.[14]




  1. აღნიშნული მუხლის შესახებ იხილეთ: კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 411.
  2. Schäfer, Beck OK BGB, 39. Aufl., § 178, Rn. 1.
  3. MüKo/Schubert, BGB, 7. Aufl., 2015, § 178, Rn. 1; იხ. ასევე, ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 112, გვ. 295.
  4. MüKo/Schubert, BGB, 7. Aufl., 2015, § 178, Rn. 1; იხ. ასევე, ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 112, გვ. 295.
  5. ნების გამოვლენის გამოთხოვა შეეხება გარიგების მეორე მხარის მიერ თავდაპირველად გაცხადებულ, ხელშეკრულების დადების სურვილს და არა, წარმოდგენილი პირის მიმართ თანხმობის მისაღებად წაყენებულ მოთხოვნას. იხ. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 411. შდრ. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 112, გვ. 294.
  6. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 112, გვ. 295.
  7. Schäfer, Beck OK BGB, 39. Aufl., § 178, Rn. 2.
  8. MüKo/Schubert, BGB, 7. Aufl., 2015, § 178, Rn. 9.
  9. იხ. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 112, გვ. 294.
  10. MüKo/Schubert, BGB, 7. Aufl., 2015, § 178, Rn. 4.
  11. მაგალითი ეფუძნება გერმანულ ლიტერატურაში გამოთქმულ მოსაზრებას. იხილეთ წინადადება გერმანულ ენაზე: „Nur bei positiver Kenntnis ausgeschlossen“.
  12. MüKo/Schubert, BGB, 7. Aufl., 2015, § 178, Rn. 5.
  13. იქვე, Rn. 6. იხ. ასევე Schäfer, Beck OK BGB, 39. Aufl., § 178, Rn. 9.
  14. MüKo/Schubert, BGB, 7. Aufl., 2015, § 178, Rn. 6.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_112._ხელშეკრულებაზე_უარის_უფლება&oldid=1903"