Gccc-logo.png


მუხლი 104. გარიგების შედეგების ადრესატი წარმომადგენლობისას

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 104. გარიგების შედეგების ადრესატი წარმომადგენლობისას


სერგი ჯორბენაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. იმ გარიგებით, რომელსაც წარმომადგენელი დებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, და იმ პირის სახელით, რომელსაც იგი წარმოადგენს, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ წარმოდგენილ პირს.

2. თუ გარიგება დადებულია სხვა პირის სახელით, მაშინ წარმომადგენლობითი უფლების არარსებობა არ შეიძლება გამოიყენოს გარიგების მეორე მხარემ, თუკი წარმოდგენილმა ისეთი გარემოებები შექმნა, რომ გარიგების მეორე მხარეს კეთილსინდისიერად ეგონა ასეთი უფლებამოსილების არსებობა.

3. თუ გარიგების დადებისას წარმომადგენელი არ მიუთითებს თავის წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე, მაშინ გარიგება წარმოშობს შედეგებს უშუალოდ წარმოდგენილი პირისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მეორე მხარეს უნდა ევარაუდა წარმომადგენლობის შესახებ. იგივე წესი მოქმედებს მაშინაც, როცა მეორე მხარისათვის სულ ერთია, ვისთან დადებს გარიგებას.

I. ზოგადი დებულებანი

1

განსახილველი მუხლი მკაფიოდ ადგენს იმ სუბიექტთა წრეს, რომელთაც წარმომადგენლობის მეშვეობით დადებული გარიგებისას უფლებები და მოვალეობები წარმოეშობათ. მუხლის არსიდან გამომდინარე, წინა პლანზეა წამოწეული ისეთი აუცილებელი საკითხები, როგორიცაა კეთილსინდისიერების პრინციპი, ცალკეულ შემთხვევებში, გარემოების შექმნა და ხელშეკრულების მონაწილე მხარის დამოკიდებულება ასეთი გარიგების დადების დროს.

II. უფლება-მოვალეობების ადრესატი (104 I)

2

წარმომადგენლის მიერ ქმედების განხორციელების მიუხედავად, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა წარმოდგენილს. ეს დათქმა წარმოადგენს წარმომადგენლობით დადებული გარიგების განსაზღვრის უმთავრეს კრიტერიუმს, რომლითაც გარიგების მონაწილე მხარის ვინაობა დგინდება. შედეგად, ასეთ შემთხვევაში სახეზეა სამი პირის (წარმოდგენილი, წარმომადგენელი და მეორე მხარე) მიერ გამოვლენილი ნება.[1] ასეთი წესი არ ვრცელდება შემთხვევაზე, როდესაც რწმუნებულებით არ დგინდება წარმომადგენლობის ფაქტი[2] და სხვ.

3

უფლება-მოვალეობების ადრესატი შეიძლება საჭიროებდეს დადგენას ცალკეულ შემთხვევებში. აღნიშნული ისეთ მაგალითს ეხება, როდესაც ინფორმაციის გადამოწმება გონივრულ საჭიროებას მოითხოვს (არ იგულისხმება 104 II, 104 III, 111 I და 111 II მუხლები). მაგალითად, ხელშეკრულების ნოტარიულად დამოწმებისას ნოტარიუსის ვალდებულებაა გადაამოწმოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების საკითხი.[3] ასეთ დროს მოწმდება ის, თუ რამდენადაა უფლებამოსილების გამცემი – წარმოდგენილი მართლა ასეთი ნების გამომვლენი პირი.

III. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შედეგი (104 II)

4

104 II მუხლში გაწერილი ქცევის წესი გარკვეულ საგამონაკლისო შემთხვევაზე მიუთითებს, როდესაც, მართალია, წარმოდგენილის ნება გამოვლენილი არ არის, თუმცა მის მიერ განხორციელებული ქმედება ასეთი მოლოდინის გონივრულ საფუძველს ქმნის. წინდაწინვე აღსანიშნავია, რომ ასეთში არ მოიზარება ის შემთხვევა, როცა ქმედება კანონით აკრძალულია. მაგალითად, 103 II მუხლის მოწესრიგება[4] და სხვ.

როგორც წესი, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე სხვისი სახელით დადებული გარიგება არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგს.[5] მოცემული დათქმა მთლიანად კეთილსინდისიერების პრინციპს ეფუძნება. ამდენად, იგი წარმოადგენს ნების გამოვლენის ადრესატის ინტერესების დაცვის მქონე დათქმას,[6] რომლითაც კეთილსინდისიერების პრინციპზე დაფუძნებით დაცული იქნება მისი უფლებები.[7]

1. „მეორე მხარის“ განმარტება 104 II მუხლზე დაყრდნობით

5

განსახილველ შემთხვევაში „მეორე მხარედ“ იწოდება წარმოდგენილი და მეორე მხარე.[8]/[9]

2. გარიგების მეორე მხარის წარმოდგენა და კეთილსინდისიერება

6

გარიგების მეორე მხარის (ამ შემთხვევაში არ იგულისხმება წარმოდგენილი) მიერ კონკრეტული შეხედულება ობიექტურ გარემოებას უნდა ეფუძნებოდეს. ასეთი შეიძლება იყოს ნოტარიუსის მიერ დამოწმებული მინდობილობა,[10] რომლის მიმართაც სახეზეა მხარის კანონიერი ნდობა, რომ ამგვარი დამოწმებული დოკუმენტი არის ნამდვილი ნების საფუძველზე არსებული ცალმხრივი გარიგება და იგი იურიდიული ძალის მატარებელია.[11]

7

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში არ იგულისხმება მეორე მხარის სიმართლესთან შეუსაბამო წარმოდგენები, მისი დამოკიდებულება საკითხისადმი, რასაც იგი შეცდომაში შეჰყავს და სხვ. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ცალსახად ობიექტური გარემოება ვერ გახდება ამ მუხლით საკითხის მოწესრიგების წინაპირობა. ასეთი გარემოება კეთილსინდისიერებას უნდა ეფუძნებოდეს. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, მეორე მხარე ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერი უნდა იყოს და არ უნდა ჰქონდეს თუნდაც კანონიერი/გონივრული მოლოდინი, რომ სხვა შედეგი შეიძლებოდა დამდგარიყო.

8

104 II მუხლში არსებული დათქმა კერძო ავტონომიის პრინციპს შეესაბამება და პირდაპირ კავშირშია ნების გამოვლენის კონკრეტულ შედეგთან. იგი ერთგვარად აზუსტებს ქცევის კონკრეტულ წესს და ადგენს მეორე მხარის შეზღუდულ უფლებამოსილებას, მიმართოს წარმომადგენელს ან/და შესაბამის პირს გარიგებასთან მიმართებით შესაბამისი მოთხოვნით (ასეთი შეიძლება იყოს, მაგალითად, შეცდომით ან მოტყუებით დადებული გარიგება).

3. წარმოდგენილის მიერ შესაბამისი გარემოებების შექმნა

9

გარდა კეთილისნიდისიერებისა, 104 II მუხლის გამოყენებისთვის საჭიროა სახეზე კუმულაციურად იყოს წარმოდგენილის მიერ შესაბამისი პირობების შექმნა. კერძოდ, აქ საუბარია წარმოდგენილის ქმედებაზე (ან ცალკეულ შემთხვევაში უმოქმედობაზე[12]), რომლითაც იგი ისეთ გარემოებას ქმნის, რომ მეორე მხარე დარწმუნებულია წარმომადგენლობითი უფლებამოსილების იურიდიულ მართებულობაში. მაგალითად, თუ წარმოდგენილი მეორე მხარეს მიაწდვის ინფორმაციას, რომ კონკრეტული პირი იქნება მისი წარმომადგენელი, თუმცა შემდეგ ისე შეცვლის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას დასახელებულ პირთან, რომ ამის შესახებ არ შეატყობინებს მეორე მხარეს ან დაავიწყდება ასეთი ინფორმაციის მისთვის მიწოდება. ასეთის არსებობისას, წარმოდგენილის მიერ ისეთი გარემოებაა შექმნილი, რომ მეორე მხარეს კეთილსინდისიერად ჰგონია წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნამდვილობის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ 104 II არ განსაზღვრავს წარმოდგენილის განზრახვის ან გაუფრთხილებლობის საკითხს. შესაბამისად, ასეთი შედეგის არსებობისას ყურადღება არ მიექცევა იმ საკითხს, სურდა თუ არა იგი, რამდენად წინდაუხედავად იმოქმედა მან და ა.შ.

10

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 104 II მუხლი შემდეგნაირად უნდა იქნეს განმარტებული, რომ წარმოდგენილს ან მეორე მხარეს არ გააჩნია წარმომადგენლობითი უფლებამოსილების არარსებობის შემთხვევაში მოთხოვნის დაყენების უფლება, თუ წარმოდგენილმა ისეთი გარემოებები შექმნა, რომ მეორე მხარეს ასეთი უფლებამოსილების არსებობა კეთილსინდისიერად ეგონა.

IV. გარიგების შედეგების წარმოშობა წარმოდგენილი პირისათვის (104 III)

11

104 III მუხლი ისეთი გარემოების დაზუსტებას ეხება, როდესაც მეორე მხარის ვარაუდი და წარმომადგენლობის საკითხი ლოგიკურ ბმაში უნდა იყოს სავარაუდო ობიექტურ წარმოდგენასთან და აღნიშნულის საფუძველზე დადგეს შედეგი. კერძოდ, მეორე მხარეს უნდა გააჩნდეს გარკვეული მოლოდინი, გარკვეული ვარაუდი, რომ წარმომადგენლობა შეიძლება ნამდვილი იყოს. კანონის ამგვარი მოწესრიგება ემყარება მის პრაქტიკულ გამოყენებას – ყველა შემთხვევაში არ მოითხოვოს მხარემ ინფორმაციის მიღება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების თაობაზე[13] და სხვ.

1. წარმომადგენლის მიერ თავისი უფლებამოსილების მიუთითებლობა

11

წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მიუთითებლობამ რომ კანონიერი მოლოდინი შექმნას, გარიგება უნდა დაიდოს შესაბამის ადგილას, შესაბამისი პირობების გათვალისწინებით. კერძოდ, მიუხედავად ასეთი დოკუმენტის/მტკიცებულების არქონისა, ობიექტური და გონივრული მოლოდინიდან გამომდინარე, სავარაუდოა, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შესახებ.

2. გარიგების მეორე მხარის ვარაუდი

12

როგორც აღინიშნა, ვარაუდი არ უნდა ეფუძნებოდეს დაუსაბუთებელ წარმოდგენებს. იგი შეიძლება ემყარებოდეს განგრძობადი ხასიათის ურთიერთობას,[14] პირის აქტიურ ქმედებას ან უმოქმედობას[15] და სხვ. თითოეულ ასეთ შემთხვევაში კანონმდებელი გულისხმობს რეალობასთან შესაბამის ვარაუდს, რომლის წარმოდგენაც კონკრეტული შემთხვევისას არ იქნებოდა სიმართლესა და ლოგიკასთან შეუსაბამო. მაგალითად, როდესაც პიროვნება მეორე პირს აჩვენებს პირადობის დამადასტურებელ საბუთს, რომელზეც დატანილი სურათიდან იკვეთება, რომ სწორედ იგია შესაბამისი სახელისა და გვარის მატარებელი ფიზიკური პირი, მეორე მხარის ვარაუდი, რომ შეიძლება ეს დოკუმენტი გაყალბებული იყოს, მხოლოდ მაშინ იქნებოდა სახეზე, თუ ასეთი კონტურები გამოიკვეთა პირადობიდან ან თუ არსებობდა ამ პიროვნების მიმართ ნდობის ნაკლები სტანდარტი.

14

ასეთ შემთხვევაში წარმოდგენილს მაინც წარმოეშობა უფლება-მოვალეობები, ვინაიდან მეორე მხარე კეთილისნდისიერია. ანალოგიური ვრცელდება შემთხვევაზე, როდესაც იურიდიული პირის დირექტორი (წარმომადგენელი) მინდობილობას გასცემს თანამშრომელზე და შემდეგ მეორე თანამშრომლის სახელით შეუთვლის მას მინდობილობის გაუქმების თაობაზე, ხოლო, მინდობილობით მინიჭებულ წარმომადგენელთან ეს ინფორმაცია არ მიაღწევს. ასეთ დროს, ერთი მხრივ, მეორე მხარის ვარაუდია სახეზე, რომ სწორედ წარმომადგენელი ავლენს იურიდიული პირის ნამდვილ ნებას, ხოლო, მეორე მხრივ, მისთვის არ აქვს დიდი მნიშვნელობა, თუ ვისთან დადებს ხელშეკრულებას.

15

კიდევ ერთი მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი, რომელიც ადვოკატის საქმიანობას ეხება. კერძოდ, ორდერი, რომლის საფუძველზეც ადვოკატი იცავს კლიენტის, მათ შორის ქონებრივ ინტერესებს, ვერ იქნება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.[16] აღნიშნული გამომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ მეორე მხარისთვის ცნობილი უნდა იყოს აუცილებლად, რომ ორდერი ან სასამართლოში მინდობილობა არ იძლევა გარიგების დადების უფლებამოსილებას, თუ ეს მინდობილობაში არ არის მითითებული.[17] შესაბამისად, ასეთი სახის წარმომადგენლობა არ იქნება ნამდვილი და მასში ასევე არ იქნება გაერთიანებული ე.წ. გონივრული ვარაუდის წინაპირობა.

3. კონტრაჰენტის დატვირთვა მეორე მხარისთვის

16

წარმომადგენლის ვინაობას მეორე მხარისთვის მაშინ აქვს მნიშვნელობა, როდესაც ამ უკანასკნელს სწორედ წარმომადგენელთან სურს ხელშეკრულების დადება. მაგალითად, თუ წარმომადგენლის ცოდნის, გამოცდილებისა და სხვა თვისებების გამოყენებით სურს დადოს ნარდობის ხელშეკრულება. ასეთ შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვინ გახდება ხელშეკრულების მხარე.

17

განსხვავებით ფიზიკურ პირთან დადებული ხელშეკრულებისას, იურიდიული პირის საქმიანობის შემთხვევაში უმეტესწილად კონკრეტული პიროვნების ვინაობა, რომელიც ამავე იურიდიული პირის თანამშრომელია, არ წარმოადგენს გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონეს (არ იგულისხმება შემთხვევა, როდესაც გარიგებაში აღინიშნება, რომ უშუალოდ კონკრეტულმა პიროვნებამ უნდა განახორციელოს ქმედება და სხვ.). მაგალითად, ბანკთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დადებისას, მსესხებლისთვის აბსოლუტურად არ არის მნიშვნელოვანი, ვის მიერ გამოვლენილი ნების საფუძველზე დადებს გარიგებას. აქ უმთავრესია, რომ ნება იყოს გამოვლენილი კრედიტის გამცემის – ბანკის მიერ.

18

კიდევ ერთი მაგალითი, როდესაც კონკრეტულ იურიდიულ პირთან იდება ხელშეკრულება და პირს უშუალო კომუნიკაცია მის ერთ-ერთ თანამშრომელთან აქვს, რომელიც ხელს აწერს ხელშეკრულებას. თუნდაც იმ თანამშრომელს დირექტორისგან (კანონიდან გამომდინარე) არ ჰქონდეს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მინიჭებული, შედეგი მაინც იურიდიულ პირსა და მეორე მხარეს შორის დადგება.

4. გარიგების ადრესატის მნიშვნელობის არარსებობა მეორე მხარისთვის

19

სიტყვები „სულერთია, ვისთან დადებს გარიგებას“ არ გულისხმობს, რომ ყველა შემთხვევაში, როდესაც მეორე მხარისთვის მხოლოდ გარიგების დადება (ობიექტი) იქნება მიზანი და არა კონტრაჰენტი, აუცილებლად გახდება ეს უკანასკნელი წარმოდგენილისთვის უფლების წარმოშობის საფუძველი. აქ საგულისხმოა მხოლოდ ისეთი შემთხვევა, როდესაც წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შესახებ შეეძლო მხარეს ევარაუდა.[18]

20

იმოქმედა წარმომადგენელმა ისე, რომ წარმოდგენილს არ ჰქონდა კონკრეტული პოზიცია შესაბამის საკითხზე ჩამოყალიბებული, ასეთ დროს წარმოდგენილი მაინც გახდება ურთიერთობის მონაწილე მხარე (ვინაიდან წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დასტურდება). შესაბამისად, მას უკვე ცალკე წარმოეშობა მოთხოვნის (ზიანის ანაზღაურების) უფლებამოსილება წარმომადგენელთან მიმართებით, რომელმაც მასზე დაკისრებული ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა.

21

ის, თუ რამდენად შეიძლება ყველა შემთხვევაში ნამდვილად ჩაითვალოს მეორე მხარის დამოკიდებულება, რა არის მისთვის სულერთი და სხვ. ცალკეული საკითხის განხილვის საგანს წარმოადგენს. სავარაუდოა, რომ ასეთი შედეგი მისაღები უნდა იყოს ისეთი გარიგებების შემთხვევაში, როდესაც მისი შესრულება დაუყოვნებლივ ხდება[19] ან როდესაც პირს რამდენიმე წარმომადგენელი ჰყავს (კრედიტის მაგალითზე).




  1. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 104, გვ. 280.
  2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 4 ივნისის #ას-1705-1689-2011 გადაწყვეტილება.
  3. იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 6 სექტემბრის #2ბ/1375-11 განჩინება.
  4. იხ. ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 11 ნოემბრის #570-541-2015 გადაწყვეტილება.
  5. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 104, გვ. 280.
  6. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 406.
  7. იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 6 თებერვლის #ას-1435-1450-2011 განჩინება, აღწერილობითი ნაწილი.
  8. იხ. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 405.
  9. იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 27 ივნისის #ას-775-829-2011 განჩინება, აღწერილობითი ნაწილი.
  10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 19 აპრილის #2ბ/4378-10 განჩინება.
  11. იგივე განჩინება.
  12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 27 ივნისის #ას-775-829-2011 განჩინება, აღწერილობითი ნაწილი.
  13. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 104, გვ. 281.
  14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 11 ნოემბრის #570-541-2015 გადაწყვეტილება. გარდა სასამართლო მსჯელობისა, საინტერესოა ამავე გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში გაწერილი სასამართლოს პოზიცია.
  15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 27 ივნისის #ას-775-829-2011 განჩინება, აღწერილობითი ნაწილი. აღსანიშნავია, რომ საკასაციო პალატა პირველი ინსტანციის ამ პოზიციას არსებითად არ იზიარებს და დასახელებული შემთხვევის არსებობისას (გარემოებებიდან გამომდინარე), 111-ე მუხლის მოქმედებაზე მიუთითებს.
  16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 5 სექტემბრის #ას-127-124-2011 განჩინება.
  17. იხ. იგივე განჩინება.
  18. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 104, გვ. 281.
  19. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 407.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_104._გარიგების_შედეგების_ადრესატი_წარმომადგენლობისას&oldid=1888"