Gccc-logo.png


პროექტის შესახებ

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარის პროექტი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსს, როგორც კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის ძირითად კოდიფიკაციას, გამორჩეული ადგილი უკავია ქართულ სამართლის სისტემაში. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება კოდექსის ნორმების სწორად გამოყენებას და განმარტებას სასამართლო პრაქტიკაში. სამოქალაქო სამართლის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია კვალიფიციური კომენტარების, სასწავლო ლიტერატურის, მონოგრაფიებისა და სხვა სახის სამეცნიერო ნაშრომების არსებობა. კომენტარი სხვა ლიტერატურასთან ერთად მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანონის სწორად გაგებისა და გამოყენების პროცესში, იგი ეხმარება იურისტებს პრაქტიკული საქმიანობის განხორციელებაში, ხელს უწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას, ამასთანავე ბიძგს აძლევს იურიდიული განათლებისა და სამართლებრივი მეცნიერების განვითარებას.

სამოქალაქო კოდექსის კომენტარის პროექტის მიზანია, შეიქმნას თანამედროვე აკადემიური სტანდარტების შესაბამისი ქართული კომენტარი, რომელშიც ასახული იქნება მიმდინარე სამეცნიერო დისკუსიები და ბოლო წლებში ჩამოყალიბებული სასამართლო პრაქტიკა.

კოდექსის კომენტარის შექმნა მიზნად ისახავს, წაახალისოს პროფესიული დისკუსია და იურისტებს შორის აზრთა გაცვლა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ქართული სამოქალაქო სამართლის განვითარებას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია კომენტარის და კომენტირების ტექნიკის განვითარების ხელშეწყობა.

პროექტი დაფინანსებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ) GmbH) და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების (JILEP) ასევე კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტების (PROLoG) თანამშრომლობის ფარგლებში. შესაბამისად, ის არ ატარებს კომერციულ ხასიათს.

კომენტარი უნდა მოიცავდეს სამოქალაქო კოდექსის 1-1016 მუხლებს:

  • წიგნი პირველი: ზოგადი დებულებები (1-146)
  • წიგნი მეორე: სანივთო სამართალი (147-315)
  • ვალდებულებითი სამართალი (ზოგადი ნაწილი 316-476 და კერძო ნაწილი 477-1016)

კომენტარის სავარაუდო მოცულობა იქნება 4 000 გვერდი (საკანონმდებლო ტექსტის ჩათვლით). შესაბამისად, თითოეულ მუხლს დაეთმობა საშუალოდ 4 გვერდი.

Untitled.png