Gccc-logo.png


მუხლი 101. შემდგომი თანხმობა (მოწონება)

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 101. შემდგომი თანხმობა (მოწონება)


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

შემდგომ თანხმობას (მოწონებას) უკუქცევითი ძალა აქვს გარიგების დადების მომენტიდან, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი.

სარჩევი

I. ზოგადი დებულებები

1. ნორმის მიზანი და შინაარსი

1

მოწონება არის თანხმობასავალდებულო გარიგების დადების შემდეგ გამოთქმული თანხმობა.[1] ის არ წარმოადგენს მხოლოდ დროში გადაწეულ ნებართვას, არამედ სტრუქტურულად და ფუნქციურად დამოუკიდებელ სამართლებრივ ფიგურას.[2] ნებართვისაგან განსხვავებით, რომელიც უშუალოდ არ გარდაქმნის სამართლებრივ მდგომარეობას და მხოლოდ სამომავლო ეფექტით შემოიფარგლება, მოწონებას აქვს უშუალო სამართლებრივი შედეგები მხარეებისათვის და ასევე მთელ რიგ შემთხვევებში თავად მომწონებლისათვისაც (111, 102 II). მოწონებას აუცილებლად უნდა ახასიათებდეს გარე ეფექტი – თანხმობასავალდებულო გარიგების ნამდვილად ქცევა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერ ჩაითვლება მოწონებად.[3] მოწონება უკვე დადებული გარიგების ნამდვილად ქცევის მექანიზმი და არა ახალ გარიგებაზე გამოთქმული თანხმობაა,[4] ამიტომაც ის ჯერ კიდევ არსებულ გარიგებას უნდა ეხებოდეს – გარიგების დასრულების შემდგომ მოწონება უშედეგო ხდება (თუმცა შდრ. 28 ველი).[5] გარდა ამისა, მოცემული დანაწესი მოწონებას ანიჭებს უკუქცევით ძალასაც, რადგან მიიჩნევს, რომ თუ თანხმობასავალდებულო გარიგების მხარეებს დადების შემდეგ მისი ნამდვილობა სურთ, ეს ნამდვილობა ნასურვებია, როგორც წესი, დადების მომენტიდანვე.[6]

2

ერთხელ გაცემული მოწონების გამოხმობა ადრესატთან მისი მისვლის შემდეგ შეუძლებელია. ეს გამომდინარეობს არა იმდენად უკუდასკვნით მე-100 მუხლიდან, რამდენადაც მოწონების ზოგადი ფუნქციიდან, შესძინოს გარიგებას სამუდამო (გამოუხმობადი) ნამდვილობა. გარდა ამისა, ცალმხრივი გარიგების და ზოგადად, ნების გამოხატვის გამოხმობა შეუძლებელია მისი მისვლის შემდეგ, თუ ამას კანონი სპეციალურად არ ითვალისწინებს.[7]

2. გამოყენების სფერო

3

101-ე მუხლი, რომელიც აწესებს მოწონების უკუქცევით ეფექტს, პრაქტიკული თვალსაზრისით, ყველაზე მნიშვნელოვანი ნორმაა თანხმობის თავიდან.[8] გასათვალისწინებელია, რომ გარიგების მოწონება შეუძლებელია, თუ მას წინ უსწრებდა ცალსახა და საბოლოო უარი მოწონებაზე.[9] მოწონების უკუქცევითი ძალა, საბოლოო ჯამში, წარმოადგენს მხარეთა სავარაუდო ინტერესის ყველაზე მეტად შესატყვის, თუმცა მაინც მხოლოდ და მხოლოდ ზოგად წესს, საიდანაც დასაშვებია უამრავი გამონაკლისი, სწორედ მხარეთა ამ ინტერესიდან გამომდინარე.[10]

4

სხვა შემთხვევაში ძალაში რჩება ზოგადად თანხმობასთან და ასევე ნებართვასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული პრინციპები იხ. 99-ე და მე-100 მუხლების კომენტარი.

II. სამართლებრივი მდგომარეობა გარიგების მოწონებამდე

1. ნებართვის გარეშე დადებული თანხმობასავალდებულო გარიგება

ა) ზოგადი

5

თუ თანხმობასავალდებულო გარიგება იდება შესაბამისი ნებართვის გარეშე, ის მერყევად ბათილია (იხ. მუხ. 99 მე-2 ველი) და მისთვის ნამდვილობის მინიჭების ერთადერთი საშუალება მისი მოწონებაა.[11] მოწონება მერყევად ბათილ გარიგებას ვერ აქცევს ნამდვილად, თუ გარიგება არანამდვილია თანხმობის არარსებობის გარდა სხვა საფუძვლითაც, ან თანხმობის გაცემა შესაძლებელი იყო მხოლოდ ნებართვის ფორმით.[12]

6

მიუხედავად იმისა, რომ მერყევად ბათილი გარიგება არ არის ნამდვილი და არ წარმოშობს შესაბამის სამართლებრივ შედეგებს,[13] ის მაინც განსხვავდება თავიდანვე არარა გარიგებისაგან არა მხოლოდ იმით, რომ მისი მოწონებაა შესაძლებელი, არამედ იმითაც, რომ მხარეს ცალმხრივი ნების გამოხატვით აღარ შეუძლია მისგან გათავისუფლება. ეს უფლება მას მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში აქვს (64, 112).

7

რა თქმა უნდა, ყოველთვის არის შესაძლებელი გარიგების მერყევად ბათილი მდგომარეობის დასრულება მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მისი გაუქმებით.

ბ) ცალმხრივი გარიგება

8

რაც შეეხება ცალმხრივი გარიგების (იხ. მუხ. 99 45-46-ე ველები) მოწონების შესაძლებლობას, ამასთან დაკავშირებით მოსაზრებები ორად იყოფა.

9

ერთი მოსაზრების თანახმად[14] მიჩნეულია, რომ გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც კანონი თავად გამორიცხავს ცალმხრივი გარიგების მოწონების შესაძლებლობას (66 1), ყველა სხვა შემთხვევაში ნებართვის გარეშე დადებული თანხმობასავალდებულო გარიგების მოწონება შესაძლებელი უნდა იყოს და ეს გარიგებაც ამ მომენტამდე მერყევად ბათილია. ამ მოსაზრების გასამყარებლად უთითებენ იმ ფაქტზე, რომ 99 I, 101-ე მუხლები ცალმხრივ და ორმხრივ გარიგებებს შორის არ ასხვავებენ. 99 III მუხლიც მხოლოდ 66-ე მუხლის მე-2 და მე-3 წინადადებებზე უთითებს და არა ამ მუხლის პირველ წინადადებაზე, სადაც გამორიცხულია არასრულწლოვნის მიერ ნებართვის გარეშე დადებული ცალმხრივი გარიგების ნამდვილობა. გარდა ამისა, მთავარი განმაპირობებელი ნებართვის გარეშე დადებული ცალმხრივი გარიგების დადებისთანავე ბათილობისა, არის (მერყევად ბათილობით განპირობებული) გაურკვეველი მდგომარეობის თავიდან აცილება, რომელიც ამ ნების ადრესატს საკუთარი ნებით არ გამოუწვევია და რომელზეც მას ზემოქმედების საშუალება არ აქვს. თუმცა ამ ცალმხრივი ნების გამოხატვის ადრესატი, ამ მოსაზრების თანახმად, საკმარისად შეიძლება იყოს დაცული იმით, რომ მერყევად ბათილობის შესახებ შეტყობის მომენტიდანვე დაუთქვამს უფლებამოსილ პირს ვადას მოწონებისათვის, ხოლო, თუ თავიდანვე იცის, რომ გარიგება თანხმობასავალდებულო იყო, მაშინ უნდა აიტანოს კიდეც ეს ხსენებული გაურკვეველი მდგომარეობა.[15]

10

ეს მოსაზრება, საბოლოო ჯამში, არადამაჯერებელია. ცალმხრივი ნების გამოხატვის ადრესატის მხოლოდ ცოდნა ამ გარიგების თანხმობასავალდებულობის შესახებ და უფლებამოსილი პირისათვის მოწონებისათვის ვადის დაწესების შესაძლებლობა, ვერ უზრუნველყოფს მისი ინტერესების საკმარისად დაცვას. ამის გამო გასაზიარებელია გაბატონებული მოსაზრება,[16] რომლის მიხედვითაც ცალმხრივი გარიგება მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს მერყევად ბათილი, როდესაც ადრესატმა იცის, რომ ის თანხმობასავალდებულოა და პრეტენზიას არ გამოთქვამს. ყველა სხვა შემთხვევაში ის დადების მომენტიდანვე ბათილია.

11

ცალმხრივი გარიგების მოწონების უკუქცევით ძალასთან დაკავშირებით იხ. 27-ე ველი.

2. მერყევად ბათილი მდგომარეობა

ა) მერყევად ბათილი მდგომარეობის ხანგრძლივობა

12

კანონი (და ჩვეულებრივ, არა მხარეთა შეთანხმება) არ ითვალისწინებს მერყევად ბათილი მდგომარეობის თავისთავად დასრულების შესაძლებლობას მხოლოდ დროის გასვლის შედეგად, რაც ნიშნავს იმას, რომ უფლებამოსილი პირის მიერ გარიგების მოწონების შესაძლებლობა ფაქტობრივად დროში შეუზღუდავია და მისი გამოყენება შესაძლებელია გარიგების დადებიდან ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგაც.[17] მოწონებასავალდებულო გარიგება არ კარგავს ამ უნარს მხოლოდ იმის გამო, რომ მხარე არაფერს აკეთებს – არ ცდილობს მოწონების მოპოვებას – განსაკუთრებით მაშინ, თუ მას ამის ვალდებულება არ ეკისრება.

ბ) ვადიანი გარიგების მოწონება

13

თუ მოწონებისათვის გათვალისწინებულია ვადა, ამ ვადის გასვლის შემდეგ გარიგების მოწონება შეუძლებელია. გარდა ამისა, გერმანული სასამართლო პრაქტიკა[18] მოწონების შესაძლებლობას გამორიცხავს ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც თავად მოწონებასავალდებულო გარიგება იყო ვადიანი და ეს ვადა უშედეგოდ ამოიწურა, რადგან ვადის გასვლის შემდეგ აღარ არსებობს უკვე თავად ეს გარიგება. მიუხედავად ამ გადაწყვეტასთან დაკავშირებით გამოთქმული კრიტიკისა,[19] ეს პრაქტიკა საქართველოშიც გასაზიარებელი ჩანს.

14

ცალსახაა, რომ ვადის გასვლის შემდეგ მოწონება უნდა გამოირიცხოს, როდესაც ის ეწინააღმდეგება მთავარი გარიგების ვადის დათქმის მიზანს. თანხმობასავალდებულო გამოსყიდვის უფლების მოწონება შესაძლებელია მხოლოდ 517 III მუხლით გათვალისწინებულ ვადაში.[20] დამატებითი ვადის დაწესების მოწონებაც 394 II 1 და 405 I 1 მუხლების მიხედვით შეუძლებელია ამ ვადის გასვლის შემდეგ.[21]

15

იგივე წესი უნდა გავრცელდეს ვადიან ოფერტზეც, რომელიც ქარწყლდება იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არაუფლებამოსილი წარმომადგენელი მას მიიღებს, მაგრამ წარმოდგენილი მას შესაბამის ვადაში არ მოიწონებს.[22]

III. მოწონების წინაპირობები

1. მოწონების შინაარსი

16

მოწონებით ხდება გარიგებაზე თანხმობის გამოთქმა მისი დადების შემდეგ და უნდა ეხებოდეს ამ გარიგების მთლიან შინაარსს ისე, როგორც მხარეებმა დადეს ეს გარიგება, თუმცა, თუ გარიგება დანაწევრებადია, შესაძლებელია მისი ნაწილობრივი მოწონებაც მხარეთა სავარაუდო ნებისდა შესაბამისად (62). მოწონების შეზღუდულად, პირობადადებულად ან განვრცობილად გაცხადების შემთხვევაში სახეზე გვაქვს მასზე უარი (333 II), რომლის განმარტებაც შესაძლებელია ახალი გარიგების დადების ნებართვად (52).[23] მოწონებაზე შესაბამისად გამოიყენება ფალსა დემონსტრატიო-ს პრინციპი (იხ. მუხ. 52 მე-10 ველი).[24]

17

ჩვეულებრივ, მოწონების, ისევე როგორც ყველა სხვა ცალმხრივი გარიგების დადება, შეუძლებელია პირობადებულად. გარდა ამისა, მოწონებას – ნებართვისგან განსხვავებით – აქვს პირდაპირი გარდაქმნითი ეფექტი (უშუალოდ წარმოშობს ან აქარწყლებს უფლებებს), რასთანაც ზოგადად ასევე შეუთავსებელია მისი პირობადებულად გაცხადება.[25] თუმცა გამონაკლისის სახით პირობის დათქმა დასაშვებია. მაგალითად, რაიხის სასამართლომ[26] დასაშვებად მიიჩნია ვალის გადაკისრების პირობადებულად მოწონება. გამომდინარე იქიდან, რომ მოწონება თანხმობასავალდებულო გარიგების ნამდვილობის წინაპირობაა, ცალსახად შეუძლებელია ისეთი მთავარი გარიგების მოწონების პირობადებულად გაცხადება, რომელსაც თავად არ შეიძლება დაედოს პირობა, მაგალითად, ცალმხრივ გარდაქმნით გარიგებას (ხელშეკრულების მოშლა, შეცილება და ა. შ.).

18

გერმანულ იურიდიულ ლიტერატურაში კამათის საგანს წარმოადგენს, შესაძლებელია თუ არა მოწონების ნამდვილობის ისეთ გაუქმების პირობაზე (97) დამოკიდებულად ქცევა, რომლის დადგომაც მეორე მხარი ძალაუფლების სფეროშია. მაგალითად, მომწონებელმა თავისი მოწონების ნამდვილობა დამოკიდებული გახადოს მეორე მხარის საპირისპირო შესრულებაზე, ან ნივთის განკარგვიდან მიღებული მოგების დაბრუნებაზე (982 I).[27] თუმცა ეს მოსაზრება უკუსაგდებია სამართლებრივი სტაბილურობისა და სიცხადის გამო. პირობის დადგომა მხოლოდ არაუფლებამოსილი პირის, მაგალითად, არაუფლებამოსილი განმკარგავის ხელშია, თუმცა მოწონების ეფექტი ეხება ასევე ნივთის ამ არაუფლებამოსილი პირისაგან შემძენსაც, რომლის ინტერესებშიც დაუშვებელი უნდა იყოს პირობის დადებით გამოწვეული არასტაბილურობა.[28]

2. მოწონების მომენტი

ა) უფლებამოსილება მოწონების მისვლის მომენტისათვის

19

მომწონებელს ის უფლებამოსილება, რომლის გარეშეც დადებული გარიგება მხოლოდ მერყევად ბათილია, უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ გარიგების დადების, არამედ მოწონების მეორე მხარესთან მისვლის მომენტშიც.[29] მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი გარიგების მერყევად ბათილი მდგომარეობის დასრულება და მისი ნამდვილად ქცევა. ის, თუ ვის აქვს კონკრეტულ მომენტში გარიგების მოწონების უფლებამოსილება, განისაზღვრება გარიგების შინაარსისა და მისი თანხმობასავალდებულობის განმაპირობებელი დანაწესიდან გამომდინარე.[30] თუ არასრულწლოვნის მიერ გარიგების დადების შემდეგ იცვლება მისი კანონიერი წარმომადგენელი, მაშინ მოწონების უფლებამოსილებაც მხოლოდ ამ ახალ წარმომადგენელს აქვს და არა გარიგების დადების მომენტში მის იმჟამინდელ წარმომადგენელს.[31] თუ არასრულწლოვანი სრულწლოვანი ხდება, გარიგების მოწონების აუცილებლობაც ქარწყლდება.

20

თუ, მაგალითად, არაუფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებულ განკარგვას ეხება საქმე (102), რომელიც მესაკუთრემ უნდა მოიწონოს, ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ პირი მესაკუთრე იქნება არა მხოლოდ განკარგვის, არამედ ასევე მოწონების მომენტშიც, რადგან სხვა შემთხვევაში თავისი მოწონებით სხვა უფლებამოსილი პირის სამართლებრივ სფეროში ჩაერეოდა – კოლიდირებს სხვის უფლებასთან, საკუთრების კეთილსინდისიერად შეძენის პრინციპების გვერდის ავლით. ამ გადაწყვეტას არ ცვლის არც 101-ე მუხლში გათვალისწინებული უკუქცევითი ეფექტი, რადგან ის წარმოადგენს მხოლოდ მოწონების სამართლებრივ შედეგს და არა წინაპირობების უკუქცევის ძალით პროეცირების მექანიზმს.[32]

21

ზემოთ თქმულის საპირისპიროდ, არ არის აუცილებელი, რომ მომწონებელი უკვე გარიგების დადების მომენტში იყოს უფლებამოსილი, თუმცა ამ უფლებამოსილების მხოლოდ გარიგების დადების შემდეგ მოპოვების შემთხვევაში მისი მოწონებაც მხოლოდ ამ მომენტიდან მოქმედებს.[33] თავის მხრივ სხვაგვარად არის საქმე, თუ მოწონების უფლებამოსილება საზედამხედველო უფლებამოსილებიდან გამომდინარეობს. მაგალითად, გადახდისუუნარობის საქმისწარმოების შესახებ კანონის მიხედვით დანიშნული მეურვის მოწონებას შეუზღუდავი უკუქცევითი ძალა აქვს.[34]

ბ) გამონაკლისი და მოთხოვნის უფლება 982 I, II მუხლის მიხედვით

22

ხსენებული პრინციპიდან, რომლის მიხედვითაც მომწონებელი მოწონების მომენტში უნდა იყოს უფლებამოსილი, რამდენიმე გამონაკლისი დაიშვება: მესაკუთრეს აქვს ნივთის განადგურების მიუხედავად არანამდვილი განკარგვის მოწონების შესაძლებლობა, რათა ამით მოიპოვოს 982 I, II მუხლის მიხედვით განკარგვის სასყიდლის გამოთხოვის შესაძლებლობა (იხ. მუხ. 102 21-ე ველი).[35] აქ, მართალია, არ გვაქვს ზემოთ ხსენებული კოლიზია, როდესაც „თავის დროზე“ უფლებამოსილი პირის მოწონების უფლება კოლიდირებს „ამჟამად“ უფლებამოსილი პირის სამართლებრივ სფეროსთან, თუმცა გამონაკლისის სახით ეს კოლიზიაც დასაშვებია. თუ მოპარული ნივთის ქურდისაგან შემძენი მოიპოვებს მასზე საკუთრებას გადამუშავების ან შერწყმა-შერევის გზით, თავდაპირველ მესაკუთრეს შეუძლია აქ გამონაკლისის სახით ქურდის განკარგვა მოიწონოს და ამგვარად, ისევ გამოითხოვოს სასყიდელი 982 I, II მუხლის მიხედვით.[36] ამ გადაწყვეტას გერმანულ იურიდიულ ლიტერატურაში[37] ასაბუთებენ იმ არგუმენტით, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მესაკუთრე „მშრალზე“ დარჩებოდა, ვერ მიიღებდა რა, ვერც ნივთს ვინდიკაციით (ნივთის არარსებობის გამო) და ვერც მის სასყიდელს 982 I, II მუხლით გათვალისწინებული კონდიქციური მოთხოვნით, რომლის ფუნქციაც სწორედ რომ დაკარგული ვინდიკაციის ჩანაცვლებაა და რომელსაც აქ ვერ გამოვიყენებდით, მოწონების გარეშე ქურდის მხრიდან განკარგვა არ იქნებოდა რა ნამდვილი მესაკუთრის მიმართ. ამ გადაწყვეტით კანონმდებელი უზრუნველყოფს მესაკუთრის მიერ, თუ ნივთის არა, კომპენსაციის სახით მისი სასყიდლის დაბრუნების შესაძლებლობას მაინც და მიუხედავად გერმანულ დოქტრინაში მისი განსხვავებულად დასაბუთების მცდელობისა,[38] შედეგის მხრივ ის მაინც საყოველთაოდ აღიარებულია.

გ) გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღება

23

თუ მოწონების უფლებამოსილი პირის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება მიღებულია სასამართლო წარმოებაში (შდრ. ნებართვასთან დაკავშირებით მუხ. 100 მე-12 ველი) და გარიგება ეხება მომწონებლის ქონებრივ ურთიერთობას, ის კარგავს ამ მოწონების უფლებამოსილებას გადახდისუუნარობის საქმისწარმოების შესახებ კანონის 21 II ა) მუხლის მიხედვით. მოვალეს არ შეუძლია არც საკუთარი არაუფლებამოსილი წარმომადგენლის მოქმედების და არც არაუფლებამოსილი პირის მიერ მისი კუთვნილი ნივთის განკარგვის (102 II) მოწონება.[39] ამის საპირისპიროდ მესამე პირი ინარჩუნებს გადახდისუუნაროს ქონებასთან დაკავშირებული გარიგების მოწონების შესაძლებლობას.[40]

დ) კონკლუდენტური მოწონება ვალდებულების შესრულებით

24

თუ მოწონების უფლებამოსილის მქონე პირი ასრულებს მოწონებასავალდებულო გარიგებას, ეს ჩვეულებრივ წარმოადგენს კონკლუდენტურ მოწონებას (იხ. მაგალითები მუხ. 99, 30-ე ველი).[41] თუ შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულები იღებენ ხელფასს და ირიცხებიან შესაბამის საკალათბურთო კლუბის შემადგენლობაში, ეს წარმოადგენს კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან გარიგების კონკლუდენტურ მოწონებას.[42] სხვა შემთხვევაში, როდესაც დამქირავებლის მიერ გაწეული რემონტის საფასური გამქირავებელმა მის მეუღლეს გადაუხადა და ისიც ნაწილობრივ, დამქირავებლის მხრ იდან საპასუხო უმოქმედობა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ[43] 101-ე მუხლის მიხედვით კონკლუდენტურ მოწონებად მიიჩნია. ეს გადაწყვეტა ბოლომდე გამართული არ არის. პირველ რიგში, აქ ადგილი ჰქონდა არა გარიგების მოწონებას, რაც არის 101-ე მუხლის პირდაპირი გამოყენების წინაპირობა, არამედ არაუფლებამოსილი პირის მიერ უფლებამოსილისათვის განკუთვნილი შესრულების მიღებას, რაზეც 373 II მუხლის მიხედვით ანალოგიით გამოიყენება 99-102-ე მუხლები (შდრ. მუხ. 102 მე-7 ველი). რაც შეეხება შეპირებულის ნაცვლად გაწეული სამუშაოების მეოთხედი ღირებულების გადახდას, აქ საერთოდ შეუძლებელი იყო მოწონების პრინციპების გამოყენება, რადგან საქმე არ ეხებოდა გარიგებას. ერთადერთი, რაზეც უნდა ემსჯელა სასამართლოს, ეს იყო კონკლუდენტური ვალის პატიება (448), თუმცა უბრალოდ უმოქმედობით კონლუდენტური პატიების დაშვება შეუძლებელია, რადგან ამ შემთხვევაში წაიშლებოდა საზღვრები კონკლუდენტურ პატიებასა და მოთხოვნის პრეკლუზია-ხანდაზმულობას შორის.

IV. მოწონების სამართლებრივი შედეგები

1. მოწონების რეტროსპექტიული (უკუქცევითი) ძალა

25

მოწონებას, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, აქვს რეტროსპექტიული (უკუქცევითი) ძალა და ნამდვილად აქცევს გარიგებას დადების მომენტიდან. ეს უკუქცევითი ძალა მოქმედებს, როგორც მავალდებულებელი (26-ე ველი), ასევე განკარგვითი (28-ე ველი) და გარდაქმნითი გარიგებების (მაგ., გასვლა) შემთხვევაში.

ამგვარად, თუ მომწონებელი გარიგების დადებასა და მოწონების გაცხადებას შორის შუალედში დაკარგავს იმ უფლებამოსილებას, საიდანაც გამომდინარეობს მის მიერ გარიგების მოწონების შესაძლებლობა, ეს მოწონებაც გამოირიცხება.[44]

ა) მავალდებულებელი გარიგება

26

თანხმობასავალდებულო მავალდებულებელი გარიგების (იხ. მუხ. 50 მე-15 ველი) მოწონებისას ამ გარიგებიდან წარმომდგარი მოთხოვნის უფლება წარმოიშობა და ნამდვილია მისი დადების მომენტიდან.[45] ამის საპირისპიროდ ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება მოწონების მომენტიდან, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადაში ჩაითვლებოდა ის დროს, რაც დროის განმავლობაშიც კრედიტორი მოკლებული იყო შესაძლებლობას სასამართლო წესით განეხორციელებინა საკუთარი მოთხოვნის უფლება, ეს კი შეუთავსებელი იქნებოდა 132 ბ) მუხლში მოცემულ პრინციპთან. თავის მხრივ, არც თანხმობასავალდებულო ნების გამოხატვით არის შესაძლებელი ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერება.[46] იგივე წესი ვრცელდება მოვალისა და კრედიტორის ვადის გადაცილებაზეც, აქაც ორივე მხოლოდ მოწონების შემდეგ შედის ძალაში.[47] მაშინაც კი, თუ მხარეებმა შესრულების თარიღი კალენდრის მიხედვით განსაზღვრეს, ამ თარიღის დადგომასთან ერთად მოვალე ვადაგადაცილებულია მხოლოდ მაშინ, თუ გარიგების მოწონება უკვე მანამდე განხორციელდა.[48]

ბ) ცალმხრივი გარიგებები

27

თანხმობასავალდებულო ცალმხრივი გარიგების მოწონება, მისი ნებართვის გარეშე დადების შემდეგ, მხოლოდ გამონაკლისის სახით არის შესაძლებელი (იხ. მუხ. 99 45-46 ველები, 8-10 ველები), თუმცა მოწონებას ამ დროს, როგორც წესი, უკუქცევითი ძალა აქვს.[49] თავად ამ გამონაკლისიდანაც დაიშვება გამონაკლისი – თუ ცალმხრივი გარიგებით ვადის დათქმა ხდება (მოშლა, რომელიც გაცხადებიდან სამი თვის შემდეგ ასრულებს ხელშეკრულებას), ვადის ათვლა იწყება არა ცალმხრივი გარიგების დადების, არამედ მისი მოწონების მომენტიდან. გერმანიის ფედერალური სასამართლო[50] ითვალისწინებს არაუფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ 394 II 1 და 405 I 1 მუხლებით გათვალისწინებული ვადის დაწესების მოწონების შესაძლებლობას, თუმცა მას არ გააჩნია ეხ ტუნც (ანუ უკუქცევითი) მოქმედება.[51]

გ) განკარგვითი გარიგება

28

განკარგვითი გარიგება, რომლითაც უფლებამოსილი პირი ცვლის უკვე არსებულ უფლებას (იხ. მუხ. 50 მე-17 ველი), ასევე შეიძლება იყოს თანხმობასავალდებულო. 183-ე მუხლის მიხედვით, უძრავ ნივთზე საკუთრების განკარგვის მოწონებისათვის აუცილებელია არა მხოლოდ გარიგების არსებობა, არამედ ასევე შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. წერილობითი ფორმით დადებული გარიგება და საჯარო რეესტრში რეგისტრაცია ამ შემთხვევაში ერთ მთლიანობას ქმნის და მათი მხოლოდ ერთობლიობაში მოწონებაა შესაძლებელი.[52] თუმცა რეგისტრაციის გარეშეც შესაძლებელია, რომ მოწონება განიმარტოს ნებართვად საკუთრების გადაცემისათვის, რომლის წინაპირობებიც (რეგისტრაციის არარსებობის გამო) ჯერ კიდევ სრულად არ არის სახეზე.

29

თუ შესაბამისი ნებართვის გარეშე დარეგისტრირებული პირი თავის მხრივ კიდევ ერთხელ განკარგავს ნივთს და მეორე შემძენი მოიპოვებს საკუთრებას როგორც კეთილსინდისიერი შემძენი, 185-ე მუხლის მიხედვით, მაშინ თავდაპირველი განკარგვის მოწონება უკვე შეუძლებელია, რადგან ამ მომენტისათვის მეორე შემძენი უკვე მესაკუთრეა.[53] მოწონება შესაძლებელია და თავის ფუნქციას ინარჩუნებს მხოლოდ ამ მეორე შემძენის არაკეთილსინდისიერების დროს. ამ შემთხვევაში ის უკუქცევითი ძალით ნამდვილად აქცევს პირველ განკარგვას, რის შემდეგაც მეორე განკარგვა უკვე უფლებამოსილი პირის მიერ ხდება.

30

იგივე პრინციპი ვრცელდება მოძრავ ნივთზე (186) საკუთრების გადაცემაზე, აქაც საკუთრების გადაცემის გარიგების, როგორც ერთი მთლიანობის, მოწონება შეიძლება მხოლოდ ნივთის გადაცემის შემდეგ.

2. მოწონების პროსპექტიული ძალა

31

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებელი 101-ე მუხლში მოწონებას რეტროსპექტიულ (უკუქცევით) ძალას ანიჭებს, ის ითვალისწინებს ასევე გამონაკლისსაც, როდესაც მოწონებას მხოლოდ მომავლისაკენ მიმართული (პროსპექტიული) ძალა აქვს. ამ შემთხვევაში მოწონება მოქმედებს ისე, როგორც გადადების პირობის დადგომა, თუმცა, რა თქმა უნდა, გამოიყენება არა 96-ე მუხლი, არამედ 99-ე და შემდეგი მუხლები.[54] გარდა იმისა, რომ ეს პროსპექტიული ეფექტი შეიძლება თავად კანონით იყოს გათვალისწინებული, მხარეთა შეთანხმებამაც შეიძლება გამორიცხოს მოწონების უკუქცევით ძალა ამ ნორმის დისპოზიციური ხასიათიდან გამომდინარე. მხარეთა შეთანხმებით გამორიცხვა შესაძლებელია კონკლუდენტურადაც მოხდეს,[55] თუმცა საეჭვოობისას, ჩვეულებრივ, უკუქცევითი ეფექტი მხარეთა მიერ ნასურვებად მიიჩნევა.[56] მტკიცების ტვირთს უკუქცევითი ეფექტის გამორიცხვასთან დაკავშირებით ატარებს ის პირი, რომელსაც აწყობს მისი გამორიცხვა.[57]

სასამართლო გადაწყვეტილებით მოწონების დავალდებულებას, ჩვეულებრივ, უკუქცევითი ეფექტი გააჩნია.[58]




  1. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 101, გვ. 273.
  2. Müko/Bayreuther, BGB, 7. Aufl. 2015, § 184 Rn. 1.
  3. LAG Thüringen BeckRS 2011, 65685.
  4. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 101, გვ. 273.
  5. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 408.
  6. Bub, in Beck OK BGB, 39. Aufl., 2016, § 184 Rn. 1.
  7. Müko/Bayreuther, BGB, 7. Aufl. 2015, § 184 Rn. 2; Bub, in Beck OK BGB, 39. Aufl., 2016, § 184 Rn. 1.
  8. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 101, გვ. 273.
  9. Bub, in Beck OK BGB, 39. Aufl., 2016, § 184 Rn. 1.
  10. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 101, გვ. 273.
  11. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 101, გვ. 273.
  12. Müko/Bayreuther, BGB, 7. Aufl. 2015, § 184 Rn. 3.
  13. ჭანტურია, შესავალი საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, 2000, გვ. 399.
  14. Medicus, Allgemeiner Teil des BGB, 2010, Rn. 1018; OLG ZweibrOcken NJW-RR 1996, 711.
  15. Bub, in Beck OK BGB, 39. Aufl., 2016, § 184 Rn. 1.
  16. RGZ 146, 316; BAG NJW 1978, 75; BGHZ 11, 37; OGH NJW 1949, 671.
  17. OLG Stuttgart NJW 1954, 36: შესაძლებლად ჩათვალა გარიგების 30 წლის შემდეგ მოწონებაც კი.
  18. შდრ. BGH NJW 1973, 1790.
  19. შდრ. Müko/Bayreuther, BGB, 7. Aufl. 2015, § 184 Rn. 6.
  20. BGH NJW 1960, 1805.
  21. BGH NJW 2000, 506.
  22. Müko/Bayreuther, BGB, 7. Aufl. 2015, § 184 Rn. 7.
  23. Müko/Bayreuther, BGB, 7. Aufl. 2015, § 184 Rn. 10.
  24. OLG Dusseldorf NJW-RR 1995, 784.
  25. Bub, in Beck OK BGB, 39. Aufl., 2016, § 184 Rn. 4.
  26. RG HRR 1928, Nr. 1559.
  27. Wilckens, AcP 157 (1958/1959), 399.
  28. Müko/Bayreuther, BGB, 7. Aufl. 2015, § 184 Rn. 11.
  29. Müko/Bayreuther, BGB, 7. Aufl. 2015, § 184 Rn. 19.
  30. Bub, in Beck OK BGB, 39. Aufl., 2016, § 182 Rn. 5.
  31. Bub, in Beck OK BGB, 39. Aufl., 2016, § 182 Rn. 5.
  32. Flume, Allgemeiner Teil des Bürgerlichen Rechts II, 3. Aufl., 1979, 909.
  33. Finkenauer, AcP 2.03 (2003), 282; Medicus, Allgemeiner Teil des BGB, 2010, Rn. 1028.
  34. Müko/Bayreuther, BGB, 7. Aufl. 2015, § 184 Rn. 22.
  35. BGH NJW 1971, 1452.
  36. BGH NJW 1971, 1452.
  37. Medicus, Allgemeiner Teil des BGB, 2010, Rn. 1029.
  38. Müko/Bayreuther, BGB, 7. Aufl. 2015, § 184 Rn. 231.
  39. Bub, in Beck OK BGB, 39. Aufl., 2016, § 182 Rn. 6.
  40. BGH NJW-RR 2009, 706.
  41. Müko/Bayreuther, BGB, 7. Aufl. 2015, § 184 Rn. 5.
  42. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 07 ოქტომბრის განჩინება № ას-483-457-2015.
  43. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის განჩინება № 3კ/382-01.
  44. Müko/Bayreuther, BGB, 7. Aufl. 2015, § 184 Rn. 21.
  45. OLG Karlsruhe NJW-RR 1986, 57.
  46. Müko/Bayreuther, BGB, 7. Aufl. 2015, § 184 Rn. 13.
  47. OLG Restock NJW 1995, 3127.
  48. BGH NJW 2001, 366.
  49. OLG Zweibrucken NJW-RR 1996, 712.
  50. BGHZ 143, 41.
  51. Müko/Bayreuther, BGB, 7. Aufl. 2015, § 184 Rn. 14.
  52. Müko/Bayreuther, BGB, 7. Aufl. 2015, § 184 Rn. 16.
  53. Müko/Bayreuther, BGB, 7. Aufl. 2015, § 184 Rn. 17.
  54. Müko/Bayreuther, BGB, 7. Aufl. 2015, § 184 Rn. 30.
  55. BGH NJW 1990, 508.
  56. BGH NJW 1965, 41.
  57. Müko/Bayreuther, BGB, 7. Aufl. 2015, § 184 Rn. 29.
  58. Müko/Bayreuther, BGB, 7. Aufl. 2015, § 184 Rn. 29.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_101._შემდგომი_თანხმობა_(მოწონება)&oldid=1880"