Gccc-logo.png


მუხლი 18. პირადი არაქონებრივი უფლებები

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 18. პირადი არაქონებრივი უფლებები


სერგი ჯორბენაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. ვისაც სახელის ტარების უფლებას შეეცილებიან, ან ვისი ინტერესებიც ილახება მისი სახელით უნებართვო სარგებლობით, მას უფლება აქვს ხელმყოფს მოსთხოვოს მოქმედების შეწყვეტა ან უარის თქმა მასზე.

2. პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.

3. თუ პირის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემლახველი ცნობები გავრცელებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მაშინ მათი უარყოფაც უნდა მოხდეს ამავე საშუალებებით. თუ ამგვარ მონაცემებს შეიცავს ორგანიზაციის მიერ გაცემული საბუთი, მაშინ ეს საბუთი უნდა შეიცვალოს და ამის შესახებ ეცნობოს დაინტერესებულ პირებს.

4. პირს, რომლის პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობებიც გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, უფლება აქვს გამოაქვეყნოს საპასუხო ცნობები ინფორმაციის იმავე საშუალებებში.

5. ამ მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში გათვალისწინებული მოთხოვნის უფლება აქვს პირს მაშინაც, როცა მისი გამოსახულება (ფოტოსურათი, კინოფილმი, ვიდეოფილმი და ა.შ.) გამოქვეყნდება მისი თანხმობის გარეშე. პირის თანხმობა არ არის საჭირო, როცა ფოტოგადაღება (ვიდეოგადაღება და ა.შ.) დაკავშირებულია მის საზოგადოებრივ აღიარებასთან, დაკავებულ თანამდებობასთან, მართლმსაჯულების ან პოლიციის მოთხოვნებთან, სამეცნიერო, სასწავლო ან კულტურულ მიზნებთან, ანდა ფოტოგადაღება (ვიდეოგადაღება და ა.შ.) მოხდა საზოგადო ვითარებაში, ანდა პირმა პოზირებისათვის მიიღო საზღაური.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა ხელმყოფს. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.

სარჩევი

I. ზოგადი დებულებები

1

განსახილველი ნორმა პირის სახელის ტარების უფლების დაცვას ითვალისწინებს. ნორმის არსიდან გამომდინარე, პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვა უნდა განხორციელდეს იმ პირის მიმართ, რომელმაც ხელყო იგი მცდარი ინფორმაციის გავრცელებით თუ სხვა გზით.1

2

არაქონებრივი უფლებები (კერძო სამართლის ჭრილში) აბსოლუტური ხასიათისაა. შესაბამისად, განსახილველ ნორმაში მოცემული უფლებების დაცვა საკონსტიტუციო ნორმით განსაზღვრული უფლებების ფარგლების დამდგენია, არ მოხდეს კერძო დონეზე მათი შეზღუდვა,2 რაც თავის მხრივ, ნორმას კონსტიტუციასთან შეუსაბამობაში მოიყვანდა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს არაქონებრივი უფლებებისა და გამოხატვის (სიტყვის, ინფორმაციის გავრცელების) თავისუფლების ფარგლები. არაქონებრივი უფლების დაცვის საკითხი გამოხატვის თავისუფლების ზღვარზე გადის. მართალია, გამოხატვის თავისუფლება, ასევე, საკონსტიტუციო უფლებაა, თუმცა ე.წ. „დასაშვები კრიტიკის“ ფარგლების არარსებობის შემთხვევაში, თანაზომიერების პრინციპის არსიდან გამომდინარე, მათი შეზღუდვა შესაძლებელია მაშინ, როდესაც კრიტიკა დასაშვებ ზღვარს გადასცდება და შეურაცხყოფა (ცილისწამება) პირველ პლანზე იქნება წამოწეული.3 სწორედ შეზღუდვა შეიძლება გახდეს არაქონებრივი უფლების თაობაზე ზიანის მიყენების მტკიცების და შესაბამისად, ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში - კომპენსაციის დაკისრების საფუძველი.

1. პირადი არაქონებრივი უფლებების განმარტება

3

კონტინენტური სამართლის რამდენიმე ქვეყანაში პირადი არაქონებრივი უფლებები სასამართლო პრაქტიკის შედეგად ჩამოყალიბებული სამართლებრივი ინსტიტუტებია, რომელთა საფუძველზეც მათი რეცეფცია განხორციელდა კოდექსში.4

4

არაქონებრივ უფლებებს მოიხსენიებენ პიროვნულ უფლებებადაც,5 რომელიც ღირსების, პატივისცემისა და ინდივიდის განვითარების უფლებისგან წარმოშობილ უფლებას წარმოადგენს და რომელიც თითოეულ პირს (მათ შორის, სახელმწიფოსაც) პატივისცემის მოვალეობას აკისრებს.6 განსახილველ ნორმაში მოწესრიგებული პირადი არაქონებრივი უფლებები, მათი არსიდან გამომდინარე, შესაძლებელია განსხვავდებოდეს სპეციალურ კანონში მოწესრიგებული არაქონებრივი უფლებებისგან. მაგალითად, სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული პირადი არაქონებრივი უფლებების წარმოშობის საკითხი განსხვავდება საავტორო სამართლით მოწესრიგებული არაქონებრივი უფლებების წარმოშობის საკითხისგან7 და სხვ.

5

არაქონებრივი უფლებები გააჩნია ნებისმიერ ფიზიკურ პირს (იურიდიული პირის თაობაზე იხ. ამავე მუხლის კომენტარი ქვემოთ). მაგალითად, პირებს, რომელთაც შეზღუდული აქვთ არაქონებრივი უფლების აღქმის უნარი. ასევე, სამეურვეო პირის ქორწინებაზე თანხმობის მიცემასთან დაკავშირებით, სადაც მეურვის კომპეტენცია პირადი არაქონებრივი შინაარსის ურთიერთობებზე არ ვრცელდება.8

2. არაქონებრივი უფლებების გამიჯვნა ქონებრივი უფლებებისგან

6

სამართალი პირად არაქონებრივ უფლებებს ქონებრივი უფლებებისგან, პირველ რიგში, მათი ბრუნვაუნარიანობის ხასიათიდან გამომდინარე განასხვავებს. მართალია, არაქონებრივი უფლება ქონებრივის მსგავსად შეიძლება კერძო სამართლის ობიექტს წარმოადგენდეს (7), თუმცა ქონებრივისგან განსხვავებით, პირადი არაქონებრივი უფლებების გასხვისება ან სხვა სახის (სახელშეკრულებო სამართლის) ობიექტად ქცევა დაუშვებელია.9 სწორედ ამაში მდგომარეობს მისი აბსოლუტური ხასიათი.10 აღნიშნული დაყოფა უფლების ქონებრივი და არამატერიალური ხასიათიდან გამომდინარეობს. კერძოდ, არამატერიალური სიკეთის გასხვისება შესაძლებელია ზოგ შემთხვევაში, თუ მას ქონებრივი ხასიათი გააჩნია, რაც არაქონებრივი უფლების შემთხვევაში გამორიცხულია.11

7

არაქონებრივი უფლებების ქონებრივისგან გამიჯვნის საფუძველს ზიანის ანაზღაურების საკითხიც განსაზღვრავს. არაქონებრივი უფლებების დაცვა შესაძლებელია როგორც სამართლებრივი, ისე მორალური ნორმების დარღვევისას,12 რაც ქონებრივი ურთიერთობებისას განსხვავებული სახით გვხვდება. ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისას კომპენსაციის დადგენა იოლია. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებისას კი გასათვალისწინებელია თვით დაზარალებული პიროვნების სულიერი მდგომარეობა და ზიანის დაკისრების შედეგის განსაზღვრა.13/14 ქონებრივი ზიანი უფრო მატერიალიზებული სახითაა წარმოდგენილი და მისი სიდიდე განისაზღვრება კონკრეტული ფაქტებიდან გამომდინარე არსებული მტკიცებულებებით. არაქონებრივი ზიანის შემთხვევაში მტკიცებისთვის საკმარისია მხოლოდ ასეთი უფლების დარღვევის ფაქტის დადასტურება.15 მაგალითად, შეფასების საზომს შეიძლება წარმოადგენდეს ქონება, რაც პირის (დაზარალებულის, სუბიექტის) გარეთ არსებულ ობიექტურ ფაქტორებს ეფუძნება.16

3. არაქონებრივი უფლება, როგორც ადამიანის განუყოფელი უფლება

8

გარკვეული არაქონებრივი უფლებები (მაგალითად, ღირსება) ადამიანს გააჩნია დაბადებიდან გარდაცვალებამდე (უფლების დაცვა შესაძლებელია პირის გარდაცვალების შემდეგაც, თუმცა მხოლოდ ქონებრივი ზიანის ანაზ- ღაურების კუთხით17 – 19).18 მასზე უარის თქმა პირს სურვილის შემთხვევა- შიც კი არ შეუძლია.19 ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს, თუ როგორი რეპუტაციით სარგებლობს პირი საზოგადოებაში, მას არაქონებრივი უფლებები უნარჩუნდება და შესაბამისად, მისი დაცვის უფლებამოსილებაც გააჩნია.20

4. იურიდიული პირის არაქონებრივი უფლებები

9

არაქონებრივი უფლებების უმეტესი კატეგორია ფიზიკურ პირს გააჩნია. იურიდიული პირის არაქონებრივი უფლებების არსი უწინარესად 27 V მუხლიდან გამომდინარეობს, რომლის საფუძველზეც ასეთ უფლებას საქმიანი რეპუტაცია წარმოადგენს.21/22 აღნიშნული შეესაბამება იურიდიული პირის სამართლებრივ ბუნებას, რომელსაც არ შეიძლება გააჩნდეს ფიზიკური თუ სულიერი ტანჯვა,23 მაგალითად, ღირსების საკითხის განხილვისას.24

10

იურიდიული პირის არაქონებრივი უფლებების შელახვის შემთხვევაში, უნდა არსებობდეს საქმიანი რეპუტაციის შელახვის იმგვარი ფაქტი, რომ ეს უკანასკნელი ვეღარ ახორციელებდეს თავის საქმიანობას,25 რადგან გავრცელებული ინფორმაცია იურიდიული პირის „საბაზრო სახეს“, კომერციულ შეხედულებას ეწინააღმდეგება.26 ამასთან, კონკრეტულ შემთხვევაში მკაფიოდ უნდა განისაზღვროს, მაგალითად, თუ ვის მიმართ მოხდა განცხადების გაკეთება − იურიდიული პირის თუ მისი დირექტორის27 და სხვ.

5. ნორმის საკონსტიტუციო წინაპირობები

11

კონკრეტული სამართლებრივი ინსტიტუტის კონსტიტუციურ-სამართლებრივი და სამოქალაქო-სამართლებრივი განმარტება ერთმანეთისგან განსხვავებდა. 28 ასე, მაგალითად, ღირსების უფლების შემთხვევაში,29 თუმცა ეს არ გულისხმობს, რომ დასახელებულ უფლებას კონსტიტუციური წინაპირობა არ გააჩნია. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველი ნორმის საკონსტიტუციო საფუძვლად, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი უნდა განისაზღვროს,30 რომელიც სოციალური სახელმწიფოს უმთავრეს პრინციპს, ადამიანის ღირსების შენარჩუნებას ემსახურება31 და რომლის მთავარ ღირებულებას ადამიანი, როგორც თვითმყოფადი, თავისუფალი და სხვა ადამიანების თანასწორი სუბიექტი წარმოადგენს.32 ღირსების შელახვა გარკვეული გამონათქვამით, გარკვეული გამოხატვით შეიძლება განხორციელდეს, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე-19 და 24-ე მუხლებიდან გამომდინარე შეიძლება შეიზღუდოს. პიროვნების აზრის თავისუფლად გამოხატვას გააჩნია შესაბამისი ვალდებულებანი და პასუხისმგებლობა, რომელიც შეიძლება მას დაეკისროს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მე-18 მუხლი ეფუძნება, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს კონსტიტუციასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას.33

12

ამავე მუხლის მოწესრიგების საგანია პიროვნულობისა და თავისუფლების ხელშეუხებლობის უფლება, რაც მის საკონსტიტუციო საფუძვლად, ასევე, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 და მე-20 მუხლებს მოიაზრებს. ამასთან, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ზიანის მიყენების საკითხთან მიმართებით განსახილველი ნორმა შესაბამისობაშია კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტთან.

6. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება სამოქალაქო სამართალში

13

გამოხატვის თავისუფლება სამოქალაქო სამართალში არ არის აბსოლუტური. მისი შეზღუდვის დასაშვებობა პიროვნების არაქონებრივი უფლებების დაცვისკენაა მიმართული,34 რათა არ მოხდეს ცრუ ინფორმაციის (დეზინფორმაციის) გავრცელება35 და სხვ. გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში თანაზომიერების პრინციპის დაცვით,36 როდესაც შეზღუდვა იქნება აუცილებელი (მნიშვნელოვანი) დემოკრატიული საზოგადოებისთვის.37 ასეთი ჩარევით განსაზღვრული ქმედება დაცულ სიკეთეს უნდა აღემატებოდეს.38 კერძოდ, სასამართლომ უნდა შეაფასოს გამოხატვის შინაარსისა და ფორმის ღირებულება, მისი საზოგადოებრივი მნიშვნელობა და ასევე, უფლების რეალიზაციის შედეგად მიყენებული ზიანი.39 აღნიშნული კი, თავის მხრივ, ასახვას მე-18 მუხლში გაწერილი არაქონებრივი უფლებების არსიდან გამომდინარე პოვებს.40 ამდენად, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა სახელმწიფოს მიერ შესაძლებელია მწვავე საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევაში,41 რაც შეიძლება, მაგალითად, სხვისადმი დამამცირებელ დამოკიდებულებაში გამოიხატოს.42

14

საკონსტიტუციო-სამართლებრივი ურთიერთობებისგან განსხვავებით, რომელშიც უფლების სუბიექტს წარმოადგენს ნებისმიერი ის პირი, რომელთა უფლებებსაც სახელმწიფო იცავს,43 სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობისას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა პირთა თანასწორობაზეა დაფუძნებული. შეზღუდვის ფარგლებს სასამართლო აწესებს და სწორედ სუბიექტური თუ ობიექტური შეხედულებანი თამაშობს გადამწყვეტს როლს. ასე, მაგალითად, ჟურნალისტს რესპოდენტის მიერ გამოთქმული მოსაზრებისგან გამიჯვნა ევალება, რათა არ გაავრცელოს სიძულვილისა44 თუ ძალადობის შემცველი განცხადება;45 მასვე ევალება ინფორმაციის გადამოწმება და მისი სისწორის დადგენა.46 აღნიშნულის ამომავალი წერტილია ის, რომ ჟურნალისტი უნდა ავრცელებდეს ისეთ ინფორმაციას, რომელიც სანდო/გადამოწმებული და სინამდვილესთან შესაბამისი იქნება.47 რესპოდენტის მიერ გამოთქმული მოსაზრების დადასტურება მხოლოდ აღნიშნულ წყაროზე დაყრდნობის შემთხვევაშია დასაშვები, თუნდაც ეს უკანასკნელი სიმართლესთან შეუსაბამო ინფორმაციას ავრცელებდეს. ასეთ შემთხვევებ- ში, პირს მოთხოვნის უფლება უშუალოდ რესპოდენტის მიმართ წარმოეშობა და სახელმწიფოს როლი სასამართლოს გზით დარღვეული უფლების შედეგად მართლმსაჯულების განხორციელებაში ვლინდება. ამასთან, ჟურნალისტს აკისრია ე.წ. „მოკვლევის ვალდებულება“. აღნიშნულის ფარგლებში იგი იქნება ვალდებული გაავრცელოს არა 100%-ით ობიექტური, არამედ სიმართლესთან ყველაზე შესაბამისი ინფორმაცია.48

15

მასობრივი ინფორმაციის საშუალებაში გაშუქებული სტატიისა ან ინტერვიუს გადაცემის შემთხვევაში იგი ავტომატურად იძენს საჯარო ხასიათს. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებიდან გამომდინარე, პირს, რომლის მიმართაც გაჟღერებულია გარკვეული განცხადება/ინფორმაცია (სიმართლესთან შეუსაბამო და სხვ.), უფლება აქვს, საპასუხო განცხადება/ინფორმაცია გაავრცელოს სასამართლოში სარჩელის შეტანამდე, თუნდაც განცხადება/ინფორმაცია ინფორმაციის პირველად გამავრცელებლისადმი უსიამოვნო ტექსტს შეიცავდეს. ეს უკანასკნელი ვალდებულია, ითმინოს ადრესატის ქმედება. თმენის სამართლებრივი ფარგლები სრულდება მაშინ, როდესაც ამ განცხადებით/ინფორმაციით შეილახება (მოხდება უხეში ხელყოფა) არაქონებრივი უფლებები.49 აღნიშნულის კვალად, თუ არაქონებრივი უფლებები და ზოგადად კანონმდებლობა არ დაირღვევა (მათ შორის, ცილისწამების ფაქტი არ იარსებებს), სახეზე არ იქნება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველიც.50

ა. ინფორმაციის შინაარსისა და მისი განთავსების ფარგლები

16

ინფორმაციის გავრცელება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ერთ-ერთ გამოვლინებას წარმოადგენს.51 გამავრცელებელი, როგორც წესი, მედია საშუალებაა. ამდენად, პირადი არაქონებრივი უფლებების დარღვევის ყველაზე გავრცელებული მაგალითები სწორედ მედიის საქმიანობისას გვხვდება, სადაც ხშირად კონფლიქტი წარმოიშობა მედიის საზოგადოებრივ ფუნქციასა და პირთა ინტერესებს შორის.52 ამდენად, მნიშვნელოვანია, განისაზღვროს, თუ სად გადის ზღვარი ინფორმაციის გავრცელების უფლებასა და გავრცელების შეზღუდვის/თავის შეკავების ვალდებულებას შორის.

17

მაგალითად, უხამს განცხადებად მოაზრებულია ისეთი შინაარსის განცხადება, რომელსაც პოლიტიკური, კულტურული, სამეცნიერო ან საგანმანათლებლო მიზანი არ გააჩნია და რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებაში საყოველთაოდ დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს. აღნიშნული კი, თავის მხრივ, გამოხატვის თავისუფლების არსიდან გამომდინარე, მისი შეზღუდვის ერთ-ერთი სახეა,53 რომლის დარღვევის შემთხვევაშიც მოსარჩელემ შესაძლებელია ცილისწამებისთვის სასარჩელო მოთხოვნა სწორედ უხამსი განცხადების გავრცელებაზე დააფუძნოს.54 უხამსობას შეიძლება სიუჟეტის, სტატიის, განცხადების და სხვა სახით გავრცელებული ინფორმაციის ცალკეული სიტყვა მოიცავდეს, თუმცა „უხამსად“ რომ იქნეს აღქმული, მნიშვნელოვანია, იგი ერთიან კონტექსტში იქნეს განხილული.55 მაგალითად, სიტყვა „მოკვეთა“ − იგი შეიძლება მოიაზროს პირმა რამდენიმე ასპექტში, თუმცა, თუ დასახელებული სიტყვა არა მუქარის ან შეურაცხყოფის, არამედ ფაქტის დადასტურების მიზნითაა მოყვანილი, მაშინ იგი უფლების დარ- ღვევის წინაპირობა არ გახდება.56

18

ცალკე განხილვის თემაა სოციალური ქსელის საშუალებით პირის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, გამოთქმული აზრი ან დაფიქსირებული რაიმე მონაცემები, რომლითაც შესაძლებელია სხვათა უფლებების დარღვევა. ასეთი ქმედება, რომელიც განხორციებული იქნება სოციალური ქსელის კონკრეტული მომხმარებლის მიერ ე.წ. სტატუსის დაწერით, შეფასდება როგორც საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია57 და ნებისმიერ სხვა პირს შეეძლება ამ ინფორმაციის გაზიარება, გავრცელება და სხვ. (პირველადი წყაროს დაცვით). რაც შეეხება ე.წ. „დახურულ ჯგუფში“ დაფიქსირებულ პოზიციას, მისი გასაჯაროების უფლებამოსილება იმავე ჯგუფის არც ერთ წევრს არ გააჩნია.58 თითოეულ შემთხვევაში ინფორმაციის გავრცელების ფარგლები სწორედ მისი განთავსების თავისებურებიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს, რაც პირის ძირითადი უფლებების რეალიზაციის საფუძველი გახდება.59

ბ. ინფორმაციის წყარო / პროფესიული საიდუმლოება

19

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტში პირდაპირ განსაზღვრულია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის დაუშვებლობა იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე არ ამხელს ინფორმაციის წყაროს ან პროფესიულ საიდუმლოებას. ასეთ შემთხვევაში ერთ-ერთი მათგანის გამხელისგან თავის შეკავება, როგორც მტკიცებულების წარდგენა სასამართლოში (სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლის მე-5 ნაწილი), საპატიო მიზეზად უნდა იქნეს მიჩნეული.60 სხვა მხრივ, ინფორმაციის წყაროს სამართლებრივ ინსტიტუტსა და პროფესიული საიდუმლოების არსს აზრი დაეკარგებოდა.

გ. დასაშვები კრიტიკის ფარგლები

20

გამოხატვის თავისუფლების არსიდან გამომდინარე, კრიტიკა დასაშვებია, როდესაც დიდია საზოგადოებრივი ინტერესი.61 ასეთი ინტერესი შეიძლება შეეხებოდეს ჯანმრთელობას, ექიმის კვალიფიკაციას და სხვ. მაგალითად, უკმაყოფილო პაციენტის მიერ გაკეთებული განცხადება, თუნდაც ამით ზიანი ექიმის (ან ამ სფეროში მოღვაწე შესაბამისი პირის) საქმიან რეპუტაციას მიადგეს, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ექცევა.62

21

დასაშვები კრიტიკა, უპირველეს ყოვლისა, საჯარო პირებზე, მათ შორის პოლიტიკოსთა მიმართ გაკეთებულ განცხადებებზე ვრცელდება. მაგალითად, პოლიტიკური თანამდებობის პირების შემთხვევაში, რაც უფრო დიდია მათი პასუხისმგებლობა, დასაშვები კრიტიკის ფარგლები უფრო ფართოდ უნდა იქნეს გაგებული.63 ასეთი დათქმა გამომდინარეობს შესაბამისი საქმიანობიდან − პოლიტიკოსის საქმიანობისადმი საზოგადოებრივი ინტერესი უფრო დიდია, ვიდრე ჩვეულებრივი მოქალაქის საქმიანობის მიმართ.64 ეს გამომდინარეობს სახელმწიფოს დემოკრატიული წყობის მდგრადობის ინტერესებიდან, 65 რაც იმის საფუძველია, რომ თანამდებობის პირებმა დასაშვებზე მეტი კრიტიკა ითმინონ.66

22

ზემოაღნიშნულს განაპირობებს, ასევე, მედიის თავისუფლების სამართლებრივი პრინციპი. მედია ხშირად ადამიანს აწვდის ინფორმაციას, რომლის გავრცელებაც ამ უკანასკნელის სურვილს არ წარმოადგენს.67 მაგალითად, საჯარო პოლემიკის დროს, რომელშიც საჯარო პირი (პოლიტიკოსი) მონაწილეობს, ან როდესაც საკითხი საზოგადოებრივ და არა პირად ინტერესს შეეხება. ასევე, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციისას როგორც კერძო პირის, ისე საჯარო პირის პატივი და ღირსებაც დაცული უნდა იყოს შელახვისგან.68 ასეთის არსებობისას გამოხატვის თავისუფლება კანონიერ ჩარჩოშია მოქცეული, თუნდაც პოლემიკისას კონკრეტული მოსაზრება (პასუხი ან სხვ.) არაობიექტური ან/და გადაჭარბებული იყოს.69 მაგალითად, კონკრეტულ რეგიონში არსებული ეკონომიკური და სოციალური საკითხების შესახებ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია შეიძლება კრიტიკის დასაშვებ ფარგლებში ექცეოდეს.70 მედიის მიერ ინფორმაციის გავრცელება წყაროზე მითითებით დასაშვები კრიტიკის ფარგლებს არ სცდება.

23

დასაშვები, ანუ საქმიანი კრიტიკა გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოში ჯდება მანამ, სანამ იგი არ გასცდება კანონით განსაზღვრულ ფარგლებს.71 პოლიტიკურ (ასევე − პოლიტიკოსებზე) და მათთან გათანაბრებულ თანამდებობის პირებზე დასაშვებია თავისუფალი კრიტიკა, მათი პიროვნების საზოგადოებრივი შეფასებისთვის,72 თუ ასეთი სახის კრიტიკა (ასევე, გამოქვეყნებული ინფორმაცია73) არ ხელყოფს მათ პირად ცხოვრებას.74 კერძოდ, თუ კრიტიკა მხოლოდ პირის საქმიანობას ეხება და მასში აღნიშნული არ არის პირადი ცხოვრების რაიმე ელემენტი.75 პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხები არ შეიძლება გამართლდეს საზოგადოებრივი/საჯარო ინტერესით. აღნიშნულის ერთ-ერთ საფუძველს კი ის ფაქტი წარმოადგენს, რომ მედიის თავისუფლებას აბსოლუტური ხასიათი არ გააჩნია.76 თავის მხრივ, საჯარო პირის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი არ შემოიფარგლება მხოლოდ საზოგადოების ცნობისმოყვარეობით მის პირად ცხოვრებაზე. ინტერესის ობიექტს იმ ფუნქციების განხორციელება უნდა წარმოადგენდეს, რის საფუძველზეც მას საჯარო პირის სტატუსი აქვს მინიჭებული.77

24

კერძო პირის მიმართ დასაშვები კრიტიკის ფარგლები უფრო შეზღუდულია. 78 ასეთ შემთხვევაში კანონით დაშვებული კრიტიკა შესაძლებელია, თუ კერძო პირი კონკრეტულ შემთხვევაში საჯარო მიზნისთვის ახორციელებს საქმიანობას. კრიტიკის ფარგლები განისაზღვრება პირის საზოგადოებისადმი პასუხისმგებლობით, რომლის პროპორციულადაც უნდა დადგინდეს კრიტიკის ფარგლები.79

დ. აზრი

25

აზრში იგულისხმება ნებისმიერი შეფასებითი გამონათქვამი, რომელიც შედგება განსჯის, დამოკიდებულებისა და შეფასების ელემენტებისგან და რომლის მართებულობა პირად შეფასებაზეა დამოკიდებული.80 აზრი არ ექვემდებარება სისწორისა თუ მცდარობის მტკიცებას.81 სწორედ აღნიშნულზე დაფუძნებით მიიჩნევს სასამართლო, რომ სახელმწიფომ და ხალხმა მათთვის გამაოგნებელი ინფორმაციის მოსმენა უნდა აიტანოს,82 რაც დემოკრატიული საზოგადოების მიზნებს შეესაბამება.83

26

სპეციალური კანონიდან გამომდინარე, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, თუ მისი გასაჯაროების შემთხვევაში არ შეილახება სხვათა უფლებები.84 შესაბამისად, კომენტარის, შეფასებითი მსჯელობის, თვალსაზრისისა და სხვა შეხედულების გამოხატვა, რომელიც პოზიციის დაფიქსირებას, პიროვნების, საგნის ან მოვლენის მიმართ დამოკიდებულების გამოხატვას წარმოადგენს, სამართლებრივ ფარგლებში დაცულ ძირითად უფლებათა გამოვლინებად მიიჩნევა და იგი არ ჩაითვლება ცილისწამებად.85 თითოეული ასეთი შემთხვევისას აუცილებელია გაიმიჯნოს და ცალკე სახედ განისაზღვროს შემთხვევა, როდესაც, მართალია, ცალკეული სიტყვა ან გამონათქვამი არ მოსწონს მხარეს, მაგრამ ერთიანი კონტექსტიდან გამომდინარე, ასეთი გამონათქვამი, როგორც აბსოლუტური აზრის მქონე, ცალკე განხილული ვერ იქნება.86 ამდენად, ცილისწამება არ მოხდება ერთი სიტყვით და მით უმეტეს, საკუთარი პოზიციის დახასიათებით. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნასაც ამ შემთხვევაში პრაქტიკული მნიშვნელობა ექნება დაკარგული.87

27

თუ აზრი შეიცავს მტკიცებას გარკვეულ საკითხთან მიმართებით, შესაძლებელია აღნიშნული არაქონებრივი ზიანის მიყენების საწინდარი გახდეს.88 თავის მხრივ, აზრის გავრცელება თანაბრადაა შესაძლებელი როგორც სიტყვიერად ან წერილობით, ასევე, ნებისმიერი სხვა საშუალებით,89 მაგალითად, ჟესტებით, სიმბოლოებით და სხვ.90

28

აღსანიშნავია შეფასების საკითხის მიმართება აზრთან. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, შეფასება განხილულ იქნეს, როგორც სუბიექტური დამოკიდებულება, რაც უფლების დარღვევად არ მიიჩნევა.91 ამგვარი პოზიცია შესაძლოა ცალკეულ შემთხვევაში საკამათო გახდეს.92 უფრო ზუსტად, გადამწყვეტი როლი მიენიჭება იმას, რამდენად გაიყვანს სასამართლო შეფასებას აბსოლუტური პრივილეგიის ჭრილში. ასეთის არსებობის შემთხვევაში, გამოხატვის თავისუფლების ფარგლები უფრო ფართოდ იქნება წარმოჩენილი.

ე. ფაქტი

29

განსხვავებით აზრისგან, ფაქტი რეალური შედეგის გადმოცემას წარმოადგენს. იგი არ შეიძლება შეფასებით მსჯელობას შეიცავდეს.93 ფაქტში იგულისხმება რეალური გარემოებები ან/და საგნები, რომელთა მტკიცებულებით დადასტურება შესაძლებელია.94 საეჭვო ქმედება, რომელსაც არ გააჩნია შესაბამისი მტკიცებულება/ინფორმაციის წყარო, არ ჩაითვლება უტყუარ ფაქტად და შესაბამისად, ამ ინფორმაციის გასაჯაროება არ იქნება კანონიერი.95 მაგალითად, თუ პირის მიმართ სისხლისსამართლებრივ დანაშაულზე მიუთითებენ, სასამართლო განაჩენიდან გამომდინარე, უნდა მიეთითოს ასეთ საქმეზე, რომელიც კანონიერ ძალაში იქნება შესული. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული ჩაითვლება არა ფაქტად, არამედ პირის არაქონებრივი უფლებების შელახვად.96 კერძოდ, გასაჯაროვდება კონკრეტული მტკიცებულებებით დაუდასტურებული ინფორმაცია.

30

ფაქტების სასამართლოში წარდგენა სასარჩელო მოთხოვნის იურიდიულად გამყარების საფუძველია. ფაქტის საკითხი იურიდიული ნორმის რეალიზაციის საფუძვლად უნდა იქნეს მიჩნეული,97 რომელიც თავის მხრივ, წარმოაჩენს იმ რეალობას, რომლის საფუძველზეც სასამართლომ უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. მაგალითად, თუ პიროვნება (ისტორიკოსი თუ სხვ.) იკვლევს ისტორიულ ფაქტებს, ვალდებულია, კონკრეტული მოსაზრება, წარსულში მნიშვნელოვანი ფიგურის (რომელიც ისტორიაში დღემდე რჩება აქტუალურად) ან მისი მემკვიდრის თაობაზე შესაბამის მტკიცებულებებსა და ფაქტებს დააფუძნოს.98

31

აზრისა და ფაქტის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის გამო, მათი გამიჯვნა საკმაოდ რთულია. ხშირ შემთხვევაში აზრი ეყრდნობა ფაქტს,99 ხოლო, ფაქტი წარმოადგენს აზრის საფუძველს, რომლითაც ადასტურებს ან უარყოფს მას.100 სწორედ ამიტომ, სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი – რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი.101 მაგალითად, საგაზეთო სტატიის შეფასებით, რამდენად დაირღვა პირადი არაქონებრივი უფლებები. ასეთი პუბლიკაცია მთლიანობაში უნდა გაანალიზდეს და არა საერთო აზრისგან განყენებული წინადადება.102

II. 18 I შეცილება სახელის ტარების უფლებაზე

32

განსახილველი ნორმა განსაზღვრავს არაქონებრივი უფლებების დაცვის ზოგად დანაწესს. აღნიშნულის ფარგლებში შესაბამისი მოთხოვნის დაყენება კონკრეტული შინაარსის მქონე დანაწესიდან უნდა განხორციელდეს, იქნება ეს ამ მუხლის შესაბამისი ნაწილი,103 თუ სპეციალური კანონით მოწესრიგებული სამართლებრივი სიკეთე.104 სპეციალურ კანონში არსებული დათქმის საფუძველზე სახელი და შესაბამის ნორმაში არსებული სამართლებრივი ინსტიტუტი (მაგალითად, ავტორობის უფლება) ერთმანეთთან არ უნდა გაიგივდეს.105

33

სახელის ტარების უფლებაზე შეცილებას მე-18 მუხლი ორ ძირითად ასპექტში განსაზღვრავს: ა) პირისთვის სახელის ტარების უფლების შეცილებისა და ბ) სხვის მიერ სახელის უნებართვოდ ტარებისა და სარგებლობისთვის მოქმედების შეწყვეტის ან მასზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლებს. თითოეულ შემთხვევაში პირს უნდა ელახებოდეს კანონით გათვალისწინებული უფლებები.106 პირველ შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნის დაყენება სახელის აღიარების თაობაზე,107 რომელიც, ასევე, შეიძლება შეეხებოდეს ფსევდონიმსაც.108 მეორე ასპექტიდან გამომდინარე, მოთხოვნა სახელის ტარების გამოყენების შეწყვეტას ეხება.109

34

თავის მხრივ, მოთხოვნა შესაძლებელია მოქმედების შეწყვეტის ან სახელზე უარის თქმის უფლების თაობაზე იქნეს დაყენებული. თითოეულის არსებობისას, თუ მოსარჩელეს მიადგა ზიანი, იქნება ეს ქონებრივი თუ არაქონებრივი, მას ანაზღაურების მოთხოვნის უფლებამოსილება წარმოეშობა.110

III. 18 II პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვა სასამართლოს გზით

35

18 II მუხლის მიზანი უპირველესად, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში დარღვეული პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვაა.111 ამ მიზნით შესაბამისი სასარჩელო მოთხოვნის დაყენების უფლებამოსილება გააჩნია პირს, რომლის შესახებაც გავრცელდა ინფორმაცია და არა იმ პირს, რომელმაც ივარაუდა, რომ ეს ცნობები მას შეეხებოდა და რომ ამ ცნობებში იგი იგულისხმებოდა (არ იგულისხმება მე-19 მუხლი).112 არაქონებრივ უფლებათა დაცვის ფორმებია: არაქონებრივ უფლებათა აღიარება, ხელმყოფი მოქმედების შეწყვეტა ან მათზე უარის თქმა (უარყოფა)113 და ასევე, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება. თითოეულის არსებობისთვის საჭიროა ჩამოთვლილთაგან ერთი ან რამდენიმე სიკეთე მაინც შეილახოს.114

1. პირადი არაქონებრივი უფლებების დიფერენციაცია

ა. პატივი

36

პატივის ქვეშ იგულისხმება პიროვნების მორალური თუ სხვა თვისებების ობიექტური შეფასება საზოგადოების მიერ, რომელიც პიროვნების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებას განსაზღვრავს115 და იძლევა ინდივიდის სოციალურ დახასიათებას,116 წარმოადგენს სოციალურ შეფასებას.117 კერძოდ, პატივის განმარტებაში უნდა მოვიაზროთ პირის სოცილური პრესტიჟი, პატივისცემა, რენომე, იმიჯი,118 საზოგადოების მხრიდან მის მიერ შექმნილი გარკვეული ფასეულობის აღიარება119 და სხვ.

ბ. ღირსება

37

ღირსება თავად პიროვნების მიერ მორალური თუ სხვა თვისებების შეფასებას წარმოადგენს.120 ესაა პირის შეხედულება, თუ როგორ აღიქმება პიროვნება საზოგადოების თვალში121 და ის, თუ როგორ შეაფასებს თავად პიროვნება საკუთარ საზოგადოებრივ მნიშვნელობას.122 ღირსების უფლება არ გამომდინარეობს იქიდან, დააფასა თუ არა საზოგადოებამ პირი.123 იგი წარმოადგენს ადამიანის განუყოფელ არაქონებრივ უფლებას, რომელიც აბსოლუტური ხასიათისაა.124

38

ღირსება ზოგადი პიროვნული უფლების ცენტრალური სფეროა.125 იგი ადამიანს მაშინაც გააჩნია, თუ საზოგადოების მიერ ჯერ კიდევ არ არის დაფასებული და აღიარებული.126 ღირსებას „შესწევს უნარი“, მოიცვას სხვა პიროვნული უფლებაც.127 ასე, მაგალითად, ღირსების შელახვით შესაძლებელია პირს შეელახოს საქმიანი რეპუტაციაც და სასარჩელო მოთხოვნა სწორედ ამ ორი უფლების ერთდროულად დაცვის მიზნით დააყენოს. ამ თვალსაზრისით შესაძლებელია მოყვანილ იქნეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრება, რომლითაც განიმარტა, რომ ღირსების ხელყოფა ფაქტობრივად ყოველთვის სხვა უფლების დარღვევას უკავშირდება. 128 აღნიშნული მოსაზრება შესაძლებელია მსჯელობის საგნად იქცეს, თუმცა ის, რომ ღირსების უფლება ასეთ ხარისხშია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აყვანილი, მის სამართლებრივ მნიშვნელობასა და სტატუსზე უთითებს, ვინაიდან სწორედ ამ გადაწყვეტილებით მოხდა სამოქალაქო- სამართლებრივ დონეზე ღირსების უფლების განმარტების გამიჯვნა საკონსტიტუციო-სამართლებრივი მოწესრიგებისგან.

გ. პირადი ცხოვრების საიდუმლოება და პირადი ხელშეუხებლობა

39

პიროვნების ხელშეუხებლობაში როგორც ფიზიკური, ისე ვერბალური ხელყოფისგან დაცვის სავალდებულობა იგულისხმება.129 მასში მოიაზრება თავისუფლება, როგორც უფლება, რომელიც პირს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. მისი შეზღუდვა შესაძლებელია სწორედ არაქონებრივი უფლების შელახვის საფუძველი გახდეს.130

40

პირადი ცხოვრების საიდუმლოება კერძო პირის პერსონალური მონაცემებთან მიმართებით შეიძლება იქნეს დანახული. იგი შეიძლება შეეხებოდეს როგორც პირის პირად, ისე საოჯახო საიდუმლო მონაცემებს.131 მართალია, ინფორმაციის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების არსიდან გამომდინარე, საჯარო ინტერესის არსებობის შემთხვევაში, მონაცემების გასაჯაროება დასაშვებია, თუმცა, პრაქტიკული თვალსაზრისით, კერძო პირის პირადი მონაცემები ამგვარ ფარგლებში არ ექცევა.132 აღნიშნული გამომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ პირადი ცხოვრების საიდუმლოება მოიცავს ისეთ ცხოვრებისეულ მომენტებს, რომელიც, მართალია, რეალურად მოხდა, მაგრამ ინდივიდს მისი გასაჯაროება არ სურდა.133

41

პირად სფეროში ჩარევას უნდა გააჩნდეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრული მიზანი. ცალკე განხილვის თემაა, თუ რამდენადაა ასეთი მიზანი გამართლებული მაშინ, როდესაც ფარული ჩანაწერი სასამართლოს მიერ შეიძლება მტკიცებულებად იქნეს მიღებული (სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მე-3 ნაწილზეა ამ შემთხვევაში ყურადღება გასამახვილებელი134). საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ამგვარი ჩანაწერის მტკიცებულებად მიღების თაობაზე შესაბამისი მსჯელობაა განვითარებული, სადაც ზოგიერთ შემთხვევაში ასეთ ჩანაწერს იღებს მტკიცებულებად, 135/136 ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში − არა.137/138

42

პირადი ცხოვრების საიდუმლოების დარღვევისას მნიშვნელოვანია იმ ფაქტის დადგენა, რამდენად სურდა ან არ სურდა პირს, გავრცელებულიყო საჯაროდ მისი პირადი საიდუმლოების შემცველი მონაცემები,139 ასევე, თუ რამდენმა პირმა შეიტყო საიდუმლოების ფაქტი და რამდენად შეიძლება გაიზარდოს ასეთ პირთა წრე.140

43

ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია საზოგადოებრივი ინტერესი იმდენად მაღალი იყოს, რომ ამ უკანასკნელმა გადაწონოს კანონიერად დადგენილი კონფიდენციალურობის ვალდებულება.141 ამის საპირისპიროდ, ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ზღვარი მართებულად იქნეს გავლებული, რათა ერთი ინტერესის დაცვის მიზნით სხვათა უფლება არ დაირღვეს/შეილახოს.

დ. საქმიანი რეპუტაცია

44

საქმიანი რეპუტაციის ქვეშ იგულისხმება საზოგადოების მიერ პირის პროფესიული თუ სხვა საქმიანი თვისებების შეფასება,142 ხოლო მის შელახვას პირის აღნიშნული თვისებების დისკრედიტაცია წარმოადგენს.143 საქმიანი რეპუტაციის ასეთი დეფინიცია კერძო პირის საქმიანობის საკითხს ეხება.144 სახელმწიფო პოლიტიკურ, ასევე, თანამდებობის პირების, მათი საქმიანობის ფარგლებიდან გამომდინარე, უფლების განმარტების აღნიშნული საშუალება განსხვავებულად უნდა განიმარტოს.145

45

პირის საქმიანი რეპუტაცია არის საქმიანი ბრუნვის სფეროში კონკრეტული პირის საქმიანი თვისებების, უნარების შესახებ შექმნილი აზრი. ასეთი აზრი საზოგადოებაში, სოციუმში ყალიბდება,146 რამაც შესაძლებელია განაპირობოს როგორც მისი სამომავლო წარმატება, ისე − წარუმატებლობა.147 ამდენად, ფიზიკური პირის საქმიან რეპუტაციაში შესაძლებელია მისი პატივი და ღირსება მოიაზრებოდეს,148 ვინაიდან საქმიანი რეპუტაცია გათანაბრებულია კონკრეტული პროფესიის მქონე პირის ავტორიტეტთან.149

46

ნებისმიერი განცხადება, რომელშიც პირის სახელია მითითებული, საქმიანი რეპუტაციის შელახვად ყოველთვის არ ჩაითვლება. მაგალითად, პირის სამსახურიდან გათავისუფლება (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა)150 ან აღნიშნულის შესახებ ბრძანების გამოქვეყნება151 და სხვ.

47

შრომითი ურთიერთობის საკითხთან დაკავშირებით საინტერესო მსჯელობაა განვითარებული სუს პრაქტიკაში, სადაც სასამართლო სამსახურებრივ მოხსენებით ბარათთან მიმართებით ერთმანეთისგან მიჯნავს ფაქტსა და ავტორის მოსაზრებას. კერძოდ, სასამართლოს მიაჩნია, რომ, თუ მოხსენებით ბარათში დასაქმებულის ქცევის სტანდარტთან მიმართებითაა შესაბამისი მითითებები (გამონათქვამები) გაწერილი და იგი ამავე ბარათის შემდგენლის აზრს წარმოადგენს, არ დადგება ცილისწამების შემთხვევა, თუ ბარათის შემდგენელს ასეთი მიზანი არ ამოძრავდებდა.152 აქვე უნდა განიმარტოს, რომ მოყვანილი მსჯელობა ისე არ უნდა იქნეს გაგებული, თითქოს დამსაქმებელს (ამ შემთხვევაში – ბარათის შემდგენელს) აბსოლუტური თავისუფლება გააჩნია დოკუმენტის შედგენისას.

48

შესაძლებელია, რომ კონკრეტულ განცხადებაში პირი საეროდ არ იყოს უშუალოდ ნახსენები, მაგრამ განცხადების შინაარსი მის რეპუტაციას მაინც ლახავდეს.153 ზოგიერთ შემთხვევაში პირიქითაა, მაგალითად, ავტორის სახელის უნებართვო ან არასწორი გამოყენება შეიძლება მისი პატივისა და რეპუტაციისთვის უფრო მეტი ზიანის მომტანი იყოს, ვიდრე სახელის მიუ- თითებლობა.154

49

სახელმწიფო პოლიტიკურ, ასევე, თანამდებობის პირებზე დიფამაციის არსებობისას საქმიანი რეპუტაციის გავრცელება ასეთ სუბიექტთა მიმართ უფრო მეტად შებოჭილი ხასიათისაა.155 სინამდვილესთან შეუსაბამო ინფორმაცია დიფამაციაა,156 თუმცა საჯარო პირის ე.წ. „თმენის ვალდებულების“ გათვალისწინებით, ასეთ დროს უფლება შესაძლებელია არ შეილახოს.

2. არაქონებრივი უფლებების შელახვა

50

პირადი არაქონებრივი უფლებების შელახვად ჩაითვლება ისეთი განცხადების ან ფაქტის გავრცელება, რომელიც მე-18 მუხლში ჩამოთვლილი არაქონებრივი უფლებებიდან ერთ-ერთის ან რამდენიმეს ერთად ხელმყოფია157 და რომელიც კანონის ან მორალის ნორმების დარღვევის, უღირსი საქციელის ჩადენის შესახებ მტკიცებას შეიცავს.158 მაგალითად, განცხადება, ქურდობის,159 მკვლელობის დაბრალების თაობაზე160 და სხვ. ასეთი განცხადების გაკეთებისას, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ფაქტები არსებობდეს. ამასთან, თუ მოსარჩელის მიერ დასაბუთდება, რომ მას ამგვარი ქმედება არ ჩაუდენია, მას წარმოეშობა მოთხოვნის დაყენების უფლებამოსილება.161

51

უფლების შელახვა რეალურ სამართლებრივ საფუძველს უნდა ემყარებოდეს. აღნიშნულზე მიუთითებს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მიხედვითაც, ყოველგვარი ეჭვი, რაც უფლების დარღვევის ფაქტს არ ასაბუთებს, უფლების შეზღუდვის საწი ნააღმდეგოდ უნდა გადაწყდეს.162 ასეთი დათქმა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების დაცვისკენაა მიმართული.

3. ტერმინი „კანონით დადგენილი წესით“ – სპეციალურ კანონზე მითითება

52

18 II მუხლში განსაზღვრულ დანაწესში მითითებულ სპეციალურ კანონში ცალკეულ კანონებთან ერთად, უპირატესად იგულისხმება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც 2004 წელს იქნა მიღებული.163 მე-18 მუხლიდან გამომდინარე, სპეციალური კანონის გამოყენება, განსაკუთრებით მორალურ ზიანთან მიმართებით, ხშირადაა გამოსადეგი, თუმცა არაქონებრივი უფლებების დაცვის ყველაზე გავრცელებული სპეციალური მოწესრიგების მქონე აქტი სწორედ დასახელებული კანონია, რომელშიც გაწერილია ცილისწამების, როგორც არაქონებრივი უფლების დარღვევის ერთ-ერთი შემთხვევის, სამართლებრივი ინსტიტუტი.

4. ცილისწამება

53

ცილისწამება ისეთი სახის განცხადებაა, რომელიც არსებითად მცდარი ფაქტის შემცველ და სახელის გამტეხ ინფორმაციას შეიცავს. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, განცხადება არის ინფორმაცია, რომელიც საჯაროდ გავრცელდა ან მესამე პირს გააცნო მისმა გამავრცელებელმა. ასეთი შეიძლება იყოს მაგალითად, ციფრულ ვიდეოდისკზე (DVD დისკზე) ჩაწერილი ინფორმაცია164 და სხვ. ამასთან, ცილისწამებას საფუძვლად უნდა დაედოს ცრუ მონაცემები (მითითება არასწორ ფაქტზე,165 ანუ სიმართლესთან შეუსაბამო ფაქტზე166) და ზიანი, რომელიც მიადგა პირს.

54

სასამართლო ცილისწამების შემადგენლობის უმთავრეს ელემენტად სინამდვილესთან შეუსაბამო არსებითად მცდარი ინფორმაციის გავრცელებას,167 ხოლო კომპენსაციის განსაზღვრისას ამომავალ კრიტერიუმად შემლახავი ცნობების გავრცელების არეალს მიიჩნევს.168 ამდენად, თუ ცილისწამების ფაქტი არ დადასტურდება, იმავე სახის გავრცელებულ ინფორმაციაზე პირს არაქონებრივი ზიანის მიყენებისთვის კომპენსაცია არ დაეკისრება.169 მაგალითად, თუ ფაქტები რეალურია და მხარეს არ გააჩნია მისი სიმართლესთან შეუსაბამობის მტკიცების საფუძველი, ასეთი განცხადება ცილისმწამებლური არ არის170 და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაც არ წარმოიშობა.

55

ცილისწამებაზე საუბრისას მნიშნელოვანია მტკიცების ტვირთის განსაზ- ღვრა, რომელიც მოსარჩელეს ეკისრება. ისეთი მტკიცებულების წარდგენა, რომელიც ინტერნეტის საშუალებითაა გავრცელებული, უმეტეს შემთხვევა- ში დამატებით სირთულეებთანაა დაკავშირებული.171 კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს, რომ მოპასუხეა სწორედ ის პირი, ვინც ინტერნეტში შესაბამისი ინფორმაცია განათავსა172 და სხვ.

56

ცილისწამება, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, ორ ასპექტში უნდა განვიხილოთ: ა) კერძო პირისა და ბ) საჯარო პირის ცილისწამება. სპეციალური კანონიდან გამომდინარე, კერძო პირს წარმოადგენს ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომელიც არ არის საჯარო პირი ან ადმინისტრაციული ორგანო; ამავე კანონის თანახმად, საჯარო პირია სპეციალური კანონით173 განსაზღვრული თანამდებობის პირი, ასევე, ყველა, ვისი აზრიც ან გადაწყვეტილებაც მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. კანონში არსებული დანაწესიდან გამომდინარე, საჯარო პირად, ასევე, ის პირი მოაზრება, რომლის გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართული იქნება საზოგადოებრივი ყურადღება. მაგალითად, პოლიტიკოსი, საზოგადოებისთვის ცნობილი პირი,174 ცნობილი მსახიობი,175 ჟურნალისტი,176 ნოტარიუსი177 და სხვ. წინდაწინვე უნდა აღინიშნოს, რომ როგორც კერძო, ისე საჯარო პირის დიფერენციაცია პრაქტიკული მნიშვნელობის მქონეა, გავრცელებული განცხადების/ინფორმაციის ადრესატად განსაზღვრისთვის. კერძოდ, ცილისწამების გამო შესაბამისი პასუხის მგებლობის დაკისრებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სწორედ გავრცელებული განცხადების ადრესატს.178

57

წინდაწინვე აღსანიშნავია ის, რომ კერძო და საჯარო პირის ცილისწამების საკითხის განხილვისას ამოსავალი წერტილია არა ის, თუ ვინაა განცხადების ავტორი (ცილისწამების განმახორციელებელი), არამედ ის, ვინცაა გავრცელებული განცხადების ადრესატი.179

ა. კერძო პირის ცილისწამება

58

პირმა, რომელსაც მიაჩნია, რომ მას ცილი დასწამეს, უნდა დაასაბუთოს გავრცელებული ფაქტების მცდარობა და ზიანის მიყენების ფაქტი.180 მოსარჩელეს ეკისრება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების ტვირთი: 1. სადავო განცხადების გამავრცელებლის (მოპასუხის) დასაბუთება; 2. განცხადებით მოსარჩელის არაქონებრივი უფლებების შელახვის საკითხი; 3. ფაქტების სიმართლესთან შეუსაბამობა; 4. გამოხატვის თავისუფლების ფარგლების (თანაზომიერების პრინციპის) განსაზღვრა; 5. მიყენებული ზიანის დადასტურება. არ შეიძლება ჩამოთვლილთაგან რომელიმეს მტკიცების ტვირთის სახით მოპასუხის მიმართ შებრუნება.181 მაგალითად, პირმა, რომელმაც მედია საშუალების მიერ გავრცელებულ სარედაქციო ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელზე დაყრდნობითაც პირი მიიჩნევს, რომ მის მიმართ განხორციელდა ცილისწამება, უნდა წარადგინოს საპასუხო მტკიცებულებები, რითაც დაადასტურებს გავრცელებული ინფორმაციის უზუსტობას182 და სხვ.

ბ. საჯარო პირის ცილისწამება

59

აღნიშნულ სამართლებრივ ინსტიტუტს საფუძვლად უდევს შემდეგი წინაპირობები: ა) თუ მოსარჩელე დაასაბუთებს გასაჯაროებული ფაქტის სიმართლესთან შეუსაბამობას; ბ) წარმოადგენს ზიანის მიყენების თაობაზე შესაბამის მტკიცებულებას და გ) დაადასტურებს, რომ ფაქტის მცდარობა მოპასუხისთვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ აშკარა ან უხეში დაუდევრობით გაავრცელა იგი, რამაც მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება გამოიწვია. სამივე პირობის კუმულაციური არსებობა ცილისწამების დასაბუთებისთვის სავალდებულო მოთხოვნაა.183

60

საჯარო პირს, მისი საქმიანობიდან, მისი სტატუსიდან გამომდინარე, თმენის მეტი ვალდებულება აქვს. დასაშვები კრიტიკის ფარგლების მსგავსად, საჯარო პირების თმენის ვალდებულების ზღვარი გადის იქ, სადაც კრიტიკა დასაშვებ ფარგლებს არ სცდება.184 საჯარო პირის ასეთად მოაზრების საკითხი ყოველი კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს. მართალია, ტელევიზია ან ინტერნეტი პირის ცნობადობას უფრო მეტად ზრდის, ვიდრე რომელიმე სხვა საშუალება, მაგრამ პიროვნების ქმედება საჯარო ან საზოგადოებრივ ინტერესს აუცილებლად უნდა იწვევდეს.185

გ. ცილისწამების გამომრიცხველი გარემოებები

61

ცილისწამების საქმეზე, თუნდაც პირის მიერ სიმართლესთან შეუსაბამო ინფორმაცია იყოს გავრცელებული, თუ დადასტურდება, რომ არსებობს ცილისწამებისთვის პასუხისმგებლობის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება მაინც, სასამართლომ სარჩელი არ უნდა დააკმაყოფილოს.186 კერძოდ, სპეციალური კანონი ამომწურავად განსაზღვრავს ცილისწამების პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებებს. თითოეული მათგანი ეხება როგორც კერძო, ისე საჯარო პირის ცილისწამებას.

აა. პოლიტიკური დებატები, სახელმწიფოებრივი ვალდებულებების შესრულება

62

პოლიტიკური დებატებისას, ასევე, პარლამენტში კანონპროექტის ან სხვა საკითხის განხილვისას, კანონით განსაზღვრული სახელმწიფოებრივი ვალდებულებების შესრულებისას არ დგება პირის პასუხისმგებლობა ცილისმწამებლური განცხადების გაკეთებასთან დაკავშირებით. აღნიშნულს ე.წ. „თმენის ვალდებულების“ სამართლებრივი ინსტიტუტი განაპირობებს, ვინაიდან პოლიტიკური დისკუსიის/დებატების თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების უმთავრესი საფუძველია.187 თავის მხრივ, ასეთი შეიძლება იყოს პოლემიკა, როდესაც საჯარო პირების (პოლიტიკოსების) საქმიანობა ფასდება,188 და სხვ.

63

განსახილველი ნორმიდან გამომდინარე, პოლიტიკოსთან გათანაბრებულია პირი, რომელიც შეიძლება არ არის იმ მომენტში აქტიურად ჩაბმული საარჩევნო კამპანიაში, არ წარმოადგენს თანამდებობის პირს, თუმცა სამომავლოდ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას და თავისი აქტიურობით (განცხადებით, საკუთარი თავის გაცნობით და სხვ.) საზოგადოების ყურადღებას იქცევს.189

ბბ. სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განცხადება

64

აღნიშნულს წარმოადგენს ნებისმიერი განცხადება, რომელიც სასამართლო პროცესზე შეიძლება გაკეთდეს.190 მაგალითად, ადვოკატის განცხადება პროცესის მიმდინარეობისას191 ან მოსამზადებელ ეტაპზე;192 აგრეთვე, სარჩელში აღნიშნული განცხადება, თუნდაც იგი ცილისმწამებლურ ნიშნებს შეიცავდეს;193 ასევე, სასამართლო ან/და საგამოძიებო დოკუმენტები, რომლებიც კონკრეტულ ფაქტებს შეიცავს.194 შეურაცხმყოფელი განცხადების გაკეთება წარმოადგენს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საფუძვლებს და მის ადრესატს არ წარმოეშობა ვალდებულება, ამტკიცოს სიმართლესთან შეუსაბამო ფაქტები.

გგ. უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნით გაკეთებული განცხადება

65

მაგალითად, განცხადება ძებნის გამოცხადების შესახებ, ასევე, ნებისმიერი ისეთი სახის განცხადების საჯაროდ გამოქვეყნება, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს საქმიანობის ერთ-ერთ შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს.

დდ. კვალიფიციური პრივილეგია ცილისწამებისთვის

66

იგი არსებობს მაშინ, როდესაც პირმა განახორციელა შემდეგი: ა) მან მიიღო გონივრული ზომები ფაქტის სისწორის გადასამოწმებლად, მაგრამ ვერ შეძლო შეცდომის თავიდან აცილება და ქმედითი ღონისძიებები გაატარა ცილისწამებით დაზიანებული პირის რეპუტაციის აღსადგენად; ბ) იგი მიზნად ისახავდა საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს; გ) მან განცხადება გააკეთა მოსარჩელის თანხმობით; დ) მისი განცხადება წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ მის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებაზე თანაზომიერ პასუხს; ე) მისი განცხადება წარმოადგენდა სამართლიან და ზუსტ რეპორტაჟს იმ მოვლენასთან დაკავშირებით, რომლისკენაც მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება. ჩამოთვლილი პირობებით სასამართლოში საქმისწარმოებისას მხარემ უნდა დაადასტუროს შესაბამისი გარემოება და მტკიცებულების სახით წარადგინოს.195 ამასთან, ცალკე გამოსაყოფია ჟურნალისტის (ფაქტზე დაფუძნებული რეპორტაჟის გამავრცელებლის) საკითხი, რომელიც, თუ არ ასაჯაროებს ფაქტებს განსხვავებული სახით (ასახავს რეალობას), მისი ქმედება აბსოლუტური პრივილეგიით იქნება დაცული.196 მაგალითად, უფლება არ ჩაითვლება დარღვეულად, თუ ჟურნალისტი პოლიტიკურ თანამდებობის პირთა საქმიანობას მკვეთრად აფასებს და თუ ეს შეფასება ჟურნალისტის ხელთ არსებულ ფაქტებს ეფუძნება (იქნება ეს ჟურნალისტური გამოძიება თუ სხვ.).197

ეე. ფაქტების უცოდინრობა

67

ფაქტების უცოდინრობა ცილისწამების გამომრიცხველ გარემოებად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ პირი დაასაბუთებს, რომ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ცილისწამებას ავრცელებდა. აღნიშნულის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხეს, რომელიც ვალდებულია, დაასაბუთოს უცოდინრობის მიზეზი.198

დ. ბოდიშის მოხდის მოთხოვნის დაუშვებლობა

68

სპეციალური კანონი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ ბოდიშის მოხდის მოთხოვნის დაყენება დაუშვებელია, შესაბამისად, იგი არ წარმოადგენს სარჩელის სამართლებრივ საფუძველს.199/200 ასეთი მოთხოვნა დაუსაბუთებელია, 201 მიუხედავად სამართლებრივი მოთხოვნის დაყენებისა (თუნდაც იგი ცილისწამებას ეხებოდეს),202 თუმცა საერთო სასამართლოებში არსებობს ისეთი პრაქტიკაც, როდესაც სასამართლომ (ქედის რაიონულმა სასამართლომ) პირს ბოდიშის მოხდა დაავალა,203 რაც ეწინააღმდეგება სპეციალურ კანონს (მსჯელობა ეხება სპეციალური კანონის მიღების შემდეგ მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებას).

ე. ცილისწამების თაობაზე სასამართლო დავის დაუშვებლობა

69

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი აკონკრეტებს იმ შემთხვევებს, როდესაც ცილისწამების თაობაზე სასამართლო დავა დაუშვებელია. ასეთ კატეგორიას განეკუთვნება: ა) განცხადება, რომელიც ეხება პირთა განუსაზღვრელ წრეს და სადაც პირის იდენტიფიკაცია შეუძლებელია; ბ) განცხადება, პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის თაობაზე, რომელსაც სახელმწიფო (ადმინისტრაციული) ორგანო მოითხოვს.

IV. 18 III არაქონებრივი უფლებების შემლახველი ცნობების უარყოფა

70

ცნობა, რომელიც პირის არაქონებრივი უფლების შემლახველ ხასიათს ატარებს, უნდა იქნეს უარყოფილი იმავე საშუალებით, რომლითაც თავდაპირველად მისი გასაჯაროება მოხდა. გავრცელებული ცნობების უარყოფის წინაპირობაა ცნობების პატივისა და ღირსების შემლახველი ხასიათი.204/205

მე-18 III მუხლი უარყოფის ორ საშუალებას განსაზღვრავს: ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებითა და ბ) ორგანიზაციის მიერ გაცემული საბუთით. თავის მხრივ, უარყოფა შესაძლებელია როგორც მონაცემების გავრცელებით, ისე გავრცელებული არასრული ცნობების სიმართლის შემცველი მონაცემების შევსებით.206 ამგვარად მოხდება პირველად გავრცელებული ინფორმაციის გაქარწყლება.207

1. გავრცელებული ცნობების უარყოფა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით

71

მასობრივი ინფორმაციის საშუალებით უარყოფას წინ უნდა უძღოდეს ასეთი ფაქტის იმავე საშუალებაში გავრცელება, რაც, მაგალითად, ბეჭდურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია შეიძლება იყოს. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ მხედველობაში მიიღება მოსარჩელის მოთხოვნა, გაავრცელოს ინფორმაცია იმავე გამოცემაში (იგულისხმება ბეჭდური მედიის სახეობა და დასახელება), იმავე შრიფტით, იმავე გვერდზე და ა.შ.208

72

ამასთან, სასამართლომ უნდა განსაჯოს, რამდენადაა საჭირო ახალი ინფორმაციის გავრცელება. ასეთი ვალდებულება შეიძლება პირს დაეკისროს, მაგალითად, როდესაც მან დანაშაულის ჩამდენად მოიხსენია სხვა პირი, ყოველგვარი სასამართლო განაჩენის (მტკიცებულების) არსებობის გარეშე.209 ასევე, თუ პირის მიმართ გამოქვეყნებულია ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ მან შვილს გვარი არ მისცა და თუ ამ ფაქტთან მიმართებით მამობის დადგენა სასამართლოს გზით არ გამხდარა სადავო (ხოლო მამობა რეგისტრაციით დასტურდება), მაშინ შეუძლია პირმა მოითხოვოს საპირისპირო მონაცემების გავრცელება.210 სასამართლოს მიერ შესაძლებელია პირს მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ ცნობის გამოქვეყნების ვალდებულება დაეკისროს. აღნიშნული უნდა გამომდინარეობდეს კონკრეტული დავის არსიდან. იმ შემთხვევაში, თუ ჩაითვლება, რომ ამგვარი გამოქვეყნებით მოსარჩელის ინტერესი მიღწეული იქნება, სასამართლო მიიღებს განსახილველი ნორმისა და სპეციალურ კანონზე დაყრდნობით შესაბამის გადაწყვეტილებას.211

73

ინფორმაცია უნდა განვასხვაოთ შეფასებისგან. მაგალითად, ჟურნალისტის შეფასება სინამდვილესთან მტკიცების საკითხს სცდება და იგი არ ჩაითვლება უფლების დარღვევად.212

74

განსახილველი მუხლის კვალდაკვალ აღსანიშნავია მედიის საქმიანობის კანონისმიერი შეზღუდვა. თუ სასამართლო მხარეს ავალებს გავრცელებული ინფორმაციის იმავე საშუალებაში უარყოფას,213 მედიის წარმომადგენელი ვალდებულია, აღასრულოს სასამართლო გადაწყვეტილება. აღნიშნული მისი საეთერო ბადის (ბეჭდურ მედიაში − გვერდის მოცულობის) თავისუფლების შეზღუდვას წარმოადგენს. მიუხედავად შეზღუდვის ამგვარი ხასიათისა, პირის უფლების დაცვისა და მედიის სტატუსის არსიდან გამომდინარე, ამგვარი ქმედება მედია საშუალების საქმიანობაში სახელმწიფოს მხრიდან უკანონო ჩარევად არ დაკვალიფიცირდება, ვინაიდან შეზღუდვა სამართლებრივ ფარგლებს არ სცდება.

2. ორგანიზაციის მიერ გაცემული საბუთი

75

ორგანიზაციის მიერ გაცემული ისეთი საბუთი, რომელიც არაქონებრივი უფლებების შემლახავ შინაარსს შეიცავს, სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლებელია ახლიდან იქნეს გაცემული, რომელიც უნდა შეიცვალოს და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია ყველა დაინტერესებულ პირს მიეწოდოს. დაინტერესებული პირი, აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, შეიძლება იყოს ნებისმიერი, ვისთვისაც თავდაპირველად ცნობილი გახდა უფლების შემლახავი ფაქტების შესახებ.214 მოსარჩელის პრეროგატივას წარმოადგენს დაინტერესებულ პირთა წრის განსაზღვრა, რომელიც შეიძლება შეიცავდეს როგორც კონკრეტიკას (პირთა იდენტიფიკაციას), ასევე, ზოგად მონაცემებს მათ შესახებ (მაგალითად, მხოლოდ ორგანიზაციის, საზოგადოების გაერთიანების დასახელება და სხვ.).

V. 18 IV პირის უფლება, გაავრცელოს საპასუხო ცნობები

76

უარყოფის მოთხოვნისგან განსხვავებით, 18 IV მუხლი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში საპასუხო ინფორმაციის გავრცელების უფლებამოსილებას განსაზღვრავს. აღნიშნული დათქმა პირს ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობას სასამართლოს გარეშე ანიჭებს, ხოლო, თავის მხრივ, მედია საშუალების მხრიდან უარის მიღების შემთხვევაში პირს წარმოეშობა უფლება, სასამართლოს ასეთი ინფორმაციის გავრცელების იძულების მოთხოვნით მიმართოს.215 „საპასუხო ცნობებში“ მოიაზრება პირველად გავრცელებული ცნობების გამომრიცხველი, გამბათილებელი ან განსხვავებული შეხედულების მქონე ინფორმაცია, რომელიც ახსნა-განმარტების სახით, კონკრეტულ ფაქტებზე დაფუძნებით უნდა გამოქვეყნდეს.216

77

ნიშანდობლივია, რომ ასეთი უფლება პირს მხოლოდ მაშინ წარმოეშობა, როდესაც შელახული იქნება მისი პატივი და ღირსება. კანონი არ განსაზღვრავს საქმიანი რეპუტაციის, ასევე, პირადი ცხოვრების საიდუმლოებისა და პირადი ხელშეუხებლობის შელახვის217 შემთხვევაში პირის მიერ ანალოგიური ქმედების განხორციელების შესაძლებლობას.218

VI. 18 V არაქონებრივი უფლებების დაცვა გამოსახულების გამოქვეყნების შემთხვევაში

78

გამოსახულებაზე პირის უფლება მისი დამოუკიდებელი არაქონებრივი უფლებაა, რომელშიც ინდივიდის გამოსახულების ისეთი გამოქვეყნება იგულისხმება, რომლითაც მისი აღქმა, იდენტიფიცირებაა შესაძლებელი. 219 აღნიშნული პირადი ცხოვრების დაცვის ერთ-ერთი სამართლებრივი წინაპირობაა,220 რომელმაც არაქონებრივი უფლების ხელყოფაც კი შეიძლება მოიცვას.221

1. გამოსახულების გამოქვეყნება თანხმობის გარეშე

79

საკუთარი გამოსახულების ფოტოსურათზე, კინოფილმში, ვიდეოფილმსა222 და ა.შ. გასაჯაროების თაობაზე პირის თანხმობა, მისი გამოვლენილი ნებით უნდა დასტურდებოდეს. ასეთი შეიძლება იყოს ცალმხრივი განცხადება ან/და ხელშეკრულება (ხელშეკრულებაში დეტალურად უნდა აღინიშნოს გამოსახულების გავრცელების ფარგლები),223 რომელიც სხვადასხვა ფორმით იქნება გავრცელებული.

80

აღბეჭდილმა პირმა თავად უნდა გადაწყვიტოს, რა სახით მოხდება გამოსახულების გამოქვეყნება.224 თავის მხრივ, გამოქვეყნება, უპირველეს ყოვლისა, გამოსახულების გასაჯაროებას გულისხმობს. იგი შეიძლება გასაჯაროვდეს როგორც პირთა კონკრეტულ წრეში, ასევე, საჯარო სივრცეში. მაგალითად, სოციალური ქსელის დახურულ ჯგუფში გამოსახულება ვრცელდება პირთა ზუსტად განსაზღვრული წრისათვის.225

{{ვ|81} გამოსახულება უნდა განვასხვაოთ ფოტოგრაფიული ან სხვა სახით შექმნილი ნაწარმოებისგან. საავტორო უფლება, რომელიც ნაწარმოების გავრცელებას ეხება, მე-18 V მუხლის მსგავსად, პირის განუყოფელ უფლებას არ წარმოადგენს და ქონებრივ უფლებათა კატეგორიას განეკუთვნება, 226 ვინაიდან გამოსახულებაზე უფლების გადაცემა პიროვნული უფლების ქონებრივი სახით დატვირთვას არ გულისხმობს. ამით, უპირველეს ყოვლისა, არაქონებრივი უფლებების დაცვა ხორციელდება.

2. მოთხოვნის დაუშვებლობის ფარგლები

82

განსახილველი ნორმა განსაზღვრავს იმ შემთხვევებს, როდესაც ამავე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული. უპირველესად, ასეთ საფუძვლად მიჩნეულია საზოგადოებრივი აღიარება, რომლის მონაწილეობითაც არსებული ინფორმაცია საზოგადოების ინტერესის ნაწილია.227 თავის მხრივ, ინტერესი ინფორმაციული ღირებულებიდან გამომდინარეობს.228 აღნიშნულში მოიაზრება შესაბამის თანამდებობასთან დაკავშირებით გამოსახულების გავრცელება. ასეთ თანამდებობაში, უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკური თანამდებობა იგულისხმება, თუმცა ე.წ. „თმენის ვალდებულების“ პრინციპიდან გამომდინარე, ასეთად შესაძლებელია სპეციალურ კანონში განმარტებული საჯარო პირიც იქნეს მოაზრებული.

83

ცალკეა გამოყოფილი მართლმსაჯულების ან პოლიციის მოთხოვნებთან დაკავშირებით გამოსახულების გამოქვეყნება. იგი სამართლებრივი ნორმის დაცვის მიზნისკენაა მიმართული, რადგან სახელმწიფო ინტერესებმა შესაძლებელია კერძო პირის ინტერესები გადაწონოს. მაგალითად, დაკარგული პირის გამოსახულების გამოქვეყნება229 და სხვ.

84

ჩამოთვლილი შემთხვევებიდან აღსანიშნავია, ასევე, სამეცნიერო, სასწავლო ან კულტურულ მიზნებთან დაკავშირებული გამოსახულების გამოქვეყნება. თითოეულის შემთხვევაში სავალდებულოა, რომ მიზანი არ აღემატებოდეს პირის ინტერესს და არ არღვევდეს მის უფლებას. ამასთან, ნებისმიერ შემთხვევაში, თუ გადაღება საზოგადოებრივ ვითარებაში მოხდა, ამით არ შეილახება არაქონებრივი უფლება. აღნიშნულის მიზეზია ის, რომ ასეთის არსებობისას პირის თანხმობა იგულისხმება.230 კერძოდ, საზოგადოებრივ ვითარებაში მოიაზრება წვეულება, თავშეყრის ადგილი და სხვ. შემთხვევის მართებულად კვალიფიკაციისთვის საჭიროა, მოვლენა იწვევდეს საზოგადოების ლეგალურ ინტერესს,231 რომლის სრულყოფის მიზნითაც, კონკრეტული პირის გამოჩენა ამავე კონტექსტში იქნება შესაძლებელი.

85

გამოსახულების გამოყენება შესაძლებელია სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობის ობიექტიც გახდეს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, მე-18 მუხლი ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც პირს, საზღაურის მიღების შემთხვევაში ასეთი უფლების დაცვის შესაძლებლობა არ გააჩნია. საზღაური წარმოადგენს პირის თანხმობას, რომლის ფარგლებიც რელატიურ-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე, ხელშეკრულების შინაარსში გაწერილი დათქმიდან გამომდინარეობს.

86

დასახელებული წესების დარღვევისას შესაძლებელია, პირმა მოითხოვოს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება,232 რომელიც 18 VI, 413 I, 992-ე მუხლებზე იქნება დამყარებული.233 ხოლო, თუ პირი ჩათვლის, რომ სპეციალური კანონის დარღვევის საფუძველი არსებობს, მას, ამ კანონიდან გამომდინარე, შეუძლია შესაბამისი მოთხოვნის დაყენება.

VII. 18 VI არაქონებრივი უფლებების დაცვა და ზიანის ანაზღაურება

87

კოდექსი არაქონებრივი უფლებების დაცვის მექანიზმს ითვალისწინებს და ამასთანავე, ზიანის ანაზღაურების უფლებამოსილებასაც განსაზღვრავს. ზიანის ანაზღაურება, განსახილველი მუხლიდან გამომდინარე, მხოლოდ მაშინაა დასაშვები, თუ მისი გამოხატულება ობიექტურად ფასდება, არა მხოლოდ დაზარალებულის გადასახედიდან, არამედ ინდივიდუალური შეფასების გზითაც.234 აღნიშნული გამომდინარეობს, მაგალითად, ღირსების არსიდან, რომელიც ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს იგი ყველა ადამიანისთვის, მისი შეხედულებიდან გამომდინარე, სუბიექტურ სიკეთეს წარმოადგენს.235 არაქონებრივი ზიანის არსი ვლინდება მის ობიექტურ გამოხატულებაში, რომელიც, გარდა ასეთი შედეგის არსებობისა, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში უნდა იქნეს მოთხოვნილი.236

1. არაქონებრივი უფლებების დაცვა ხელმყოფის ბრალის მიუხედავად

88

არაქონებრივი უფლებების დაცვის ფორმები რამდენიმე ასპექტში შეიძლება განვიხილოთ: მათი აღიარება, ხელმყოფი მოქმედების შეწყვეტა ან გავრცელებული ცნობების/ინფორმაციის უარყოფა.237 განსხვავებით მორალური ზიანის ანაზღაურებისგან, ასეთ შემთხვევაში ხელმყოფის ბრალეულობა არ არის უპირატესი მნიშვნელობის.

2. არაქონებრივ უფლებათა ხელყოფით ქონებრივი ზიანის მოთხოვნის უფლებამოსილება — კავშირი 993-ე მუხლთან

89

993-ე მუხლი განსხვავდება არაქონებრივი უფლებების ხელყოფის საერთო მოწესრიგებისგან, რომლის საფუძველზეც საჭიროა არსებობდეს ქონებრივი ზიანი.238

90

არაქონებრივი უფლებების შელახვის შემთხვევაში განმცხადებლის მიზანი, ზიანის ანაზღაურების საკითხთან მიმართებით, პირის საზოგადოების თვალში დამცირებაა.239 გამოხატვის (სიტყვის, ინფორმაციის) თავისუფლების პრინციპებიდან გამომდინარე, ასეთი ანაზღაურების მიღების უფლებამოსილება შეიძლება შეიზღუდოს, თუ არსებობს ე.წ. კანონიერი საზოგადოებრივი ინტერესი. ასეთი შეიძლება იყოს პოლიტიკური ფიგურის აქტივობა და სხვ. თავის მხრივ, ამგვარი დათქმით 993-ე მუხლი შეესაბამება, ერთი მხრივ, საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ ძირითად უფლებათა სამართლებრივ ფარგლებს და, მეორე მხრივ, სპეციალურ კანონში არსებულ წესს.

3. ზიანის ანაზღაურება ხელმყოფის მიერ მიღებული მოგების სახით

91

მოგების სახით ზიანის ანაზღაურებაში იგულისხმება ქონებრივი ზიანის ანაზღაურება, რომელიც შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს როგორც არაქონებრივ ზიანთან ერთად, ისე, მისგან დამოუკიდებლადაც. ქონებრივი ზიანის არსებობისთვის მნიშვნელოვანია რამდენიმე კრიტერიუმი. პირველი კრიტერიუმია ის ქონებრივი დანაკლისი, რაც პირმა მისი პიროვნული უფლებების ხელყოფით განიცადა და, მოგება, რომელიც ხელმყოფმა პირადი არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად მიიღო.240 ასეთი შეიძლება იყოს: პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა, კლიენტურის, პაციენტების დაკარგვა, პუბლიკაციის ტირაჟის გაზრდა, სხვადასხვა სახის ქონებრივი სარგებელი და სხვ.241 მეორე კრიტერიუმი მართლსაწინააღმდეგო მოქმედებაა, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს: ა) ქონებრივი ზიანის მომტანი ფაქტების გავრცელებით; ბ) ზიანის მომტანი ფაქტების გახმაურებით; გ) თანხმობის გარეშე პირის გამოსახულების გავრცელებით (იხ. 993).242 მესამე კრიტერიუმად კი უნდა განისაზღვროს მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ქონებრივ ზიანს შორის.243 იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ქმედების მიუხედავად პირს არ მიადგა ზიანი, ასეთი მოთხოვნის დაყენების შემთხვევაში, მას ანაზღაურების მიღების სამართლებრივი საფუძველი არ წარმოეშობა. მეოთხე კრიტერიუმს ხელმყოფის ბრალეულობა წარმოადგენს.244 ბრალეულობის დამტკიცების გარეშე მოთხოვნის დაყენებას სამართლებრივი საფუძველი არ წარმოეშობა.

92

მოგებაში არ იგულისხმება მხოლოდ წმინდა ეკონომიკური ხასიათის მოგება.245 აქ მხედველობაშია მისაღები ნებისმიერი სარგებელი, რომელიც ხელმყოფმა ასეთი ქმედების შემდეგ მიიღო. მაგალითად, გაავრცელა ინფორმაცია, რომელმაც მიიღო სასაქონლო ხასიათი,246 გაზარდა ტირაჟი,247 ასევე, განათავსა არასათანადო რეკლამა,248 რომელიც, თავისი არსიდან გამომდინარე, ყველა იმ რეკლამას აერთიანებს, რომლის ეთერში გაშვებაც კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს,249 ხოლო, ხელმყოფი ასეთი რეკლამის განთავსებით გარკვეულ თანხას (მოგებას) მიიღებს.250

4. არაქონებრივი (მორალური) ზიანის არსი

93

არაქონებრივი (მორალური) ზიანი ნიშნავს ადამიანის ფსიქიკაში ნეგატიური ცვლილებების გამოწვევას,251 რომელიც სიმძიმის მიხედვით შეიძლება იყოს სულიერი (ზნეობრივი) ტკივილი (ტანჯვა)252 და სხვ. მაგალითად, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, ერთი მხრივ, შეიძლება პირის ღირსების დაცვის წინაპირობას წარმოადგენდეს,253 ხოლო, მეორე მხრივ, შესაძლებელია პირს აღნიშნულის საფუძველზე არაქონებრივი ზიანი მიადგეს. მიუხედავად ქონებრივი ზიანის არსებობისა, არაქონებრივი ზიანი, თავისი არსით, უმეტეს შემთხვევაში მას აღემატება.254 არაქონებრივი ზიანი მეორად მოთხოვნას წარმოადგენს, რომლის დადგომისთვისას ჯერ სხვა უფლებათა დარღვევა უნდა არსებობდეს.255

ა. ბრალი

94

სამოქალაქო სამართალში ბრალი პირის მიერ კონკრეტული ქმედებისა და მისი შედეგებისადმი დამოკიდებულებას გულისხმობს.256 ბრალის ცნება ქართულ ცივილისტურ დოქტრინაში არ არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული, თუმცა მეცნიერებაში გამოთქმულია მოსაზრება, რომლის საფუძველზეც განხორციელებულია ბრალის განსაზღვრება.257

95

ბრალი წარმოადგენს სამართალდარღვევის შემადგენლობის მნიშვნელოვან სუბიექტურ ელემენტს,258 რომლის ცნების დადგენისთვის ცალკეულ შემთხვევებში სამოქალაქო ბრუნვისათვის ჩვეული ყურადღებიანობის მოთხოვნის დაცვაც კი შეიძლება გახდეს ამოსავალი.259 აღნიშნულს უნდა ამყარებდეს კონკრეტული მტკიცებულებანი.260 იმ შემთხვევაში, თუ ბრალის დადგენისთვის არ იქნება შესაბამისი ფაქტები (მტკიცებულებები) წარდგენილი, პირის ქმედება მართლსაწინააღმდეგოდ არ ჩაითვლება,261 ვინაიდან ბრალი მართლწინააღმდეგობის არსებობას გულისხმობს.262

96

სამოქალაქო სამართალში განსაზღვრული ბრალი განსხვავდება სისხლის სამართალში მოწესრიგებული ბრალისგან, რომლის საფუძველზეც არ არსებობს, მაგალითად, განზრახვის კლასიფიკაცია,263 თუმცა განზრახვისა და გაუფრთხილებლობის შემთხვევა ბრალის დადგენისთვის სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობაში გადამწყვეტ როლს თამაშობს,264 ვინაიდან სასამართლო საკითხის გადაწყვეტისას, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ბრალის ხარისხს განსაზღვრავს.265

ბ. მართლწინააღმდეგობა

97

ბრალთან ერთად არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისათვის აუცილებელია არსებობდეს მართლწინააღმდეგობა. იგი თავის თავში გულისხმობს სამართლისადმი წინააღმდეგობას,266 რომლის არსებობა აუცილებელია ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისთვის.267 კერძოდ, პირის ქმედება კანონს/მართლწესრიგს უნდა ეწინააღმდეგებოდეს, ხოლო ასეთი დარღვევისთვის კანონი არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებას უნდა ითვალისწინებდეს (413 და ცალკეული სამართლებრივი აქტით მოწესრიგებული შესაბამისი მუხლები). მხოლოდ სუბიექტის მოსაზრება, რომ კონკრეტული ქმედებით/უმოქმედობით, მას მიადგა არაქონებრივი ზიანი და ამით განხორციელებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედება/უმოქმედობა, არ არის მართებული. ასეთ შემთხვევაში, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ნებისმიერ საკითხთან მიმართებით იქნებოდა შესაძლებელი და 413-ე მუხლის ფუნქცია თავის დანიშნულებას დაკარგავდა. მართლწინააღმდეგობა არ არის დამოკიდებული იმაზე, აცნობიერებდა თუ არა პირი (უფლების დამრღვევი) თავის ქმედებას (გარდა კანონით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა),268 არსებითად მნიშვნელობა აქვს დამდგარ შედეგს. მაგალითად, თუ არაქონებრივი ზიანი მიადგება პირს, მნიშვნელობა არ აქვს, სურდა თუ არა ზიანის მიმყენებელს ასეთი შედეგის დადგომა. თუ კანონის დარღვევა იქნება სახეზე, ამ უკანასკნელის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს შესაბამისი წესით.

გ. მიზეზობრივი კავშირი

98

მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის ერთ-ერთ ელემენტს წარმოადგენს. 269 იგი ზიანის ანაზღაურების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის უნდა დადგინდეს.270 თავის მხრივ, მიზეზობრივი კავშირის საფუძველზე დგინდება, თუ როგორია ქმედება, რომელიც ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს წარმოადგენს (412). ასეთის არარსებობის შემთხვევაში (ფაქტების არარსებობისას, როდესაც არ დასტურდება ქმედებასა და შესაბამის შედეგს შორის კავშირი), საკითხი მოპასუხის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.271

დ. ზნეობრივი ტანჯვა (სულიერი ტკივილი)

99

ზნეობრივი ტანჯვა (სულიერი ტკივილი) გამოიხატება ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევაში, როგორიც შეიძლება იყოს: შიშის, მწუხარების, ნეგატიური ემოციების, აკვიატებული მდგომარეობის, ეჭვისა და სხვა გამოხატულება. 272 ყოველი ადამიანის ზნეობრივი ტანჯვის სიღრმე ინდივიდუალურია, 273 შესაბამისად, მისი განსაზღვრა უშუალოდ დაზარალებულის სუბიექტურ შეხედულებას ემყარება, რაც ობიექტური ფორმით უნდა განისაზღვროს. 274 მაგალითად, გაზეთში ფოტოსურათის გამოქვეყნებისას არაა აუცილებელი, ყველა მკითხველმა იცნოს პირი. საკმარისია, უშუალოდ სუბიექტმა ნახოს საკუთარი სურათი, რომ მას შეიძლება მიადგეს სულიერი ტკივილი.275

5. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება არაქონებრივი უფლებების დარღვევისთვის

100

არაქონებრივი უფლებების დარღვევისთვის ზიანის ანაზღაურება უშუალოდ კანონიდან უნდა გამომდინარეობდეს, რაც, გარდა სამოქალაქო კოდექსისა, სპეციალური ნორმებითაც განისაზღვრება.276 მაგალითად, „რეკლამის შესახებ“, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“, „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონებსა და სხვ. არაქონებრივი უფლებების დარღვევისთვის ზიანის ანაზღაურება შესაძლებელია, თუ დამტკიცდა, ის, რომ შელახულია პირის პიროვნული უფლებები. ასეთი ქმედება შეიძლება იყოს ცილისწამება და სხვ.

ა. პასუხისმგებლობის სუბიექტები არაქონებრივი ზიანის მიყენების შემთხვევაში

101

არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საკითხთან მიმართებით მნიშვნელოვანია მოსარჩელემ სწორად განსაზღვროს პასუხისმგებლობის სუბიექტი.277 იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირია, მაშინ ზიანის ანაზღაურების თაობაზე საქმე ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ/პალატამ უნდა განიხილოს. კერძოდ, მოსარჩელის მიერ უნდა მოხდეს დიფერენცირება იმის თაობაზე, მოთხოვნას აყენებს კონკრეტული პირის, როგორც თანამდებობის პირის თუ რიგითი მოქალაქის მიმართ.278

102

ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში პასუხისმგებელ სუბიექტად გვევლინება სამედიცინო დაწესებულება (კლინიკა).279 აღნიშნული ხდება იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელობის დაზიანება სამედიცინო დაწესებულებაში ექიმის მიერ მოხდა, ხოლო ეს უკანასკნელი, სამედიცინო დაწესებულების ვალდებულებათა შესრულების მიზნით საქმიანობდა (396). კვალიფიკაციის ამგვარი ფორმა პრაქტიკაში დამკვიდრებული მაგალითებიდან გამომდინარეობს. კერძოდ, უმეტეს შემთხვევაში, კლინიკაში მკურნალობისას, ხელშეკრულების ერთი მხარე არის კლინიკის ხელმძღვანელობა, შესაბამისად, 997-ე მუხლის საფუძველზე პასუხისმგებლობა ეკისრება კლინიკას.280

103

ზიანის მიმყენებელს ასევე არ ეკისრება პასუხისმგებლობა, თუ იგი: ათი წლის ასაკს მიუღწეველია (994); წარმოადგენს ჭკუასუსტ ან სულით ავადმყოფ პირს (995); იმყოფება დროებით უგონო ან სულიერი მოშლილობის მდგომარეობაში (996, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა) და სხვ.

104

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ჟურნალისტის მიერ ცილისწამების საკითხთან დაკავშირებით მოპასუხე მხარეს წარმოადგენს მედიის მესაკუთრე.281 აღნიშნული, ერთი მხრივ, გამომდინარეობს ჟურნალისტსა და მედია საშუალებას შორის არსებული შრომით-სამართლებრივი ურთიერთობიდან,282 თუმცა, მეორე მხრივ, იგი გარკვეულწილად შეუსაბამოა ამავე მუხლის მე-5 პუნქტთან, რომელშიც არასათანადო მოპასუხის საკითხია განსაზღვრული.283

ბ. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება, კავშირი 413 I მუხლთან

105

ზოგადად, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება საკუთარი უფლების დაცვისთვის მიყენებული ფიზიკური და ზნეობრივი ტანჯვისთვის ფულად კომპენსაციას გულისხმობს,284 თუმცა არაქონებრივი ზიანის შევსება თანხით პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა იქნეს გაგებული, ვინაიდან მატერიალური სახით მისი გამოხატვა, დასაბუთება შეუძლებელია.285 413 I მუხლი განსაზღვრავს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს, რომლის საფუძველზეც, ასეთი მოთხოვნის დაყენების უფლებამოსილება პირს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გააჩნია. მაგალითად, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მხოლოდ ვალდებულების დარღვევისთვის კანონით პირდაპირ გათვალისწინებული არაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ამ ფაქტზე დაფუძნებით მოთხოვნის დაყენება უსაფუძვლოა. 286/287

106

413 I მუხლიდან გამომდინარე, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საფუძვლები კანონით ზუსტადაა დადგენილი. აღნიშნული არ გულისხმობს, რომ ყველა შესაძლო გარემოება უნდა მიეთითოს კანონში. განსახილველ შემთხვევაში, უმთავრესია, პირის ბრალეულობა მეორე მხარის მიმართ წარმოჩნდეს და დადასტურდეს.288 ასეთი ქმედებისთვის არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წინაპირობას კანონი უნდა ითვალისწინებდეს. კერძოდ, მორალური ზიანის ანაზღაურება დაუშვებელია ისეთი ქმედებისადმი, რომელიც კანონის საფუძველზეა განხორციელებული. მაგალითად, სამეზობლო სამართლიდან გამომდინარეობს სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულება (175), თუ ესთეტიკური ემისიის ან უმნიშვნელოდ ხელყოფის გათვალისწინებით, მეზობელი ყოველდღიურად საქმიანობს;289 შრომითი ურთიერთობის დაწყების ან გაგრძელებისთვის ატესტაციის ჩაუბარებლობის გამო შრომითი ურთიერთობის არდაწყება პირისთვის არაქონებრივი ზიანის მიყენების ფაქტს არ წარმოადგენს;290 ასევე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონიდან წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობანი; 291 აგრეთვე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ წყვილებს შორის ინტიმური კავშირის დაუმყარებლობა (დაავადების ან სხვა მიზეზის გამო).292 აღნიშნული ეფუძნება პირის ბრალეულობის სამართლებრივ ინსტიტუტს, რომელიც მოყვანილ მაგალითებში არ არსებობს.

107

არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საკითხის განხილვისას მხედველობაში მიიღება ბრალის ხარისხი, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, სოციალური ფონი და ის გარემოებანი, რომლებიც მნიშვნელოვანია საკითხის სწორად გადაჭრისა და კომპენსაციის გონივრული ფარგლების დადგენისთვის.293 მართალია, მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობა მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, თუმცა მხოლოდ მისი გათვალისწინება საკითხის გადაწყვეტისთვის საკმარისი არ არის.294

გ. არაქონებრივი ზიანის კომპენსაცია გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით

108

გონივრული და სამართლიანი კომპენსაციის ოდენობის დაკისრება ემსახურება მიზანს, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს დაზარალებულის დაკმაყოფილება, ზიანის მიმყენებელზე ზემოქმედების მოხდენა, სამომავლოდ პიროვნული უფლებების ხელყოფის თავიდან აცილება.295 იგი მიმართულია უარყოფითი ემოციების გასაქარწყლებლად296 და არ უნდა იყოს შეუსაბამოდ დიდი.297

109

განსახილველი საკითხი ორ წინაპირობას ერთდროულად ითვალისწინებს. კერძოდ, კანონის საფუძველზე იქნება განხორციელებული კომპენსაციის დაკისრება, თუ გონივრულთან ერთად, იგი სამართლიანიც იქნება. მხოლოდ ერთ-ერთის არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულ საფუძველს მოკლებულად ჩაითვლება. არაქონებრივი ზიანისთვის კომპენსაციის დაკისრება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობდა რაიმე ფაქტი, რაც პირს ასეთი ზიანის მიყენებას უქადდა.298

110

კოდექსი არ განმარტავს მორალური ზიანის (კომპენსაციის) გამოთვლის წესს.299 არაქონებრივ ზიანს არ მოეძებნება ფულადი შესაბამისობა (ეკვივალენტი),300 შესაბამისად, ხელყოფილი უფლების სრულყოფილი რესტიტუცია შეუძლებელია301 და კომპენსაციის ნებისმიერი ოდენობა დაზარალებულს უფლების ხელყოფამდე არსებულ მდგომარეობას ვერ აღუდგენს.302 კომპენსაციის გამოთვლის დროს საჭიროა, კონკრეტულად გამოიკვეთოს ის კრიტერიუმები, რომლებიც არსებით ზეგავლენას მოახდენს არაქონებრივი ზიანის დაკმაყოფილებისას.303 გონივრულობაში იგულისხმება მისი ობიექტური გაგება,304 ვინაიდან, არაქონებრივი ზიანის არსიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა ყოველთვის სუბიექტურ შეხედულებას ემყარება.305 ზოგ შემთხვევაში სასამართლოს მიერ „ობიექტურობა“ ძალიან მცირე თანხის ოდენობით განისაზღვრება.306 ამან კი შესაძლებელია ეჭვი გააჩინოს, თუ რამდენად შეუმსუბუქებს მოთხოვნილი დიდი თანხის შემცირება დაზარალებულს ტკივილის განცდას, ანუ რამდენად შესრულდება კომპენსაციის მიზანი. 307 მაგალითად, შედარებით დიდი ოდენობით კომპენსაცია (გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების პრინციპის დაცვით) შეიძლება დაეკისროს პირს, რომელმაც წარსულში უკვე ხელყო პიროვნული უფლებები.308

111

არაქონებრივი ზიანის ოდენობის განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმებია: დამრღვევის ბრალის ხარისხი, ფიზიკური და მორალური ტანჯვის ხარისხი, სხეულის დაზიანების სიმძიმე/ხარისხი, ჯანმრთელობის მოშლის პერიოდი (ხანგრძლივია თუ მოკლევადიანი), შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხი (მნიშვნელოვანი, უმნიშვნელო ან მუდმივი), ზიანის მიმყენებლის ქონებრივი მდგომარეობა (მოვალე გადახდისუნარიანი, ხოლო სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულებადი უნდა იყოს), მოთხოვნილი კომპენსაციის გონივრულობა და სამართლიანობა.309 ამასთან, გამოთვლისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სხვადასხვა საკითხი. მაგალითად, თუ ზიანის მიმყენებელი ცნობები გავრცელდა მედიით, მნიშვნელოვანია განისაზღვროს გამოქვეყნების ფორმა, ხასიათი,310 ადგილი, ტერიტორია, სადაც ვრცელდება ასეთი მედია საშუალება,311 გამოთქმული აზრის საჯაროდ უარყოფის ფაქტი,312 ასევე, ცალკეული მაგალითების არსებობისას შესაძლებელია ყურადღება მიექცეს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას313 და სხვ. თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმის განხილვა კონკრეტული შემთხვევიდან უნდა გამომდინარეობდეს, ვინაიდან არაქონებრივი ზიანი ყოველთვის ინდივიდუალურ ხასიათს ატარებს.314

112

არაქონებრივი უფლებების დარღვევისთვის ზიანის ანაზღაურების ფაქტები ზოგიერთ შემთხვევაში მედიის საქმიანობას უკავშირდება. მედიისგან ასეთი უფლების დარღვევის შემთხვევაში, სასამართლომ მხედველობა- ში უნდა მიიღოს ის ფაქტი, რომ კომპენსაციის არაგონივრულად გაზრდამ შეიძლება მედიის თავისუფლების დაუსაბუთებელი შეზღუდვა გამოიწვიოს.315 კომპენსაციის დაკისრებისას გასათვალისწინებელია მოპასუხისა და საზოგადოების ინტერესიც. მედია საშუალების შემთხვევაში, სახელმწიფო ინტერესების (დემოკრატიული საზოგადოების თვალსაზრისით) გათვალისწინებით, კომპენსაცია არ უნდა უქმნიდეს მედია საშუალებას სამომავლო საქმიანობის განხორციელების დამაბრკოლებელ გარემოებას.316

დ. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში — კავშირი 413 II მუხლთან

113

მორალური ზიანის ანაზღაურების ცალკე სახეს გამოყოფს 413 II მუხლი, რომლის არსებობისთვისაც სახეზე უნდა იყოს სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენების ფაქტი. ჯანმრთელობაზე ვნების მიყენების ფაქტის თაობაზე თანამედროვე სასამართლო პრაქტიკის ერთ-ერთ გამორჩეულ მაგალითად მოიაზრება შემთხვევა, როდესაც დედას საკუთარი შვილის ცხედრის გადმოსვენების დაგვიანების, ასევე ამ ფაქტზე ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო მიადგა სულიერი ტანჯვა, ვნება და მან განიცადა ძლიერი ემოციური სტრესი.317 შედეგად, სასამართლომ მისი მოთხოვნა არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურების თაობაზე დააკმაყოფილა. 318

114

აღნიშნული კანონი სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეს არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფისგან იცავს.319 თითოეულ შემთხვევაში, კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება მორალური ტკივილის სიმძიმის, პირის ასაკის, სულიერი განცდისა და ქონებრივი მდგომარეობის მიხედვით.320 იმის გათვალისწინებით, რომ ფულადი კომპენსაციით ჯანმრთელობის შეფასება შეუძლებელია,321 სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხზე, ჯანმრთელობის მოშლის პერიოდზე, შრომისუნარიანობის დაკარგვის ხარისხზე, ზიანის მიმყენებლის ქონებრივ,322 ასევე, ოჯახურ მდგომარეობაზე323 და სხვ.

115

მიყენებულმა ფიზიკურმა ზიანმა შესაძლებელია იმოქმედოს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, რაც, მართალია, არამატერიალიზებულ ზიანს წარმოადგენს,324 მაგრამ მისი მტკიცება შესაძლებელია ექსპერტიზის დასკვნას ეფუძნებოდეს,325 თუმცა ასეთის არარსებობის შემთხვევაში მხოლოდ ფიზიკური ზიანის მიყენება არ არის საკმარისი არაქონებრივი ზიანის დასადგენად.326 მართალია, არაქონებრივი უფლებების შელახვის ფაქტებისთვის კანონი მტკიცებულების დადასტურების სავალდებულობას არ ითვალისწინებს,327 მაგრამ მხარემ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან ერთად მატერიალური ზიანის დამადასტურებელი დოკუმენტიც უნდა წარმოადგინოს.328 ასე მაგალითად, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება შეიძლება დაკავშირებული იყოს ჯანმრთელობის ისეთ საკითხთან, როგორიცაა: სისხლის გადასხმა,329/330 როგორც უხარისხო პროდუქტით მიყენებული ზიანი.331 საკითხის მართებულად გადაწყვეტისთვის გასათვალისწინებელია დამზიანებლის ბრალეულობისა და მართლწინააღმდეგობის საკითხი.332 მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება პაციენტის ქმედებიდან გამომდინარეობს (არ მიაწოდა ინფორმაცია ექიმს და სხვ.), ექიმის ბრალეულობა არ დადგება.333

116

პრაქტიკაში არსებული მაგალითებიდან გამომდინარე, პაციენტის მიერ მოთხოვნილი ზიანის ოდენობა უფრო მეტია, ვიდრე უმეტეს შემთხვევაში სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაციის ოდენობა,334 რაც გონივრული და სამართლიანი განსჯის შედეგს წარმოადგენს.335 პაციენტი ამგვარ საკითხს სუბიექტურად ეკიდება, ხოლო, სასამართლოს მიერ საკითხის გადაჭრა ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე წარმოებს,336 ვინაიდან მიყენებული ზიანი უნდა იყოს სამართლებრივად მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი,337 განსაზღვრის კრიტერიუმად კი დაზიანების სიმძიმე უნდა იქნეს გათვალისწინებული.338

117

ექიმის ბრალეულობით პაციენტის გარდაცვალებისას არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს გარდაცვლილის ოჯახის წევრს (ახლობელს) მისი ფსიქიკური და ზნეობრივი ტანჯვიდან (ტანჯვის ხარისხიდან) გამომდინარე.339

118

არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საკითხს განსაზღვრავს „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი, რომელშიც ჩამოყალიბებულია ის კრიტერიუმები, რასაც შეიძლება მოსარჩელის მოთხოვნა დაეფუძნოს. ასეთი შეიძლება იყოს არასასურველი ჩასახვა ან ბავშვის დაბადება,340 სამედიცინო დაწესებულების გაუმართავი ფუნქციონირება (მათ შორის, სანიტარიული ნორმების დაუცველობა) და სხვ.

6. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება ქონებრივი ზიანისგან დამოუკიდებლად

119

ტერმინი – „ქონებრივი ზიანისგან დამოუკიდებლად“ განამტკიცებს არაქონებრივი უფლების ქონებრივი უფლებისგან გამიჯვნის პრინციპს. აღნიშნულის შესაბამისად, მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა პირდაპირ კავშირში არ არის ქონებრივ ზიანთან. მაგალითად, მხოლოდ იმის მტკიცება, რომ ვალდებულების დარღვევით მიადგა პირს მორალური ზიანი, სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული.341 ასევე, მხოლოდ ვალის დაუბრუნებლობის საფუძველზე არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება არ წარმოადგენს სამართლებრივად მტკიცების საგანს.342

VIII. ხანდაზმულობის ვადები არაქონებრივ უფლებებთან მიმართებით

120

არაქონებრივ უფლებებზე მოთხოვნის დაყენების ნაწილში ხანდაზმულობის ვადას, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, კანონი არ ითვალისწინებს. 343/344 ხანდაზმულობის ვადის განსაზღვრა მოთხოვნის არსიდან გამომდინარე ხდება. მაგალითად, 413-ე მუხლზე დაფუძნებული სარჩელისთვის ხანდაზმულობის ვადად ჩაითვლება სამი წელი. ასეთივე ვადაა განსაზღვრული, თუ მოთხოვნა დელიქტური ურთიერთობებიდან (წარმოშობის საფუძვლების გათვალისწინებით) გამომდინარეობს (1008).345

121

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“ შესახებ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, ხანდაზმულობის ვადად ასი დღე განისაზღვრება. ეს ვადა აითვლება მას შემდეგ, რაც პირი გაეცნო ან შესაძლებლობა ჰქონდა, რომ გასცნობოდა კონკრეტულ განცხადებას. „შესაძლებლობა, გასცნობოდა განცხადებას“ – ივარაუდება განცხადების გამოქვეყნების თარიღი. მაგალითად, თუ სტატია საჯაროდ გამოქვეყნდა 2015 წლის 30 იანვარს, ასდღიანი ვადა სწორედ ამ დღიდან აითვლება.346

122

განსხვავებით სპეციალური კანონისგან, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მიხედვით, განცხადებაში მოცემული მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორება, ან უარყოფის თაობაზე მოთხოვნა შესაძლებელია დაყენებულ იქნეს განცხადების გამოქვეყნებიდან/ფაქტის მოყვანიდან ათი დღის ვადაში. ასეთი განცხადებით/საჩივრით მიმართვის უფლებამოსილება მხოლოდ დაინტერესებულ პირებს გააჩნიათ. ასეთად კი შეიძლება მოაზრებულ იქნეს ის ჯგუფი, რომელთაც პირდაპირ ან ირიბად შეეხოთ შესაბამისი სიუჟეტი/გავრცელებული ინფორმაცია.347

IX. კავშირი სხვა სამართლებრივ ინსტიტუტებთან

1. პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვა ადმინისტრაციულ სამართალში

123

ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობში ზიანის ანაზღაურების წესი 1005-ე მუხლიდან გამომდინარეობს. ადმინისტრაციულ სამართალში არაქონებრივი ზიანის მიყენების ფაქტი სახელმწიფოს ან სახელმწიფოს სახელით მოქმედი პირის (ასევე, კერძო სამართლის იურიდიული პირის, რომელიც დელეგირების საფუძველზე საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას ახორციელებს348) მხრიდან გარკვეული ქმედების საფუძველზე შეიძლება წარმოიშვას.349 სამოქალაქო ნორმების მსგავსად, მატერიალური ზიანისგან მიყენებული არაქონებრივი ზიანი ადმინისტრაციულ სამართალში მტკიცებულებების წარდგენის საფუძვლით განისაზღვრება.350 აღნიშნულით შესაძლებელია დადასტურდეს საჯარო მოხელის ბრალი. საჯარო მოხელის პასუხისმგებლობა დასაშვებია, თუ ის განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით განხორციელებულ ქმედებას ეფუძნება,351 ხოლო, ასეთ დროს საჯარო მოხელის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან შესაძლებელია რეგრესის წესით შესაბამისი კომპენსაციის გადახდა განხორციელდეს.352 აღნიშნული არ გულისხმობს, რომ მტკიცებულებათა წარდგენით არაქონებრივი ზიანის დადასტურება ხდება. ამგვარი ფაქტებით მხოლოდ იმის განსაზღვრაა შესაძლებელი, რომ სახელმწიფოს მიერ მართლა დაირღვა შესაბამისი უფლება.

124

არაქონებრივი უფლების შელახვად არ დაკვალიფიცირდება ისეთი შემთხვევები, როდესაც სახელმწიფოს სახელით შესაბამისი პირი კანონის ფარგლებში მოქმედებს. მაგალითად, სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას პროცესის დამსწრეს ან მონაწილის დაჯარიმება არ უნდა ჩაითვალოს არაქონებრივი უფლების შელახვად. აღნიშნული გამომდინარეობს იმ ლეგიტიმური მიზნიდან, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს სასამართლო.353

125

ადმინისტრაციული ორგანო პასუხისმგებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საჯარო მოხელემ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ბრალეულად იმოქმედა. ყველა სხვა შემთხვევაში მისი პასუხისმგებლობა კერძო პირის პასუხისმგებლობად უნდა იქნეს დაკვალიფიცირებული.354

126

ცალკე განხილვის თემაა, თუ სად გადის ზღვარი საჯარო სამსახურში მომუშავეთა/საჯარო მოხელეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობასა და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურებას შორის. საჯარო სამსახურში მომუშავე პირთა მიერ არსებული დასკვნის საფუძველზე (თუნდაც მათ მიერ დარღვეული იყოს სხვადასხვა სამართლებრივი ნორმა), დასკვნის გასაჯაროების უფლებამოსილება კანონის ფარგლებში გააჩნია შესაბამის უწყებას. თუ მოხდა ისე, რომ დასკვნა, რომელიც შეიძლება უწყებამ არ გაასაჯაროა, მაგრამ ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის (დასკვნა შეიძლება ეხებოდეს კონკრეტულ რეგიონში/ქალაქში ცნობილ პიროვნებას), ეს უკანასკნელი ვერ გახდება პასუხისმგებლობის მატარებელი, ვინაიდან მან იხელმძღვანელა კანონით დადგენილი წესით. თავის მხრივ, არაქონებრივი ზიანის ფაქტი არ დადგება იმ პირის (საჯარო უწყების) მიმართ, რომლის ეგიდითაც მოხდა ინფორმაციის გასაჯაროება, ვინაიდან კონკრეტული საქმისწარმოების დარღვევისას, უპირველეს ყოვლისა, პირის დისციპლინური ან სხვა სახის პასუხისმგებლობის საფუძველი იქნება.355 არაქონებრივი უფლების შელახვის ფაქტის დადასტურება შესაძლებელია სწორედ ბრალეული ქმედების შედეგად, რომელსაც ბრალთან ერთად შესაბამისი შედეგი უნდა მოჰყვეს.

2. პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვა სისხლის სამართალში

127

სისხლისსამართლებრივ ურთიერთობაზე დაფუძნებული არაქონებრივი უფლებების დაცვის საკითხი სამოქალაქო წესით, 992-ე მუხლზე მითითებით, უნდა იქნეს შეტანილი,356 რომლის განმარტებასაც, ასევე, 1005-ე მუხლი იძლევა.357 სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი შესაბამისი მოთხოვნის დაყენების უფლებამოსილებას განსაზღვრავს (დასახელებული კოდექსის 92-ე მუხლი), რაც სამოქალაქო-სამართლებრივ საკითხთან მიმართებით, დელიქტის სამართლებრივ ინსტიტუტს ეყრდნობა. მოთხოვნა შესაძლებელია წაუყენონ როგორც ზიანის მიმყენებელ თანამდებობის პირს/საჯარო მოხელეს, ასევე, სახელმწიფოს, ორივეს ერთად სოლიდარულად,358 ან, არანაკლებ ორ სახელმწიფო ორგანოს ერთად.359 მოსარჩელეს თითოეულ შემთხვევაში ეკისრება მტკიცების ვალდებულება. მაგალითად, საბრალდებო დასკვნა არ შეიძლება პირის არაქონებრივი უფლებების შელახვად იქნეს მიჩნეული იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ქმედება უკანონოდ არაა ჩატარებული,360 თუმცა ასეთის არსებობისას ჟურნალისტმა, პირის ინტერესების გაუთვალისწინებლად, ინფორმაცია იდენტიფიკაციის შემცველი მონაცემების თაობაზე არ უნდა გაავრცელოს.361

3. პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით

128

საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობისას გამოსარჩევია, ასევე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, განსაზღვრულია პასუხისმგებლობა წვრილმანი ხულიგნობისთვის. დასახელებული მუხლი, ერთი მხრივ, საზოგადოებრივი წესრიგის და, მეორე მხრივ, შეურაცხმყოფელი გამონათქვამების სამომავლოდ თავიდან აცილების მოწესრიგების პრევენციულ ზომას წარმოადგენს.362 წვრილმანი ხულიგნობა წარმოადგენს ქონებრივი ზიანის ანაზღაურების არაპირდაპირ ფორმას, რომლის საფუძველზეც მხარეს მხოლოდ მაშინ გააჩნია შესაძლებლობა სასამართლოს გზით არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს, თუ წვრილმანი ხულიგნობით შესაბამისი შედეგი დადგება (მიადგება პირს სულიერი ტკივილი იმ ფორმით, რომლის მოწესრიგებაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის საფუძველზე შეუძლებელია).

4. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით

129

საავტორო უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ქონებრივი და არაქონებრივი ზიანი შესაძლებელია ერთმანეთისგან იყოს გამიჯნული, ვინაიდან ისინი მოთხოვნის დაყენების შემთხვევაში ერთმანეთს არ განაპირობებს.363 საავტორო უფლებების დარღვევის საფუძველზე არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისას მოსარჩელემ უნდა წარმოადგინოს ის მტკიცებულებები, რომლებიც მის სულიერ ტანჯვას, ანუ მორალური ზიანის მიყენების ფაქტს დაადასტურებს.364 წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი მოთხოვნა სამართლებრივ საფუძველს იქნება მოკლებული.

X. ნორმის დატვირთვა საპროცესო სამართალში

1. ზოგადი პრინციპები

130

არაქონებრივ დავებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, სამოქალაქო-საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე, შესაბამისი ინსტანციების მიხედვით, 100, 150 და 300 ლარია, თუ არაქონებრივი დავიდან ქონებრივი დავა არ გამომდინარეობს და თუ ეს უკანასკნელი 100 ლარს არ აღემატება. ამასთან, საკასაციო საჩივრის შეტანისას არაქონებრივ დავაზე დასაშვებობის საკითხი დასახელებული კოდექსის 391-ე მუხლიდან გამომდინარე განისაზღვრება.

2. კუმულაციური პირობების არსებობა

131

სასარჩელო განცხადებაში, რომელსაც მოსარჩელე მოპასუხის მიმართ წარადგენს, აუცილებლად უნდა აღინიშნოს შემდეგი პირობები: ა) ფაქტების მცდარობა (მოსარჩელის მტკიცების ტვირთი); ბ) ზიანის ფაქტი (უნდა არსებობდეს რაიმე შედეგი) და გ) გაცხადებული ფაქტების მცდარობის შესახებ ინფორმაცია მოპასუხისთვის წინასწარ იყო ცნობილი ან ამ უკანასკნელმა გამოიჩინა დაუდევრობა, რამაც ამ ინფორმაციის გავრცელება გამოიწვია. 365 ჩამოთვლილი პირობებიდან ერთ-ერთის არარსებობის შემთხვევაში არ დადგება პირის პასუხისმგებლობა არაქონებრივი ზიანისთვის.

3. მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმი

132

გარკვეულ საკითხებზე პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ მაუწყებელმა გაავრცელა სიმართლესთან შეუსაბამო ინფორმაცია, უფლებამოსილება გააჩნია, მაუწყებელშივე არსებული თვითრეგულირების მექანიზმით, სიუჟეტის (ინფორმაციის) ეთერში გასვლიდან ათდღიან ვადაში (იხ. ამავე კომენტარის ვნ. 123) მოითხოვოს საწყის განცხადებაში მოცემული მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორება ან უარყოფა საწყისი განცხადების ხანგრძლივობით, დაახლოებით იმ დროს, როდესაც გაკეთდა საწყისი განცხადება და იმავე პერიოდულობით.366 ასეთი ფაქტის დადგენის შემთხვევაში ჟურნალისტის პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტა უშუალოდ მაუწყებლის პრეროგატივაა367 და დაინტერესებული პირის მიერ ჟურნალისტის პასუხისმგებლობის თაობაზე დაყენებული მოთხოვნა სამართლებრივ საფუძველს იქნება მოკლებული. ამასთან, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მაუწყებელთა ქცევის კოდექსის შესაბამისად, მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმით საჩივრის განხილვის შემთხვევაში საჩივრის ავტორს წარმოეშობა უფლება, თვითრეგულირების მექანიზმის სააპელაციო ორგანოში გაასაჩივროს განხილული საკითხი. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ან სასამართლოს მიმართოს შესაბამისი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით იგი ვერ მიმართავს368 და ასეთ საჩივარს შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო არ მიიღებს.369

4. არბიტრაჟისთვის არაქონებრივი უფლებების თაობაზე საქმის გადაცემის დაუშვებლობა

133

საქართველოს სამოქალაქო-საპროცესო კოდექსისა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე არაქონებრივი უფლებების თაობაზე დავის არბიტრაჟისთვის გადაცემა დაუშვებელია.370





ანონიმური მკითხველი #1

21 დღის წინ
შეფასება: 0 თქვენ
მიყ

ანონიმური მკითხველი #1

21 დღის წინ
შეფასება: 0 თქვენ
მეც მიყვ

ანონიმური მკითხველი #1

21 დღის წინ
შეფასება: 0 თქვენ
აეეე მეცც

ანონიმური მკითხველი #1

21 დღის წინ
შეფასება: 0 თქვენ
ფრიუნელებმა კომეეეეენტ:**
დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_18._პირადი_არაქონებრივი_უფლებები&oldid=2019"