Gccc-logo.png


მუხლი 106. ნების გამოვლენის ნაკლი წარმომადგენლობისას

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 106. ნების გამოვლენის ნაკლი წარმომადგენლობისას


სერგი ჯორბენაძე/სიმონი ტაკაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. ნების გამოვლენის ნაკლის გამო გარიგების საცილოობისას გადამწყვეტია წარმომადგენლის ნება.

2. თუ ნების გამოვლენის ნაკლი შეეხება ისეთ გარემოებებს, რომლებიც წარმოდგენილი პირის მიერ წინასწარ იყო განსაზღვრული, აღნიშნული ნაკლი შეცილების უფლებას იძლევა მხოლოდ მაშინ, თუ ეს ნაკლი წარმოდგენილი პირისაგან მომდინარეობს.

I. ზოგადი დებულებანი

1

106-ე მუხლი ნების ნაკლზე საუბრობს. ნების ნაკლის მიზეზი შეიძლება სხვადასხვა გარემოება იყოს. ერთ შემთხვევაში, მხარეებს შეიძლება სურდეთ გარეგნულად გამოხატული ნებით, სხვა ნამდვილი ნებისა და მათ მიერ დასახული მიზნის დაფარვა. სხვა შემთხვევაში ნების გამოვლენა შეიძლება არასერიოზული იყოს: პირი არც ისახავდეს რაიმე კონკრეტული მიზნის მიღწევას. ცალკე განსახილველ მაგალითად გამოდგება შემთხვევა, როდესაც ნების გამოვლენის მიზეზი შეიძლება იყოს: ფსიქიკური მოშლა, შეცდომა, მოტყუება, მუქარა და ა.შ. ყველა ჩამოთვლილ შემთხვევას აქვს საერთო – ყოველი ნების გამოვლენა ნაკლის მქონეა. ე.ი. გარეგნულად გამოხატული ნება არ ემთხვევა შინაგან ნებას,[1] რაც სასამართლო პრაქტიკითაა დადასტურებული.[2] განსახილველი მუხლის არსსაც წარმოადგენს სწორედ ასეთი შემთხვევის მოწესრიგება, რომლის საფუძველზეც, ერთმანეთისგან გამიჯნულია წარმომადგენლისა და წარმოდგენლის მიერ ნების გამოვლენის ნაკლის ფაქტი.

II. წარმომადგენლის ნება (106 I)

2

წარმომადგენლის ნებაზე საუბრისას მნიშვნელოვანია საკითხი იმ ასპექტში იქნეს დანახული, თუ რა შემთხვევაში ენიჭება წარმომადგენლის ნების ნაკლს პრიორიტეტი.

1. წარმომადგენლის გამოვლენილი ნების ნაკლი

3

წარმომადგენლის მიერ გამოვლენილი ნება შესაძლებელია ნაკლის მქონე იყოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.[3] ასეთია, მაგალითად, მოტყუებით დადებული გარიგება, სადაც ნების ნაკლს მხარის არასწორი წარმოდგენა განაპირობებს დასადები გარიგების არსთან თუ შინაარსთან დაკავშირებით. ასევე, არსებითი შეცდომა, სადაც შეცდომის არსებით ხასიათს ის გარემოება წარმოადგენს, რომ ამგვარი შეცდომა გარიგების კონტრაჰენტის მიერ მიზანმიმართულადაა გამოწვეული. შეცდომა გამოწვეულია მეორე მხარის ქმედებით და იგი სამართალურთიერთობის კეთილსინდისიერი მონაწილე ნების ნაკლთან მიმართებით არ არის.[4] ამდენად, თუ წარმომადგენელი უშვებს არსებით შეცდომას, სწორედ მისი მოქმედების და ასევე, მისი ნების ნამდვილობიდან გამომდინარე განისაზღვრება გარიგების საცილოობის (ასეთი წინაპირობის არსებობის შემთხვევაში) საკითხი.

2. წარმომადგენლის ნების პრიორიტეტულობა

4

წარმომადგენლის უფლებამოსილება წარმოდგენილის ნების გამოვლენის შედეგად წარმოიშობა,[5] რაზე დაყრდნობითაც, წარმომადგენელი ახორციელებს ქმედებას, რათა საბოლოო მიზანს მიაღწიოს (დადოს გარიგება). აღნიშნულის საფუძველზე, სახელშეკრულებო ბოჭვის ნება კონტრაჰენტის მიმართ ვლინდება უშუალოდ წარმომადგენლის და არა მარწმუნებლის მიერ, შესაბამისად, ნების ნაკლიანი გამოვლინებაც შეიძლება მხოლოდ მის მიერ ან მის მიმართ იქნეს გამოხატული.[6] მაგალითად, ნების გამოვლენის განმარტებისას მხედველობაში მიიღება ნების გამომვლენის, ანუ რწმუნებულის პიროვნება, როგორ მეტყველებს ან წერს იგი, რა სახის განათლება აქვს მიღებული და სხვ.[7]

5

ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ გარიგების დასადებად რეალურად ნებას არა წარმოდგენილი, არამედ წარმომადგენელი პირი გამოხატავს, მან ყველაზე კარგად იცის, თუ რას ისახავდა მიზნად ან/და რა სამართლებრივი შედეგების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა სურდა. აღნიშნულის საფუძველზე, სწორედ მისი და არა წარმოდგენილი პირის ნებაა პრიორიტეტული.

III. წარმოდგენილის ნება (106 II)

6

წარმოდგენილი პირისგან მომდინარე ნაკლი წარმომადგენლობის მიზნებისთვის ნაკლად არ ითვლება (მეორე მხარესთან მიმართებით, შესაძლებელია, მაგალითად, 72-ე და შემდგომი მუხლებით შეცილება). შესაბამისად, თუნდაც მინდობილობაში არ იქნა მართებული ფორმულირება ან წარმოდგენილის მოსაზრებები არსებითი შეცდომის მატარებელია, წარმომადგენელი ამ ფაქტის მიმართ აბსოლუტურად კეთილსინდისიერია. ასეთი მოწესრიგება პირდაპირ კავშირშია გარიგებაში წარმომადგენლობის არსსა და მის პრინციპებთან.

1. წარმოდგენილისგან მომდინარე ნაკლი

7

106 II მუხლით განსაზღვრული შემთხვევა გამონაკლისს წარმოადგენს ამავე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესისაგან. ამ შემთხვევაში, წარმომადგენლის მიერ დადებული გარიგების საცილოობისას მხედველობაში მიიღება არა მისი, არამედ წარმოდგენილი პირის ნება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც გარემოებები, რომლებსაც შეუძლიათ გარიგების ბათილობა გამოიწვიონ, წარმოდგენილი პირისთვის ხელშეკრულების დადებამდეა ცნობილი.[8] შეიძლება ითქვას, რომ ამგვარი ჩანაწერით კანონი აზუსტებს კონკრეტულ შემთხვევაში საკითხის გადაჭრის შესაძლებლობას. შესაბამისად, მუხლის მეორე ნაწილში საუბარია შეცილების უფლებაზე, რომელიც გამომდინარეობს მარწმუნებლის მიერ განსაზღვრული გარემოებებიდან. ამ შემთხვევაში შეცილების უფლება წარმომადგენელს აღარ უნდა ჰქონდეს, რადგან ნების ნაკლი მის მიერ გამოვლენილ ნებას კი უკავშირდება, თუმცა ეს ნება (ნების შინაარსი) ფორმირებული იყო წარმოდგენილი პირის მიერ.

8

მაგალითად, კოლექციონერმა გიორგიმ (წარმოდგენილი) ლაშას (წარმომადგენელს) დაავალა, რომ დავითისგან (მეორე მხარე) შეეძინა XVIII საუკუნის ძვირად ღირებული ვიოლინო. მას შემდეგ, რაც ლაშამ დავითთან დადო ხელშეკრულება, გიორგიმ გაიგო, რომ ვიოლინო, რომლის შეძენაც მას სურდა, არ წარმოადგენდა XVIII საუკუნეში დამზადებულს. შესაბამისად, ვიოლინო კოლექციისთვის არ გამოდგებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ გიორგი ამ ფაქტს გარიგებაში დაშვებულ შეცდომად ჩათვლის, 106 II მუხლის საფუძველზე გარიგების ნამდვილობის შესახებ შეეცილება მეორე მხარეს.

2. წარმოდგენილის წინასწარი განზრახულობა

9

წარმოდგენილის წინასწარ განზრახულობაში კონკრეტული ფაქტის მიმართ წარმოდგენილის პირდაპირი დამოკიდებულება იგულისხმება. კერძოდ, ნაკლის არსებობა, მისი წარმოდგენებიდან გამომდინარე, უნდა იყოს სახეზე. მაგალითად, თუ წარმოდგენილი პირი ავალებს წარმომადგენელს გაყიდოს ნივთობრივად ნაკლიანი საგანი, გარიგების ნამდვილობას ვერ უზრუნველყოფს იმის მტკიცება, რომ წარმომადგენელი აქ არაფერ შუაშია და კეთილსინდისიერია, რადგან მან არ იცოდა და არ შეიძლება სცოდნოდა აღნიშნულის შესახებ.[9] შესაბამისად, ასეთ შემთხვევებში გარიგების ბათილობა განპირობებული იქნება სწორედ წარმოდგენილი პირის ნებით.[10]

10

წარმოდგენილი პირი ვერ შეეცილება წარმომადგენელს იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი მოქმედებს დავალების — მინდობილობის საფუძველზე მიღებული დავალების ფარგლებში. ასეთ შემთხვევაში, თუნდაც ნების ნაკლი აშკარა იყოს, არ დადგება წარმომადგენლის პასუხისმგებლობის საკითხი.




  1. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 360.
  2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 6 ნოემბრის #ას-789-754-2014 განჩინება; ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 17 ივნისის #ას-487-461-2015 განჩინება.
  3. იხ. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 106, გვ. 284.
  4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 9 დეკემბრის #ას-1071-1005-2012 გადაწყვეტილება.
  5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 25 იანვრის #3კ/878-01 გადაწყვეტილება.
  6. MüKo/Schubert, BGB, 7. Aufl., 2015, § 166, Rn. 1.
  7. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 408.
  8. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 106, გვ. 284.
  9. იქვე, გვ. 285.
  10. თუმანიშვილი, გარიგებები (სამართლებრივი ბუნება და ნორმატიული რეგულირება), 2012, გვ. 90.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_106._ნების_გამოვლენის_ნაკლი_წარმომადგენლობისას&oldid=1842"