Gccc-logo.png


მუხლი 105. წარმომადგენლის შეზღუდული ქმედუნარიანობა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 105. წარმომადგენილის შეზღუდული ქმედუნარიანობა


სერგი ჯორბენაძე/სიმონი ტაკაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

წარმომადგენლის მიერ დადებული გარიგება ნამდვილია მაშინაც, როცა წარმომადგენელი შეზღუდულად ქმედუნარიანი იყო.

I. ზოგადი დებულებანი

1

განსახილველი მუხლის საფუძველზე, წარმომადგენლის შეზღუდულქმედუნარიანობის მიუხედავად, გარიგება ნამდვილად ითვლება. ასეთი დათქმა კი ზოგადი დანაწესიდან[1] საგამონაკლისო შემთხვევას წარმოადგენს. კერძოდ, ნორმატიული შინაარსის მიხედვით, პირის, რომელიც ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების გამო ოჯახს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს და ამის გამო იგი ცნობილია შეზღუდულქმედუნარიანად, როგორც წარმომადგენლის მიერ დადებული გარიგება, მაინც ნამდვილად მიიჩნევა. ასე მაგალითად, განსხვავებით მერყევად ბათილი გარიგებებისგან, ასეთ დროს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა არ არის საჭირო, რათა გამოვლენილი ნება და შესაბამისად, გარიგება ნამდვილად იქნეს მიჩნეული.[2] სხვა სიტყვებით რომ ითქვას, არასრულწლოვანის დაცვისკენ არ არის მიმართული განსახილველი მუხლი.[3] ამდენად, 105-ე მუხლი მიუთითებს შეზღუდულ ქმედუნარიანი პირის მიერ გამოხატული ნების ნამდვილობაზე.

II. გარიგების შედეგები

2

როდესაც შეზღუდულქმედუნარიანი პირი სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობაში სხვისი სახელით გამოდის, ამ შემთხვევაში გარიგების შედეგები წარმოდგენილი პირისთვის დგება, როგორიც არ უნდა იყოს იგი, სარგებლიანი თუ საზიანო. აღნიშნული დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ წარმომადგენლის არჩევას წარმოდგენილი პირი თავად ახდენს და შესაბამისად ამ სამოქალაქო რისკის მატარებელიც სწორედ ეს პირია.[4]

3

აღნიშნულ დანაწესს გააჩნია საგამონაკლისო შემთხვევა: თუ შეზღუდულქმედუნარიანი პირი მოქმედებს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გადაჭარბებით, ანუ წარმოიშობა რისკი, რომ იგი თავად გახდეს სამართლებრივი შედეგის ადრესატი, ასეთ შემთხვევაში გავრცელდება შეზღუდულქმედუნარიანობის მქონე პირის მიერ დადებული გარიგების მიმართ მოქმედი წესები.[5]

4

შესაბამისად, გარიგების ნამდვილობისთვის საჭირო იქნება ან კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველის თანხმობა. აღნიშნული გამომდინარეობს იქიდან, რომ არასრულწლოვნის დაცვის ინტერესი უპირატესია ნების გამოვლენის ადრესატის მიერ წარმომადგენლობის საფუძველზე გამოვლენილი ნების ნდობის ინტერესთან მიმართებით.[6] ამგვარად, თუ შეზღუდულქმედუნარიანი პირი მოქმედებს სხვისი სახელით, მისი ნების გამოვლენა თავისუფალია, მაგრამ, თუ იგი საკუთარ ინტერესებს წარმოადგენს, მისი ნების გამოვლენა შებოჭილია.[7]

5

მაგალითად, შეზღუდულქმედუნარიანი პირი დებს გარიგებას და ყიდულობს კონკრეტულ ნივთს. ასეთ შემთხვევაში, გარიგების ნამდვილობა დამოკიდებული იქნება იმაზე, მოიწონებს თუ არა კანონიერი წარმომადგენელი (მშობელი და ა.შ.) ნივთს (63 I).

6

განსხვავებით აღნიშნულისგან, მოწონება არ არის სავალდებულო, თუ წარმოდგენილი პირი შეზღუდულ ქმედუნარიან პირს – წარმომადგენელს დაავალებს, დადოს მისი სახელით ხელშეკრულება. მაგალითად, ზემოთ მოყვანილ შემთხვევაში, თუ წარმომამდგენელი შეზღუდულქმედუნარიანია და წარმოდგენილი მაინც დაავალებს მას კონკრეტული ნივთის ყიდვას, მაშინ წარმომადგენლის მიერ გამოვლენილი ნება და შესაბამისად დადებული გარიგება ნამდვილია.

III. ნორმის გამოვლინება საპროცესო სამართალში

7

განსხვავებით კერძოსამართლებრივი გარიგების დადებისგან, სასამართლოში შეზღუდული ქმედუნარიანი პირის მიერ გამოვლენილი ნება/დაფიქსირებული პოზიცია არ იქნება სამართლებრივი შედეგების მომტანი. სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის 94-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა და დასახელებული მუხლის სისტემური განმარტებიდან გამომდინარე, სასამართლოში შეზღუდულქმედუნარიანი პირის მიერ წარმომადგენლობის განხორციელება დაუშვებელია. შედეგად, აქ 105-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებაც არ გამოდგება, თუნდაც ანალოგიის წესით მოინდომოს მხარემ მისი გავრცელება.




  1. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 431.
  2. იხ. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 105, გვ. 282.
  3. იხ. MüKo/Schubert, BGB, 7. Aufl., 2015, § 165, Rn. 1.
  4. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 105, გვ. 282.
  5. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 408.
  6. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 408.
  7. თუმანიშვილი, გარიგებები (სამართლებრივი ბუნება და ნორმატიული რეგულირება), 2012, გვ. 89.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_105._წარმომადგენლის_შეზღუდული_ქმედუნარიანობა&oldid=1839"