Gccc-logo.png


მუხლი 109. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 109. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები


გიორგი რუსიაშვილი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ქარწყლდება:

ა) იმ ვადის გასვლით, რა ვადითაც გაიცა უფლებამოსილება;

ბ) უფლებამოსილი პირის უარით;

გ) უფლებამოსილების გამცემი პირის მიერ უფლებამოსილების გაუქმებით;

დ) უფლებამოსილების გამცემი პირის გარდაცვალებით;

ე) შესრულებით;

ვ) უფლებამოსილების გამცემი პირის მხარდამჭერის მიმღებად ცნობით, თუ მას მხადაჭერა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ან ქონების განკარგვის უფლების განსახორციელებლად დაუწესდა.

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.

I. ზოგადი დებულებანი

1

წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლების დადგენა ასეთი სამართლებრივი ურთიერთობის კონკრეტული საკითხების მართებულად გამოყენებისთვის უმნიშვნელოვანეს წინაპირობას წარმოადგენს. 109-ე მუხლი ზუსტად ადგენს იმ შემთხვევებს, როდესაც წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გაქარწყლებაა დასაშვები.[1]

II. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გაქარწყლება/შეწყვეტა

1. ვადის გასვლა

2

ვადის გასვლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გაქარწყლება/შეწყვეტა ყველაზე უფრო გავრცელებულ შემთხვევას წარმოადგენს. მაგალითად, მინდობილობის შემთხვევაში, როდესაც ნოტარიუსთან გაფორმებულ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დოკუმენტს კონკრეტული ვადა აქვს მითითებული. ვადის გასვლა ყოველთვის გარკვეულ პერიოდთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, შესრულებულად ჩაითვლება ყველა ის ქმედება, რომელიც ვადის ამოწურვამდეა განხორციელებული. მაგალითად, უწყების ჩაბარების მინდობილობის მოქმედების ბოლო დღეს[2] და სხვ.

3

ვადის გასვლასთან მიმართებით უფლებამოსილების გაქარწყლების/შეწყვეტის ფაქტად შეიძლება იქნეს მიჩნეული შემთხვევა, როდესაც ცალკე ხელშეკრულებით (მაგალითად, დავალების ხელშეკრულება) აქვთ მხარეებს კონკრეტული ვადა მითითებული, რა ვადაშიც უნდა მოხდეს რწმუნებულების უკან გადაცემა. ასეთ დროს, მართალია, რწმუნებულების ვადა გასულად არ ითვლება, თუმცა, ვინაიდან მხარეთა შორის არსებობს მასზე შეთანხმება, იგი არაუფლებამოსილად უნდა იქნეს მიჩნეული.

2. უფლებამოსილი პირის უარი

4

უფლებამოსილი პირის უარში წარმომადგენლის უარი უნდა იქნეს მოაზრებული.[3] პრაქტიკული თვალსაზრისით, შესაძლებელია არ დადგეს ისეთი შედეგი, რომ რწმუნებულება გაუქმებულად ჩაითვალოს, თუმცა მას სამართლებრივი ძალა მაინც აღარ ექნება. ასე მაგალითად, როდესაც რწმუნებული უარს ამბობს სასამართლოში წარმომადგენლობაზე, ხოლო რწმუნებულება ნოტარიუსის მიერაა დამოწმებული. ასეთის არსებობისას, რწმუნებულება იქამდე იქნება ძალაში, სანამ მარწმუნებელი არ გააუქმებს მას ნოტარიუსთან, ან სანამ მისი მოქმედების ვადა არ გავა, თუმცა ორივე შემთხვევაში სამართლებრივი შედეგის დადგომისთვის მაინც წარმომადგენლის ქმედებაა საჭირო. შედეგად, პრაქტიკული მნიშვნელობიდან გამომდინარე, რწმუნებულება თავის აზრს დაკარგავს.

3. უფლებამოსილების გამცემი პირის მიერ უფლებამოსილების გაუქმება

5

წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გაუქმება პირს ნებისმიერ დროს შეუძლია,[4] გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა.[5] იმის გათვალისწინებით, რომ რწმუნებულების გაცემა ცალმხრივი გარიგებაა და მისი ნამდვილობა მხოლოდ წარმოდგენილის მიერ ნების გამოვლენას საჭიროებს, უფლებამოსილების გაუქმების შემთხვევაშიც, სწორედ ერთი პირის მიერ ნების გამოვლენაა ასეთი შედეგის დადგომისთვის მნიშვნელოვანი. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, რწმუნებულების გაუქმების თაობაზე მეორე მხარე (ასევე, ცალკეულ შემთხვევებში — წარმომადგენელი) იყოს გაფრთხილებული და ინფორმირებული (108), ვინაიდან, ასეთი ნების გამოვლენა მხოლოდ მაშინ იქნება იურიდიული ძალის მქონე, თუკი იგი მეორე მხარეს მიუვა.[6] მაგალითად, შემკვეთი და შემსრულებელი ძირითადი ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, რომ მათ შორის მომდევნო ორი თვის მანძილზე დაიდება შვიდი ხელშეკრულება ცალ-ცალკე. შემკვეთის სახელით ხელშეკრულებას ხელს მოაწერს მისი წარმომადგენელი, რომლის შესახებაც შემსრულებელი ინფორმირებულია. მხარეებმა ერთი თვის მანძილზე დადეს ექვსი ხელშეკრულება. ამასობაში შემკვეთმა წარმომადგენელს რწმუნებულების უფლებამოსილება გაუუქმა. ასეთ დროს, წესით, იურიდიულად წარმომადგენელს არ აქვს უფლება, დადოს შესაბამისი ხელშეკრულება შემკვეთის სახელით. თუმცა, თუ შემკვეთი შემსრულებელს აღნიშნულის თაობაზე არ აცნობებს, მიუხედავად წარმომადგენლის უფლებამოსილების ძალაში ყოფნისა, ხელშეკრულება შემკვეთსა და შემსრულებელს შორის ნამდვილად ჩაითვლება (108).

4. უფლებამოსილების გამცემი პირის გარდაცვალება

6

იმის გათვალისწინებით, რომ გარდაცვალების შედეგად პიროვნება უფლებაუნარიანობასა და ქმედუნარიანობას კარგავს, მის მიერ გამოვლენილ ნებასაც აღარ უნდა გააჩნდეს სამართლებრივი ძალა. თუმცა სამოქალაქო კოდექსში ასეთი პოზიცია ყველა სამართლებრივი ურთიერთობისას არაა გამყარებული. მაგალითად, დავალების ხელშეკრულებით შესაძლებელია მხარეები სხვა საკითხზეც შეთანხმდნენ (იხ. 721 I, რომლის ძალითაც, მარწმუნებლის გარდაცვალებით ხელშეკრულება არ წყდება, თუ ხელშეკრულებაში სხვა რამ არ არის მითითებული), რაც რწმუნებულების გაცემისას არ გამოიყენება. თუმცა ასეთ შემთხვევაშიც აღნიშვნის ღირსია ის საკითხი, ხომ არ მოდის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება მემკვიდრეთა უფლებებთან მიმართებით შეუსაბამობაში.[7]

7

დავალების ხელშეკრულებასთან მიმართებით საინტერესოა 721 II მუხლთან კავშირი, სადაც კანონი ცალკეულ შემთხვევებში, მარწმუნებლის (წარმოდგენილის) გარდაცვალებისას (ასევე, მხარდამჭერის მიმღებად ცნობის) რწმუნებულს დავალებული მოქმედების შესრულების ვალდებულებას აკისრებს.

8

გარდა დასახელებული შემთხვევებისა, უფლებამოსილი პირის გარდაცვალების შემთხვევაში, თუ მხოლოდ მინდობილობაა მის მიერ გაცემული და დადებული არ არის დავალების ხელშეკრულება შესაბამისი პირობით, მაშინ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შეწყვეტილად მიიჩნევა.[8] თუნდაც, მხარეთა შორის იმ მომენტში არ იყოს ცნობილი ამგვარი ინფორმაცია, გარიგება მაინც ბათილად მიიჩნევა.[9]

9

უფლებამოსილების გამცემი პირის პარალელურად განხილულ უნდა იქნეს წარმომადგენლის გარდაცვალების შემთხვევა. მართალია, კანონი აღნიშნულ საკითხს პირდაპირ არ აწესრიგებს, მაგრამ წარმომადგენლობის არსიდან გამომდინარე (რომელიც უშალოდ სუბიექტის არსებობაზეა დაფუძნებული), წარმომადგენლის გარდაცვალებაც წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გაუქმების საფუძველი უნდა გახდეს. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, ასეთი უფლება მის მემკვიდრეზე არ უნდა გადავიდეს. პარალელის სახით თუ 722 I მუხლს დავიმოწმებთ, შევნიშნავთ, რომ განსხვავებით მარწმუნებლის გარდაცვალებისგდან, რწმუნებულის შემთხვევაში, ეს მუხლი უფრო კატეგორიულად განსაზღვრავს შესაძლო შედეგებს.[10]

5. შესრულება

10

შესრულებაში იგულისხმება ვალდებულების შესრულება, კერძოდ, მინი- ჭებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებში კონკრეტული ქმედების განხორციელება, რაც ვალდებულების შეწყვეტის საერთო საფუძველს წარმოადგენს.[11] ასეთი შეიძლება იყოს: სასამართლოში წარმომადგენლობა და სხვ. ამ შემთხვევაშიც, ხშირად მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რა სახით აქვთ მხარეებს ორმხრივი გარიგებით (ხელშეკრულებით) მოწესრიგებული ეს საკითხი. მაგალითად, თუ მხარეები მიიჩნევენ, რომ სასამართლოში წარმომადგენლობად ჩაითვლება მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოზე წარმომადგენლობა, შესაბამისი შედეგიც (შესრულება) სწორედ პირველი ინსტანციის დასრულების შედეგად იქნება სახეზე, ხოლო, თუ მხარეთა შეთანხმებით, სასამართლოში წარმომადგენლობა საქმის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოქმედებს, შესრულებად ჩაითვლება ის მომენტი, როდესაც წარმომადგენლის მიერ შესრულებული მოქმედების შედეგად შესაბამისი გადაწყვეტილება აღსრულდება.

6. უფლებამოსილების გამცემი პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა

11

უფლებამოსილების გამცემი პირი (იგულისხმება გარიგების საფუძველზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გაცემა) არ შეიძლება მხარდამ- ჭერის მიმღები იყოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ან ქონების განკარგვის შემთხვევაში. თითოეულის არსებობისას, მის მიერ გაცემულ რწმუნებულებას სამართლებრივი ძალა ეკარგება ნების გამოვლენის სამართლებრივი არსიდან გამომდინარე. მხარდამჭერის მიმღებად ცნობის მიუხედავად, მასზე გავრცელდება 721 I მუხლის შედეგები (იხ. ამავე კომენტარის ვნ. 7).

III. ნორმის დატვირთვა საპროცესო სამართალში

12

მიუხედავად წინამდებარე თავში გაწერილი ქცევის წესისა, გარიგებაში წარმომადგენლობის საკითხის მიუხედავად, უფლებამოსილების შეწყვეტისას მხარეებს შეიძლება დამატებითი უფლება-მოვალეობები წარმოეშვათ. მაგალითად, სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის 99-ე და მე-100 მუხლების მიხედვით, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მარწმუნებლის სახელით შეწყვეტის შემთხვევაში, ისევე, როგორც წარმომადგენლის მიერ საპროცესო უფლება-მოვალეობათა განხორციელებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მას ეკისრება შეტყობინების ვალდებულება. აღნიშნულის პარალელურად მან უნდა შეატყობინოს სასამართლოს იმის შესახებ, რომ ის აღარ წარმოადგენს სასამართლოში განსახილველ საქმეში მხარის რწმუნებულს და რომ მათ შორის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შეწყვეტილია.

13

აღსანიშნავია, რომ სასამართლოს გააჩნია უფლება, თავად გადაწყვიტოს, თუ როდის შეწყვიტავს წარმომადგენელი თავისი უფლებამოსილების განხორციელებას. ასეთი საპროცესო-სამართლებრივი დათქმა პირდაპირ კავშირიშია მოქმედების კეთილსინდისიერად განხორციელების წინაპირობასთან, რომლის ფარგლებშიც, მხარეთა მიერ მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, დაუშვებელია ისეთი ქმედების განხორციელება, რაც მეორე მხარისთვის საზიანო შედეგის მომტანი იქნება.




  1. საინტერესო მოსაზრებაა გამოთქმულ იურიდიულ ლიტერატურაში, სადაც 109-ე მუხლთან მიმართებაში დაფიქსირებულია პოზიცია, რომ ნაცვლად ზოგად საფუძვლებზე მითითებისა, ეს ნორმა სხვაგვარად შეიძლება იქნეს ფორმულირებული. იხ. ერქვანია, მესამე პირთა ინტერესების დაცვა წარმომადგენლობაში (საქართველოსა და გერმანიის სამოქალაქო კოდექსის მიხედვით), მართლმსაჯულება და კანონი, #3(34)12, გვ. 39.
  2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 21 იანვრის #ას-1078-1011-2012 განჩინება.
  3. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 109, გვ. 289.
  4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 5 აპრილის #ას-514-898-06 განჩინება.
  5. იხ. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 109, გვ. 290.
  6. იხ. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 109, გვ. 290.
  7. აღნიშნულ საკითხზე იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 8 თებერვლის #3კ/1039-01 განჩინება.
  8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 8 სექტემბრის #ას-39-486-06 განჩინება.
  9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 23 ოქტომბრის #ას-1128-1059-2012 განჩინება.
  10. იხ. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 109, გვ. 291.
  11. იქვე.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_109._წარმომადგენლობითი_უფლებამოსილების_შეწყვეტის_საფუძვლები&oldid=1894"