Gccc-logo.png


მუხლი 108. შეტყობინების ვალდებულება უფლებამოსილების შეცვლისას

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 108. შეტყობინების ვალდებულება უფლებამოსილების შეცვლისას


სერგი ჯორბენაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

უფლებამოსილებაში ცვლილებები და მისი გაუქმება უნდა ეცნობოს მესამე პირებს. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობისას ეს ცვლილებები და უფლებამოსილების გაუქმება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მესამე პირთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მხარეებმა ხელშეკრულების დადებისას ამის შესახებ იცოდნენ ან უნდა სცოდნოდათ.

I. ზოგადი დებულებანი

1

წარმომადგენლობის უფლებამოსილებაში ცვლილება ყოველთვის დაკავ- შირებულია შესაბამის შედეგთან, რომელიც შეიძლება ცალკეული ურთიერ- თობისას დადგეს. სწორედ ამ მიზნით ადგენს განსახილველი ნორმა ქცევის ისეთ წესს, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილს ასეთი ინფორმაციის შეტყობინების ვალდებულება ეკისრება. გარდა აღნიშნულისა, „მესამე პირს“ უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა, თვალი ადევნოს უფლებამოსილების შემდგომ განვითარებას, რათა არ მიადგეს რაიმე ზიანი.[1]

2

ნორმის არსიდან გამომდინარე, შეტყობინების ვალდებულება უნდა გავრცელდეს არა მხოლოდ იმ პირის მიმართ, რომელიც დებს გარიგებას ან დადებული აქვს გარკვეულ შემთხვევაში, არამედ ყველა იმ პირის მიმართ, რომელიც ინფორმაციას ფლობს რწმუნებულების შესახებ და რომელმაც შესაძლოა ურთიერთობის დამყარებისას ირწმუნოს ასეთი ურთიერთობის თაობაზე.[2]

3

განსახილველი მუხლი პრინციპის დონეზე გამოიყენება მხო ლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეთა მიერ რელატიური ურთიერთობის საფუძველზეა განსაზღვრული შეტყობინების სავალდებულო წესი. ასეთ დროს მხარეს ეკისრება ვალდებულება, რომლის შესრულებაც უკვე სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარეობს.

II. უფლებამოსილებაში ცვლილების შედეგები

4

უფლებამოსილებაში ცვლილებამ შესაძლოა ურთიერთობის მონაწილე სუბიექტებიც შეცვალოს. გაფრთხილების საკითხი მნიშვნელოვანია შესაბამისი შედეგების განსაზღვრისთვის. მაგალითად, როდესაც წარმომადგენელი ინფორმირებულიც კი არ არის იმის თაობაზე, რომ გარიგება, რომელიც მას უნდა დაედო, მას არ ანიჭებს წარმოდგენილის სახელით მოქმედების შესაძლებლობას. ასეთ დროს, ინფორმაციის არარსებობა შეიძლება დამაბრკოლებელი გარემოება გახდეს. სწორედ ამ მიზნით, უპირველესად, წარმოდგენილ პირს (ცალკეულ შემთხვევებში, წარმომადგენელსაც) ეკისრება იმის ვალდებულება, რომ როგორც წარმოდგენილი, ისე მეორე მხარე გააფრთხილოს უფლებამოსილებაში ცვლილების / გაუქმების თაობაზე. თავის მხრივ, „მესამე პირს“ ინფორმაცია შეიძლება მიაწოდოს როგორც წარმოდგენილმა, ისე, მისმა წარმომადგენელმა. თუმცა ორივე შემთხვევაში ასეთი ქმედების განხორციელებისგან თავის შეკავებისას პასუხისმგებლობის საკითხი წარმოდგენილის მიმართ დადგება.[3]

III. უფლებამოსილების ცვლილების/გაუქმების შეტყობინების ვალდებულება

1. შეტყობინების ვალდებულების მიზანი

5

უფლებამოსილებაში ცვლილების შეტყობინების ვალდებულება კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარეობს. სხვა შემთხვევაში მხარისთვის ბოლომდე არ იქნება ცხადი, თუ ვისთან დებს გარიგებას იგი და რა სამართლებრივი შედეგები მოჰყვება მას. შეტყობინების ვალდებულებაში იგულისხმება ნებისმიერი სახის წარმომადგენლობით ურთიერთობებში ცვლილების (გაუქმების) შესახებ ინფორმაციის გაცემის საკითხი, იქნება ეს იურიდიული თუ ფიზიკური პირის წარმომადგენლის პიროვნებაში ცვლილება (თუნდაც, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე)[4] და სხვ.

6

ცალკეული შემთხვევების გათვალისწინებით, გამოსაყოფია 318-ე მუხლთან კავშირი, რომლის მიხედვითაც, ინფორმაციის გაცემის ვალდებულებაა დადგენილი. კავშირის არსი გამოსაყოფია იმ თვალსაზრისით, რომ ხელშეკრულების დადებამდე მხარე ვალდებულია მეორე მხარეს მიაწოდოს ყველა სახის არსებითი ინფორმაცია, რაც სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებისთვის მნიშვნელოვანია. ასეთ კატეგორიას განეკუთვნება წარმომადგენლობის საკითხიც, რომლის მიხედვითაც, მხარეს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, თუ ვისი საშუალებით იდება ხელშეკრულება და სხვ.

7

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ შეტყობინების მიზანს კეთილსინდისიერების პრინციპზე დაფუძნებით, მხარის მიერ შესაბამისი ინფორმაციის გაცემის ვალდებულება წარმოადგენს. მით უმეტეს, რომ მეორე მხარე ამ საკითხთან მიმართებით არ იღებს გადაწყვეტილებას და შესაბამისად, ინფორმაციაც მას უნდა მიუვიდეს შესაბამისი სუბიექტის მხრიდან.

2. შეტყობინების ვალდებულების არარსებობა

8

მიუხედავად კანონის იმპერატიული ჩანაწერისა, იგივე მუხლი იცნობს გარკვეულ გამონაკლისს, როდესაც „მესამე პირთა“ მიმართ ასეთი ცვლილება/ გაუქმება არ შეიძლება იქნეს გამოყენებული.[5] კერძოდ, ა) მხარეებმა ხელშეკრულების დადებისას იცოდნენ ამის შესახებ[6] ან ბ) მათ უნდა სცოდნოდათ ამის შესახებ. მაგალითად, შესაძლებელია ისეთი შემთხვევა იქნეს მოაზრებული, როდესაც მხარე კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებისას მეორე მხარეს შესაბამისი ცვლილების / გაუქმების თაობაზე წინასწარ აცნობებს და ამ ინფორმაციას შემდეგ ხელშეკრულების პირობად აქცევს. მაგალითად, მხარეები თანხმდებიან, რომ მიღება-ჩაბარების აქტს ხელს მოაწერს იურიდიული პირის დირექტორი. თუ მხარეები ხელშეკრულებაში ასახავენ ინფორმაციას, დირექტორის ცვლილების შესახებ, მაშინ თუნდაც უკვე თანამდებობაზე არმყოფმა პირმა მოაწეროს ხელი მიღება-ჩაბარების აქტს, იგი მაინც ნამდვილად ჩაითვლება.

IV. უფლებამოსილების ცვლილების/გაუქმების შეტყობინების ვადები

9

უფლებამოსილების ცვლილების/გაუქმების შეტყობინების კონკრეტული ვადები კანონით გათვალისწინებული არ არის. ამ მიზნით, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ორი მათგანი: გონივრული ვადები და შეთანხმებული ვადები.

1. გონივრული ვადები

10

გონივრული ვადები სწრაფ და კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე ყველაზე უფრო მიზანშეწონილ ვადებად უნდა იქნეს მიჩნეული.[7] განსხვავებით ცალკეული სამართლებრივი ურთიერთობებიდან (მაგ., საპროცესო ნორმები და სხვ.), გარიგების შემთხვევაში უფლებაში ცვლილების შეტყობინება პირველივე შესაძლებლობით უნდა მოხდეს. მაგალითად, თუ მხარე აუქმებს მინდობილობას, ხოლო მისი მინდობილი პირი რამდენიმე საათში აწერს ხელს გარიგებას, მან ამის შესახებ როგორც მინდობილ პირს/წარმომადგენელს, ისე მეორე მხარეს (ამ მუხლში – მესამე პირს) უნდა შეატყობინოს პირველივე საკომუნიკაციო საშუალებით (ტელეფონით, ელ. ფოსტით თუ ინტერნეტის სხვა საშუალების გამოყენებით და ა.შ.).

2. შეთანხმებული ვადები

11

შეთანხმებული ვადა პირდაპირ კავშირშია მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში განსაზღვრულ პირობასთან, რომლის მიხედვითაც, შეიძლება დადგინდეს, რომ წარმომადგენლობაში ცვლილების შესახებ ინფორმაცია ეცნობება მხარეს დაუყოვნებლივ ან, მაგალითად, ოთხი კალენდარული დღის ვადაში და სხვ. თუ მიუხედავად ხელშეკრულებით შეთანხმებული ვადისა, სახეზეა შემთხვევა, როდესაც ოთხი კალენდარული დღე (ზემოთ მოყვანილი მაგალითიდან გამომდინარე), ძალიან გვიანია შესაბამისი შეტყობინების თაობაზე.

V. კავშირი 104 II მუხლთან

12

ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრების თანახმად, განსახილველ შეტყობინების ვალდებულებას შეიძლება პრაქტიკული მნიშვნელობა აბსოლუტურად დაკარგული ჰქონდეს 104 II მუხლიდან გამომდინარე,[8] რომელიც მეორე მხარის ვარაუდსა და კეთილსინდისიერების ფაქტს ეხება.[9]




  1. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 108, გვ. 288.
  2. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 409.
  3. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 108, გვ. 288.
  4. იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 19 მარტის #ას-452-843-06 განჩინება.
  5. ამ მოწესრიგების თაობაზე კრიტიკული პოზიცია იხილეთ: კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 410.
  6. აღნიშნული საკანონმდებლო ჩანაწერის შესახებ იხილეთ საინტერესო მოსაზრება: ერქვანია, მესამე პირთა ინტერესების დაცვა წარმომადგენლობაში (საქართველოსა და გერმანიის სამოქალაქო კოდექსის მიხედვით), „მართლმსაჯულება და კანონი“ #3(34)12, გვ. 39.
  7. ტერმინის არსის დადგენის მიზნით შესაძლებელია ცალკეული სამეცნიერო შრომის გათვალისწინება, სადაც გონივრული ვადები — იხ. მაგალითად, სიჭინავა, „გონივრული ვადის“ მოთხოვნა (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით), საერთაშორისო სამართლის ჟურნალი #1, 2008, 111-112.
  8. მაგალითისთვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 19 მარტის #ას-452-843-06 განჩინება. აღნიშნულ განჩინებაზე დაყრდნობით, თუ მსჯელობა იმ თვალსაზრისით წარიმართება, რომ მხარემ არ იცოდა და არც უნდა სცოდნოდა წარმომადგენლობის უფლებამოსილებაში ცვლილების შესახებ, შესაძლოა 104 II მუხლით პრობლემა ცალსახად გადაიჭრას.
  9. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 409.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_108._შეტყობინების_ვალდებულება_უფლებამოსილების_შეცვლისას&oldid=1892"