Gccc-logo.png


მუხლი 107. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 107. წარმომადგენლობითი უფლებამოსილება


სერგი ჯორბენაძე/სიმონი ტაკაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. უფლებამოსილების (რწმუნებულების) მიცემა ხდება რწმუნებულის ან იმ მესამე პირის მიმართ ნების გამოვლენით, რომელთანაც უნდა შედგეს წარმომადგენლობა.

2. ნების გამოვლენას არ სჭირდება ის ფორმა, რომელიც აუცილებელია იმ გარიგების დასადებად, რომლისთვისაც გაცემულია უფლებამოსილება. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა დადგენილია სპეციალური ფორმა.

I. ზოგადი დებულებანი

1

განსახილველი მუხლის მიზანს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მოწესრიგება წარმოადგენს.[1] უფლებამოსილების ანალოგიურად მოიხსენიებს კანონმდებლობა რწმუნებულებას. თითოეულ შემთხვევაში იგი გარიგების საფუძველზე გაცემული წარმომადგენლობითი ძალაუფლებაა, რომლის ფარგლები განისაზღვრება უფლებამოსილების მიმცემის მიერ.[2] თავის მხრივ, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოხატვის ფორმა არის მინდობილობა. შესაბამისად, პრაქტიკაში უმეტესწილად რწმუნებულების გარეგნულად გამოსახატად გამოიყენება სწორედ მინდობილობა,[3] რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის უზრუნველსაყოფად წარმოდგენილსა და მეორე მხარეს („მესამე პირს“[4]) შორის.[5]

2

პრაქტიკული თვალსაზრისით, წარმომადგენლისთვის უფლებამოსილების მინიჭება უშუალოდ წარმოდგენილი პირის მიერ წარმომადგენელთან უშუალო მოლაპარაკების ან/და შეთანხმების შედეგად ხდება. შესაბამისად, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამცემი პირი, როგორც წესი, ნებას იმის შესახებ, რომ მას კონკრეტული პირი სურს იყოს მისი წარმომადგენელი, სწორედ წარმომადგენლის წინაშე აცხადებს.

II. ნების გამოვლენა რწმუნებულის ან „მესამე პირთა“ მიმართ (107 I )

3

გარდა უშუალოდ წარმომადგენელთან გამოვლენილი ნებისა, შესაძლოა, მარწმუნებელმა (წარმოდგენილმა პირმა) კონკრეტული პირის წარმომადგენლობის შესახებ პოზიცია უშუალოდ დააფიქსიროს იმ პირთან, რომელთანაც კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა უნდა დამყარდეს წარმომადგენლის საშუალებით. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ პირი გარიგებას დებს წარმომადგენლის მეშვეობით, შესაძლოა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შესახებ ნება სწორედ „მესამე პირის“ (ანუ ვისთანაც სამომავლოდ მარწმუნებელმა გარიგება უნდა დადოს) და არა წარმომადგენლის წინაშე გამოვლინდეს. მაგალითად, ორი პირი თანხმდება ხელშეკრულების არსებით პირობებზე. ორივე პირს სურს, ხელშეკრულება თავიანთი წარმომადგენელების მეშვეობით დადონ. ისინი ადგილზევე თანხმდებიან აღნიშნულის შესახებ, რაც სამართლებრივ ურთიერთობას წარმოშობს. შედეგის თვალსაზრისით სამართლებრივად იდენტურია, მარწმუნებელი რწმუნებულების გაცემის შესახებ ნებას გამოავლენს უშუალოდ წარმომადგენლის თუ მესამე პირის წინაშე.

III. ფორმის თავისუფლება წარმომადგენლობითი უფლებამოსილებისას (107 II)

4

გარიგების ფორმა ნების გამოვლენის ფორმაა,[6] რომლის სპეციალური გამოვლინება კანონით მკაცრად უნდა იყოს განსაზღვრული. ვინაიდან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შემთხვევაში კანონი ნების ნამდვილობისთვის სპეციალურ ფორმას არ ადგენს,[7] ასეთი სახის უფლებამოსილება ფორმასავალდებულო გარიგებათა რიცხვში არ ექცევა.[8] მაგალითად, თუ ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს წერილობითი ფორმით, შესაძლოა, რომ გამყიდველმა ან/და მყიდველმა უფლებამოსილება (რწმუნებულება) წარმომადგენელს მისცეს ზეპირი ფორმით. მიუხედავად აღნიშნულისა, 107 II მუხლი გამონაკლის შემთხვევაზე მიუთითებს.

1. ფორმის თავისუფლება წარმომადგენლის მეშვეობით დადებული გარიგებისას

5

107 II მუხლის პირველი წინადადების შინაარსის ანალიზი ცხადყოფს, რომ იგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და მხარეებს ხელშეკრულების დადებისთვის (რომელსაც არ სჭირდება კანონით დადგენილი ფორმა) წარმომადგენლობითი უფლებამოსილების თავისუფლებას განუსაზღვრავს. ეს ლოგიკურიცაა, ვინაიდან მინდობილობის არსს უფლებამოსილების დადასტურება/ნამდვილობა წარმოადგენს, ხოლო, ხელშეკრულებით კონკრეტული ურთიერთობის ცალკეული წინაპირობები თანხმდება.[9]

6

იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთი ხელშეკრულება სწორედ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების საფუძველზე იდება, რწმუნებულებისთვის ფორმის სავალდებულო წესის განსაზღვრა, შესაძლოა ხელშეკრულების (დადების) თავისუფლების არაპირდაპირი საფუძველი გამხდარიყო. სწორედ ამ მიზნით, კანონმდებელი მხარეებს თავისუფლებას ანიჭებს.

2. სპეციალური ფორმის მნიშვნელობა

7

107 II მუხლის მეორე წინადადება[10] აზუსტებს ისეთ შემთხვევებს, როდესაც ა) კონკრეტული სამართალურთიერთობისთვის სპეციალური ფორმაა დადგენილი[11] და ბ) როდესაც გარიგებისთვის შესაბამისი ფორმააა დადგენილი. ორივე შემთხვევაში პრობლემა ასახვას პოვებს როგორც სამოქალაქო, ისე სხვა კერძოსამართლებრივ ურთიერთობაში. აღნიშნულის ნათელი გამოვლინებაა საკორპორაციო სამართალი, სადაც დირექტორის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისთვის შესაბამისი რეგისტრაციაა საჭირო, მაგრამ შემდგომ, იურიდიული პირის სახელით ქმედების განხორციელება (მაგალითად, ხელშეკრულების დადება და სხვ.), ცალკე უფლების მინიჭებას არ მოითხოვს[12] (თუ სახეზე არ იქნა წესდებით შეზღუდული შემთხვევა და სხვ.).

ა) სპეციალური ფორმა წარმომადგენლობითი უფლებამოსილებისთვის

8

პირველი შემთხვევის ნათელი გამოხატულებაა სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების თანახმადაც, მოქალაქის მიერ გაცემული მინდობილობა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით ან იმ ორგანიზაციის მიერ, სადაც მარწმუნებელი მუშაობს ან სწავლობს და სხვ. ამგვარად, სამოქალაქო-საპროცესო კოდექსით, დადგენილია მინდობილობის სპეციალური ფორმა, რომლის დაუცველობის შემთხვევაშიც, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება შეუძლებელია. შესაბამისად, კანონის იმპერატიული მოთხოვნის თანახმად, თუ წარმომადგენლის უფლებამოსილება არ არის კანონით დადგენილი წესით გაფორმებული, სასამართლო პირს წარმომადგენლად არ დაუშვებს.[13]

9

აქვე აღსანიშნავია, რომ 107-ე მუხლი მინდობილობის სპეციალურ ფორმასა და არა მის შინაარსზე მიუთითებს. შინაარსი და საფუძველი, მაგალითად, სასამართლო წარმომადგენლობის დროს არის დავალების ხელშეკრულება და არა 107-ე მუხლი. ეს უკანასკნელი მხოლოდ მინდობილობის ფორმის განსაზღვრისათვის გამოიყენება. ამგვარი პოზიცია კი გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსითა და სამოქალაქო-საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ წარმომადგენლობას შორის არსებითი განსხვავებიდან — სამოქალაქო პროცესში წარმომადგენელს მინიჭებული აქვს მხოლოდ საპროცესო მოქმედებების შესრულების უფლებამოსილება,[14] რაც მის კონკრეტულ გამოვლინებაზე მიუთითებს.

ბ) სპეციალური ფორმა გარიგებისთვის

10

გარიგების სპეციალური ფორმა, როგორც წესი, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფორმის განსაზღვრის საწინდარი არ არის, თუმცა 107 II მუხლის მე-2 წინადადება ამის განმარტების საფუძველს იძლევა.[15] რეალურად ამგვარი მოქმედება პრაქტიკული თვალსაზრისითაც იქნებოდა სწორედ წერილობითი ფორმის წარდგენის საფუძველი. ასე მაგალითად, უძრავი ქონების ნასყიდობის შემთხვევაში (183 და 3111 I მუხლები), საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, წერილობითი რწმუნებულების ჩაბარება არაპირდაპირ სავალდებულო დოკუმენტთა ნუსხაში ექცევა (იხ. ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 86 II მუხლი).

IV. კავშირი სხვა სამართლებრივ ინსტიტუტებთან

11

განსახილველი მუხლის კავშირი 69-ე მუხლთან მიმართებით შეიძლება იქნეს დანახული, სადაც გარიგების ფორმის თავისუფლებისა და ასევე, მისი შეზღუდვის საკითხია განხილული. კავშირის მეორე მაგალითად გამოდგება 1411-ე მუხლი, სადაც ანდერძის აღმსრულებლის დანიშვნისთვის წერილობითი დოკუმენტის გაფორმებაა საჭირო და სხვ.




  1. შედარებით-სამართლებრივი თვალსაზრისით იხილეთ: კროპჰოლერი, გსკ-ის სასწავლო კომენტარი, თარგმანი, § 167, ველი 1.
  2. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 107, გვ. 285.
  3. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 434.
  4. იხ. 103-ე მუხლის კომენტარი, ვნ. 5.
  5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 10 სექტემბრის #ას-739-707-2014 განჩინება.
  6. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 68, გვ. 213.
  7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 21 მარტის #3კ/234-01 განჩინება.
  8. იხ. კროპჰოლერი, გსკ-ის სასწავლო კომენტარი, თარგმანი, §167, ველი 3.
  9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 13 დეკემბრის #ას-398-377-2012 გადაწყვეტილება.
  10. 107 II მუხლის მე-2 წინადადების თაობაზე კრიტიკული მოსაზრება იხილეთ: კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 409.
  11. მეორე მოსაზრება გამომდინარეობს სკ-ის 1999 წლის კომენტარიდან, ვინაიდან კანონი პირდაპირ არ ადგენს და არ აზუსტებს ქცევის ამგვარ წესს.
  12. იხ. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 21 მარტის #3კ/234-01 განჩინება.
  13. ლილუაშვილი/ხრუსტალი, საქართველოს სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის კომენტარი, 2007, 96-ე მუხლი, გვ. 187.
  14. ქურდაძე, სამოქალაქო საქმეთა განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში, მეორე გამოცემა, 2006, გვ. 227.
  15. იხ. მაგალითად, ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 107, გვ. 287-288.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_107._წარმომადგენლობითი_უფლებამოსილება&oldid=1890"