Gccc-logo.png


მუხლი 76. შეცდომა გარიგების მოტივში

From Georgian Civil Code Commentary
Revision as of 11:47, 25 August 2018 by David Maisuradze (talk | contribs) (Created page with "{{თავი}} {{მუხლი |სათაური= მუხლი 76. შეცდომა გარიგების მოტივში |ავტორი= ...")
(diff) ← Older revision | Latest revision (diff) | Newer revision → (diff)
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 76. შეცდომა გარიგების მოტივში


თორნიკე დარჯანია
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

შეცდომა გარიგების მოტივში არ ჩაითვლება არსებითად, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოტივი შეთანხმების საგანს წარმოადგენდა.



1

76-ე მუხლი განსაზღვრავს არაარსებითი შეცდომის სახეს — შეცდომას გარიგების მოტივში. შეცდომა გარიგების მოტივში მოცემულია მაშინ, როდესაც ნების გამომვლენი ობიექტურად ავლენს ისეთ ნებას, რაც მას სუბიექტურად უნდა რომ გამოავლინოს, თუმცა, ნების გამოვლენის განმსაზღვრელ (განმაპირობებელ) ფაქტორთან მიმართებით ცდება.[1] ამ დროს სახეზეა შეცდომა არა თვითონ ნების გამოვლენაში, არამედ ამ ნების ფორმირების განმაპირობებელ ფაქტორებში.[2] ხელშეკრულების მხარეს წარმოეშობა გარკვეული სახის წარმოდგენები, რომელიც მეორე მხარისგან არ მომდინარეობს და რაც მეორე მხარემ არ იცის.[3] მოტივში შეცდომა არაარსებითი შეცდომის სახეა და იგი არ იძლევა შეცილების საფუძველს.

2

ლიტერატურაში გაკრიტიკებულია ნორმის შინაარსი და მისი დანიშნულება საცილო გარიგებების თავში,[4] კერძოდ, კითხვებს ბადებს ნორმის წინადადების მეორე ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს შეცილების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, როდესაც მოტივი შეთანხმების საგანს წარმოადგენს. იმ შემთხვევაში, თუ ჩავთვლით, რომ მოტივი შეთანხმების საგანი ხდება, იგი ხელშეკრულების არსებით პირობად იქცევა და უკვე ვეღარ ჩაითვლება მოტივად. მაგალითად, თუ მხარეები საქორწინო კაბის ნასყიდობის ხელშეკრულებაში მიუთითებენ, რომ ხელშეკრულება ძალაში შედის ქორწინების ფაქტის დადგომისას და მხარეებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ეკისრებათ მხოლოდ ამის შემდგომ, სახეზე იქნება პირობით დადებული გარიგება, რასაც თავისთავად მოტივში დაშვებულ შეცდომასთან არ აქვს კავშირი.

3

მოტივში დაშვებული შეცდომა არ შეიძლება გაიგივებულ იქნეს 73 „გ“ მუხლის შემადგენლობასთან, რომელიც ეხება მხარეთა ერთობლივ არასწორ წარმოდგენას. მოტივში დაშვებული შეცდომის შემთხვევაში სახეზეა მხოლოდ ერთი მხარის არასწორი წარმოდგენა. მხარეთა ერთობლივი შეცდომის შემთხვევაში გამოიყენება 73 „გ“ ან 398-ე მუხლები (გამიჯვნასთან დაკავშირებით იხ. 73-ე მუხლის კომენტ. 33-ე და შემდგომი ველები).




  1. MüKo/Armbrüster, 7. Auflage 2015, § 119, Rn. 101a ff.
  2. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 76, გვ. 232.
  3. იქვე.
  4. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 333.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_76._შეცდომა_გარიგების_მოტივში&oldid=1482"