Gccc-logo.png


მუხლი 130. ხანდაზმულობის ვადის დაწყება

From Georgian Civil Code Commentary
Revision as of 15:33, 10 September 2018 by David Maisuradze (talk | contribs)
(diff) ← Older revision | Latest revision (diff) | Newer revision → (diff)
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 130. ხანდაზმულობის ვადის დაწყება


ნუნუ კვანტალიანი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

I. ნორმის მიზანი და გამოყენების სფერო

1

ნორმა ადგენს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლის დასაწყისის სტანდარტულ წესს. ნორმით განსაზღვრული წესი საერთოა კერძოსამართლებრივ ურთიერთობებიდან წარმოშობილი მოთხოვნისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონით ვადის დენის განსხვავებული წესია დადგენილი. ნორმა არეგულირებს მოთხოვნის წარმოშობის მომენტის განსაზღვრის წინაპირობებს.

2

ხანდაზმულობის ვადის სწორი გამოთვლისათვის არსებითია, ზუსტად დადგინდეს მოთხოვნის წარმოშობის დრო. ნორმის თანახმად, იგი პირისთვის მისი უფლების დარღვევის შესახებ ფაქტის შეტყობის მომენტს ემთხვევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი ხანდაზმულობის ვადის ათვლის დასაწყისად ამა თუ იმ ფაქტის წარმოშობის დროს ადგენს.

3

ნორმის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისი დაკავშირებულია ობიექტურ მომენტთან – უფლების დარღვევის ფაქტთან და სუბიექტური მომენტთან – დრო, როდესაც უფლებამოსილი პირისათვის უფლების დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა ან გარემოებათა გათვალისწინებით უფლების დარღვევის ფაქტი უნდა შეეტყო.

4

უფლების დარღვევის ფაქტი – დრო, როდესაც უფლება დაირღვა. როგორც წესი, ივარაუდება, რომ პირი უფლების დარღვევის ფაქტს მისი დადგომისთანავე შეიტყობს ან საშუალო გულისხმიერების გამოჩენის შემთხვევა- ში შეეძლო შეეტყო ამ ფაქტის თაობაზე. აღნიშნულის საწინააღმდეგოს, ანუ უფლების დარღვევის დაგვიანებით შეტყობის შესახებ მტკიცების ტვირთი უფლებადარღვეულ პირს ეკისრება.

უფლების დარღვევის შეტყობის ფაქტად მიიჩნევა დრო, როდესაც უფლებამოსილი პირისათვის ცნობილი გახდა უფლების დარღვევის შესახებ ან გარემოებათა გათვალისწინებით უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

5

თუ უფლების დარღვევის ფაქტის კრედიტორისათვის შეტყობას ხელს უშლის მოვალე ან სხვა დაინტერესებული პირი, მოთხოვნის დაწყების მომენტად უნდა ჩაითვალოს დრო, როდესაც კრედიტორისთვის ფაქტის არსებობა შეიტყო.

თუ დადგინდება, რომ პირმა თავისი დაუდევრობის (გულგრილობის) გამო ვერ გაიგო უფლების დარღვევის შესახებ, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოებების მიხედვით პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.[1]

6

იურიდიული პირის უფლების დარღვევის შემთხვევაში მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა დაიწყება იმ დროიდან, როდესაც იურიდიულმა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო ამ უფლების დარღვევის თაობაზე. ვადის დაწყების ათვლაზე გავლენას ვერ მოახდენს ის ფაქტი, რომ სარჩელის წარმდგენი იურიდიული პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი მოგვიანებით – უფლების დარღვევის ფაქტის დადგომის შემდეგ დაინიშნა ამ თანამდებობაზე.

7

ცხადია, უფლების დარღვევის ფაქტის და ამ ფაქტის შესახებ უფლებამოსილი პირის ცოდნის დრო ყოველთვის ერთმანეთს არ ემთხვევა. ამ გარემოების დამტკიცების შემთხვევაში უპირატესობა სუბიექტურ მომენტს მიენიჭება.

სუბიექტური მომენტი იწვევს იმას, რომ ხანდაზმულობა არსებითად უფრო გვიან დგება,[2] ანუ მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა აითვლება არა უფლების დარღვევის ფაქტიდან, არამედ უფლებადარღვეული პირის მიერ ამ ფაქტის ან/და ვალდებული პირის შესახებ (მაგალითად, 1008-ე მუხლის მიხედვით, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა სამი წელია იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ) შეტყობის მომენტიდან.[3]

8

მოთხოვნის წარმოშობის დრო შეიძლება განისაზღვროს კანონით ან ხელშეკრულებით.

კანონით მოთხოვნის წარმოშობის მომენტის დადგენის შემთხვევაში, მოთხოვნის ხანდაზმულობის დრო კონკრეტულ ნორმაში მითითებული ფაქტის დადგომიდან დაიწყება და ვადის დენის დასაწყისი უფლებამოსილი პირის მიერ ფაქტის შეტყობის დროზე დამოკიდებული არ არის. შინაარსობრივად, ფაქტი შეიძლება წარმოიშვას როგორც ურთიერთობის მხარის მიერ ამა თუ იმ მოქმედების განხორციელებით (699-ე მუხლით, გადაზიდვიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადის დენა ტვირთის ნაწილობრივ დაკარგვის, დაზიანების ან ჩაბარების ვადის გადაცილებისას იწყება ტვირთის გამოგზავნის დღიდან), ასევე მხარეთა ნებისგან დამოუკიდებლად (1409-ე მუხლით, ანდერძის ბათილობის შესახებ მოთხოვნა, ხოლო 1391-ე მუხლით საანდერძო დანაკისრის მიმღების უფლება საანდერძო დანაკისრის შესრულებაზე მოთხოვნის ვადა გამოითვლება სამკვიდროს გახსნის დღიდან).

9

ხელშეკრულებით მოთხოვნის წარმოშობის მომენტის განსაზღვრა სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპს ეფუძნება. მხარეებს შეუძლიათ, მათი ინტერესის შესაბამისად დაადგინონ ვალდებულების შესრულების ვადები, რომელიც შესაძლებელია ზუსტი თარიღით ან კონკრეტულ მოვლენაზე (მაგ., ზამთრის ბოლოს) მითითებით იყოს განსაზღვრული. ასეთი შეთანხმების შემთხვევაში მოთხოვნის წარმოშობის დრო ობიექტური კრიტერიუმით – ფაქტის დადგომის დროის მონაკვეთით იწყება.[4]

10

ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულების ვადის გაუთვალისწინებლობის ან/და ამ ვადის სხვა გარემოებებიდანაც დაუდგენლობის შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის ათვლა კრედიტორისა და მოვალის მოქმედებებზეა დამოკიდებული (365-ე მუხლი). თუ ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადითაა დადებული (ან განსაზღვრულია მოთხოვნის მომენტით), უფლების დარღვევის შესახებ პირი შეიტყობს მხოლოდ მაშინ, როცა მოითხოვს შესრულებას, ხოლო მეორე მხარე არ შეასრულებს იმ მოქმედებას, რომლის შესრულებაც ევალებოდა.[5] მოთხოვნის წარმოშობა ასეთ შემთხვევაში დამოკიდებულია კრედიტორის ნებაზე – მოსთხოვოს მოვალეს ფასის გადახდა. როგორც კი ეს ნება იქნება განცხადებული და მიუვა მოვალეს, ხოლო იგი დაუყოვნებლივ არ შეასრულებს ვალდებულებას, უკვე სახეზე იქნება კრედიტორის უფლების დარღვევა და, შესაბამისად, დაიწყება ხანდაზმულობის ვადის დენა. ამდენად, იმ შემთხვევაში, როდესაც ვალდებულების შესრულების დრო არ არის განსაზღვრული, ვალდებულების დარღვევასა და მოთხოვნის წარმოშობის დროზე მაშინ შეიძლება საუბარი, როდესაც კრედიტორი მოითხოვს ვალდებულების შესრულებას და კრედიტორის ნება მიუვა მოვალეს.[6]

11

თუ შესრულების ვადის შეუთანხმებლობისას, მოვალეს მიცემული აქვს შეღავათიანი ვადა მოთხოვნის შესასრულებლად[7] ან ასეთი ვადა კანონიდან გამომდინარეობს (626-ე მუხლი), ხანდაზმულობის ვადის ათვლა შესრულების ვადის უშედეგოდ გასვლის მომენტიდან დაიწყება.[8]

ხანდაზმულობის ვადის გასვლის მიუხედავად, მისი ათვლა ხელახლა დაიწყება მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალის აღიარების ან ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების კრედიტორისათვის გადაცემით.[9]

II. კავშირი პროცესთან

12

ვინაიდან სასამართლო მოთხოვნის ხანდაზმულობას მოპასუხის მითითების საფუძველზე[10] იკვლევს, მოთხოვნის ვადაში წარდგენა მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს.[11]

13

რაც შეეხება ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულების ზუსტ ვადაზე მხარეთა შეთანხმების არარსებობას, კრედიტორის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ ვალდებულების შესრულების ვადის არსებობა მოვალის მტკი ცების ტვირთს წარმოადგენს და ასეთი გარემოება მოვალემ სათანადო მტკიცებულებებით, დამაჯერებლად უნდა დაასაბუთოს.[12] ასევე მოვალის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ვალდებულების შესრულება რაიმე ფაქტის ან მოვლენის დადგომასთან იყო დაკავშირებული და უფლებამოსილი პირისათვის უფლების დარღვევის ფაქტი ამ დროიდან ცნობილი იყო.[13]

14

თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს, ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას (მოსარჩელეს), იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა.[14]




  1. ახვლედიანი, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 130, გვ. 320.
  2. კროპჰოლერი, გსკ-ის სასწავლო კომენტარი, თარგმანი, გვ. 95.
  3. საქ. უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 1 ივლისის #ას-247-237-2013 გადაწყვეტილება.
  4. საქ. უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 3 თებერვლის #ას-1070-1337-09 განჩინება, სუსგ სამოქალაქო საქმეებზე, 10/2011 გვ 105-108.
  5. ახვლედიანი, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 130, გვ. 321.
  6. საქ. უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 7 ოქტომბრის #ას-438-726-05 განჩინება.
  7. ახვლედიანი, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 130. გვ. 321.
  8. საქ. უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 16 მაისის #ას-858-807-2010 განჩინება, სუსგ სამოქალაქო საქმეებზე, 12/2012 გვ. 40-49.
  9. იხ. მუხ. 144 III კომენტ.
  10. იხ. მუხ. 128 კომენტ.
  11. საქ. უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 15 ნოემბრის #ას-988-1021-2011 გადაწყვეტილება, სუსგ სამოქალაქო საქმეებზე 5/2013, გვ. 34-38.
  12. საქ. უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 16 მაისის #ას-858-807-2010 განჩინება, სუსგ სამოქალაქო საქმეებზე, 12/2012 გვ. 40-49.
  13. საქ. უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 18 იანვრის #ას-1537-1440-2012 განჩინება.
  14. საქ. უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, 2007, გვ. 64.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_130._ხანდაზმულობის_ვადის_დაწყება&oldid=1969"