Gccc-logo.png


მუხლი 198. ცნება. შინაარსი

From Georgian Civil Code Commentary
Revision as of 08:48, 28 August 2018 by David Maisuradze (talk | contribs) (Created page with "{{თავი}} {{მუხლი |სათაური= მუხლი 198. ცნება. შინაარსი |ავტორი= ავტორები#ლ...")
(diff) ← Older revision | Latest revision (diff) | Newer revision → (diff)
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 198. ცნება. შინაარსი


ლევან თოთლაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ.

2. ძველი მფლობელი ვალდებულია, ახალ მფლობელს გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ყველა საბუთი, რომლებიც ეხება მოთხოვნებსა და უფლებებს, და ყველა ინფორმაცია, რომლებიც აუცილებელია ამ მოთხოვნებისა და უფლებების გამოყენებისთვის.

3. ძველი მფლობელი ასევე ვალდებულია, მოთხოვნის საფუძველზე გადასცეს შემძენს სათანადოდ დამოწმებული საბუთი ამ უფლებისა და მოთხოვნის დათმობის შესახებ. ამ საბუთის დამოწმების ხარჯები დაეკისრება ახალ მფლობელს.

I. მოთხოვნის დათმობის ცნება

1

198-ე–202-ე მუხლების თანახმად, შესაძლებელია, ვალდებულებით ურ- თიერთობაში გარიგების საფუძველზე მოხდეს კრედიტორის ცვლილება მოთხოვნის შინაარსის ცვლილების გარეშე. საკითხი ეხება მოთხოვნაზე უფლებამოსილი პირის და არა მოთხოვნის შინაარსის ცვლილებას. ის ფაქტი, რომ კანონი კრედიტორის ცვლილებას შესაძლებელს ხდის, არ არის თავისთავად ცხადი, ვინაიდან იგი ეხება ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, რომელიც, ამასთანავე, მოიცავს კონტრაჰენტის არჩევანის თავისუფლებასაც, განსაზღვრული ვალდებულებითი ურთიერთობა მხოლოდ კონკრეტულ პირთან არსებობდეს. სამართლებრივი ბუნებით, ვალდებულებითი ურთიერთობა არის ბიპოლარული ურთიერთობა, რომლიდანაც გამომდინარეობს მოთხოვნის ფარდობითი ხასიათი, და რომლის მიხედვით, მხოლოდ ვალდებულებითი ურთიერთობის მონაწილეებს აქვთ მოთხოვნები ერთმანეთის მიმართ. როგორც წესი, ვალდებულებით ურთიერთობებში მესამე პირები არ მონაწილეობენ (გამონაკლისი: 349-ე მუხლი – მესამე პირის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულება; 371-ე მუხლი – ვალდებულების შესრულება მესამე პირის მიერ). მოთხოვნა აღნიშნავს განსაზღვრულ პირებს შორის ვალდებულებით ურთიერთობას. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც კრედიტორის მოთხოვნა მიმართულია ხელშეკრულების საფუძველზე მოვალის მიმართ, მაშინ მოთხოვნის გადაცემა მესამე პირზე ზიანს აყენებს მოთხოვნის იდენტურობას, როგორც სუბიექტის უფლებას. ამ გაგებით, „იდენტური“ მოთხოვნის მესამე პირზე გადაცემა რთული წარმოსადგენია, რადგან მოთხოვნის გადაცემით წარმოიშობა სამართლებრივი ურთიერთობა სხვა პირებს შორის. რომის სამართალში მოთხოვნის სუბიექტზე დამოკიდებული თვალსაზრისი დაუშვებლად მიიჩნევდა მოთხოვნის გადაცემას. ქართული სამოქალაქო სამართალი არ მისდევს რომაული სამართლის კონცეფციას და, ისევე როგორც სხვა უფლებებს, დასაშვებად მიიჩნევს მოთხოვნის გადაცემას, რადგან ვალდებულებით ურთიერთობაში მოთხოვნის სუბიექტზე დამოკიდებულება არ არის უმთავრესი საკითხი – კანონის რეგულირების ცენტრალური საკითხია მოთხოვნა, როგორც ვალდებულებითი ურთიერ- თობის ობიექტი. კანონი მოთხოვნის გადაცემის რეგულირებით მოთხოვნის იდენტურობას ხელშეუხებლად განიხილავს.

II. მოთხოვნის დათმობის სამართლებრივი ბუნება და შინაარსი

2

199-ე–207-ე მუხლები შეეხება კერძო სამართლის ყველა სახის მოთხოვნას. 199-ე მუხლის მიხედვით, შესაძლებელია მოთხოვნის მფლობელის (ე.წ. ცედენტი) მიერ მოთხოვნის გადაცემა მოვალის თანხმობის გარეშე მესამე პირზე (ე.წ. ცესიონერი). ასევე, შესაძლებელია, რომ მოთხოვნის დათმობა დამოკიდებული იყოს პოზიტიურ ან ნეგატიურ პირობაზე, მაგალითად, რომ მოთხოვნა განსაზღვრული მოვლენის დადგომის შემთხვევაში მესამე პირს გადაეცემა.

3

მოთხოვნის დათმობის განმარტებისას გამოიყენება 52-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესი. აუცილებელი პირობა არ არის ის გარემოება, რომ მხარეებმა „მოთხოვნის დათმობა“, როგორც სამართლებრივი ცნება, გამოიყენონ. შესაძლებელია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში განსაზღვრული იყოს მოთხოვნის დათმობა. ასევე, შესაძლებელია, რომ მხარეებმა მოთხოვნის დათმობის შესახებ შეთანხმება კონკლუდენტური ქმედებით გამოხატონ. მაგალითად, როდესაც მხარეთა მიერ განხორციელებული ქმედებები მოთხოვნის დათმობის განზრახვას გამოხატავს; ასევე, თუ მოთხოვნის დათმობით შესრულებული იქნება უზრუნველყოფილი მოთხოვნა, შესაძლებელია, რომ მოთხოვნის შესრულებაში, ამავე დროს, მოთხოვნის დათმობა მოიაზრებოდეს.

4

ზოგადად, სამოქალაქო კოდექსი არ იცნობს მოთხოვნის კეთილსინდისიერ შეძენას,[1] რადგან მოთხოვნის დათმობის შემთხვევებში არ არსებობს რეალური გარემოება, რომელიც წარმოშობდა მოთხოვნის დამთმობის ლეგიტიმაციის ვარაუდს, როგორც, მაგალითად, 158-ე მუხლი მოძრავი ნივთების შემთხვევაში, როცა ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის ნივთის მესაკუთრე. იმ შემთხვევაში, როდესაც მოთხოვნის დათმობას ახორციელებს არაუფლებამოსილი პირი, მაშინ გამოიყენება 99-ე–102-ე მუხლები.

III. ძველი მფლობელის ვალდებულებები

1. ინფორმაციის მიწოდება

5

ნორმა შეიცავს ძველი მფლობელის ვალდებულებებს ახალი მფლობელის მიმართ. ნორმის II და III ნაწილები აწესრიგებენ ახალი მფლობელის დამხმარე მოთხოვნებს, რომლებიც შეეხება მოთხოვნის უფლების განხორციელებისათვის საჭირო საბუთებსა და ინფორმაციას. საგნის ლოგიკიდან გამომდინარე, ასეთი მოთხოვნების წარმოშობის საფუძველია ძველ მფლობელსა და ახალ მფლობელს შორის არსებული კაუზალური ურთიერთობა. 198-ე მუხლის დებულებები დისპოზიციური ხასიათისაა. გარდა ამისა, შესაძლებელია, რომ კაუზალური ურთიერთობიდან გამომდინარეობდეს სხვა ვალდებულებები, მაგალითად, ძველი მფლობელის ვალდებულება, არ განახორციელოს ისეთი ქმედება, რომელიც გაართულებს ან შეუძლებელს გახდის დათმობილი მოთხოვნის ახალი მფლობელის მიერ განხორციელებას.

6

კანონის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს არა აქვს ვალდებულება, აცნობოს მოვალეს მოთხოვნის დათმობის შესახებ, მაგრამ შესაძლებელია, ასეთი ვალდებულება არსებობდეს კაუზალური ურთიერთობის საფუძველზე.

7

ძველმა მფლობელმა უნდა მიაწოდოს ახალ მფლობელს ის ინფორმაცია, რაც საჭიროა მოთხოვნის განხორციელებისათვის. ამ მუხლის გაგებით, „ინფორმაცია“ არის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები და გარემოებები, რომლებიც შეეხება მოთხოვნის შინაარსს, მოვალის პიროვნებასა და მის ეკონომიკურ მდგომარეობას; ასევე, ის ფაქტები, რომლებიც საჭიროა მოვალის შესაგებლის გასაბათილებლად.

8

მოთხოვნის მფლობელი, ასევე, ვალდებულია, გადასცეს ახალ მფლობელს მოთხოვნასთან დაკავშირებული საბუთები. ასეთი საბუთებია, მაგალითად: ხელშეკრულება, ძველ მფლობელსა და მოვალეს შორის არსებული კორესპონდენცია, მაშასადამე, ყველა პირდაპირი და არაპირდაპირი წერილობითი დოკუმენტი, რომლებიც მოთხოვნის არსებობას ადასტურებს. ნორმა ცალსახად მიუთითებს ასეთი საბუთების მფლობელობაში გადაცემას, რაც გულისხმობს პირდაპირ ან არაპირდაპირ მფლობელობას. თუ ცედენტი საბუთებს ფლობს არაპირდაპირ, მაშინ იგი ვალდებულია, გადასცეს ახალ კრედიტორს მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება.

2. საბუთების დამოწმების ვალდებულება

9

ნორმა განსაზღვრავს, რომ მოთხოვნის დამთმობი ვალდებულია, გადასცეს შემძენს საბუთების სათანადოდ დამოწმებული ასლები. ეს მოთხოვნაც არის ვალდებულებითსამართლებრივი მოთხოვნა, რომლის მიზანია, გაუადვილოს ახალ კრედიტორს მოთხოვნის განხორციელება და წარმოიშობა იმ შემთხვევაშიც, როდესაც მოთხოვნის დათმობა ხორციელდება კანონის ძალით (207).




  1. ჭეჭელაშვილი, მოთხოვნის დათმობა და ვალის გადაკისრება, 2004, გვ. 59.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_198._ცნება._შინაარსი&oldid=1648"