მუხლი 10. სამოქალაქო უფლებათა დამოუკიდებლობა პოლიტიკური უფლებებისაგან. სამოქალაქო სამართლის...
1. სამოქალაქო უფლებათა განხორციელება არ არის დამოკიდებული პოლიტიკურ უფლებებზე, რომლებიც განისაზღვრება კონსტიტუციით ან საჯარო სამართლის სხვა კანონებით. 2. სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. 3. უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონების იმპერატიული ნორმები. მოქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ ნორმებს, ბათილია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კანონი პირდაპირ მიუთითებს სხვაგვარ შედეგებზე. ცალკეული ჩარევები ადმინისტრაციული აქტების მეშვეობით აკრძალულია, თუ ეს აქტები კონკრეტული კანონის საფუძველზე არ არის გამოყენებული.
|
სარჩევი
I. ზოგადი დებულებები
1. ნორმის მიზანი
გარდა ამისა, მე-10 მუხლი ადგენს კანონის იმპერატიული ნორმების დარღვევით სამოქალაქო უფლებათა გამოყენების სამართლებრივ შედეგებსა და ადმინისტრაციული აქტების მეშვეობით კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში ჩარევის წინაპირობებსა და ფარგლებს.
2. სამოქალაქო უფლება
სამოქალაქო უფლებები შეიძლება იყოს განმტკიცებული როგორც სამოქალაქო კოდექსსა და სხვა კანონებში, ისე კანონქვემდებარე აქტებში, ხელშეკრულებებსა თუ იურიდიული პირების წესდებებში. კონტექსტიდან გამომდინარე, სამოქალაქო უფლებები მიმობნეულია სამოქალაქო კოდექსის სხვადასხვა ნაწილში, მაგალითად, მესაკუთრის უფლებები — სანივთო სამართალში, ხოლო მყიდველის უფლებები — ნასყიდობის თავში. ამ უფლებათა აღსანიშნავად სამოქალაქო კოდექსი იყენებს მოთხოვნის ან მოთხოვნის უფლების (128 I) ცნებებს, რითაც აკონკრეტებს უფლების გამოყენებას მოცემულ კონტექსტში.[2]
აბსოლუტურ უფლებებზე არ ვრცელდება სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები, მაგალითად, საკუთრების უფლებაზე, ხოლო ფარდობითი უფლებები ექვემდებარება სასარჩელო ხანდაზმულობას, მაგალითად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
საოჯახო სამართალში განმტკიცებულია პირადი საოჯახო უფლებები, როგორიცაა, მაგალითად, შვილების მიმართ მშობელთა უფლებები (1197- 1198).
არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებზე ბატონობის უფლებებს განეკუთვნება საავტორო, საპატენტო უფლებები, უფლებები სასაქონლო ნიშნებზე და ა.შ.
მოთხოვნები, როგორც რელატიური უფლებების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი, შეიძლება წარმოიშვას როგორც სახელშეკრულებო, ისე კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობებიდან, როგორც საოჯახო, ისე სანივთო სამართლის საფუძველზე. მაგალითად, საკუთრებიდან, როგორც აბსოლუტური უფლებიდან, წარმოიშობა ვინდიკაციის უფლება, რომელიც მოთხოვნის უფლებას წარმოადგენს.
აღმჭურველი უფლებები უფლებამოსილ პირს ანიჭებენ სამართლებრივ ურთიერთობაზე ცალმხრივად ზემოქმედების — მისი შეცვლის ან შეწყვეტის _ უფლებამოსილებას, მაგალითად, ხელშეკრულებიდან გასვლა ცალმხრივად (355) და გარიგების შეცილების უფლება (59 II 2).
შესაგებლები უფლებამოსილ პირს ანიჭებენ განსაზღვრულ მოქმედებაზე უარის თქმის უფლებას და ამით მეორე მხარეს არ აძლევენ საკუთარი უფლების განხორციელების შესაძლებლობას. მაგალითად, მე-500 მუხლის თანახმად, გამყიდველს უფლება აქვს დაიტოვოს ნივთი ან დააკავოს გზაში მანამ, სანამ მყიდველი არ აუნაზღაურებს შესაბამის თანხას.[6]
3. სამოქალაქო უფლებათა შეძენა, გადაცემა და შეწყვეტა
უფლებათა დერივატიული წარმოშობის დახასიათებისას გადამწყვეტია ის გარემოება, რომ უფლების გადასვლა ხდება წინამორბედი პირისაგან, მიუხედავად ამ პირთან განკარგვის უფლებამოსილების არსებობისა. შესაბამისად, საკუთრების კეთილსინდისიერი შეძენა 187-ე მუხლის თანახმად უნდა ჩაითვალოს უფლების ნაწარმოებ წარმოშობად.
სამოქალაქო უფლებათა გადაცემის წესი განსხვავებულად შეიძლება იყოს დადგენილი უფლების ობიექტის მიხედვით. მაგალითად, უძრავ ნივთზე საკუთრების გადაცემისათვის აუცილებელია წერილობითი გარიგება და შემძენზე გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში (183-ე მუხლი). მოძრავ ნივთზე საკუთრების გადაცემა ხდება ნამდვილი უფლების საფუძველზე შემძენისათვის ნივთის გადაცემით.
პირადი უფლებები არ განეკუთვნება გადაცემად უფლებებს, რადგან ისინი მჭიდროდ არიან კონკრეტულ პირთან დაკავშირებულნი, მაგალითად სახელის უფლება არც გარიგებით და არც კანონით სხვა პირზე არ გადადის.[8]
გარიგების საფუძველზე უფლების შეწყვეტის თვალსაჩინო მაგალითებია უარის თქმა უფლებაზე (190 II მუხლი) ან უფლების ვადის გასვლა, რომელიც გარიგებით იყოს განსაზღვრული, მაგალითად, ქირავნობის ვადის გასვლა.
კანონის საფუძველზე უფლების შეწყვეტა, როგორც წესი, უკავშირდება კანონით დადგენილი მიზნის მიღწევას, მაგალითად, ვალის დაბრუნებით წყდება ამ ვალის უზრუნველსაყოფად დადგენილი იპოთეკა, როგორც აქცესორული უფლება.
II. სამოქალაქო უფლებათა დამოუკიდებლობა პოლიტიკური უფლებებისაგან
მართალია, ზოგიერთი სამოქალაქო უფლება კონსტიტუციით განმტკიცებული ძირითადი უფლებიდან გამომდინარეობს, მაგალითად, საკუთრების უფლება კონსტიტუციის 21-ე მუხლის მიხედვით, მაგრამ საკუთრების სამოქალაქო-სამართლებრივი უფლების განხორციელებისათვის, მაგალითად, გასხვისება, ვინდიკაცია და ა.შ. არ არის აუცილებელი მოქალაქეობა ან სხვა პოლიტიკური უფლებების ქონა.[10]
„პოლიტიკური უფლებების შეზღუდვამ ან წართმევამ არ შეიძლება ხელყოს პირის სამოქალაქო-სამართლებრივი მდგომარეობა, რომელსაც სრულიად სხვა შინაარსი და სხვა სოციალური დატვირთვა აქვს“.[11] თუმცა ეს არ ნიშნავს ზოგიერთი უფლების შეზღუდვის დაუშვებლობას, მაგალითად, ცალკეულ შემთხვევებში უცხოელებს შეიძლება შეეზღუდოთ საკუთრების უფლება სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე.
10 I მუხლი ნორმატიულად განამტკიცებს პიროვნების, როგორც პოლიტიკური არსების, და პიროვნების, როგორც კერძო სამართლის სუბიექტის, განსხვავებულ სტატუსს.[12] ამით ქართული სამოქალაქო კოდექსი გაემიჯნა საბჭოთა სამოქალაქო სამართალს, რომელშიც პოლიტიკური და კერ- ძოსამართლებრივი უფლებები ორგანულად იყო შერწყმული ერთმანეთთან, როცა ერთის დაკარგვა იწვევდა მეორის დაკარგვასაც.[13]
III. კერძო ავტონომია და ხელშეკრულების თავისუფლება
1. ცნება და შინაარსი
ხელშეკრულების თავისუფლება ორი ელემენტისაგან შედგება: ხელშეკრულების დადების თავისუფლება და ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრის თავისუფლება. პირველი გულისხმობს შესაძლებლობას, დადოს ან არ დადოს პირმა ხელშეკრულება. გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ხელშეკრულების დადების ვალდებულებას კანონი არ იცნობს, მაგალითად, 319 II მუხლი. ხოლო მეორე ნიშნავს ხელშეკრულების მხარეთა შესაძლებლობას, ხელშეკრულებაში გაითვალისწინონ ნებისმიერი საკითხი, რომელიც კანონით არ არის აკრძალული.[15]
2. კერძო ავტონომიის ფარგლები
კონტრაჰირების იძულება კერძო ავტონომიის შეზღუდვის ერთ-ერთ შემთხვევას წარმოადგენს (319 II მუხლის კომენტარი). ეს ვალდებულება ჩვეულებრივ ვრცელდება ბაზარზე გაბატონებული მდგომარეობის მქონე სუბიექტებზე, რომელთაც შესაძლებლობა აქვთ ხელშეკრულების კონტრაჰენტს თავს მოახვიონ კაბალური პირობები.
სასამართლო პრაქტიკის აზრით, ხელშეკრულების თავისუფლება სახელშეკრულებო სამართლიანობის ფარგლებში მოქმედებს და სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებმა სამოქალაქო უფლებები კეთილსინდისიერად უნდა განახორციელონ.[17]
IV. უფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა
1. ცნება და მნიშვნელობა
უფლების ბოროტად გამოყენების საკანონმდებლო დაკონკრეტების მცდელობას შეიცავს 170 I მუხლი, რომელიც საკუთრების უფლების ბოროტად გამოყენებად აკვალიფიცირებს საკუთრების ისეთ სარგებლობას, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია (170 II).
უფლების ბოროტად გამოყენება შეიძლება გარიგების ბათილობის საფუძველი გახდეს, მაგალითად, ბათილია გარიგება 55 II მუხლის თანახმად, როცა ის დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე.
2. კავშირი სხვა ინსტიტუტებთან
- ↑ სამოქალაქო უფლების დეფინიციის თაობაზე დისკუსია ნახეთ: კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 185; ჭანტურია, ზოგადი ნაწილი, გვ. 76-77; ჭანტურია, ზოგადი ნაწილი, გვ. 98-99.
- ↑ შდრ. გერმანულ სამოქალაქო სამართალში გამოიყენება სხვადასხვა ტერმინი იმის მიხედვით, უფლება ვალდებულებით-სამართლებრივი თუ სანივთო-სამართლებრივია. სანივთო-სამართლებრივ უფლებას ეწოდება Der Anspruch, ხოლო ვალდებულებით-სამართლებრივს — Die Forderung. ქართული სამართლებრივი ენა ასეთ დაყოფას არ იცნობს. ამიტომ გამოიყენება მოთხოვნის ერთიანი ცნება.
- ↑ ეს კლასიფიკაცია ასევე კავშირშია სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობათა დაყოფასთან აბსოლუტურ და შეფარდებით ურთიერთობებად: შენგელია, სამოქალაქო სამართალი, წიგნში „ქართული სამართლის საფუძვლები“, 2000, გვ. 134.
- ↑ ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 100.
- ↑ ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 101.
- ↑ ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 101.
- ↑ ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 102.
- ↑ ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 102-103.
- ↑ ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 104.
- ↑ დაწვრილებით ამ საკითხზე იხ. ზოიძე, საკონსტიტუციო კონტროლი და ღირებულებათა წესრიგი საქართველოში, 2007, გვ. 91-127.
- ↑ ჯორბენაძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 10, გვ. 3.
- ↑ ზოიძე, ევროპული კერძო სამართლის რეცეფცია საქართველოში, გვ. 198.
- ↑ ზოიძე, ევროპული კერძო სამართლის რეცეფცია საქართველოში, გვ. 198.
- ↑ იხ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 90.
- ↑ ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 93.
- ↑ ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 92.
- ↑ საქ. უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 13 თებერვლის N ას-505-889-06 განჩინება, გვ. 133-140.
- ↑ იხ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 110.
კომენტარების ავტომატური განახლების ჩართვა