Gccc-logo.png


მუხლი 33. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი

From Georgian Civil Code Commentary
Revision as of 09:39, 25 April 2018 by David Maisuradze (talk | contribs) (II. მაკონტროლებელი ფუნქციის სუბიექტი და გამოსაყენებელი კანონმდებლობა)
(diff) ← Older revision | Latest revision (diff) | Newer revision → (diff)
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 33. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის კონტროლი


ირაკლი ბურდული
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის შეჩერების ან აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

2. თუ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე, სასამართლო მარეგისტრირებელი ორგანოს ან/და დაინტერესებული პირის სარჩელის საფუძველზე განი ხილავს და წყვეტს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის შეჩერების ან აკრძალვის საკითხს.

3. სასამართლოს მიერ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მარეგისტრირებელმა ორგანომ უნდა გააუქმოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაცია.

საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3967 — სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.336
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1964 — სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.253

I. ნორმის სტრუქტურა, ისტორია, მიზანი და საგანი

1

2006[1] და 2009[2] წლებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად სამოქალაქო კოდექსით დადგენილი არასამეწარმეო იურიდიული პირის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლთან დაკავშირებული ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა შეიცვალა. კერძოდ, ძველი რედაქციის მიხედვით, აქცენტი, ბუნებრივია, კეთდებოდა კავშირისა და ფონდის დამოუკიდებელ სამართლებრივ ფორმებსა და იმ შემთხვევაზე, როდესაც ეს სუბიექტები არსებითად გადავიდოდნენ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაზე ან, თუ მათი წესდებებით გათვალისწინებული მიზნების შესრულება შეუძლებელი იქნებოდა, სასამართლო, უფრო სწორედ, სასამართლოს შესაბამისი გადა წყვეტილების საფუძველზე იუსტიციის სამინისტრო, რომელიც ფონდებისა და კავშირების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი ორგანო იყო, მიიღებდა მათი რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას (35 ძვ. რედ.). ახალი რედაქციის (33) შესაბამისად, არაკომერციულ იურიდიულ პირს შეიძლება შეუჩერდეს ან აეკრძალოს საქმიანობა. შესაბამისად, აღნიშნული მუხლის მიზანია დაადგინოს არასამეწარმეო იურიდიული პირის საქმიანობაზე სახელმწიფოს პრევენციული მაკონტროლებელი ფუნქცია და მისი საზედამხედველო როლი განსაზღვროს.

II. მაკონტროლებელი ფუნქციის სუბიექტი და გამოსაყენებელი კანონმდებლობა

2

არასამეწარმეო იურიდიული პირი კანონითა და წესდებით დადგენილ მიზანს ემსახურება. ეს მიზანი იდეალურ ხასიათს ატარებს, რაც ნიშნავს, რომ ამ სამართლებრივი ფორმის წარმონაქმნისათვის სამეწარმეო საქმიანობა მხოლოდ დამატებით ხასიათს უნდა ატარებდეს და იგი მისი მიზნის მიღწევას და დაგეგმილი იდეალური ამოცანების განხორციელებას უნდა ემსახურებოდეს. სამოქალაქო, დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების პირობებში იდეალური მიზნის მქონე (სამოქალაქო სექტორის) წარმონაქმნებს დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ ამ საზოგადოების თითოეულ წევრზე; შესაბამისად, სახელმწიფო, მისი პრევენციული ფუნქციიდან გამომდინარე, ვალდებული ხდება განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს ამ სუბიექტების საქმიანობას, რაც, თავის მხრივ, მათ (არაკომერციული პირების) საქმიანობაზე სახელმწიფოს მხრიდან მაკონტროლებელი ფუნქციის შესრულების „ბუნებრივი თანმდევია“.[3] მაშასადამე, სახელმწიფომ, წარმოდგენილი შესაბამისი ორგანოების სახით, უნდა მოახდინოს საქმიანობაზე გარკვეული ზედამხედველობა.

4

ძირითადი საკანონმდებლო აქტი, რომლის საფუძველზეც ხორციელდება არაკომერციულ იურიდიულ პირზე სახელმწიფოს კონტროლი, არის ორგანული კანონი „საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ“. წინამდებარე კანონი საქმიანობის შეჩერებისა და აკრძალვის საფუძვლებსა და წესს ადგენს.[4] კანონის შინაარსი ორ მნიშვნელოვან მომენტზე აკეთებს აქცენტს. პირველი — ეს არის შემთხვევა, როდესაც არაკომერციული იურიდიული პირი არსებითად გადადის სამეწარმეო საქმიანობაზე. როგორც აღინიშნა, იდეალური მიზნის მქონე ორგანიზაციასაც აქვს უფლება ახორციელებდეს სამეწარმეო საქმიანობას (შინაარსის მიხედვით). მაგალითად, გარკვეული არაკომერციული იურიდიული პირი, რომლის მიზანია საქველმოქმედო საქმიანობა, შეიძლება ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას. თუმცა აქედან შემოსული მატერიალური სახსრები კვლავ ამ საზოგადოების მიზნებისა და ამოცანების შესრულებას უნდა ემსახურებოდეს და, შესაბამისად, მოგების სახით მისი განაწილება წევრებზე ან სხვა პირებზე დაუშვებელია.[5] ამიტომ, თუკი კანონის ეს მოცემულობა დარღვეულია, მაშინ სასამართლოს შეუძლია მიიღოს შედეგობრივი თვალსაზრისით ორი სახის გადაწყვეტილება: ამ პირისთვის საქმიანობის შეჩერება სამ თვემდე ვადით ან საქმიანობის აკრძალვა და, შესაბამისად, რეგისტრაციის გაუქმება.[6] ბუნებრივია, რეგისტრაციის გაუქმების უფლებამოსილების მქონე ორგანო (ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით), როგორც ზემოთ აღინიშნა, არის მარეგისტრირებელი ორგანო. სწორედ მის საბოლოო ნაბიჯს ედება საფუძვლად სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება.[7]

4

მეორე შემთხვევის დროს ხდება საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც საჯარო-საზოგადოებრივი წესრიგის შემლახველია: იგი მიმართულია კუთხური, უმცირესობაში მყოფი ხალხების, რელიგიურ-სოციალური, ეროვნული შუღლის ჩამოგდებისკენ; მისი მიზანია ქვეყნის კონსტიტუციურ-სამართლებრივი წყობილების რღვევა, მისი ძალადობით შეცვლა და მსგავსი საქმიანობა.[8] მნიშვნელოვანია, რომ ის ჩამონათვალი, რომელსაც „საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლი შეიცავს, არ არის კუმულაციური, ერთმანეთზე დამოკიდებული. შეიძლება სახეზე იყოს მათგან მხოლოდ ერთი პირობა, რომ სასამართლოს ამავე მუხლიდან გამომდინარე ექნება ასეთი საქმიანობის შეჩერების ან აკრძალვის გადაწყვეტილება. საქართველოს სასამართლო პრაქტიკაში ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ამ ნიშნით იურიდიულ პირს აკრძალვოდეს საქმიანობა და მისთვის რეგისტრაცია გაეუქმებინათ.[9]

„საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ“ კანონის მე-41 მუხლი იმ შემთხვევას განსაზღვრავს, როდესაც იურიდიული პირის მიმართ შეიძლება გამოვიდეს სისხლის სამარ- თლის საქმეზე გამამტყუნებელი გადაწყვეტილება. ასეთი კანონიერ ძალა- ში შესული განაჩენი, აღნიშნული ნორმის მიხედვით, შესაძლოა საფუძვლად დაედოს საზოგადოებრივი გაერთიანებისთვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ან საერთოდ მის ლიკვიდაციას.

III. რეგისტრაციის გაუქმება

5

31 III მუხლის შესაბამისად, თუკი არასამეწარმეო იურიდიულ პირს აეკრძალა საქმიანობა, ეს კი შეიძლება დადგეს როგორც პირველადი, ისე თანმდევი (მაგ., თავდაპირველად შეუჩერდა, ხოლო შემდეგ აეკრძალა) შედეგი, მაშინ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი ვალდებულია გააუქმოს აღნიშნული სუბიექტი, რაც მის რეესტრიდან ამოშლას იწვევს. თუ იურიდიულ პირს რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ რაიმე ქონება დარჩება, იგი განაწილდება 38-ე მუხლის შესაბამისად.




  1. 2006 წ. 14 დეკემბრის კანონი #3967-სსმ I, #48., მუხ. 336.
  2. 2009 წ. 3 ნოემბრის კანონი #1964-სსმ I, #35., მუხ. 253.
  3. ჭანტურია, სკ-ის კომენტარი, წიგნი I,მუხ. 35, გვ. 133.
  4. „საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ“, მუხ. 1.
  5. ასე მაგ., ჭანტურია, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 35, გვ. 134; ჭანტურია, შესავალი საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, 1997, გვ. 259.
  6. „საზოგადოებრივ გაერთიანებათა საქმიანობის შეჩერებისა და მათი აკრძალვის შესახებ“, კანონის მე-3 მუხ., მე-4 მუხ. ერთობლიობაში.
  7. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 263.
  8. წინაპირობები ძირითადად, მატერიალურ-სამართლებრივ ხასიათს ატარებს. ჩამონათვალი ამომწურავი ვერ იქნება. თუმცა ეს მატერიალური წინაპირობები, რომელიც შეიძლება გარკვეულ ქვეკატეგორიებად ჩაიშალოს, შესაძლოა სფეროების მიხედვით გამოიყოს, იხ.: Baudewin, Das Vereinsverbot, NVwZ 2013, S. 1050-1051. ასევე: VGH Mьnchen, Urteilvom21-08-1989-4 A 881000 = NJW 1990, S. 62-64.
  9. იხ. მაგ., საქ. საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებში განხილული კონსტიტუციური სარჩელების/წარდგინებების სტატისტიკა. მისი ერთ-ერთი სეგმენტი — მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებათა შექმნისა და საქმიანობის კონსტიტუციურობის საკითხი. ამ თვალსაზრისით საინტერესოა სხვა ქვეყნების პრაქტიკა. იხ. მაგ.: BVerwG,Urt. v. 18. 4. 2012-6 A 2/10 = NVwZ-RR 2012, S. 648-656 (კავშირის აკრძალვა ჰამასის მხარდაჭერის გამო); BVerwG,BeschluЯvom21- 04-1995-1 VR 9/94 = NJW 1995, S. 2505-2507 (ახალგაზრდა ვიკინგის კავშირთან დაკავშირებული დავა); და ა.შ.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_33._არასამეწარმეო_(არაკომერციული)_იურიდიული_პირის_საქმიანობის_სახელმწიფო_კონტროლი&oldid=1130"