Gccc-logo.png


მუხლი 275. მოგირავნის ვალდებულება გირავნობის უფლების შეწყვეტისას

From Georgian Civil Code Commentary
Revision as of 08:06, 16 September 2018 by David Maisuradze (talk | contribs) (Created page with "{{თავი}} {{მუხლი |სათაური= მუხლი 275. მოგირავნის ვალდებულება გირავნობის...")
(diff) ← Older revision | Latest revision (diff) | Newer revision → (diff)
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 275. მოგირავნის ვალდებულება გირავნობის უფლების შეწყვეტისას


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. გირავნობის უფლების შეწყვეტის შემთხვევაში მოგირავნე ვალდებულია, თავის მფლობელობაში არსებული საგანი დაუბრუნოს დამგირავებელს.

2. რეგისტრირებული გირავნობის უფლების შეწყვეტისას დამგირავებელს უფლება აქვს, მოგირავნეს მოსთხოვოს გირავნობის უფლების შეწყვეტის დაუყოვნებელი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, ხოლო „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებასა და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკურ საშუალებაზე რეგისტრირებული გირავნობის უფლების შეწყვეტის შემთხვევაში – საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. თუ არ არსებობს დამგირავებლის მოთხოვნა გირავნობის უფლების შეწყვეტის დაუყოვნებელი რეგისტრაციის შესახებ, მოგირავნე ვალდებულია, გირავნობის უფლების შეწყვეტიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში მიმართოს საჯარო რეესტრს ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გირავნობის უფლების შეწყვეტის რეგისტრაციის მიზნით. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამგირავებელს აქვს მოგირავნისაგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

3. გირავნობის უფლების შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება აქვს დამგირავებელსაც. ასეთ შემთხვევაში გირავნობის უფლების შეწყვეტის შესახებ სარეგისტრაციო განცხადებას თან უნდა დაერთოს მოგირავნის მიერ გაცემული წერილობითი საბუთი, რომელიც ადასტურებს გირავნობის უფლების შეწყვეტას.

საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი #1826 – სსმ I, #41, 19.07.2005წ., მუხ.284.

I. ზოგადი დებულებები

1

275-ე მუხლი ანიჭებს დამგირავებელს გირავნობის დასრულების შემდეგ მოგირავნისაგან გირავნობის საგნის გამოთხოვის (მფლობელობითი გირავნობისას, 275 I) და შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნას (რეგისტრირებული გირავნობისას, 275 II). ამ რეგისტრაციის განხორციელება შეუძლია თავად დამგირავებელსაც, გირავნობის შეწყვეტის შესახებ მოგირავნის დასტურის წარდგენის შემთხვევაში. დამგირავებლისათვის ამ უფლების მინიჭებით კანონმდებელი აკონკრეტებს დამგირავებელსა და მოგირავნეს შორის წარმოშობილი კანონისმიერი ურთიერთობის შინაარსს.

II. გირაოს დაბრუნების ვალდებულება, 275 I

2

ეს ნორმა თავისი გამოყენების წინაპირობად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გირავნობა წყდება არა გირაოს რეალიზაციით, არამედ სხვა საფუძვლით (იხ. ამ საფუძვლებთან დაკავშირებით მუხ. 271, მე-5 ველი). ეს დანაწესი აწესრიგებს მხოლოდ დამგირავებელსა და მოგირავნეს შორის ურთიერთობას და არა მოგირავნესა და მესაკუთრეს (ან პირად მოვალეს)[1] შორის, რომელიც, ამავდროულად, არ არის დამგირავებელი. მესაკუთრეს ნივთის გამოთხოვა შეუძლია 172 I მუხლის მიხედვით, გარდა ამისა, შესაძლებელია მისთვის 274 I მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დათმობა.[2] მოგირავნესა და მესაკუთრეს შორის, რომელიც ამავდროულად არ არის დამგირავებელი, არ წარმოიშობა რაიმე განსაკუთრებული კანონისმიერი ურთიერთობა, შესაბამისად, 274 I მუხლი მოგირავნეს მაშინაც კი ანიჭებს დამგირავებლისათვის ნივთის დაბრუნების უფლებას, როდესაც იცის, რომ ნივთი სხვას ეკუთვნის.[3]

3

ნივთის დაბრუნება გულისხმობს დამგირავებლისათვის ნივთის პირდაპირ მფლობელობაში ჩაბარებას, ან მოგირავნის მოთხოვნით ნივთის მესამე პირისათვის გადაცემის შემთხვევაში ამ პირის მიმართ მფლობელობის დაბრუნების მოთხოვნის დამგირავებლისათვის დათმობას.

III. გირავნობის შეწყვეტის რეგისტრაცია რეგისტრირებული გირავნობის შეწყვეტის შემთხვევაში, 275 II

4

რეგისტრირებული გირავნობის შემთხვევაში, გირავნობის უფლების შეწყვეტის დამგირავებელს შეუძლია, მოგირავნეს მოსთხოვოს გირავნობის შეწყვეტის დაუყოვნებელი რეგისტრაცია.[4] თუ დამგირავებელი არ ითხოვს გირავნობის შეწყვეტის დაუყოვნებელ რეგისტრაციას, მოგირავნე კანონის ძალით მაინც არის ვალდებული, მიმართოს შესაბამის რეესტრს გირავნობის უფლების შეწყვეტის რეგისტრაციის განცხადებით, გირავნობის შეწყვეტიდან ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დამგირავებელს აქვს მოგირავნისაგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. გირავნობის უფლების შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება აქვს თავად დამგირავებელსაც. ამ შემთხვევაში სარეგისტრაციო განცხადებას თან უნდა დაერთოს მოგირავნის მიერ გაცემული გირავნობის შეწყვეტის წერილობითი დასტური (275 III). დასტური არ წარმოადგენს გირავნობაზე უარის ნების გამოხატვას, არამედ მხოლოდ ტექნიკური მნიშვნელობის განცხადებაა, თუმცა კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, დასაშვები უნდა იყოს მასზე ნების გამოხატვის მომწესრიგებელი წესების ანალოგიით გამოყენება.

5

ამ შემთხვევაშიც 275 II-III მუხლით გათვალისწინებული უფლებები ეკუთვნის მხოლოდ მოგირავნეს და არა მესაკუთრეს, ან არადამგირავებელ პირად მოვალეს.




  1. RG JW 1927, 1467.
  2. Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl. 2017, § 1223, Rn. 3.
  3. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 145; BGH NJW 1979, 1204; მესაკუთრისათვის დაბრუნება მხოლოდ იმ შემთხვევაში ათავისუფლებს მოგირავნეს ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებისაგან, თუ დამგირავებელსა და მესაკუთრეს შორის (შიდა) ურთიერთობაში მფლობელობის უფლებამოსილებას მესაკუთრე ფლობს (Damrau, in MüKo BGB, 7. Aufl. 2017, § 1223, Rn. 3).
  4. იხ. ამასთან დაკავშირებით ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 165.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_275._მოგირავნის_ვალდებულება_გირავნობის_უფლების_შეწყვეტისას&oldid=2067"