Gccc-logo.png


მუხლი 148. ნივთის სახეები

From Georgian Civil Code Commentary
Revision as of 11:05, 25 August 2018 by David Maisuradze (talk | contribs)
(diff) ← Older revision | Latest revision (diff) | Newer revision → (diff)
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 148. ნივთის სახეები


ლადო ჭანტურია
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

ნივთი შეიძლება იყოს მოძრავი ან უძრავი.

I. ზოგადი დებულებები

1

სამოქალაქო კოდექსი არ შეიცავს ზოგადად „ნივთის“ ცნების ლეგალურ დეფინიციას. იურიდიულ ლიტერატურაში[1] გავრცელებული შეხედულების თანახმად, ნივთის სპეციფიკური თვისება არის მისი სხეულებრიობა და, შესაბამისად, ნივთი ეწოდება პიროვნულობას მოკლებულ, ბრუნვაუნარიან სხეულებრივ საგანს, რომლის ფიზიკურად შემხებლობა, მგრძნობელობით აღქმა ან ფლობა არის შესაძლებელი.[2]

II. ნივთის სახეები

2

უძრავ და მოძრავ ნივთებს შორის განსხვავებას პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს სანივთო სამართალში, რადგან საკუთრების წარმოშობა მოძრავ და უძრავ ნივთებზე განსხვავებულად ხორციელდება.

3

149-ე მუხლის ლეგალური დეფინიციის თანახმად, უძრავ ნივთებს მიეკუთვნება: მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე. გამომდინარე აქედან, მოძრავად უნდა ჩაითვალოს ყველა ის ნივთი, რაც არ არის უძრავი. უძრავ და მოძრავ ნივთებად დაყოფას საფუძვლად უდევს საკანონმდებლო რეგულირების მიზანშეწონილობა და არა მხოლოდ ის გარემოება, რომ შეუძლებელია უძრავი ნივთების გადაადგილება. იურიდიული ფიქციის მეშვეობით შესაძლებელია, რომ, ფიზიკური თვალსაზრისით, მოძრავი ნივთი ჩაითვალოს უძრავ ნივთად და მასზე გავრცელდეს უძრავი ნივთების მარეგულირებელი სამართლებრივი რეჟიმი.[3] მაგალითად, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2(ბ) მუხლის თანახმად, მოძრავ ნივთებს არ განეკუთვნება მექანიკური სატრანსპორტო, საფრენი და მცურავი საშუალებები.

4

იურიდიული ლიტერატურა[4] მოძრავი ნივთების კლასიფიკაციას სხვადასხვა ნიშნის მიხედვით განიხილავს. საგანი რომ მიჩნეულ იქნეს ნივთად, არ არის აუცილებელი, იგი მყარი მატერიისაგან შედგებოდეს. ნივთი შეიძლება იყოს თხევადი ან აეროვანი საგანი, რამდენადაც მისი ფლობა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით შესაძლებელია, მაგალითად, მილებში არსებული ბუნებრივი გაზის ან წყლის გაზომვა შესაბამისი ხელსაწყოების გამოყენებით. ამ შემთხვევაში ბუნებრივი გაზი და წყალი არის ნივთი. ამასთან, შესაძლებელი უნდა იყოს ნივთების ერთმანეთისგან განცალკევება და შემოსაზღვრა, მაგალითად, ნივთის მოთავსება ჭურჭელში: წყალი – ბოთლებში, ბენზინი – ავზში ან გაზი – ბალონებში.

5

სამოქალაქო კოდექსის გაგებით, ნივთი არ არის მოდინარე წყალი, ზღვა, თოვლი ან ატმოსფერული ჰაერი. ასეთ საგნებს ხშირად საერთო სარგებლობის ნივთებს უწოდებენ, ვინაიდან ისინი თავიანთი არსით არ შეიძლება, ვინმეს საკუთრებაში იყვნენ.[5] იმ შემთხვევაში, თუ მოხდება მათი ფლობა, მაგალითად, საცურაო აუზში მდინარის წყლის ჩაშვება, მაშინ შესაძლებელია, იგი უფლებების ობიექტად იქცეს.[6]

6

ნივთების დაყოფა მოძრავ და უძრავ ნივთებად არ არის ნივთების ერთადერთი კლასიფიკაცია. აღიარებული შეხედულების თანახმად, მოძრავი ნივთები იყოფა: შეცვლად და შეუცვლად, გვაროვნულ და ინდივიდუალური ნიშნით განსაზღვრულ, მოხმარებად და მოუხმარებად ნივთებად. სხვა ქვეყნების სამოქალაქო კოდექსებისაგან განსხვავებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ამგვარ კლასიფიკაციას ლეგალური დეფინიციების დონეზე არ იცნობს. ამიტომ, არსებითად, საუბარია მოძრავი ნივთების დოგმატურ, მეცნიერულ კლასიფიკაციაზე.[7] სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, კონკრეტული სამართლებრივი შედეგები უკავშირდება გვაროვნულ და ინდივიდუალური ნიშნით განსაზღვრულ ნივთებს.

1. გვაროვნული და ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთი

7

სამართლებრივად მნიშვნელოვანია ნივთების დაყოფა გვაროვნულ და ინდივიდუალურ ნივთებად. უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო კოდექსის ტერმინოლოგია არ არის თანმიმდევრული და იგი ზოგიერთ მუხლში იყენებს გვარობით განსაზღვრულ საგანს (362), ხოლო უმრავლეს შემთხვევაში – გვაროვნულ ნივთს (382, 490, 623, 629, 777, 786); ასევე, სამოქალაქო კოდექსი იყენებს როგორც ინდივიდუალურად განსაზღვრულ ნივთს (381), ისე ინდივიდუალურად განსაზღვრულ საგანს (362). ტერმინოლოგიის ერთიანობის გამო, სასურველია გვაროვნული ნივთისა და ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთის გამოყენება.

8

გვაროვნულ ნივთებს განეკუთვნებიან ის საგნები, რომლებიც ხასიათდებიან ზოგადი ნიშნებით, როგორებიცაა: ნივთების ბუნებრივი, ტექნიკური ან ეკონომიკური თვისებები[8] (მაგალითად, კონკრეტული ხარისხის ცემენტი). თუ ვალდებულების შესრულების საგანია გვაროვნული ნივთი, ის განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. მხარეებს შეუძლიათ, კონკრეტულად განსაზღვრონ გვაროვნული ნივთის თვისებები (მაგალითად: ფერი, ზომა და ა.შ.). როგორც წესი, გვაროვნული ნივთით შესრულების ვალდებულება ხორციელდება შეცვლადი ნივთების მეშვეობით (382). შეცვლადი ნივთები სამოქალაქო ბრუნვაში განისაზღვრება რაოდენობით, ზომით ან წონით,[9] მაგალითად, 10 კგ ფორთოხალი ან სერიულად დამზადებული საქონელი. გვაროვნულ ნივთად მიჩნევისათვის მნიშვნელოვანია, რომ ნივთი იმავე გვაროვნული ნივთებისაგან ინდივიდუალური ნიშნებით არ გამოირჩეოდეს.[10] გვაროვნული ნივთებია, მაგალითად: მარცვლეული, კარტოფილი, ყურძნის სახეობები და სხვ. ნივთი გვაროვნულია თუ ინდივიდუალური, განისაზღვრება სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით. ფულიც არის გვაროვნული ნივთი, რადგან მნიშვნელოვანია არა კონკრეტული ბანკნოტების არსებობა, არამედ ბანკნოტებით გამოხატული თანხის ოდენობა. ცალკეულ ბანკნოტებზე აღნიშნულ ნომერს სამოქალაქო ბრუნვაში განსაკუთრებული მნიშვნელობა არ ენიჭება.

9

ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთი სახეზეა, თუ ვალდებულების შესრულების საგანი მხარეთა შეთანხმების საფუძველზე კონკრეტულად განსაზღვრულია და მოვალეს სხვა ნივთით ვალდებულების შესრულება არ შეუძლია.[11] ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთებია, მაგალითად: ხელოვნების ნიმუშები, შემკვეთის განსაკუთრებული სურვილის შესაბამისად დამზადებული ავეჯი, სპეციალურად დამზადებული მოდელები (ავტომობილი, ტანსაცმელი), ანტიკვარული ნივთები, ვინაიდან თითოეული მათგანი ინდივიდუალური, განსაკუთრებული ნიშან-თვისებებით ხასიათდება.

10

ნივთების განსხვავებას ინდივიდუალურად განსაზღვრულ და გვაროვნულ ნივთებად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ვალდებულებით სამართალ- ში. თუ ვალდებულების შესრულების საგანია გვაროვნული ნივთი, მაშინ მოვალემ ვალდებულება ყოველთვის უნდა შეასრულოს (382); ხოლო ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთის შემთხვევაში, კრედიტორი არ არის ვალდებული, მიიღოს სხვა ნივთი, თუნდაც უფრო მაღალი ღირებულებისა (381); თუ ნასყიდობის საგანი გვაროვნული ნივთია, მოვალეს შეუძლია, შეცვალოს იგი სხვა იმავე გვაროვნული ნივთით (490 I); თუ ნარდობის ხელშეკრულების საგანია გვაროვნული ნივთი, მაშინ ამ ხელშეკრულებისათვის გამოიყენება ნასყიდობის წესები (629 II); სასაქონლო საწყობში გვაროვნული ნივთის მიბარების შემთხვევაში, შემნახველს უფლება აქვს, შეურიოს იგი იმავე სახისა და თვისების სხვა ნივთებს, თუ ამაზე არსებობს მიმბარებლის ნებართვა (786 II).

2. ნივთების ერთობლიობა

11

სამართლებრივი თვალსაზრისით, არა აქვს მნიშვნელობა, ნივთი მხოლოდ ერთი ნაწილისგან (მარტივი ნივთი) შედგება, თუ რამდენიმე ნაწილისგან. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის გარემოება, თუ ერთ ნივთად შეერთებული სხვადასხვა ნივთი ბუნებრივი დაკვირვების შედეგად ერთიანი სხეულის შემადგენელ ნაწილებად იქცევა და ამ ნივთში მათი ინდივიდუალურობა იკარგება.[12] მარტივი ნივთებია, მაგალითად: ხე, ქვა, ქანდაკება და სხვ. იურიდიული ლიტერატურა[13] აღნიშნულისგან განასხვავებს ნივთების ერთობლიობას. ნივთების ერთობლიობა სახეზეა, როდესაც თითოეული ნივთი, მიუხედავად მისი ქონებრივი ღირებულებისა, ერთმანეთთან განსაზღვრული მიზნით არის დაკავშირებული და ერთიანი სახელწოდების ქვეშ განიხილება.[14] მაგალითად: ბიბლიოთეკა, არქივი, ფარა და სხვ. სამოქალაქო კოდექსი ნივთების ერთობლიობის შესახებ განსაკუთრებულ დებულებებს მხოლოდ გირავნობისა (254 IV1) და დაზღვევის (825) შემთხვევებისთვის შეიცავს. მიუხედავად ამისა, საჭიროა განისაზღვროს, რამდენად არის ნივთების ერთობლიობა ვალდებულებითსამართლებრივი და სანივთო უფლებების ობიექტი. სანივთო სამართალში მოქმედი სპეციალურობის პრინციპის თანახმად, ნივთების ერთობლიობის განკარგვა გამორიცხულია. საჭიროა, რომ თითოეული ნივთის განკარგვა მოხდეს განსაკუთრებულად. მაგალითად: ბიბლიოთეკისთვის საკუთრების გადასაცემად საჭიროა, განხორციელდეს საკუთრების გადაცემა თითოეულ წიგნზე. საკუთრების კეთილსინდისიერი შეძენაც ხორციელდება თითოეულ ნივთზე ცალ-ცალკე. ამ თვალსაზრისით, გირავნობის უფლების გავრცელება ნივთთა ერთობლიობაზე მხოლოდ გამონაკლისია (254 (IV1) მუხლი). ვალდებულებით სამართალში შესაძლებელია, რომ ნივთების ერთობლიობა იყოს ვალდებულების შესრულების ობიექტი. მაგალითად, შესაძლებელია, ზიანის მიმყენებლის ვალდებულება იყოს ნივთების ერთობლიობის ფუნქციაუნარიანობის აღდგენა.[15]

III. განსაკუთრებული შემთხვევები

1. ადამიანის სხეული და ორგანოები

12

სამოქალაქო კოდექსი ნივთს განსაზღვრავს როგორც სამართლის ობიექტს, ხოლო სამართლის სუბიექტია ფიზიკური ან იურიდიული პირი. გამომდინარე აქედან, ადამიანის სხეული არ შეიძლება იყოს უფლების ობიექტი. ეს საკითხი ჯერ კიდევ ულპიანემ აღნიშნა (Dig. 9, 2, 13 „dominus membrorum suorum nemo videtur“). შესაბამისად, ადამიანის სხეული და სხეულის ნაწილები არ არის ნივთები. ადამიანის სხეულს განეკუთვნება სხეულში განთავსებული იმპლანტანტები (ხელოვნური ორგანოები), მაგალითად პროთეზი. „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს მხოლოდ სხვა ადამიანისათვის გადანერგვის მიზნით ადამიანის სიცოცხლეში ან სიკვდილის შემდეგ ერთი ან ერთზე მეტი ორგანოს, ორგანოთა ნაწილების, ქსოვილებისა და უჯრედების ნებაყოფლობით გაცემის, მათი აღების, შენახვის, განაწილებისა და სხვა მსგავს საკითხებს და ადგენს ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის აკრძალვას. საკითხი, თუ რამდენად აქვს ადამიანის ორგანოს ნივთის ხარისხი, მნიშვნელოვანი ხდება ორგანოების ცოცხალი ადამიანის სხეულიდან განცალკევების შემთხვევაში. მაგალითად: მოჭრილი თმა, ამოღებული კბილი, აღებული სისხლი და სხვ. იურიდიულ ლიტერატურაში[16] გაბატონებული შეხედულების თანახმად, ცოცხალი ადამიანის სხეულიდან ორგანოს განცალკევების შემთხვევაში ორგანო შეიძენს ნივთის თვისებას. განცალკევებული ორგანო არის ადამიანის საკუთრება და მას შეუძლია, ზოგადი წესების მიხედვით განკარგოს იგი. ამ წესიდან გამონაკლისია ორგანოების ისეთი განცალკევება, რომელიც განხორციელებულია დროებით და რომლის მიზანია ისევ ადამიანის სხეულში განთავსება. მაგალითად, განაყოფიერების მიზნით ადამიანის სხეულიდან აღებული კვერცხუჯრედი ან აღებული სისხლი, რომელიც ისევ უნდა გადაესხას მის პატრონს. ამ შემთხვევაში ადამიანის ორგანო არ არის ნივთი და მისი დაზიანების ან განადგურებისას სახეზეა არა ნივთის დაზიანება (სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი), არამედ ჯანმრთელობის დაზიანება (სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლი).

13

არის თუ არა ადამიანის ცხედარი ნივთი სამოქალაქო კოდექსის გაგებით, სადავოა.[17] ზოგადად, ადამიანის გვამი (ცხედარი) არ მიიჩნევა ნივთად, ვიდრე იგი განასახიერებს პიროვნებას.[18] მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებშია შესაძლებელი, რომ ადამიანის გვამი მიჩნეულ იქნეს ნივთად, კერ- ძოდ, თუ გვამი მოთავსდება ანატომიის ინსტიტუტში და იგი გარდაცვლილ ადამიანთან არ იდენტიფიცირდება; ასევე, ადამიანის ფერფლი არის ნივთი, მაგრამ იგი არავის საკუთრება არ არის და, შესაბამისად, იგი არ განეკუთვნება სამკვიდრო ქონებას.

2. ცხოველები

14

ცხოველები სამოქალაქო კოდექსის სამართლებრივი რეგულირების მიღმაა დარჩენილი, თუმცა შესაძლებელია ცხოველის ფლობა და გასხვისება (1003, 191 V). შესაძლებელია, ცხოველები გათანაბრებული იყვნენ ნივთებთან იურიდიული ფიქციის გზით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ნასყიდობის ან სხვაგვარი გასხვისებითი გარიგების საგნებია, მიუხედავად იმისა, რომ ცხოველები არ წარმოადგენენ ნივთებს.[19]

3. ელექტროენერგია

15

ზოგადად, მოძრავ ნივთებად არ მიიჩნევა ელექტროენერგია და ელექტრომაგნიტური ტალღები.[20] მართალია, დღეს მეცნიერების განვითარების შედეგად დადგენილია, რომ ელექტროენერგია ელექტრონების სახით მატერიის ნაწილია, მაგრამ მისი თვისება გამოიხატება სინათლის ან სითბოს წარმოებით, რის გამოც მას არ გააჩნია ნივთის თვისებები, კერძოდ, სხეულებრიობა. მიუხედავად ამისა, ელექტროენერგიასთან მიმართებით შესაძლებელია მოძრავი ნივთების შესახებ სამოქალაქო კოდექსის დებულებების სათანადოდ გამოყენება.

4. კომპიუტერული პროგრამა და მონაცემთა ბაზა

16

ნივთებად არ ითვლება კომპიუტერული პროგრამები და მონაცემთა ბაზები, რადგან მათ, ისევე როგორც ელექტროენერგიას, აკლიათ ნივთის თვისება – სხეულებრიობა. ისინი არიან ინტელექტუალური შემოქმედების ნაყოფი და განეკუთვნებიან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებს. გაბატონებული შეხედულების თანახმად,[21] ნივთებად მიიჩნევა მხოლოდ ის მატარებლები, რომლებზეც ასეთი ნაწარმოებებია (კომპიუტერული პროგრამები და მონაცემთა ბაზები) განთავსებული (მაგალითად: კომპაქტდისკი (CD), ციფრული ვიდეო (DVD), დისკეტა და ა.შ.); მსგავსი შედეგი ვრცელდება ინტელექტუალური შემოქმედების სხვა ნაწარმოებებზეც, როგორებიცაა: ლიტერატურული თხზუ ლება ან მუსიკალური კომპოზიცია. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ასეთი ნივთების შეძენის შემთხვევაში, პირი მოიპოვებს საკუთრებას არა ინტელექტუალური შემოქმედების ობიექტზე, არამედ მხოლოდ ამ ობიექტის მატარებელზე. მაგალითად, წიგნის შეძენით პირი მოიპოვებს საკუთრებას წიგნზე და არა საავტორო უფლებას ნაწარმოებზე. მაშასადამე, ნივთზე საკუთრება და ამ ნივთში გამოხატულ ობიექტზე საკუთრება სხვადასხვა სუბიექტს ეკუთვნის.[22]




  1. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი II, 1999, მუხ. 147, გვ. 15.
  2. ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, 2003, გვ. 26-28.
  3. ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, 2003, გვ. 32; ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 144.
  4. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 146; კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 190; ჭეჭელაშვილი, სანივთო სამართალი, 2010, გვ. 31; ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი II, 1999, მუხ. 147, გვ. 15; შოთაძე, სანივთო სამართალი, 2014, გვ. 63.
  5. ჭეჭელაშვილი, სანივთო სამართალი, 2010, გვ. 33.
  6. Stresemann, in MüKo BGB, 7. Aufl. 2015, § 90, Rn. 8-9.
  7. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 147-148.
  8. Emmerich, in MüKo BGB, 7. Aufl., 2016, § 243, Rn. 6.
  9. ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, 2003, გვ. 36; კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 194-195.
  10. Stresemann, in MüKo BGB, 7. Aufl., 2015, § 91, Rn. 1; Heinrichs, in Palandt BGB Kommentar, § 91, Rn. 1.
  11. Emmerich, in MüKo BGB, 7. Aufl., 2016, § 243, Rn. 9.
  12. Stresemann, in MüKo BGB, 7. Aufl., 2015, § 90, Rn. 14.
  13. Jickeli/Stieper, in Staudinger BGB, 2011, § 90, Rn. 67-68; ჭეჭელაშვილი, სანივთო სამართალი, 2010, გვ. 33.
  14. Heinrichs, in Palandt BGB Kommentar, Überbl. v § 90, Rn. 5.
  15. BGH 76, 216.
  16. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 142; Jickeli/Stieper, in Staudinger BGB, 2011, § 90, Rn. 27-37; Heinrichs, in Palandt BGB Kommentar, § 90, Rn. 2.
  17. ჭანტურია, იქვე, გვ. 142; ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, 2003, გვ. 27; კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 203-206.
  18. ზოიძე, ქართული სანივთო სამართალი, 2003, გვ. 27.
  19. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 143; კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 207.
  20. ჭანტურია, იქვე, გვ. 147; კერესელიძე, იქვე, გვ. 192.
  21. Stresemann, in MüKo BGB, 7. Aufl., 2015, § 90, Rn. 25; ჭანტურია, იქვე, 2011, გვ. 146-147; კერესელიძე, იქვე, გვ. 192.
  22. ჭანტურია, იქვე, 2011, გვ. 145-146.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_148._ნივთის_სახეები&oldid=1464"