Gccc-logo.png


მუხლი 102. საგნის განკარგვა არაუფლებამოსილი პირის მიერ

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 102. საგნის განკარგვა არაუფლებამოსილი პირის მიერ


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. საგნის განკარგვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ნამდვილია, თუკი იგი ხორციელდება უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობით.

2. განკარგვა ხდება ნამდვილი, თუ უფლებამოსილი პირი მას მოიწონებს.

I. ზოგადი დებულებები

1. ნორმის მიზანი და შინაარსი

1

მოცემული დანაწესი აწესრიგებს ორ შემთხვევას, როდესაც საგნის განკარგვა არაუფლებამოსილი პირის მიერაც ნამდვილია. ეს შესაძლებელია უფლებამოსილი პირის მხოლოდ თანხმობის (102 I) ან მოწონების (102 II) შემთხვევაში. ამასთან, ეს მეორე შემთხვევა უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ის უფლებამოსილ პირს განმკარგავისაგან სარგებლის მოთხოვნის უფლებას ანიჭებს.[1]

2. გამოყენების სფერო

2

მოწონების შემთხვევა, როდესაც არაუფლებამოსილი პირი საკუთარი სახელით დებს გარიგებას და ეს გარიგება ნამდვილია უფლებამოსილი პირის მიერ მასზე თანხმობის გამოთქმის მომენტიდან, ჰგავს წარმომადგენლობის შემთხვევას, როდესაც ერთი პირი საკუთარი მოქმედებით მეორეს მოუპოვებს სამართლებრივ პოზიციებს (შდრ. ქვევით 10-ე ველი).[2] თუმცა მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაც არსებობს, განკარგვის მიმღებისათვის შეუცნობადი რჩება, რომ განმკარგავი ამით სხვის სამართლებრივ სფეროში იჭრება. ამგვარად, განკარგვისას სახეზე არ გვაქვს წარმომადგენლობისათვის დამახასიათებელი საჯაროობის მომენტი, რასაც ამართლებენ იმაზე მითითებით, რომ განკარგვის მიმღებს ჩვეულებრივ არ აქვს ინტერესი იცოდეს, თუ ვინ ფლობდა ამ განკარგვის უფლებამოსილებას,[3] ეს პირი არ ხდება მისი პერსონალური მოვალე.

3

102 II მუხლი ითვალისწინებს განმკარგავის უფლებამოსილების ნაკლის ე. წ. „მორჩენის“ შესაძლებლობას – უფლებამოსილი პირის მიერ მის მოწონებას.[4] მოწონების მომენტიდან მთავრდება გარიგების მერყევად ბათილი მდგომარეობა.[5]

4

ნორმის ანალოგიით გამოყენებასთან დაკავშირებით შდრ. მე-7 ველი.

II. განკარგვა

1. განკარგვა

5

განკარგვის ზუსტი დეფინიცია გერმანულ სამართალს უნდა დავესესხოთ (თუმცა შდრ. ასევე მუხ. 50 მე-17 ველი). განკარგვა 102-ე მუხლის გაგებით წარმოადგენს გარიგებას, რომელიც პირდაპირ ზემოქმედებს სანივთო უფლებაზე ან სამართლებრივ ურთიერთობაზე, მისი სხვისთვის გადაცემის, გაუქმების, დატვირთვის ან შინაარსობრივი ცვლილების გზით.[6] განმკარგავად ითვლება პირი, რომელიც ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე განკარგვის მიმღებს გადასცემს რაიმე უფლებას.[7] განკარგვის ყველაზე ტრაფარეტული შემთხვევებია ნივთზე საკუთრების გადაცემა, მისი შეზღუდული სანივთო უფლებით დატვირთვა,[8] მოთხოვნის უფლების დათმობა,[9] ნივთის ან უფლების დაყადაღება. განკარგვას წარმოადგენს ასევე გაქვითვის ხელშეკრულება,[10] თუმცა გაქვითვის, როგორც ცალმხრივი გარიგების (442), მოწონება შეუძლებელია 102-ე მუხლის მიხედვით, რადგან ის თავიდანვე ბათილია (იხ. მე-8 ველი). თავად მოწონებაც 102-ე მუხლის გაგებით წარმოადგენს განკარგვას. ასევე ისეთი ცალმხრივი გარიგებები, როგორიც არის საკუთრების მიტოვება (184) (იხ. მუხ. 50 მე-17 ველი).

6

მავალდებულებელი გარიგების დადება (იხ. მუხ. 50 მე-15 ველი), ასევე ყველა იმ გარიგებისა, რომელიც პირდაპირ არ ზემოქმედებს კონკრეტული უფლების მდგომარეობაზე, არ ითვლება განკარგვად.[11] ქართული სასამართლო პრაქტიკა ამ პრინციპს ბოლომდე ვერ იაზრებს, მოიხსენიებს რა ჩუქების[12] ან ნასყიდობის[13] ხელშეკრულებებს განკარგვად 102-ე მუხლის გაგებით. ეს ცალსახად არასწორია, პირს შეუძლია გაყიდოს ის ნივთი, რომელიც სხვის საკუთრებაშია, მესაკუთრის თანხმობის გარეშე ისე, რომ ეს ზეგავლენას არ მოახდენს ნასყიდობის ნამდვილობაზე. თუ მყიდველს შემდგომში ვერ გადასცემს შეპირებულ საკუთრებას, თავს გაიხდის ზიანის ანაზღაურების მოვალედ ნასყიდობიდან. ქართული სასამართლო ასევე შესაძლებლად მიიჩნევს 322-ე და 102-ე მუხლების ერთსა და იმავე გარიგებაზე გავრცელებას,[14] რაც ასევე არასწორია. 322-ე ეხება მხოლოდ ვალდებულებით გარიგებებს.

2. ანალოგიით გამოყენება

7

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი გარიგება და სამართლებრივი მოქმედება არ წარმოადგენენ განკარგვას ზემოთ ხსენებული გაგებით, მათზე მაინც შესაძლებელია 102-ე მუხლის ანალოგიით გავრცელება, თუ ეს გარიგება იდება არაუფლებამოსილი პირის მიერ.[15] ამ განვრცობის შესა- ძლებლობას ითვალისწინებს თავად კანონიც. მაგალითად, 373 II მუხლის მიხედვით, არაუფლებამოსილი პირის მიერ სხვისთვის განკუთვნილი შესრულების მიღება მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს კრედიტორის მიმართ შესრულებად, თუ სახეზეა ამ კრედიტორის თანხმობა, რაც 99-102-ე მუხლებთან გვაბრუნებს.[16]

8

განკარგვით გარიგებებს არ განეკუთვნება ისეთი (გარდაქმნითი) უფლებები, როგორიც არის შეცილება, გასვლა ან ხელშეკრულების მოშლა, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი თავიანთი ეფექტით საკმაოდ ახლოს დგანან მასთან, მათზე ანალოგით გამოიყენება 102 I მუხლი,[17] მაგრამ არ გამოიყენება ამავე მუხლის მე-2 ნაწილი, რადგან ამ ცალმხრივი გარიგების მოწონება შეუძლებელია (შდრ. ზემოთ მე-5 ველი).[18] გამონაკლისის სახით შეცილების ადრესატმა უნდა აიტანოს მერყევი მდგომარეობით გამოწვეული გაურკვევლობა, თუ იცოდა განმცხადებლის არაუფლებამოსილების შესახებ და არ გაუპროტესტებია ის.[19]

9

102-ე მუხლი ანალოგიით ვრცელდება ნივთებთან და უფლებებთან დაკავშირებულ იძულებითი აღსრულების ღონისძიებებზე, როგორიც არის, მაგალითად, ქონების დაყადაღება.[20]

3. განსხვავება წარმომადგენლობისაგან

10

არაუფლებამოსილი განმკარგავი განკარგვისას უნდა მოქმედებდეს საკუთარი სახელით,[21] რაც განასხვავებს კიდეც მას უფლებამოსილების გარეშე მოქმედი წარმომადგენლისაგან, რომელიც სხვისი სახელით მოქმედებს.[22] თუ პირი განკარგვით ან სხვაგვარ გარიგებას დებს სხვისი სახელით, უფლებამოსილ პირს ამ გარიგების მოწონება მხოლოდ 111-ე მუხლის მიხედვით შეუძლია. 102-ე მუხლი აქ აღარ გამოიყენება.[23]

4. არაუფლებამოსილი პირი

11

განმკარგავი არაუფლებამოსილია, თუ მის მიერ დადებული განკარგვითი გარიგება მესამე პირის თანაქმედების გარეშე, არანამდვილია.[24] ყველა პირი, ვინც არ არის განკარგვის შედეგად გადაცემული უფლების მესაკუთრე, არაუფლებამოსილია 102-ე მუხლის გაგებით. მაგალითად, პირი, რომელიც გადასცემს სხვის ნივთზე საკუთრების უფლებას ან თმობს სხვა პირის მოთხოვნის უფლებას.[25] არაუფლებამოსილად შეიძლება ჩაითვალოს ასევე განკარგული უფლების მფლობელიც კი, თუ მას ჩამორთმეული აქვს განკარგვის უფლებამოსილება (იხ. მუხ. 101, 23-ე ველი).[26]

12

ამისგან განსხვავებით მესაკუთრე, რომელმაც უკვე მიიღო სამკვიდრო, უფლებამოსილი განმკარგავია, საჯარო რეესტრში მესაკუთრედ დარეგისტრირებამდეც და აქ 102-ე მუხლის გამოყენებისათვის ადგილი არ რჩება.[27]

13

მინდობილი მესაკუთრე (724) ნივთის განკარგვისას ყოველთვის უფლებამოსილია, მაშინაც კი, როდესაც ამ განკარგვით ის არღვევს საკუთრების მიმნდობის მიმართ ნაკისრ ვალდებულებას შიდა ურთიერთობიდან.[28]

14

102-ე მუხლის მიხედვით არაუფლებამოსილად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივ პოზიციას გაუქმების პირობადებულად მოიპოვებს (97), ამ პირობის დადგომის შემდეგ, მაშინაც კი, როდესაც განკარგვა პირობის დადგომამდე ხდება.[29] არაუფლებამოსილად ითვლება ასევე მხოლოდ ნივთის თანამესაკუთრე, თუ ის სხვა თანამესაკუთრეების თანხმობის გარეშე განკარგავს ნივთს.[30] დატვირთული უფლების მფლობელი, რომელიც უფლების დაუტვირთავად გადაცემას ჰპირდება მიმღებს, ასევე არაუფლებამოსილია 102-ე მუხლის გაგებით.[31] პირობადებული საკუთრების მფლობელიც ნივთზე საკუთრების გადაცემის ჭრილში არაუფლებამოსილად ითვლება.[32]

15

გადამწყვეტ მომენტს არაუფლებამოსილების განსაზღვრისათვის წარმოადგენს განკარგვის მომენტი.[33]

III. უფლებამოსილი პირის ნებართვა (102, I)

1. ზოგადი

16

არაუფლებამოსილი პირის განკარგვა თავიდანვე ნამდვილია, თუ ეს არაუფლებამოსილი პირი მას უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობით (ნებართვით) ახორციელებს – განკარგვის უფლებამოსილება.[34] ამავე პრინციპიდან აწარმოებს გერმანული სამართლის დოქტრინა ე. წ. შესრულების მიღებისა (373 II) და პროცესის გაძღოლის უფლებამოსილებას,[35] რისი გადმოღების აუცილებლობა სამომავლოდ შესაძლებელია ქართულ სამართალშიც დადგეს.

17

ამის საპირისპიროდ ე. წ. დავალდებულების უფლებამოსილება, რომლის მიხედვითაც ერთი პირი მეორეს ანიჭებს მისი დავალდებულების შესაძლებლობას, აღიარებული არ არის.[36] ამისთვის არსებობს სპეციალური ინსტიტუტი – წარმომადგენლობა, თავისი საჯაროობის პრინციპით, რომლის გვერდის ავლაც იქნებოდა დავალდებულების უფლებამოსილების დაშვება. ქართული სასამართლო მთელ რიგ შემთხვევებში ამ განსხვავებას ვერ აკეთებს, აერთიანებს რა ასევე ვალდებულებით გარიგებებს, 102-ე მუხლის გაგებით, განკარგვის ცნების ქვეშ (იხ. მე-6 ველი).

2. ნებართვის მინიჭება

18

ნებართვის გაცემა ხდება 99-ე-მე-100 მუხლებში ჩამოყალიბებული პრინციპების მიხედვით (იხ. ამ მუხლების კომენტარი). რწმუნებულება (107) შეიძლება შეიცავდეს არა მხოლოდ წარმოდგენილის სახელით ნივთის განკარგვის უფლებას, არამედ ასევე ნებართვასაც 102 I მუხლის შესაბამისად, რისი დადგენაც განმარტების მეშვეობით უნდა მოხდეს.[37] განმკარგავს ნებართვას ანიჭებს უფლებამოსილი პირი, რომელიც შეიძლება იყოს თავად ამ განსაკარგავი უფლების მფლობელი ან არამფლობელი, მაგრამ უფლებამოსილი (მაგ., გაკოტრების მმართველი). თუ განმკარგავის არაუფლებამოსილება განპირობებულია იმით, რომ მის გარდა ასევე სხვა უფლებამოსილი პირიც არსებობს (მაგ., თანამესაკუთრეები), მაშინ ნებართვის გაცემა შეუძლიათ ამ თანამესაკუთრეებს, თუმცა არ არის აუცილებელი მისი ერთობლივად გაცხადება.[38] კომისიონერი უფლებამოსილია საკუთარი სახელით გაასხვისოს საკომისიო მომსახურების ფარგლებში გასასხვისებლად მიბარებული ქონება.[39] თუ ნივთის პირობადებული საკუთრების უფლებით მომპოვებელი ამავდროულად ვაჭარია, კონკლუდენტურად შეთანხმებულად ითვლება ნივთის სავაჭრო ურთიერთობების ფარგლებში შემდგომი გასხვისების ნებართვა.[40]

19

იხ. გამოხმობასთან და სხვა გამაქარწყლებელ გარემოებებთან დაკავ- შირებით მუხ. 101, მე-2 ველი.

IV. უფლებამოსილი პირის მოწონება (102 II)

20

მოწონების გაცემა ხდება 99-101-ე მუხლების მიხედვით. წინაპირობებთან დაკავშირებით შდრ. მუხ. 101-ე მე-16 და შემდგომი ველები.

1. არანამდვილი განკარგვის მოწონება და მიღებული სარგებლის გამოთხოვა (982 II, 102 II)

21

ნებართვასთან შედარებით გაცილებით დიდია არაუფლებამოსილი პირის მიერ განხორციელებული განკარგვის, რომელიც ამ მიზეზით არანამდვილია, უფლებამოსილი პირის მიერ მოწონებისა და ამგვარად, ნამდვილად ქცევის შესაძლებლობა (102 II).[41] უფლებამოსილ პირს შეუძლია მოგვიანებით განმკარგავისაგან ხელყოფის კონდიქციით (982 I) გამოითხოვოს ის სარგებელი, რაც არაუფლებამოსილმა განმკარგავმა მიიღო ამ განკარგვიდან. თუმცა 982 I მუხლით გათვალისწინებული ხელყოფისათვის აუცილებელია, რომ ხელმყოფის განკარგვა უფლებამოსილი პირის წინაშე ნამდვილი იყოს – რეალურად ხელყოფდეს მის სამართლებრივ პოზიციებს, არანამდვილი განკარგვის შემთხვევაში ეს ხელყოფა არ გვაქვს სახეზე, თუმცა კონიგმა,[42] უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის სარეფორმო წინადადებაში სპეციალურად გაითვალისწინა არანამდვილი განკარგვის მოწონების შესაძლებლობა, რაც ქართველმა კანონმდებელმა გადმოიღო კიდეც 982 II მუხლში – „ბათილი განკარგვის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს შეუძლია ხელმყოფისაგან მოითხოვოს დაუყოვნებლივი ანაზღაურება.“ მართალია, ამ დანაწესის ფორმულირება, ერთი შეხედვით, რთულად აღსაქმელია და საერთოდ საპირისპიროზე მიგვანიშნებს, თუმცა გერმანულ ორიგინალთან[43] შედარებისას მისი შინაარსი და კანონმდებლის განზრახვა ნათელი ხდება: თუ უფლებამოსილი პირი არაუფლებამოსილი პირის მხრიდან არანამდვილი განკარგვის შემთხვევაში მისგან ამით მიღებულ სარგებელს მოითხოვს უკან, აქ სახეზე გვაქვს ამ არანამდვილი განკარგვის კონკლუდენტური მოწონება, რაც ნამდვილად აქცევს მას და უფლებამოსილ პირს გზას უხსნის 982 I მუხლით უკან მოთხოვნისაკენ.

თუ განკარგვა უსასყიდლო ხასიათს ატარებდა, მაშინ საგნის გამოთხოვა უშუალოდ მესამე პირი-მიმღებისაგან არის შესაძლებელი (990 I).

როგორც სხვაგან ვახსენეთ (იხ. მუხ. 101, 22-ე ველი), მოცემულ შემთხვევაში მოწონება შესაძლებელია მიღებული სარგებლის დაბრუნების კონკლუდენტური პირობით.[44]

2. არანამდვილი შესრულების მოწონების შეუძლებლობა (983)

22

გერმანულ სამართალში, გარდა არანამდვილი განკარგვის მოწონებისა და ამით მიღებული სარგებლის გამოთხოვის შესაძლებლობისა, არსებობს ასევე არანამდვილი შესრულების მოწონების შესაძლებლობა, როდესაც უფლებამოსილი პირისათვის განკუთვნილ შესრულებას იღებს არაუფლებამოსილი პირი. ამგვარი შესრულება არანამდვილია (373 I) და მოვალე მის შემდეგაც რჩება ვალდებულად კრედიტორის წინაშე. თუმცა, გარდა ამისა, გერმანული სასამართლო პრაქტიკა ანიჭებდა და დღემდე ანიჭებს[45] კრედიტორს არაუფლებამოსილი მიმღებისაგან შესრულების გამოთხოვის შესაძლებლობას და ამასთან, ამ შესრულების მოთხოვნაში იკითხება კონკლუდენტური მოწონება ამ შესრულებისა, რის გარეშეც ის ნამდვილი ვერ იქნება და ვერ იქნება კონდიცირებადი (§ 816 გსკ).

23

ქართულ სამართალში ამ გადაწყვეტის გადმოღება შეიძლება სასურველი იყოს. მართალია, ამის საწინააღმდეგოდ მეტყველებს თავად კონიგის კომენტარი თავისი კანონპროექტის შესაბამის პარაგრაფთან დაკავშირებით, რომელიც ქართველმა კანონმდებელმა 983-ე მუხლში გადმოიღო. კონიგმა,[46] ზემოთ ხსენებული სასამართლო პრაქტიკის შესახებ ცოდნის მიუხედავად, არ გაითვალისწინა არაუფლებამოსილი პირის მიერ მიღებული შესრულების მოწონების შესაძლებლობა უფლებამოსილი პირის მიერ სპეციალურ დანაწესში და გარდა ამისა, გაცხადებულადაც თქვა მასზე უარი, მიიჩნია რა, რომ ეს გადაწყვეტა გაუმართლებელ პრივილეგიას ანიჭებს კრედიტორს – მოვალის გაკოტრების მიუხედავად, მას შეუძლია ჰყავდეს ახალი კონდიქციური მოვალე შესრულების არაუფლებამოსილი მიმღების სახით. ქართული სამართლისათვის ეს უარი სავალდებულო არ არის. 983-ე მუხლში არაფერია ნათქვამი იმასთან დაკავშირებით, რომ მხოლოდ წინასწარი თანხმობა (ნებართვა) განაპირობებს ნამდვილ შესრულებას და გარდა ამისა, 373 II მუხლიც (შდრ. სხვა პირის მიმართ შესრულებაზე თანხმობასთან დაკავშირებით მუხ. 101 24-ე ველი) კრედიტორის გარდა სხვა პირის მიმართ შესრულების განხორციელების შესაძლებლობას ზოგადად კრედიტორის თანხმობის საფუძველზე ითვალისწინებს, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელი უნდა იყოს არაუფლებამოსილი პირის მიერ კრედიტორისათვის გამიზნული შესრულების მიღების მოწონება, მისი შემდგომში 983-ე მუხლის მიხედვით კონდიცირების მიზნით.

3. უფლებამოსილი პირი

24

იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ჩაითვლება დროის კონკრეტულ მომენტ- ში მოწონებაზე უფლებამოსილ პირად იხ. მუხ. 101 მე-19 ველი.

4. სამართლებრივი შედეგები

25

მოწონების შემდეგ მერყევად ბათილი გარიგება ნამდვილია და თანაც დადების მომენტიდან (101). ამ უკუქცევითი ძალიდან გამონაკლისებთან დაკავშირებით შდრ. მუხ. 101 31-ე ველი.

26

განკარგვის უკუქცევითი ძალით ნამდვილობა არ ნიშნავს იმას, რომ ამით ქარწყლდება უფლებამოსილსა და არაუფლებამოსილ პირს შორის მართლწინააღმდეგობის განმაპირობებელი მომენტი.[47] უფლებამოსილ პირს, მიუხედავად მოწონებისა, შეუძლია წარუდგინოს არაუფლებამოსილს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა განკარგვიდან გამომდინარე.[48]

27

ერთი და იმავე საგნის რამდენჯერმე განკარგვის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს აქვს არჩევანის უფლება, თუ რომელი განკარგვა მოიწონოს. ნამდვილი ხდება ის განკარგვა, რომელსაც პირველი მოიწონებს, რის შემდეგაც უფლებამოსილი კარგავს თანხმობის გაცხადების უფლებას.[49] თუ უფლებამოსილი პირი ერთდროულად იწონებს რამდენიმე ურთიერთსაწინააღმდეგო განკარგვას, მაშინ უკუქცევითი ძალით ნამდვილად იქცევა ქრონოლოგიურად პირველი განკარგვა. განკარგვათა ჯაჭვის შემთხვევაში, როდესაც არაუფლებამოსილი პირისაგან მიმღები თავის მხრივ კიდევ ასხვისებს ნივთს, პირველი განკარგვის მოწონებასთან ერთად მოწონებულად ითვლება ყველა შემდგომი განკარგვა.[50]




  1. Bub, in Beck OK BGB, 39. Aufl., 2016, § 185 Rn. 1.
  2. ჭანტურია, შესავალი საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, 2000, გვ. 400.
  3. Bub, in Beck OK BGB, 39. Aufl., 2016, § 185 Rn. 1.
  4. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 101, გვ. 274.
  5. ჭანტურია, შესავალი საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, 2000, გვ. 401.
  6. BGH NJW 1950, 647; BGH NJW 1980, 175.
  7. Bub, in Beck OK BGB, 39. Aufl., 2016, § 185 Rn. 2.
  8. შდრ. მაგ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 26 ოქტომბრის განჩინება №3კ/61301; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება №3კ-659-02.
  9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 6 სექტემბრის განჩინება №2ბ/1375-11.
  10. RGZ 72, 377.
  11. BGH NJW 1961, 500; BGH NJW 1991, 1816.
  12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 18 მარტის განჩინება №ას-8-6-2013.
  13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 11 ივლისის განჩინება №ას-918-876-2013; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 29 ივლისის განჩინება №ას-236-497-08; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 17 სექტემბრის განჩინება №3კ/95302.
  14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 29 ივლისის განჩინება №ას-236-497-08.
  15. Bub, in Beck OK BGB, 39. Aufl., 2016, § 185 Rn. 3.
  16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 23 მაისის განჩინება № 3კ/382-01, თუმცა სასამართლო ამ შემთხვევას არასწორად მოთხოვნის განკარგვად მოიხსენიებს. 373 II მუხლით გათვალისწინებული მოწონება შეიძლება მოხდეს კონკლუდენტურადაც.
  17. BGH NJW 1998, 896.
  18. BGH NJW 1997, 1151.
  19. Bub, in Beck OK BGB, 39. Aufl., 2016, § 185 Rn. 3.
  20. Bub, in Beck OK BGB, 39. Aufl., 2016, § 185 Rn. 4.
  21. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 102, გვ. 274.
  22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება №3კ-659-02.
  23. სავარაუდოდ, ამ მიმართულებით მიდის საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავის 2003 წლის 11 ივლისის განჩინებაში № 3კ-659-02.
  24. Bub, in Beck OK BGB, 39. Aufl., 2016, § 185 Rn. 6.
  25. BGH NJW 1990, 2680; BGH NJW 1980, 176.
  26. Bub, in Beck OK BGB, 39. Aufl., 2016, § 185 Rn. 6.
  27. შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 29 ივლისის განჩინება № ას-236-497-08, სადაც სასამართლო საწინააღმდეგო პოზიციაზეა.
  28. BGH NJW 1999, 1026.
  29. RGZ 76, 91.
  30. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 18 ივლისის განჩინება №ას-178-167-2014; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 18 მარტის განჩინება №ას-8-6-2013, თუმცა არასწორია სასამართლოს დაშვება, რომლის მიხედვითაც თითოეული მეუღლეთაგანი უფლებამოსილი იყო გაესხვისებინა მისი კუთვნილი წილი, რადგან 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა თანასაკუთრება არა წილობრივ, არამედ თანაზიარ საკუთრებას წარმოადგენს.
  31. ჭანტურია, შესავალი საქართველოს სამოქალაქო სამართლის ზოგად ნაწილში, 2000, გვ. 400.
  32. BGHZ 20, 94.
  33. Bub, in Beck OK BGB, 39. Aufl., 2016, § 185 Rn. 6.
  34. Bub, in Beck OK BGB, 39. Aufl., 2016, § 185 Rn. 7; ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 102, გვ. 275.
  35. Bub, in Beck OK BGB, 39. Aufl., 2016, § 185 Rn. 7.
  36. Müko/Bayreuther, BGB, 7. Aufl. 2015, § 185 Rn. 31.
  37. RGZ 53, 274.
  38. RGZ 152, 380.
  39. Bub, in Beck OK BGB, 39. Aufl., 2016, § 185 Rn. 9.
  40. OLG Hamburg MDR 1970, 506.
  41. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 409.
  42. იხ. რუსიაშვილი/ეგნატაშვილი, კაზუსები კანონისმიერ ვალდებულებით სამართალში, 2016, გვ. 88 და შემდგომნი.
  43. König, Gutachten und Vorschläge zur Überarbeitung des Schuldrechts II, 1981, 1562.
  44. Bub, in Beck OK BGB, 39. Aufl., 2016, § 185 Rn. 10.
  45. BGH NJW 2005, 2699; BGH NJW-RR 2012, 1129; BGH NJW 2008, 3571.
  46. König, Gutachten und Vorschläge zur Überarbeitung des Schuldrechts II, 1981, 1563.
  47. Bub, in Beck OK BGB, 39. Aufl., 2016, § 185 Rn. 12.
  48. BGH NJW 1960, 860.
  49. Bub, in Beck OK BGB, 39. Aufl., 2016, § 185 Rn. 12.
  50. Bub, in Beck OK BGB, 39. Aufl., 2016, § 185 Rn. 12.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_102._საგნის_განკარგვა_არაუფლებამოსილი_პირის_მიერ&oldid=1882"