Gccc-logo.png


მუხლი 121. ვადების გამოთვლის წესების გამოყენების სფერო

From Georgian Civil Code Commentary
Revision as of 12:20, 10 September 2018 by David Maisuradze (talk | contribs)
(diff) ← Older revision | Latest revision (diff) | Newer revision → (diff)
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 121. ვადების გამოთვლის წესების გამოყენების სფერო


ნუნუ კვანტალიანი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

კანონებში, სასამართლო გადაწყვეტილებებსა და გარიგებებში მითითებული ვადების მიმართ გამოიყენება ამ თავში გათვალისწინებული წესები.

I. ზოგადი დებულებები

1. ნორმის მიზანი

1

ნორმა სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ვადების გამოთვლის წესების გამოყენების სფეროს განსაზღვრავს. კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტთა უფლებებისა და ვალდებულებების განხორციელება ხშირად ვადაზეა დამოკიდებული, რაც განაპირობებს კანონით, სასამართლო გადაწყვეტილებით თუ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ვადის ერთგვაროვნად გამოთვლის აუცილებლობას. 121-127-ე მუხლები ადგენს ვადების გამოთვლის ზოგადი ხასიათის ქცევის წესს, რომელიც ამ საკითხის მიმართ ერთიანი გამოყენების დამკვიდრებას უზრუნველყოფს. შესაბამისად, ნორმის მიზანი ვადების გამოთვლის საერთო წესების მოქმედების ფარგლების განსაზღვრაშია.

2. ნორმის ისტორია

2

ნორმით დადგენილი ვადების გამოთვლის წესების გამოყენების ფარგლების განსაზღვრა ქართული სამოქალაქო კოდექსისათვის სიახლეს არ წარმოადგენს და იგი პრაქტიკულად გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 186-ე პარაგრაფით გათვალისწინებული ნორმის ანალოგიურია.[1]

3. გამოყენების სფერო

3

121-127-ე მუხლები დისპოზიციურია და გამოიყენება მხოლოდ მაშინ, როდესაც კანონი ან ხელშეკრულება განსხვავებულ წესს არ ადგენს. ნორმის შესაბამისად, ვადების გამოთვლის წესები ვრცელდება კანონში, სასამართლო გადაწყვეტილებებსა და გარიგებებში მითითებულ ვადებზე.

II. კანონით დადგენილი ვადები

4

სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილით დადგენილი ვადების გამოთვლის წესი საერთოა მთლიანად კერძო სამართლისათვის. ეს ვადები მოქმედებს როგორც სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ ურთიერთობებზე, ასევე შრომის საავტორო, საკორპორაციო და სხვა სამართლებრივ ურთიერთობებში. ამასთან, თუ კონკრეტული ურთიერთობა განსხვავებულ წესს ადგენს, 2 I მუხლის თანახმად, გამოიყენება სპეციალური ნორმა.[2]

5

ნორმის მოწესრიგების სფეროში „კანონებში მითითებული ვადების“ აღნიშვნა, კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელ კანონებს გულისხმობს. სამართლის სხვა დარგებში დადგენილ ვადებზე სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ვადების გამოთვლის წესების გავრცელება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სამართლის ესა თუ ის დარგი ვადების გამოთვლის სპეციალურ წესს არ ითვალისწინებს.

ვადას კანონი ზოგ შემთხვევაში იმპერატიულად განსაზღვრავს და კერძო სამართლის სუბიექტების მიერ მისი შეცვლა დაუშვებელია, ასე მაგალითად, ნივთის ხანდაზმულობით შეძენის ვადები (იხ. 165 და 167-ე მუხლების კომენტ.).

ზოგჯერ კანონი ადგენს ვადების მაქსიმუმს, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაადგინონ სხვა ვადები. მაგალითად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველის უფლება ნივთის გამოსყიდვაზე 10 წელს არ უნდა აღემატებოდეს. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ გამოსყიდვის ნებისმიერ ვადაზე, მაგრამ არა უმეტეს 10 წლისა.[3] კანონით ვადები ისეთი შემთხვევისთვისაც გაითვალისწინება, როდესაც იგი მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული არ არის, მაგალითად, 626 I მუხლის თანახმად თუ ვალის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ არის, მაშინ ვალი დაბრუნებულ უნდა იქნეს კრედიტორის ან მოვალის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას.

6

სიზუსტის მიხედვით ერთმანეთისაგან განასხვავებენ დადგენილ (განსაზღვრულ) და დაუდგენელ (განუსაზღვრელ) ვადებს. ზუსტად განსაზღვრული ვადა კონკრეტული თარიღითაა გამოხატული, რაც მოიცავს წელიწადს, თვესა და რიცხვს. ვადა განუსაზღვრელია, როდესაც თარიღი მოვლენის მოხდენის შესახებ არ შეიძლება ცნობილი იყოს: მაგალითად, პიროვნების გარდაცვალება.[4] ვადა შეიძლება განისაზღვროს პერიოდითაც (მაგ,. წლებით, კვარტლებით, თვეებით და ა.შ.), რა დროსაც აუცილებელია მისი დენის დასაწყისის მომენტის დადგენა. თუ ნივთი ქირავდება სამი წლით, მითითებულ უნდა იქნეს, თუ როდიდან იწყება ამ სამი წლის გამოთვლა.[5] განუსაზღვრელი ვადები სამოქალაქო კოდექსში გამოხატულია ტერმინებით: „დაუყოვნებლივ“ (66, 119, 191, 245, 266, 332, 358, 365, 367, 394 და სხვ.),[6] რაც შინაარსობრივად, სწრაფ, გარემოებათა მიხედვით, დროის დაკარგვის გარეშე, და არა ცალსახად, იმწუთიერ მოქმედებას ნიშნავს; „მაშინვე“ (51, 330, 680) — დაუყოვნებლივის საპირისპიროდ დროის გასვლის გარეშე მოქმედებას მოითხოვს, ამასთან, „მაშინვე პასუხის გაცემა“ არ ნიშნავს, რომ აქცეპტანტი რაღაც წუთებით ან წამებითაა შეზღუდული,[7] „მაშინვე“ მოქმედება ვალდებულების ფარგლებში, გონივრულად უნდა შეფასდეს. რაც შეეხება „ნებისმიერ დროს“ (621, 665, 720), კანონი, ნორმის შესაბამისი ვი- თარებიდან გამომდინარე, კრედიტორსა და მოვალეს მოქმედების დროში შეზღუდვის გარეშე განხორციელების უფლებას ანიჭებს, რაც მეორე მხარისგან სწრაფ საპასუხო მოქმედებას მოითხოვს.

7

სამართლებრივად საკმაოდ მნიშვნელოვან დროის კატეგორიას განეკუთვნება ნავარაუდევი ვადები, რომელიც შეიძლება გათვალისწინებული იყოს კანონით (მაგ., 365-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც „არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა“, 405-ე მუხლით გათვალისწინებული დამატებითი ვადა, 971-ე მუხლით შემსრულებელი ვალდებულია პირველი შესაძლებლობისთანავე აცნობოს მეპატრონეს, რომ იკისრა საქმეთა შესრულება და სხვა), ასევე შესაძლებელია, მხარეთა ნებიდან გამომდინარეობდეს (ვადის უზუსტობა).[8]

ნავარაუდევი ვადა მისი განმარტების და გონივრულად განსაზღვრის აუცილებლობას წარმოშობს. შესაბამისად, კანონი ნავარაუდევ (გარემოებებიდან გამომდინარე[9]) ვადებთან მიმართებით ადგენს გონივრული ვადის კატეგორიას (მაგ., 356, 405 V, შრომის კოდექსის მუხ. 36 III). სამოქალაქო კოდექსში გონივრული ვადის შინაარსის გამოსახატავად გამოყენებულია ტერმინები „შესაბამისი ვადა“ (294-ე მუხ.), „აუცილებელი დრო“ (394-ე მუხ.), „განსაზღვრული ვადა“ (541-ე მუხ.), რაც გონივრული ვადის შინაარსის გამომხატველი სინონიმებია.[10]

მოქმედებათა გონივრულ ვადაში შესრულება აღიარებულია საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებათა შესახებ კონვენციით.[11] ანალოგიურ დებულებებს ითვალისწინებს ევროპული სახელშეკრულებო სამართლის პრინციპებიც.[12]

8

ვადის გონივრულობის განსაზღვრას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. როდესაც გონივრული ვადის (რეასონაბლე ტიმე) განმარტებაზე ვსაუბრობთ, მხედველობაში უნდა მივიღოთ სხვადასხვა გარემოპირობები, ასევე ადათები და დამკვიდრებული პრაქტიკის ნორმები. ამასთან, გასათვალისწინებელია ასევე ხელშეკრულების საგანი და სხვა გარემოებები.[13] ამდენად, გონივრული ვადა გონივრულობის (აღქმა, რომელიც ექნებოდა იმავე მდგომარეობაში მყოფ ნებისმიერ გონივრული განსჯის უნარის მქონე (გონიერ) ადამიანს, საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებათა შესახებ კონვენცია, მუხ. 8 II.) აღიარებულ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. გონივრული ვადა დროის მონაკვეთია, ხანგრძლივობაა, რომელსაც ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, კონკრეტულ ვითარებათა გათვალისწინებით ურთიერთობის მონაწილეები და დავის განმხილველი ორგანოები განსაზღვრავენ.[14] ვადის გონივრულობის შეფასებისას მნიშვნელოვანია, თუ რასთან მიმართებით არის დადგენილი ეს ვადა, ანუ რა ინტერესი დევს ვადაში. ინტერესი დროში არსებული ფასეულობაა და თუ იგი აღარ იარსებებს, უფლების დაცვასაც აზრი ეკარგება.[15] მხარეთა მიერ ნავარაუდევი ვადის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს კომერციულ ბრუნვაში მიღებულ ტრადიციებს, კერძოდ, მეწარმე სუბიექტებს ურთიერთმიმართებაში შეიძლება უფრო მეტი ინტერესი გააჩნდეთ შემდგომი თანამშრომლობის მიზნით და შესაბამისად, შესრულების მოლოდინს ჩვეულებრივზე მეტი დრო დაუთმონ. ვადის გონივრულობა ყოველი კონკრეტული შემთხვევის თავისებურებების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს. იგი თანხმობაში უნდა იყოს შესრულების მიმართ კრედიტორის ინტერესთან და მოვალესაც მძიმე ტვირთად არ უნდა დააწვეს.[16]

9

გონივრული ვადა სხვადასხვა გარემოპირობების, ადათების, დამკვიდრებული პრაქტიკის ნორმების, ხელშეკრულების საგნისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით ხელშეკრულების შინაარსთან,[17] ასევე სამოქალაქო სამართალში დამკვიდრებული კეთილსინდისიერების პრინციპთან[18] შესაბამისობაში და სამართლიანობის საფუძველზე[19] განიმარტება. ასე მაგალითად, სასამართლომ საქმის გარემოებათა შეფასებით, საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულებისთვის 12 თვე ვალდებულების შესრულებისათვის გონივრულ ვადად მიიჩნია.[20] ვადის გონივრულობის საზომი, კერძოსამართლებრივ ურთიერთობათა სპეციფიკიდან გამომდინარე, განისაზღვრება, მაგალითად, 659 მუხლით გათვალისწინებული ტურისტული მოგზაურობის ხარვეზების აღმოფხვრის ვადის გონივრულობა, ხარვეზის სპეციფიკიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს.[21]

მოქმედების გონივრულ ვადაში განხორციელება აღიარებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსითაც. ასე მაგალითად, სასამართლო უწყება მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს უნდა ჩაბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, 70 II).

III. სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ვადა

10

სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში პირი ვალდებულია, ნებაყოფლობით შეასრულოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული მოქმედება. სასამართლო პრაქტიკის ანალიზით, ვადის დადგენა, ძირითადად, მოდავე მხარეთა მორიგების შემთხვევაში ხდება.

IV. ვადის დადგენა გარიგებით

11

სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპით (იხ. 319-ე მუხლის კომენტ.) მხარეებს შეუძლიათ, მათი ინტერესის შესაბამისად დაადგინონ გარიგების პირობათა შესრულების ვადები, რომელიც შესაძლებელია ზუსტი თარიღით (2013 წლის 5 აგვისტო) ან კონკრეტულ მოვლენაზე (მაგ., ზაფხულის დასაწყისი) მითითებით იყოს განსაზღვრული. ხელშეკრულებით ვადის გაუთვალისწინებლობა ან უზუსტობა მისი მხარეთა ან სასამართლოს მეშვეობით განმარტების საჭიროებას იწვევს.[22]




  1. შდრ. გერმანიის სამოქალაქო კოდექსი §186. გამოყენების სფერო. კანონებში, სასამართლო აქტებსა და გარიგებებში მოცემული ვადებისა და თარიღებისადმი გამოიყენება §§187-193 ნორმათა განმარტების წესები.
  2. სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილის მნიშვნელობაზე იხ.: ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 46, 48; კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009.
  3. ახვლედიანი, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 121, გვ. 309.
  4. ზარანდია, სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ადგილი და ვადები, დის., 2002, გვ. 58.
  5. ახვლედიანი, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 121, გვ. 308.
  6. შდრ. საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებათა შესახებ კონვენციის მუხ. 18, 21, 38.
  7. ჭანტურია, სკ-ის კომენტარი, წიგნი III, მუხ. 330, გვ. 130.
  8. ზარანდია, სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ადგილი და ვადები, დის., 2002, გვ.65-66.
  9. ძლიერიშვილი, ვალდებულების შესრულების ნავარაუდევი და გონივრული ვადები; სამოქალაქო კოდექსის პირველი მუხლის სტრუქტურა, 2013, გვ. 3.
  10. სუხიტაშვილი, სამართალი და დრო, გვ. 48.
  11. გაეროს 1980 წლის კონვენცია „საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებათა შესახებ“, მუხ. 18, 33, 43, 47 და სხვ. მუხლები, (საქართველოში ძალაშია 1994 წლიდან).
  12. The Principles Of European Contract Law 2002.
  13. Schlechtriem/Schwenzer, Commentary on CISG, 3. Ed., 2010, Art. 39, p. 630.
  14. სუხიტაშვილი, სამართალი და დრო, გვ. 47.
  15. ზარანდია, ნავარაუდევი და გონივრული ვადები, ჟურნ. ადამიანი და კონსტიტუცია, 1/2003, გვ. 69.
  16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 8 ივნისის # ას-48-401-07 განჩინება.
  17. Schlechtriem/Schwenzer, Commentary on CISG, 3. Ed., 2010, Art. 39, p. 630.
  18. ძლიერიშვილი, ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება, 2010, გვ. 43.
  19. იქვე, გვ. 38.
  20. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 27 დეკემბრის 2ბ/2845-12 განჩინება.
  21. ძლიერიშვილი, ვალდებულების შესრულების ნავარაუდევი და გონივრული ვადები, აკაკი ლაბარტყავა, 80, საიუბილეო კრებული, 2013, გვ. 184.
  22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 8 ივნისის # ას-48-401-07 განჩინება.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_121._ვადების_გამოთვლის_წესების_გამოყენების_სფერო&oldid=1938"