Gccc-logo.png


მუხლი 100. წინასწარ გაცემული თანხმობა (ნებართვა)

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 100. წინასწარ გაცემული თანხმობა (ნებართვა)


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

წინასწარ გაცემული თანხმობა (ნებართვა) შეიძლება გარიგების დადებამდე გაუქმდეს, თუკი მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან. თანხმობის (ნებართვის) გაუქმების შესახებ უნდა ეცნობოს ორსავე მხარეს.

I. ზოგადი დებულებები

1

ნებართვა არის უფლებამოსილი პირის მიერ გამოთქმული წინასწარი თანხმობა თანხმობასავალდებულო გარიგებასთან დაკავშირებით და ამგვარად, ახლოს დგას რწმუნებულების მინიჭებასთან,[1] თუმცა მისი იდენტური არ არის (იხ. მუხ. 99 მე-6 ველი). ამგვარად, წარმოადგენს რა ისეთ თანხმობას, რომლის გაცხადებაც ხდება მანამ, სანამ გარიგება დაიდებოდეს – შესრულდება ამ გარიგების შემადგენლობა – გარიგების დადებასთან ერთად გამოთქმული თანხმობაც ნებართვად უნდა ჩაითვალოს.[2] საკუთრების გადაცემის სხვადასხვა აქტს შორის გამოთქმული თანხმობაც, მაგალითად, გარიგების დადებასა და 186 I მუხლით გათვალისწინებულ გადაცემას შორის, ნებართვად ითვლება.[3]

ნებართვასავალდებულო გარიგება, ანუ ისეთი თანხმობასავალდებულო გარიგება, რომლის მოწონებაც შეუძლებელია, არანამდვილია, თუ მისი დადება ხდება ამ ნებართვის გარეშე (59 I). ეს ძირითადად ცალმხრივი გარიგებების შემთხვევაში გვაქვს სახეზე (იხ. მუხ. 99, 45-ე ველი).

II. ნებართვის გაუქმება

1. გაუქმების შესაძლებლობა

2

ნებართვის, ისევე როგორც წარმომადგენლობის (109 ბ)) გამოხმობა მთავარი გარიგების დადებამდე, ჩვეულებრივ, შეუზღუდავად არის შესაძლებელი,[4] დამოუკიდებლად იმისა, ის გაცხადებულად გაიცა თუ კონკლუდენტური მოქმედებით.[5] ამ გადაწყვეტის უკან დგას ის მოსაზრება, რომ დათანხმებული არ უნდა შეიბოჭოს მის მიერ გაცემული ნებართვით იმაზე უფრო ადრე, ვიდრე მთავარი გარიგების მხარეები შეიბოჭებოდნენ.[6]

2. გაუქმების გაცხადება (გამოხმობა)

3

ნებართვის გამოხმობა, ისევე როგორც მისი გაცხადება, ხდება ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოხატვით, რომელიც ნამდვილია ადრესატთან მის მისვლასთან ერთად.[7] მისი გაცხადება შესაძლებელია ასევე კონკლუდენტური მოქმედებითაც.[8]

4

თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ ნებართვის მინიჭებისაგან განსხვავებით, მისი გაუქმების შესახებ ორივე მხარეს უნდა ეცნობოს. თუ კანონიერი წარმომადგენელი არასრულწლოვანს გაატანს ფულს შესაბამისი ნივთის საყიდლად (65 I), მაშინ მისი გამოხმობის შესახებ უნდა შეატყობინოს არა მხოლოდ არასრულწლოვანს, არამედ ასევე მის კონტრაჰენტსაც. ამგვარად, უზრუნველყოფილია მთავარი გარიგების ორივე მხარის ინტერესების დაცვა.[9] არასრულწლოვნის კონტრაჰენტი ხედავს რა კანონიერი წარმომადგენლის გადაცემულ ფულს (და შესაძლებელია ასევე მის წერილობით თანხმობას), უჩნდება ნდობა იმასთან დაკავშირებით, რომ არასრულწლოვანს აქვს შესაბამისი ნებართვა. ანუ, საბოლოო ჯამში, ნებართვის გაცემით წარმოშობილი ნდობის მომენტის გაქარწყლებისათვის არ კმარა მისი მხოლოდ ერთი მხარის მიმართ გამოხმობა. ამიტომაც კანონი ითვალისწინებს გაუქმების შესახებ ორივე მხარისათვის შეტყობინების აუცილებლობას. თუმცა, მეორე მხრივ, პრობლემურია გამოხმობა იმ შემთხვევაში, როდესაც მეორე მხარე საერთოდ არ არის ცნობილი – ვის წინაშე უნდა გამოიხმოს კანონიერმა წარმომადგენელმა ნასყიდობა, როდესაც არ იცის, თუ რომელ მაღაზიაში აპირებს არასრულწლოვანი ნივთის შეძენას? ამ პრობლემის თავიდან აცილების მიზნით მე-100 მუხლით გათვალისწინებული ორივე მხარის სავალდებულო შეტყობინების წესი მხოლოდ მაშინ უნდა გამოვიყენოთ, როდესაც მთავარი გარიგების ორივე მონაწილე ცნობილია. სხვა შემთხვევაში საკმარისად უნდა მივიჩნიოთ, თუ ნებართვის გამომხმობი ყველაფერს გააკეთებს, რათა მიმღების კონტრაჰენტს არ გაუჩნდეს ნებართვის არსებობის ნდობა. როდესაც მიმღებმა შეტყობინების გარეშეც იცოდა გამოხმობის შესახებ, ან არ იყო სახეზე საკმარისი საფუძველი ნებართვის არსებობის ვარაუდისათვის, არ არსებობს მე-100 მუხლით გათვალისწინებული წესის ბრმად გამოყენების აუცილებლობა.

5

ცალმხრივი გარიგების დადებისას ნებართვის გამოხმობის შესახებ უნდა ეცნობოს ნების გამოხატვის ადრესატს. მიუხედავად იმისა, რომ ის არ წარმოადგენს ტექნიკური გაგებით მეორე მხარეს, ნორმის მიზნიდან გამომდინარე, აქ მისი ანალოგიით გამოყენება მართებული ჩანს.

ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული სხვა პრინციპები გამოიყენება ასევე მისი გამოხმობისათვისაც იხ. 99-ე მუხლის კომენტარი.

3. გამოხმობის მომენტი

6

გაცემული ნებართვის გამოხმობა შესაძლებელია იმ გარიგების დადებამდე, რომლის ნამდვილობისათვისაც გაიცა ნებართვა. ეს გულისხმობს ამ მთავარი გარიგების ყველა წინაპირობის შესრულებას.[10] ნივთის გასხვისების ნებართვის გამოხმობა შეიძლება ნასყიდობისა და სანივთო შეთანხმების დადების შემდეგაც კი, თუ შემძენს ჯერ არ გადასცემია ნივთზე მფლობელობა (186 I).[11] თუმცა გამოხმობა გამორიცხულია, თუ გადაცემა ხდება მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების დათმობის მეშვეობით, ამ მოთხოვნის უფლების დათმობასთან ერთად.[12] უძრავი ნივთების შემთხვევაში გამოხმობა უკვე შეუძლებელია საჯარო რეესტრში შესაბამისი განცხადების წარდგენის შემდეგ.[13] გერმანულ სამართალში ამ მოსაზრებას ასაბუთებენ წარმომადგენლობის სამართალთან პარალელით, როდესაც სანივთო გარიგების ფორმის დაუცველად დადებასა და უძრავ ნივთზე საკუთრების გადაცემის სხვა წინაპირობების შესრულებამდე, რწმუნებულების გაქარწყლება ხელს არ უშლის საკუთრების გადასვლას.

7

თუკი ნებართვა გამცემმა გამოიხმო გარიგების დადებამდე, თუმცა მეორე მხარეს სამომავლო კონტრაჰენტის ნდობით უკვე განხორციელებული აქვს გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები, მას შეიძლება წარმოეშვას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა 317 II მუხლის შესაბამისად.[14]

4. გამოხმობის „გამოხმობა“

8

ერთხელ გაცემული ნებართვის თავიდან გაცემა ყოველთვის შესაძლებელია გარიგების დადებამდე, ისევე როგორც ამ გარიგების მოწონება, მისი ნებართვის გარეშე დადების შემთხვევაში.

III. ნებართვის გაქარწყლების სხვა შემთხვევები

9

მართალია, მე-100 მუხლი ნებართვის გაქარწყლებას მხოლოდ მისი გაუქმების მეშვეობით ითვალისწინებს, თუმცა შესაძლებელია მისი გაქარწყლება სხვა საფუძვლითაც. ნებართვა, რომელიც ცალმხრივ გარიგებას წარმოადგენს, შეიძლება დაიდოს გადადების ან გაუქმების პირობით, ასევე გარკვეული ვადით, რომლის გასვლის შემდეგაც ის არანამდვილია. მთავარი გარიგების არანამდვილობა, რომლის დასადებადაც გაიცა ნებართვა, ავტომატურად არ იწვევს ნებართვის გაქარწყლებას, ამ უკანასკნელის აბსტრაქტული ხასიათის გამო (იხ. მუხ. 99, 1-ლი ველი). ამასთან, თუკი ნებართვის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მხარეთა შორის არსებულ ურ- თიერთობაზე, მისი დასრულებით ავტომატურად გაუქმებულად ჩაითვლება ნებართვაც.[15]

10

ნებართვის მიმღების გარდაცვალებასაც არ მოსდევს ავტომატურად ნებართვის გაქარწყლება. ეს დამოკიდებულია იმ ურთიერთობის ხასიათზე, რის საფუძველზეც ხდება ნებართვის გაცემა. თუ მას საფუძვლად ედო დავალების ხელშეკრულება, მაშინ ნებართვა ქარწყლდება მარწმუნებლის გარდაცვალებასთან ერთად 109 დ) მუხლის ანალოგიით,[16] თუმცა შესაძლებელია მისი გადასვლა ნებართვის მიმღების მემკვიდრეებზე 722 II მუხლით გათვალისწინებული აუცილებელი ზომებისას. ნებართვა ყოველთვის ქარწყლდება, თუ ის პირად ხასიათს ატარებდა. ამისგან განსხვავებით, ნებართვა მიმღების გარდაცვალების შემდეგაც ძალაში რჩება, თუ მიმღებს ჰქონდა მისი მოთხოვნის უფლება. მაგალითად, თუ გამყიდველი მყიდველს ნივთის პირობადებული საკუთრების უფლებით გადაცემისას, მას ამ ნივთის შემდგომი გასხვისების უფლებას მიანიჭებს, ეს უფლება მყიდველის მემკვიდრეზეც გადადის.[17]

11

რაც შეეხება საპირისპირო შემთხვევას – ნებართვის გამცემის გარდაცვალებას – ამ დროს ნებართვა ჩვეულებრივ ძალაში რჩება.[18] თუ გამცემი მოგვიანებით კარგავს ნებართვის გაცემის უფლებამოსილებას, ეს, ჩვეულებრივ, აქარწყლებს მანამდე გაცემულ ნებართვას.[19]

12

თანხმობის გამცემი, რომელსაც გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან მეურვის თანხმობის გარეშე ნებისმიერი გარიგების დადება (გადახდისუუნარობის საქმისწარმოების შესახებ კანონის 21 II ა) მუხლი) ეკრძალება, კარგავს საკუთარი ქონების განკარგვის შესაძლებლობას ასევე სხვა პირების მეშვეობითაც (102) და ძალადაკარგულია ამასთან დაკავშირებით გაცემული ნებართვაც.

IV. ნებართვის გაუქმების გამორიცხვა

13

ნებართვის გაუქმებას შესაძლებელია გამორიცხავდეს კანონი, ან ეს გამორიცხული იყოს მხარეთა შეთანხმებით, ისევე როგორც გამოუხმობადი ნებართვის გაცემით.[20] დასაშვებია გაუქმების კონკლუდენტურად გამორიცხვაც. საეჭვოობისას, თუ ნებართვის გაცემა მოხდა მიმღების ინტერესებში, მისი გამოხმობა დაუშვებელია.[21] ამის მაგალითს წარმოადგენს პირობადებული საკუთრების შემძენის უფლება, გაასხვისოს ნივთი მისი პროფესიული საქმიანობის ფარგლებში.

V. სამართლებრივი შედეგები

14

ნებართვის გამოხმობა აქარწყლებს მის ნამდვილობას და ამის შემდეგ დადებული თანხმობასავალდებულო გარიგება, ისევე როგორც ზოგადად, ნებართვის გარეშე დადების შემთხვევაში, მერყევად ბათილია, რაც მხარეებს ჯერ კიდევ უტოვებს შესაძლებლობას, გადაარჩინონ გარიგება სათანადო პირის მხრიდან მოწონების მოპოვების გზით.[22] ნებართვის მიმღების კონტრაჰენტის ნდობის დაცვიდან გამომდინარე, ნებართვა უნდა დარჩეს ძალაში, სანამ არ მოხდება გამოხმობის უშუალოდ მის წინაშე გაცხადება მე-100 მუხლის მიხედვით (მე-4 ველი). მაგალითად, ყოველთვის, როდესაც გაცემულია ნებართვის საბუთი, ის ძალაშია ამ საბუთის დაბრუნებამდე.




  1. Flume, Allgemeiner Teil des Bürgerlichen Rechts II, 3. Aufl., 1979, 896.
  2. Müko/Bayreuther, BGB, 7. Aufl. 2015, § 183 Rn. 1.
  3. Müko/Bayreuther, BGB, 7. Aufl. 2015, § 183 Rn. 1.
  4. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი პირველი, მუხ, 99, გვ. 272.
  5. RGZ 133, 254.
  6. Bub, in Beck OK BGB, 39. Aufl., 2016, § 183 Rn. 1.
  7. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 99, გვ. 272.
  8. RGZ 133, 253.
  9. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 99, გვ. 272.
  10. Müko/Bayreuther, BGB, 7. Aufl. 2015, § 183 Rn. 12.
  11. BGH NJW 78, 696.
  12. BGH BB 1961, 881.
  13. BGH NJW 1998, 1484.
  14. ჭანტურია, შესავალი საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, 2000, გვ. 395-399; ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 407.
  15. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 99, გვ. 271.
  16. OLG Hamm NJW-RR 2003, 800.
  17. Müko/Bayreuther, BGB, 7. Aufl. 2015, § 183 Rn. 5.
  18. Maier-Reimer, in Erman BGB, 14. Aufl. 2014, § 183 Rn. 2.
  19. Medicus, Allgemeiner Teil des BGB, 10. Aufl., 2010, Rn. 1022.
  20. Müko/Bayreuther, BGB, 7. Aufl. 2015, § 183 Rn. 16.
  21. Müko/Bayreuther, BGB, 7. Aufl. 2015, § 183 Rn. 16.
  22. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 99, გვ. 271-272.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_100._წინასწარ_გაცემული_თანხმობა_(ნებართვა)&oldid=1836"