Gccc-logo.png


მუხლი 116. აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მიყენებული ზიანი

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 116. აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მიყენებული ზიანი


სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. აუცილებელი მოგერიების ფარგლებში განხორციელებული მოქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო და ამ დროს დამდგარი ზიანი არ ანაზღაურდება.

2. აუცილებელ მოგერიებად ჩაითვლება ისეთი თავდაცვა, რომელიც აუცილებელია საკუთარ თავზე ან სხვებზე რეალური მართლსაწინააღმდეგო თავდასხმის მოსაგერიებლად.

I. ზოგადი დებულებები

1

116-ე მუხლი ადგენს სპეციალურ შემადგენლობას, რომლის არსებობისას მიყენებული ზიანი მართლზომიერია და ხელმყოფის პასუხისმგებლობა გამოირიცხება.

აუცილებელი მოგერიება ინტერესთა ბალანსის შენარჩუნებას ემსახურება. კერძოდ, ნორმა, ერთი მხრივ, მიზნად ისახავს იმ სამართლებრივი სიკეთის დაცვას, რომელსაც ემუქრება საფრთხე, მეორე მხრივ კი, სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფას ემსახურება.[1]

სწორედ ამიტომ, აუცილებელი მოგერიების ფარგლების დადგენისას, სამართლებრივი სიკეთისა და არსებული საფრთხის შეპირისპირებასთან ერთად, გასათვალისწინებელია თავდასხმის სახე და მისი მნიშვნელობა მართლწესრიგის კონტექსტში.[2]

გასათვალისწინებელია, რომ აუცილებელი მოგერიების სისხლისსამართლებრივი შემადგენლობა ავტომატურად არ ადგენს აუცილებელი მოგერიების სამოქალაქო-სამართლებრივ შემადგენლობას და, პირიქით. ცალკეულ შემთხვევაში ზიანის მიყენება შეიძლება სისხლისსამართლებრივად გამართლებული იყოს, მაშინ, როდესაც იგივე ქმედება სამოქალაქო კოდექსის მიზნების გათვალისწინებით, არ ათავისუფლებდეს პირს პასუხისმგებლობისაგან.[3] ეს აიხსნება სისხლის სამართლის არსით, პასუხისმგებლობა დააწესოს საზოგადოებრივად საშიში ქმედებისათვის. სამოქალაქო სამართალი კი უპირატესად მიზნად ისახავს პირთა კერძო ინტერესების დაბალანსებას.[4]

II. შემადგენლობა

1. თავდასხმა

2

თავდასხმა არის სამართლებრივად დაცული სიკეთის მიმართ პირდაპირი მუქარა, გამოხატული ადამიანის აქტიურ ქმედებაში.[5]

ა. თავდამსხმელი

3

თავდამსხმელი უნდა იყოს ადამიანი, თუმცა მისი დელიქტუნარიანობა არ არის მნიშვნელოვანი.[6] გერმანულ დოქტრინაში იურიდიული პირი თავდასხმის სუბიექტად არ განიხილება, თუმცა ეს არ გამორიცხავს თავდასხმის განხორციელების შესაძლებლობას იმ ფიზიკური პირების მიერ, რომლებიც იურიდიული პირის სახელით მოქმედებენ და ამ იურიდიული პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირები არიან.[7]

თუ ადამიანი ნივთს ან ცხოველს თავდასხმის იარაღად იყენებს, ასეთი ქმედება ჩაითვლება პირის მიერ განხორციელებულ თავდასხმად. საპირისპიროდ ამისა, თუ საფრთხე ნივთისა თუ ცხოველისაგან ადამიანის ჩარევის გარეშე მომდინარეობს, გამოიყენება უკიდურესი აუცილებლობის შემადგენლობა.[8]

ბ. მოქმედება

4

თავდასხმა რომ სახეზე იყოს, აუცილებელია პირის მოქმედება, მისი აქტიური ქმედება. უმოქმედობა (მაგ., სახელშეკრულებო თუ კანონისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობა ან სხვა არამართლზომიერი მდგომარეობის შენარჩუნება) თავდასხმად არ უნდა ჩაითვალოს.[9]

ცალკეულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია და რთული უმოქმედობის მოქმედებისაგან გამიჯვნა. მაგალითად, გერმანული დოქტრინის თანახმად, უმოქმედობად არ ჩაითვლება სატრანსპორტო საშუალების მართვისას არდამუხრუჭება (მოძრაობის გაგრძელება),[10] ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხელმყოფის მიერ დაზარალებულთან დახმარების მიღწევის ბლოკირება.[11]

თავდასხმას გარკვეული ინტენსივობა უნდა ახასიათებდეს. ასე მაგალითად, გერმანულ დოქტრინაში მიიჩნევა, რომ მოწევა არამწეველთა განყოფილებაში თავდასხმას წარმოადგენს, საპირისპიროდ ამისა, მოწევა ფეხბურთის სტადიონზე – არა.[12]

გ. დაცული სიკეთე

5

აუცილებელი მოგერიების შემადგენლობით დაცულია ნებისმიერი სამართლებრივად დაცული სიკეთე, მათ შორის უძრავი თუ მოძრავი ნივთები.[13] შესაბამისად, თავდასხმა შესაძლოა მიმართული იყოს ნებისმიერი სამართლებრივად დაცული სიკეთის, პიროვნული უფლებების თუ სხვა ინტერესის ხელყოფისაკენ.[14]

2. რეალური

6

რეალურია ისეთი თავდასხმა, რომელიც დიდი ალბათობით მოსალოდნელია, ან დაიწყო და ჯერ კიდევ არ დასრულებულა, შესაბამისად, საფრთხე კვლავ არსებობს[15] და პირი უშუალოდ დგას საფრთხის წინაშე. მაგალითად, იარაღის არა მხოლოდ დამიზნება, არამედ იარაღისკენ გაწევა, როგორც წესი უკვე აკმაყოფილებს საფრთხის რეალურობის წინაპირობას.[16] რამდენიმე მოქმედების შემცველი თავდასხმა რეალურია ბოლო კომპონენტის დასრულებამდე ნებისმიერ მონაკვეთში.[17] მაგალითად, გერმანული დოქტრინის თანახმად პიროვნული უფლებების დარღვევისას ნებართვის გარეშე ფოტოგადაღება არ არის დასრულებული თავდასხმა და ის რეალურია მისი ასლების დაბეჭდვამდე.[18]

ა. იმწუთიერი

7

სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა არ არის აუცილებელი, დაწყებული იყოს და მიმდინარეობდეს, საკმარისია თავდასხმის დაწყების მყისიერი საფრთხე არსებობდეს.

მხოლოდ პრევენციული ხასიათის მოგერიება, რომელიც სამომავლოდ მოსალოდნელი საფრთხის აცილებას ემსახურება, არ აკმაყოფილებს იმწუთიერების წინაპირობას.[19]

თვითდახმარებისაგან განსხვავებით,[20] დაუშვებელია თავდაცვის განხორციელება დასრულებული თავდასხმის მიმართ,[21] მიუხედავად იმისა, მესამე პირის ჩარევით მოხდა თავადსხმის შეწყვეტა (დასრულება) თუ სხვა მიზეზით.

3. მართლსაწინააღმდეგო

8

მართლწინააღდეგობის სტანდარტი კერძო და საჯარო სამართალში განსხვავებულია, შესაბამისად, შეიძლება ცალკეულ შემთხვევაში საჯარო-სამართლებრივად გამართლებული ხელყოფა სამოქალაქო-სამართლებრივად გაუმართლებელი იყოს ან, პირიქით.[22]

კერძო სამართალში მართლსაწინააღმდეგოდ უნდა ჩაითვალოს ნებისმიერი თავდასხმა, რომელიც არ არის გამართლებული კანონმდებლობისა თუ ხელშეკრულების საფუძველზე. მართლსაწინააღმდეგოდ შესაძლოა ჩაითვალოს ბრუნვაში დამკვიდრებული გულისხმიერების ვალდებულების დარღვევა.[23]

თავდასხმის მართლწინააღმდეგობის შეფასებისას უმნიშვნელოა, რამდენად არის სახეზე თავდამსხმელის ბრალი.[24]

თავდასხმა მართლზომიერია და გამართლებული, თუ არსებობს თავდასხმის გამამართლებელი საფუძველი; შესაბამისად, მართლსაწინააღმდეგოდ არ უნდა ჩაითვალოს თავდასხმა, თუ პირი, რომელზეც ხორციელდება შესაძლო თავდასხმა, ვალდებულია ითმინოს იგი.[25]/[26]

მართლზომიერი თავდასხმის მიმართ დაუშვებელია აუცილებელი მოგერიების გამოყენება. შესაბამისად, აუცილებელი მოგერიების წინააღმდეგ აუცილებელი მოგერიების ან უკიდურესი აუცილებლობის თუ თვითდახმარების გამოყენება გაუმართლებელია.[27]

მომგერიებლის მიერ თავდასხმის პროვოცირება არ ართმევს მომგერიებელს მოგერიების უფლებას, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მისი ქმედება (პროვოცირება) თავისთავად არამართლზომიერ თავდასხმას წარმოადგენს. ასეთ შემთხვევაში „მომგერიებელია“ თავდამსხმელი და მოწინააღმდეგე მხარე თავდაცვას ახორციელებს.[28]

მოგერიების უფლება შესაძლოა შეიზღუდოს, თუ თავდასხმის პროვოცირება აუცილებელი მოგერიების (ანუ საპასუხო თავდასხმის) უფლების წარმოშობის მიზნით, განზრახ ხორციელდება.[29]

4. მომგერიებელი და თავდასხმის მსხვერპლი

9

მოგერიება მიმართული უნდა იყოს საკუთარი თავის ან სხვების მიმართ მართლსაწინააღმდეგო თავდასხმის მოგერიებაზე.

შესაბამისად, მომგერიებელი შესაძლოა იყოს როგორც პირი, რომელსაც თავს ესხმიან, ასევე ნებისმიერი მესამე პირი, მათ შორის პოლიციის თანამშრომელი.[30]

მესამე პირი, რომლის მიმართ ხორციელდება თავდასხმა, შეიძლება იყოს ნებისმიერი, მათ შორის მომგერიებლისათვის უცნობი პირი (მათ შორის კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირები), რომელიც მოსალოდნელი თავდასხმით შესაძლოა დაზარალდეს.[31] მესამე პირად გერმანულ დოქტრინაში განიხილება ჩანასახიც.[32]

5. თავდაცვა მოგერიების მიზნით

10

თავდაცვის შეფასებისას გასათვალისწინებელია არა თავდაცვის შედეგი, არამედ თავდაცვითი ქმედება.[33] ქმედება შეიძლება გამოიხატოს როგორც პასიურ თავდაცვით ქმედებაში, ასევე საპასუხო თავდასხმაში.

თავდაცვის დროს მნიშვნელობა არა აქვს პირის ქმედუნარიანობას, ალკოჰოლის შემცველობას მის სისხლში და სხვა ანალოგიურ გარემოებას.[34]

ნებადართულია მოგერიება, რომელიც აუცილებელია თავდასხმის ასაცილებლად.[35] პირველ რიგში, ეს იმას ნიშნავს, რომ მოგერიება შეიძლება მხოლოდ თავდამსხმელის მიმართ იყოს მიმართული, სხვა პირების ან მათი სამართლებრივი სიკეთის მიმართ განხორიელებული ხელყოფა უკიდურესი აუცილებლობის შემადგენლობაში მოექცევა.[36]

გერმანულ დოქტრინაში გავრცელებული მოსაზრების თანახმად, თავდაცვა უნდა შეფასდეს სუბიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით. კერძოდ, თავდაცვის დროს აუცილებელია ხელმყოფმა იცოდეს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობის არსებობის შესახებ და უნდა ჰქონდეს თავდაცვის „განზრახვა“. თავდაცვა მიზანმიმართული უნდა იყოს და ემსახურებოდეს თავდასხმის მოგერიებას.[37]

ა. მესამე პირთა სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა

11

თუ თავდაცვის შედეგად მესამე პირს ადგება ზიანი (მის საკუთრებას ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეს), ზიანის ანაზღაურების საკითხი უკიდურესი აუცილებლობის წესებით გადაწყდება.

მესამე პირისათვის ზიანის მიყენებისას მნიშვნელოვანია გაიმიჯნოს, მესამე პირის ქონების ხელყოფა შეგნებულად ხორციელდება და სიკეთეთა შეპირისპირებით პირი ცდილობს სხვა საფრთხის აცილებას, თუ აღნიშნული ზიანის მიყენება რეფლექსური ან გაუაზრებელია.[38]

ბ. აუცილებლობა

12

აუცილებელია თავდაცვა, რომელიც ნაწილობრივ მაინც არის შესაბამისი[39] და ამასთანავე, წარმოადგენს თავდაცვის შედარებით მსუბუქ საშუალებას. ეს კრიტერიუმები ობიექტური თვალსაწიერიდან უნდა შეფასდეს და მომგერიებლის სუბიექტური შეხედულება უმნიშვნელოა.[40]

აუცილებლობის ფარგლები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს იმ გარემოებათა ერთობლიობის შეფასების შედეგად, რომელშიც მოგერიება ხორციელდება. ასეთ დროს გასათვალისწინებელია როგორც თავდასხმის, ასევე თავდაცვის მომენტისათვის არსებული გარემოებები და საშუალებები.[41]

ობიექტურთან ერთად გასათვალისწინებელია სუბიექტური ფაქტორები. მაგალითად, თუ თავდამსხმელი შეიარაღებული იყო, მაგრამ თავდამცველმა ეს ვერ შენიშნა, იარაღის არსებობა არ უნდა იქნეს გათვალისწინებული გარემოებათა ერთობლიობის შეფასებისას.[42]

მომგერიებელს უფრო მსუბუქი საშუალების გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოეთხოვება, თუ ეს საშუალება იმავე წარმატებით უზრუნველყოფს საფრთხის თავიდან აცილებას. ასე მაგალითად, მხოლოდ თავდაცვითი მოქმედება საპასუხო თავდასხმის მაგიერ (როგორც უფრო მსუბუქი ზომა) მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა შეირჩეს, თუ თავდაცვითი მოგერიება დიდი ალბათობით უზრუნველყოფს საფრთხის საბოლოოდ და მყისიერად აღკვე- თას.[43] მაგალითად, ჩხუბში, როგორც წესი, თავდაცვა არ არის ეფექტური საშუალება და ნაკლებად სავარაუდოა თავდაცვითი მოგერიებით შესაძლებელი იყოს თავდასხმის საბოლოოდ და მყისიერად აღკვეთა.[44]

13

მოგერიება სიცოცხლისათვის საშიში საშუალებით, ცხადია, უკიდურესი ზომა უნდა იყოს თავდაცვისათვის.[45] მაგალითად, ორი პირის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო რეალური თავდასხმის მოსაგერიებლად ხელმყოფის მიერ თავდამსხმელისათვის დანით მძიმე ჭრილობის მიყენება სასამართლომ სისხლის სამართლის საქმეზე არ ჩათვალა თანაზომიერად, ვინაიდან მომგერიებელი სპორტსმენი იყო და ფიზიკური ძალით ბევრად აღემატებოდა თავდამსხმელებს.[46] ამ შემთხვევაში, რამდენად იყო მომგერიებლის მიერ შერჩეული მოგერიების ზომა აუცილებელი, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობაში გაანალიზების საფუძველზე უნდა გადაწყდეს. კერძოდ, სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად შეეძლო მომგერიებელს თავდასხმის მომენტში არსებული გარემოებების გათვალისწინებით თავდასხმის მოგერიება უფრო მსუბუქი საშუალებით, რომელიც მოგერიებას საბოლოოდ და მყისიერად აღკვეთდა.

მოგერიების აუცილებლობის შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ აუცილებელი უნდა იყოს არა მოგერიების შედეგი, არამედ თავად მოქმედება, რომელიც მოგერიებას ემსახურება. ასე, მაგალითად, თავში ჩარტყმა დატენილი იარაღის, რომელიც მოულოდნელად გაისვრის და მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს თავდამსხმელს, შესაბამის და აუცილებელ, ე.ი. გამართლებულ ქმედებად უნდა ჩაითვალოს;[47] ანალოგიურად აუცილებელ ზომად ჩაითვალა, მაგალითად, 64 წლის თავდამსხმელისათვის მსუბუქი ხელის კვრა, მიუხედავად იმისა, რომ დაცემის შედეგად თავდამსხმელი გარდაიცვალა.[48]

6. თანაზომიერება

14

ადამიანის სიცოცხლე, ცხადია, ყოველთვის უფრო ღირებულია, ვიდრე ქონება. მიუხედავად ამისა, აუცილებელი მოგერიების გამოყენების ფარგლებში მოგერიების მიზნით ადამიანის სიცოცხლის განზრახ მოსპობა ადამიანის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმის მოგერიების მიზნით გამართლებულია. რამდენად გამართლებულია იგივე ქმედება ქონებრივი ღირებულებების დაცვის მიზნით, ცალკეულ გარემოებათა შეფასების საფუძველზე უნდა მოხდეს.[49]

გერმანული დოქტრინის თანახმად, უკიდურესი აუცილებლობისაგან განსხვავებით, აუცილებელი მოგერიების თანაზომიერების შეფასებისას სიკეთეთა შორის უბრალო შეუსაბამობა (დისპროპორცია) არ გამორიცხავს მოგერიების თანაზომიერებას. მოგერიება არათანაზომიერად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია სახეზე იყოს აშკარა შეუსაბამობა თავდასხმასა და მოგერიებისათვის გამოყენებულ საშუალებას შორის.[50]

აშკარა შეუსაბამობის მაგალითად გერმანულ დოქტრინაში განიხილება ათცენტიანი სიროფის ბოთლის ქურდისათვის სიცოცხლის მოსპობა.[51]

შესაბამისად, ცალკეული შემთხვევის შეფასების საფუძველზე უნდა მოხდეს თანაზომიერების ფარგლების დადგენა, არსებული საფრთხისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, მათ შორის უნდა მოხდეს მომგერიებელი პირის ემოციური მდგომერეობის გათვალისწინება.

უფრო მკაცრად შეიძლება შეფასდეს თანაზომიერების ფარგლები ახლო ურთიერთობაში მყოფ პირებს შორის (მეუღლეები, შვილები, ოჯახის წევრები და სხვ).[52]

გერმანული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, პირის მიერ თავდასხმის მოგერიება დანის გამოყენებით, როდესაც მეორე მხარე მხოლოდ მუშტებს იქნევდა, თუმცა დანის გამოყენების მუქარა არსებობდა, შესაბამისად და თანაზომიერად იქნა მიჩნეული.[53]

თანაზომიერად ჩაითვალა ასევე იარაღის გასროლა იმ პოლიციელების მიმართ, რომლებიც ფორმის გარეშე შეიპარნენ კერძო საკუთრების ტერიტორიაზე, სადაც არაერთი ქურდობა მომხდარა.[54] მაშინ, როდესაც იარაღის გამოყენება პირის მიმართ, რომელიც მესაკუთრის ეზოში შევიდა, რათა გაქცეული ძაღლი დაებრუნებინა, არ ჩაითვალა თანაზომიერად.[55]

III. სამართლებრივი შედეგები

15

შესაძლებელია ცალკეულ შემთხვევაში პირის პასუხისმგებლობა გამოირიცხოს სისხლისსამართლებრივად,[56] თუმცა პირი პასუხისმგებელი იყოს სამოქალაქო წესით მიყენებული ზიანისათვის.[57]

დასაფიქრებელია, მომგერიებლის შეცდომა თავდასხმის ვარაუდის შემთხვევაში, რამდენად შეიძლება დაკვალიფიცირდეს აუცილებელ მოგერიებად. აქ მნიშვნელოვანია უკვე მომგერიებლის სუბიექტური დამოკიდებულება, კერძოდ, ბრალი.[58] ამასთან, ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, რამდენად ქმნის „თავდამსხმელის“ ქცევა თავდასხმის ვარაუდს.

დამატებით გასაანალიზებელია, როგორ უნდა შეფასდეს შემთხვევა, როდესაც მოგერიების დროს მომგერიებლის მიერ ზიანის მიყენება ხდება იმ ვარაუდით, რომ თავდამსხმელს აყენებს ზიანს, რეალურად კი მესამე პირის სამართლებრივ სიკეთეს ხელყოფს.[59] მაგ., ხელმყოფის ქურთუკი ზიანდება, რომელიც აღმოჩნდება, რომ მას მეგობრისგან აქვს ნათხოვარი. ასეთ შემთხვევაში უნდა გაიმიჯნოს შემთხვევები მომგერიებლის სუბიექტური დამოკიდებულებისა და ობიექტური შეცნობადობის მიხედვით. კერძოდ, თუ მომგერიებელმა იცის, რომ მესამე პირის სამართლებრივ სიკეთეს ხელყოფს, ეს შემთხვევა უკიდურესი აუცილებლობის ფარგლებში უნდა შეფასდეს. ხოლო, თუ მომგერიებელი სამართლებრივ სიკეთეს ხელყოფს იმ ვარაუდით, რომ ის თავდამსხმელს ეკუთვნის, მისი ქმედება აუცილებელი მოგერიების ფარგლებში უნდა შეფასდეს.

აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილების შემთხვევაში მოგერიება ჩაითვლება მართლსაწინააღმდეგოდ და მიყენებული ზიანი უნდა ანაზღაურდეს ზოგადი წესების შესაბამისად.

მომგერიებლის პასუხისმგებლობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებისთვის დადგება მაშინაც, თუ მომგერიებელი დაბნეულობის, შიშისა და სხვა ფაქტორების გამო გასცდა მოგერიების ფარგლებს.[60]

IV. საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა

16

აუცილებელი მოგერიება სასამართლოს მიერ შესამოწმებელი უფლების განხორციელების დამაბრკოლებელი[61] გარემოებაა.[62]

სამოქალაქო-საპროცესო სამართლის ზოგადი პრინციპის მიხედვით მტკიცების ტვირთი იმ პირს ეკისრება, ვინც ამ ნორმის სამართლებრივ შედეგს ეყრდნობა, კერძოდ, მომგერიებელს.[63]

შესაბამისად, თუ მომგერიებელს ეკისრება აუცილებელი მოგერიების ვითარების არსებობის მტკიცების ტვირთი, თავდამსხმელმა უნდა ამტკიცოს, რომ მომგერიებელმა მოგერიების ფარგლებს გადააცილა.[64]

სამოქალაქო სასამართლო, მტკიცებულებათა შეფასების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, არ იბოჭება სისხლის სამართლის საქმეზე ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შეფასებით აუცილებელი მოგერიების არსებობა-არარსებობაზე.[65]




  1. Dennhardt, in Beck OK BGB, § 227, Rn. 2; MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl.,§ 227, Rn. 1.
  2. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl.,§ 227, Rn. 1.
  3. შდრ. სისხლის სამართლის კოდექსის მუხ. 30; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხ. 18; MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl.,§ 227, Rn. 3.
  4. MüKo/Säcker, BGB, 6. Aufl., § 904, Rn. 1.
  5. Dennhardt, in Beck OK BGB, § 227 Rn. 6; MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl.,§ 227, Rn. 4.
  6. Tuhr, Der Notstand im Zivilrecht, 1988, S. 53; Dennhardt, in Beck OK BGB, § 227 Rn.6.
  7. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl.,§ 227 Rn. 4.
  8. Dennhardt, in Beck OK BGB, § 227 Rn. 6.
  9. მაგ., ქირავნობის ურთიერთობის დასრულების შემდეგ დამქირავებლის მიერ ფართის არდაცლა იხ. Dennhardt, in Beck OK BGB, § 227 Rn. 6; ასევე უკანონო მფლობელობის გაგრძელება – შდრ. ბიოლინგი/ლუტრინგჰაუსი, სკ-ის ცალკეული მოთხოვნის საფუძვლების სისტემური ანალიზი, გვ. 74.
  10. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl.,§ 2275.
  11. Dennhardt, in Beck OK BGB, § 227 Rn. 6.
  12. Dennhardt, in Beck OK BGB, § 227 Rn. 8.
  13. Tuhr, Der Notstand im Zivilrecht, 1888, S. 44-45.
  14. Dennhardt, in Beck OK BGB, § 227 Rn. 7.
  15. ჯორბენაძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხლი 116, გვ. 302.
  16. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl. 2012, § 227, Rn. 9.
  17. შდრ. ჯორბენაძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 116, გვ. 302.
  18. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl.,§ 227, Rn. 9.
  19. Dennhardt, in Beck OK BGB, § 227 Rn. 10.
  20. შდრ. 118-ე მუხლის კომენტარი.
  21. Tuhr, Der Notstand im Zivilrecht, 1988, S. 48.
  22. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., § 227, Rn. 15.
  23. MüKo/Wagner, BGB, 6. Aufl., § 823, Rn. 18.
  24. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., § 227, Rn. 4.
  25. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., § 227, Rn. 10.
  26. Dennhardt, in Beck OKBGB, § 227, Rn. 12; NJW 1991, 1671, BGH Urteil 22-02-1991- V ZR 308/89 Bamberg.
  27. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., § 227, Rn. 11.
  28. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., § 227, Rn. 11.
  29. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., § 227, Rn. 24.
  30. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., § 227, Rn. 15.
  31. მაგ., ხანძრის გაჩენის შედეგად მესამე პირები, რომლებიც შესაძლოა დაზარალდნენ.
  32. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., § 227, Rn. 15; შდრ. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 104-107.
  33. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., § 227, Rn. 16.
  34. NJW 2008, 571, (572), BGH, Urteil vom 30.10.2007-VI ZR 132/06.
  35. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., § 227, Rn. 12.
  36. ჩაჩავა, ბესარიონ ზოიძის საიუბილეო კრებულში, „უკიდურესი აუცილებლობა – პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოება თუ მოთხოვნის დამფუძნებელი სპეციალური შემადგენლობა“, გვ. 427.
  37. Dennhardt, in Beck OK BGB, § 227 Rn.13; MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., § 227, Rn. 18.
  38. Braun, NJW 1991, 1671, BGH Urteil 22-02-1991- V ZR 308/89 Bamberg.
  39. Dennhardt, in Beck OK BGB, § 227, Rn. 14.
  40. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., § 227, Rn.13.
  41. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl.,§ 227, Rn.13.
  42. NJW 2008, 571, (572), BGH, Urteil vom 30.10.2007-VI ZR 132/06.
  43. Dennhardt, in Beck OKBGB, § 227, Rn. 15.
  44. NJW 2008, 571, (572), BGH, Urteil vom 30.10.2007-VI ZR 132/06.
  45. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., § 227, Rn.14.
  46. საქ. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2005 წლის 13 ოქტომბრის #2კ-213აპ.-05, განჩინება.
  47. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., § 227, Rn.16, Fn. 115.
  48. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., § 227, Rn. 16 Fn. 116.
  49. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., § 227, Rn. 17.
  50. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., § 227, Rn. 20.
  51. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., § 227, Rn. 20, Fn. 141.
  52. Dennhardt, in BGB, § 227, Rn. 21; MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., § 227, Rn. 23.
  53. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., § 227, Rn. 13.
  54. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., § 227, Rn. 26.
  55. იქვე, MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., § 227, Rn. 14.
  56. მაგ., სსსკ-ის მუხ. 7 II მუხლის თანახმად, „დანაშაულს არ წარმოადგენს ისეთი ქმედება, რომელიც, თუმცა ფორმალურად შეიცავს ამ კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა ჩამდენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე“.
  57. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., 2012, § 227, Rn. 2.
  58. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., 2012, § 227, Rn. 26.
  59. შდრ. ბიოლინგი/ლუტრინგჰაუსი, სკ-ის ცალკეული მოთხოვნის საფუძვლების სისტემური ანალიზი, გვ. 57, სქ. 31.
  60. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., 2012, § 227, Rn. 25.
  61. „rechtshindernde Einwendung“
  62. Dennhardt, in Beck OKBGB, § 227, Rn. 25.
  63. შდრ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102 I მუხლი.
  64. Dennhardt, in Beck OKBGB, § 227, Rn. 25; MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., § 227, Rn. 27.
  65. შდრ. სსსკ-ის 105 მუხლი; MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., § 227, Rn. 27.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_116._აუცილებელი_მოგერიების_ფარგლებში_მიყენებული_ზიანი&oldid=1916"