Gccc-logo.png


მუხლი 95. პირობის დადგომაზე ზემოქმედების დაუშვებლობა

From Georgian Civil Code Commentary
Revision as of 17:03, 6 September 2018 by David Maisuradze (talk | contribs) (Created page with "{{თავი}} {{მუხლი |სათაური= მუხლი 95. პირობის დადგომაზე ზემოქმედების დაუ...")
(diff) ← Older revision | Latest revision (diff) | Newer revision → (diff)
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 95. პირობის დადგომაზე ზემოქმედების დაუშვებლობა


ლადო ჭანტურია
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. იმ პირს, რომელმაც განსაზღვრული პირობით დადო გარიგება, არა აქვს უფლება პირობის დადგომამდე შეასრულოს რაიმე ისეთი მოქმედება, რომელსაც შეუძლია ხელი შეუშალოს მისი ვალდებულების შესრულებას.

2. თუ პირობა დგება განსაზღვრულ დროს და პირს უკვე შესრულებული აქვს ასეთი მოქმედება, მაშინ იგი ვალდებულია მეორე მხარეს აუნაზღაუროს ამგვარი მოქმედებით წარმოშობილი ზიანი.

I. ნორმის მიზანი და გამოყენების სფერო

1. ზოგადი დებულებანი

1

პირობითი გარიგებით გათვალისწინებული პირობის დადგომამდე არსებობს გაურკვევლობა და ბუნდოვნობა პირობის დადგომასთან დაკავშირებით. ამ ვითარებას ლიტერატურაში გარდამავალი მდგომარეობა ეწოდება.[1] ეს მდგომარეობა გარიგების ყველა მონაწილეს ეხება და ის მათთვის სამართლებრივ არასტაბილურობას იწვევს. მაგალითად, პირობადებული საკუთრების (188-ე მუხლი) დროს გამყიდველი ფორმალურად კვლავ მესაკუთრედ რჩება, მაგრამ ნივთი მყიდველის მფლობელობაშია, რომელიც ჯერ კიდევ არ გამხდარა მესაკუთრე. გამყიდველს აქვს ნასყიდობის ფასის მიუღებლობის საფრთხე, ხოლო მყიდველს _ გამყიდველისაგან ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნის რისკი.[2]

2

95-ე მუხლის თანახმად, მიუხედავად გარდამავალი მდგომარეობის არსებობისა, პირობითი გარიგების მონაწილეებს ეკისრებათ გარიგებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და ეკრძალებათ ისეთი მოქმედების განხორციელება, რომელმაც შეიძლება გარიგების შესრულება ეჭვქვეშ დააყენოს. პირობითი გარიგება მის მონაწილეებს რაიმე შეღავათებს არ ანიჭებს და მათ არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულებისაგან.

3

95-ე მუხლი იცავს იმ პირს, ვინც პირობითი გარიგებისაგან უნდა მიიღოს სარგებელი და მის მიღებას შეიძლება ხელი შეუშალოს გარიგების მეორე მონაწილის მიერ ვალდებულების შესრულებისათვის საფრთხის შემცველი მოქმედების განხორციელებამ.[3] მაგალითად, პირობადებული საკუთრების დროს მყიდველის მიერ ნივთის გასხვისება ნასყიდობის ფასის სრულად გადახდის გარეშე.

2. განსხვავება სხვა ინსტიტუტებისაგან

4

95-ე მუხლი განსხვავდება 98-ე მუხლისაგან, რომელიც აწესრიგებს გარიგების მონაწილეების მიერ პირობის დადგომის დაბრკოლების ან დადგომის ხელშეწყობისას არაკეთილსინდისიერი ზემოქმედების საკითხებს. 95-ე მუხლის მიხედვით თავიდან უნდა იქნეს აცილებული ისეთი ვითარება, როცა პირობა დგება, მაგრამ ამ პირობის დადგომას რაიმე შედეგი უკვე აღარ მოჰყვება, რადგან, მაგალითად, გამყიდველმა უკვე გაასხვისა შეპირებული ნივთი, რომელიც მას პირობის დადგომისას გარიგების მეორე მონაწილისათვის უნდა გადაეცა. 98-ე მუხლის თანახმად კი, პირობის დადგომაზე ხდება არაკეთილსინდისიერად ზემოქმედება.

5

95-ე მუხლი ეხება პირობითი გარიგებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებას და მათი დარღვევის მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს ზიანის ანაზღაურების სახით. 98-ე მუხლის მიხედვით კი, პირობა არ ჩაითვლება დამდგარად, თუკი მისი დადგომა არაკეთილსინდისიერმა ზემოქმედებამ გამოიწვია.

II. გამოყენების წინაპირობა

1. გარიგებით ნაკისრი ვალდებულება

6

პირობითი გარიგებით ნაკისრი ვალდებულება, გარდამავალი მდგომარეობის მიუხედავად, უცვლელი რჩება. გარიგების მონაწილეს ეკრძალება რაიმე ისეთი მოქმედების შესრულება, რამაც შეიძლება ვალდებულების შესრულება გაართულოს ან საერთოდ შეუძლებელი გახადოს.

7

პირობითი გარიგება ჩვეულებრივი გარიგებაა, რომლის მონაწილეებმა უნდა შეასრულონ აღებული ვალდებულებები. მაგალითად, პირობადებული საკუთრების დროს მყიდველმა უნდა გადაიხადოს ნასყიდობის ფასი, ხოლო გამყიდველმა უნდა გადასცეს საკუთრება ნასყიდობის საგანზე.

8

გარიგებით ნაკისრი ვალდებულება შეიძლება განსხვავებული იყოს იმის მიხედვით, გარიგება დადებულია გადადების პირობით თუ გაუქმების პირობით. მაგალითად, გადადების პირობით იქნება გარიგება დადებული მაკლერსა და ბინის გამყიდველს შორის, თუკი ამ უკანასკნელმა მაკლერს პროვიზია მხოლოდ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ უნდა გადაუხადოს. ხელშემშლელი მოქმედება იქნება, თუკი ნასყიდობის ხელშეკრულებაში ბინის ნასყიდობის ფასი ხელოვნურად შემცირდება, რათა მაკლერს ნაკლები პროვიზია გადაუხადოს.

2. ხელშემშლელი მოქმედების შესრულება (95 I მუხლი)

9

95 I მუხლი არ შეიცავს აკრძალული მოქმედებების ჩამონათვალს, რომელთაც შეიძლება გარიგებიდან წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებას შეუშალონ ხელი.[4] ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული გარიგების განმარტებით უნდა დადგინდეს, თუ რაში გამოიხატება დარღვევა.

10

ხელშემშლელი მოქმედება შესაძლოა იყოს მრავალგვარი. მაგალითად, პირობადებული საკუთრების დროს ეს შეიძლება გამოიხატოს პირობადებული მყიდველის მიერ ნივთის განკარგვაში, ვიდრე ის სრულად გადაიხდის ნასყიდობის საფასურს, ანდა პირობადებული გამყიდველის მიერ ნასყიდობის საგნის, რომლის საკუთრება ჯერ კიდევ მას რჩება, მესამე პირისათვის მიყიდვაში და ა.შ.

11

ვალდებულების დარღვევა შეიძლება ასევე გამოიხატოს იმ თანხის გახარჯვაში, რომელიც პირობის დადგომისას უნდა გადაეხადა ვალდებულ პირს მეორე მხარისათვის.

12

გადამწყვეტია, რომ ხელშემშლელი მოქმედება ხორციელდება გარდამავალი მდგომარეობის დროს და გარიგებით გათვალისწინებული პირობის დადგომამდე.

III. სამართლებრივი შედეგი (95 II მუხლი)

13

95-ე მუხლი არ მიუთითებს ვალდებულების დარღვევით განხორციელებული ქმედების ბათილობაზე, როგორც სამართლებრივ შედეგზე.[5] უფლებამოსილ პირს ენიჭება ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

14

იმის მიხედვით, გარიგება დადებულია გადადების პირობით (96-ე მუხლი) თუ გაუქმების პირობით (97-ე მუხლი), სამართლებრივი შედეგი, გარდამავალი მდგომარეობის პერსპექტივიდან გამომდინარე, შეიძლება განსხვავებული იყოს.

15

გადადების პირობით დადებული გარიგება დადებისთანავე არის დასრულებული. ამიტომ გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება მხარეებისათვის სავალდებულოა. მხოლოდ გარიგებით გათვალისწინებული შედეგის დადგომა არის პირობის დადგომამდე გადადებული.[6] მაგალითად, პირობადებული საკუთრების დროს ფასის საბოლოო გადახდამდე არ გადადის საკუთრება შემძენზე. გარიგების მონაწილეს 95 II მუხლის მიხედვით მეორე მონაწილისაგან შეუძლია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, თუკი მისმა მოქმედებამ ხელი შეუშალა ან საერთოდ ჩაშალა პირობაზე დამოკიდებული უფლების წარმოშობა, მაგალითად, საკუთრების გადასვლა პირობადებულ მყიდველზე.

16

გაუქმების პირობით დადებული გარიგების სამართლებრივი შედეგი დგება დაუყოვნებლივ, მაგრამ წყდება (უქმდება) გაუქმების პირობის დადგომისთანავე და აღდგება პირვანდელი მდგომარეობა.[7] მაგალითად, ვალის დაბრუნებით მოგირავნე კარგავს გირავნობის უფლებას მესამე პირის კუთვნილ გირავნობის საგანზე და მის მფლობელობაში არსებული ნივთი უნდა დაუბრუნოს მესაკუთრეს. იმ პირს, ვინც გაუქმების პირობით დადებული გარიგებით შეიძინა რაიმე უფლება, ეკრძალება რაიმე ისეთი მოქმედების განხორციელება, რომელიც შეუძლებელს გახდის ამ უფლების დაბრუნებას, თუკი დადგება გაუქმების პირობა. მაგალითად, მოგირავნეს, რომელმაც ვალის დაბრუნებისთანავე უნდა დაუბრუნოს გირავნობის საგანი დამგირავებელს, არა აქვს უფლება გირავნობის განმავლობაში მის მფლობელობაში არსებული ნივთი გადაამუშაოს ან გაასხვისოს. რადგან ნივთის რეალურად დაბრუნება შეუძლებელი გახდება, მან, 95 II მუხლის თანახმად, უნდა აანაზღაუროს მიყენებული ზიანი.

IV. მტკიცების ტვირთი

17

გარიგებით გათვალისწინებული უფლების წარმოშობის ხელშემშლელი ან ჩამშლელი მოქმედების ჩადენის მტკიცების ტვირთი ეკისრება გარიგების იმ მონაწილეს, რომლის უფლებაც დაირღვა.

18

გარდა ამისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის არსებობის დასამტკიცებლად ზიანის არსებობის ფაქტი უნდა დაამტკიცოს იმ პირმა, ვისაც ზიანი მიადგა 95 I მუხლით გათვალისწინებული ქმედების შედეგად.




  1. გერმანულ სამართალში ეწოდება მერყევი მდგომარეობა (Schwebezustand). შდრ. Medicus, BGB AT, 10. Aufl., 2010, Rn. 841; Rüthers/Stadler, Allgemeiner Teil des BGB, 16. Aufl. § 20 Rn. 18.
  2. დაწვრილებით პირობადებული საკუთრების შესახებ იხ. ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, 2012, გვ. 166-181.
  3. შდრ. Rüthers/Stadler, Allgemeiner Teil des BGB, 16. Aufl. § 20 Rn. 19.
  4. გერმანიის სამოქალაქო კოდექსის § 161 კონკრეტულად არის განმტკიცებული განკარგვის ბათილობა, რომელიც განხორციელდა მერყევი მდგომარეობის დროს.
  5. განსხვავებით გერმანიის სამოქალაქო კოდექსის § 161, რომელიც განხორციელებულ განკარგვებს ბათილად მიიჩნევს.
  6. შდრ. Röverkamp, in Beck OK BGB, 28. Aufl. Stand 01.08.2013, § 158 Rn. 20.
  7. შდრ. Röverkamp, in Beck OK BGB, 28. Aufl. Stand 01.08.2013, § 158 Rn. 23.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_95._პირობის_დადგომაზე_ზემოქმედების_დაუშვებლობა&oldid=1817"