Gccc-logo.png


მუხლი 11. უფლებაუნარიანობა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 11. უფლებაუნარიანობა


ბესარიონ ზოიძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა _ უნარი, ჰქონდეს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, წარმოიშობა დაბადების მომენტიდან.

2. მემკვიდრედ ყოფნის უფლება წარმოიშობა ჩასახვისთანავე; ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია დაბადებაზე.

3. ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა წყდება მისი გარდაცვალებით. გარდაცვალების მომენტად ითვლება თავის ტვინის ფუნქციონირების შეწყვეტა.

4. არ შეიძლება ფიზიკურ პირს წაერთვას უფლებაუნარიანობა.

I. ზოგადი მიმოხილვა

1
სამოქალაქო კოდექსის ადრესატები არიან კერძო უფლებისა და მოვალეობის მქონე სამართლის სუბიექტები. ასეთებია ფიზიკური (ადამიანი) და იურიდიული (სამეწარმეო, არასამეწარმეო და საჯარო სამართლის) პირები, რომელთა საერთო ნიშანს (მახასიათებელს) წარმოადგენს უფლებაუნარიანობა.[1]
2
პირის მთავარი ცნება მიეკუთვნება სამართლებრივ-ტექნიკურ კატეგორიას.[2] ფიზიკური პირის ცნებაში იგულისხმება ადამიანი, რომელიც სამართლებრივი პიროვნულობის („Rechtspersönlichkeit“) მქონეა. სამართლებრივი პიროვნულობა წესრიგდება მე-11 მუხლით მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი უფლებაუნარიანია და სამართლებრივი აზრით წარმოადგენს პიროვნებას.[3]
3
უფლებაუნარიანობა, როგორც ახალი დროის, კერძოდ, ბუნებითი სამართლისა და გერმანული იდეალიზმის, პროდუქტი და ყველა ადამიანის თანასწორობის იდეა, განუყოფელია ერთმანეთისაგან.[4] თანამედროვე სამართალი კონსტიტუციურად განამტკიცებს აღნიშნულ დამოკიდებულებას. ფიზიკური პირი, რომელშიც იგულისხმება ადამიანი, საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, „დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა“.[5] უფლებაუნარიანობა არ წარმოადგენს საკანონმდებლო-სამართლებრივი წესრიგის ქმნილებას, იგი კანონამდე უფრო ადრეა წარმოშობილი. უფლებაუნარიანობა ახასიათებს ყველა დაბადებულსა და ჯერ კიდევ ცოცხალ ადამიანს. ყველა ადამიანის მიერ უფლებაუნარიანობის შეძენა კონსტიტუციის აღნიშნული მუხლიდან გამომდინარეობს. უფლებაუნარიანობა, როგორც სამართლის სუბიექტის განმსაზღვრელი ფასეულობა, ყველა ადამიანისათვის ერთიანია და მისი დიფერენციაცია ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის მოთხოვნებს.

II. უფლებაუნარიანობის ცნება

4
მე-11 I მუხლის თანახმად, „ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა — უნარი, ჰქონდეს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები — წარმოიშობა დაბადების მომენტიდან“. უფლებაუნარიანობის ასეთი განმარტება ემყარება ცივილისტურ დოქტრინაში ისტორიულად გაბატონებულ დეფინიციას. უფლებაუნარიანობა, უფლება — მოვალეობათა ქონების აბსტრაქტული შესაძლებლობაა და ამდენად, ფიზიკური პირის, როგორც სამართლის სუბიექტის არსებობის განმსაზღვრელია. არ არსებობს სუბიექტი ამ შესაძლებლობის გარეშე.
5
უფლებაუნარიანობა განსხვავდება უფლებისაგან. უფლებაუნარიანობა ზოგადი კატეგორიაა, უფლება კი — კონკრეტული. უფლებაუნარიანობა გააჩნია ყველა ადამიანს, მაშინ როცა, უფლება მხოლოდ კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობასთანაა დაკავშირებული და მხოლოდ მის მონაწილეს აქვს.[6] კონკრეტული უფლება, უფლებაუნარიანობის შინაარსში შესაძლებლობის სახით მოცემული უფლების, კონკრეტულ ურთიერთობაში გამოვლენის შედეგია. ვერც ერთი კონკრეტული უფლება ვერ იარსებებს, თუ არ იარსებებს ის შესაძლებლობის სახით. უფლებაუნარიანობასა და უფლებას შორის ისეთივე მიმართებაა, როგორი მიმართებაცაა შესაძლებლობასა და სინამდვილეს შორის.
6
უფლებაუნარიანობისგან განსხვავებით, ქმედუნარიანობა გულისხმობს სამართლებრივად რელევანტური (ფასეული) ქმედების განხორციელების უნარს. ქმედუნარიანობა — ესაა მოქმედების შესაძლებლობა,[7] რაც თავის თავში ცალკეული ქმედებისაგან თავშეკავებასაც მოიცავს.
7
უფლებაუნარიანობა განსხვავდება გარიგებაუნარიანობისაგან (რაც გულისხმობს კანონით დაშვებული გარიგების დამოუკიდებლად დადების უნარს) და პასუხისმგებლობისა თუ დელიქტუნარიანობისაგან (რაც გულისხმობს საკუთარი მოქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უნარს).[8]
8
სამოქალაქო სამართლისგან განსხვავებით, სამოქალაქო-საპროცესო სამართალში მოქმედებს პროცესუნარიანობა, რაც გულისხმობს სამართლებრივი დავის შემთხვევაში, საპროცესო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილედ ყოფნის უნარს, საპროცესო მოქმედებების დამოუკიდებლად ან კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით განხორციელების უნარს.[9] პროცესუნარიანია ის პირი, რომელიც იმავდროულად არის უფლებაუნარიანი.

უფლებაუნარიანობა ასევე უნდა გაიმიჯნოს ადმინისტრაციულ და საგადასახადო სამართალში საპროცესო მოქმედების განხორციელების უნარიანობისაგან.[10]

III. უფლებაუნარიანობის წარმოშობა (11 I)

9
უფლებაუნარიანობის წარმოშობა არ არის დამოკიდებული პირის ასაკზე, ჯანმრთელობაზე, ან სხვა რაიმე ხასიათის სამართლებრივ აქტზე.[11] უფლებაუნარიანობა 11 I მუხლის თანახმად, „წარმოიშობა დაბადების მომენტიდან“. დაბადება გულისხმობს სამართლის სუბიექტის დაბადებას. ამიტომაც, დაბადების მომენტის განსაზღვრაზეა დამოკიდებული, იარსებებს თუ არა სამართლის სუბიექტი. საქართველოს კანონმდებლობით არ არის დადგენილი დაბადების მომენტი. მნიშვნელოვანია, ამ შემთხვევაში მოხდეს ბავშვის დედის საშვილოსნოსაგან ბუნებრივი თუ ხელოვნური გზით გამოყოფა და მან იცოცხლოს გარკვეული დროის განმავლობაში, როგორც ადამიანმა. ამდენად, უფლებაუნარიანია დედის ორგანიზმისაგან გამიჯნული, დამოუკიდებელი არსება, მნიშვნელობა არა აქვს, როგორი იქნება მისი სიცოცხლისუნარიანობის შემდგომი პერსპექტივა. მთავარია, დაბადების მომენტში იყოს იგი სასიცოცხლო ფუნქციის მატარებელი.[12] ამრიგად, უფლებაუნარიანობა წარმოიშობა იმ მომენტიდან, როცა ბავშვი გამოეყოფა დედის სხეულს და თანამედროვე მედიცინის თანახმად, იგი ჩაითვლება ცოცხალ არსებად.[13]

მნიშვნელოვანია, ცოცხლად დაბადების მტკიცების ტვირთის მოვალეობა, რაც უკავშირდება უფლების წარმოშობას. არ არსებობს ცოცხლად დაბადების კანონისმიერი პრეზუმფცია. სამოქალაქო აქტის ჩანაწერში დაბადების რეგისტრაცია არის იმის მტკიცება, რომ პიროვნება ცოცხალი დაიბადა. „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის“ მე-15 მუხლის თანახმად, დაბადების რეგისტრაციის საფუძველია სამედიცინო ორგანოს მიერ გაცემული დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტი.

IV. ჩანასახის ნაწილობრივი უფლებაუნარიანობა (11 II)

10
მართალია, უფლებაუნარიანობა დაბადების მომენტიდან წარმოიშობა, მაგრამ თანამედროვე სამართალი, რომის სამართლიდან მოკიდებული, აღიარებს ჯერ კიდევ დაუბადებელი ბავშვის — ჩანასახის (ნასციტურუს) შეზღუდულ უფლებაუნარიანობას. რომის სამართალი, მიუხედავად იმისა, რომ ჩანასახს განიხილავდა დედის ნაწილად, მას მაინც აღიარებდა სამემკვიდრეო უფლების სუბიექტად.[14] ჩანასახის უფლებას აღიარებს და იცავს არა მარტო სამოქალაქო სამართალი, არამედ სისხლის სამართალი — აბორტის აკრძალვით, საკონსტიტუციო სამართალი — მისი ძირითადი უფლების სუბიექტად აღიარებით.[15]
11
11 II მუხლის თანახმად, ჩანასახი შეზღუდული და პირობითი უფლებაუნარიანობის მქონეა. შეზღუდულია უფლებაუნარიანობა იმიტომ, რომ იგი მხოლოდ „მემკვიდრედ ყოფნის უფლებას“ მოიცავს. პირობითია იმიტომ, რომ ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია დაბადებაზე.[16] ამდენად, უფლება, როგორც ფასეულობა, ჩანასახის, როგორც სამართლის შეზღუდული უფლებაუნარიანობის მქონე სუბიექტის განმსაზღვრელია. რადგანაც ეს უფლება ჩასახვისთანავე ჩნდება, ამით ჩანასახი ხდება იმ კონკრეტული მემკვიდრეობითი ურთიერთობის სუბიექტი, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ჩასახვიდან დაბადებამდე დროის მონაკვეთში. დაბადების ფაქტით ხდება მანამდე წარმოშობილი უფლების რეალიზაცია და არა თავად უფლების წარმოშობა. დაბადების შემდეგ სახეზეა სრული უფლებაუნარიანობის მქონე სუბიექტი — ფიზიკური პირი, რომელიც ამ მომენტიდან ხდება უფლებაუნარიანობაში მოაზრებული უფლებების შეძენაზე ზოგადი უფლებამოსილების მქონე.
12
ჩანასახი შეზღუდული უფლებაუნარიანობის მქონეა ძირითად უფლებებთან მიმართებითაც. სიცოცხლის უფლება, რომელსაც იცავს საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლი, ჩანასახზეც უნდა გავრცელდეს. ჩანასახს დაბადებამდეც ახასიათებს თავისი გენეტიკური იდენტობა და შესაბამისად, განუმეორებელობა და შეუცვლელობა. ჩანასახს, როგორც ჯერ კიდევ დაუბადებელ ადამიანურ სიცოცხლეს, გააჩნია ღირსება და მართლწესრიგი იცავს მისი სიცოცხლის უფლებას.[17] გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, სიცოცხლის უფლება გარანტირებულია ყველასათვის, ვინც „ცოცხალია“, მათ შორის დაუბადებელი ცოცხალი არსებისათვის.[18]
13
ჩანასახის უფლებაუნარიანობა 11 II მუხლით გათვალისწინებული მემკვიდრეობის უფლების გარდა, ზოგჯერ მოიცავს ზიანის ანაზღაურების უფლებასაც. 1006-ე I 1 მუხლში აღნიშნულია, რომ „დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა“. სამართლებრივ ლიტერატურაში არსებული განმარტებით, ამ ნორმით გათვალისწინებულ სარჩენ პირებში, ასევე იგულისხმება ჯერ არდაბადებული, მაგრამ ჩასახულიც, რომლის რჩენაზეც გარდაცვლილი იქნებოდა პასუხისმგებელი მისი დაბადების შემთხვევაში.[19]
14
სამართლის სხვადასხვა სისტემაში ჩანასახის სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგებისას პრობლემურია ის შემთხვევები, როდესაც ბავშვი სერიოზული ფიზიკური ნაკლით იბადება და შესაძლებელი იყო მოსალოდნელი შედეგების მშობიარობამდე დადგენა. ამ დროს შეიძლება ჩანასახს წარმოეშვას სახელშეკრულებო ან დელიქტური მოთხოვნის საფუძველი. ის ფაქტი, დედას რომ სცოდნოდა ჩანასახის ავადმყოფობის შესახებ, იგი არ გააჩენდა მას, ვერ წარმოშობს ჩანასახის უფლებას „არარსებობაზე“, ვინაიდან ეს იქნება მისი სიცოცხლის უფლების შელახვა. ასეთი მიდგომა გასაზიარებელია ქართულ სამართალშიც.[20]

V. უფლებაუნარიანობის დასასრული (11 III)

15
ისევე, როგორც 11 I მუხლის მიხედვით, უფლებაუნარიანობის წარმოშობა უკავშირდება დაბადების ფაქტს, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, გარდაცვალება იწვევს მის შეწყვეტას. უფლებაუნარიანობა წყდება პირის ფიზიკური სიკვდილით და არა ე. წ. „სამოქალაქო სიკვდილით“ (მაგალითად, ბერად შედგომა), რაც უცნობია სამოქალაქო კოდექსისათვის. გარდაცვალების ფაქტს უკავშირდება სუბიექტის ქონებრივი უფლება-მოვალეობების შემდგომი ბედი. კერძოდ, იხსნება სამკვიდრო (1313) და წყდება ვალდებულება (453).
16
მნიშვნელოვანია გარდაცვალების დროის დადგენა. თანამედროვე მედიცინის მეცნიერების საფუძველზე ასეთად უნდა ჩაითვალოს ადამიანის გულის ან ტვინის სიკვდილი. გულის სიკვდილი შეესაბამება სიკვდილის კლასიკურ გაგებას, როგორიცაა, გულის მოქმედების, სისხლის მიმოქცევისა და სუნთქვის შეჩერება, ე. წ. „კლინიკური სიკვდილი“. ტვინის სიკვდილი გულისხმობს ტვინის ფუნქციის შეუქცევად დაკარგვას მისი რეანიმაციის შესაძლებლობის გარეშე,[21] როცა სამედიცინო აპარატი საბოლოოდ წყვეტს ტვინის ფუნქციონირების ამსახველი ტალღების ჩვენებას.[22] საქართველოს სამოქალაქო კოდექსი თავის ტვინის ფუნქციონირების შეწყვეტას უკავშირებს ადამიანის გარდაცვალების მომენტს.
17
„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, „ადამიანი გარდაცვლილად ჩაითვლება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც დადგინდება თავის ტვინის სიკვდილი ან გულის შეუქცევადი გაჩერება და სისხლის მიმოქცევის შეწყვეტა“. როგორც ვხედავთ, მოცემული კანონი აფართოებს გარდაცვალების მომენტის დეფინიციას და არ შემოიფარგლება მარტო სამოქალაქო კოდექსის შედარებით ვიწრო განმარტებით. ასეთი მიდგომა უნდა ასახავდეს მედიცინის განვითარების თანამედროვე მიღწევებს.
18
გარდაცვალების მომენტის განსაზღვრისადმი განსხვავებულმა მიდგომამ სამართლის მეცნიერებაში განაპირობა მისი დიფერენცირებული გამოყენების აუცილებლობა. კერძოდ, იმ უფლების (მაგალითად, მემკვიდრეობა) წარმოსაშობად, რომლისთვისაც გადამწყვეტია სიკვდილის დადგომის მომენტის ცნება, გარდაცვალება უკავშირდება გულის გაჩერებას. იმ შემთხვევაში, როცა სიკვდილის ფაქტის დადგენა საჭიროა რაიმე უფლების განსახორციელებლად, მაგალითად, როგორიცაა სხეულის ორგანოს ტრანსპლანტაცია, მაშინ მის დასადგენად უნდა გამოვიყენოთ თავის ტვინის ფუნქციონირების შეწყვეტა.[23] სიკვდილის ფაქტისადმი ასეთი დუალისტური მიდგომა შედეგობრივად უვარგისი უნდა იყოს. რის საფუძველზეც არ უნდა ჩაითვალოს პირი გარდაცვლილად, ეს ფაქტი შეუქცევადია და შესაბამისად, სამართლებრივი შედეგები უკავშირდება ამ ფაქტს და არა მისი დადგომის მდგომარეობას.
19
დღევანდელი სამედიცინო გაგებით, გარდაცვალება არ არის ერთჯერადი აქტი, იგი გარკვეული პროცესის დასასრულია. დღეს მედიცინას შეუძლია ცალკეული ორგანოების ფუნქციონირების შენარჩუნება, მაშინაც, როცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანო, როგორიცაა ტვინი, უკვე დიდი ხანია უფუნქციოა.[24]
20
გარდაცვალების მომენტის დადგენა მნიშვნელოვანია ტრანსპლანტაციის პრობლემების გადასაჭრელად, როცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოს ფუნქციის უუნარობის შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ სხეულის ცალკეული ნაწილების ფუნქციონირება შენარჩუნდეს. მათი ტრანსპლანტაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა გარდაცვალების ფაქტი უტყუარია. კანონით განსაზღვრული პირების უფლებამოსილება, თანხმობა განაცხადონ გარდაცვლილის სხეულის ნაწილების ტრანსპლანტაციის მიზნით გამოყენებაზე, მხოლოდ მაშინ წარმოიშობა, როცა დონორი ჩაითვლება გარდაცვლილად.
21
შეიძლება თუ არა უფლებაუნარიანობა შეწყვეტილად ჩაითვალოს პირის გარდაცვლილად გამოცხადების შემთხვევაში (22). პირის გარდაცვლილად გამოცხადება წარმოადგენს იურიდიულ ფიქციას, რომელიც ეფუძნება გარკვეული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გარდაცვალების ვარაუდს. გარდაცვლილად გამოცხადება იწვევს არსებითად იმავე სამოქალაქო-სამართლებრივ შედეგებს, რასაც იწვევს პირის ფიზიკური სიკვდილი. აქედან გამომდინარე, სწორი უნდა იყოს, რომ გარდაცვლილად გამოცხადების ლოგიკურ შედეგად ჩავთვალოთ უფლებაუნარიანობის შეწყვეტა, როგორც ასევე სამართლებრივი ფიქცია. არალოგიკურია სუბიექტის გარდაცვალება წარმოადგენდეს ფიქციას და უფლებაუნარიანობა, რომელიც მისი სამართლებრივი პიროვნულობის განმსაზღვრელი ფაქტორია, არ წარმოადგენდეს ფიქციას.
22

ადამიანი, რომლის უფლებაუნარიანობაც შეწყდა გარდაცვალების შედეგად, რჩება ნაწილობრივ უფლებაუნარიანად პიროვნულობასთან დაკავშირებული უფლებების დაცვის კონტექსტში.[25] მე-19 მუხლის თანახმად, დაინტერესებული პირების მხრიდან „დაცვას ექვემდებარება ისეთი უფლებები, რომელიც პიროვნების არსების განმსაზღვრელია და გრძელდება სიკვდილის შემდეგაც“. გარდაცვლილი პირის „უფლებაუნარიანობისადმი“ ასეთი დამოკიდებულება გამომდინარეობს ღირებულებათა კონსტიტუციურ-სამართლებრივი გაგებიდან, რომლის თანახმადაც, პიროვნების სახე მომავალი თაობების მეხსიერებაში რჩება გარდაცვალების შემდეგაც და იგი დაცულია მესამე პირთა მხრიდან. ადამიანის ღირსება დაცულია გარდაცვალების შემდეგაც და რაიმე დროის მონაკვეთით შეზღუდვას არ ექვემდებარება.[26]




  1. Anwaltkommentar zum BGB AT, 2005, §1, Rn.1
  2. Heinrichs, in Palandt BGB Komm, 67. Aufl., §1, Rn. 1
  3. Anwaltkommentar zum BGB AT, 2005, §1, Rn.2
  4. Anwaltkommentar zum BGB AT, 2005, §1, Rn.4
  5. Anwaltkommentar zum BGB AT, 2005, §1, Rn. 4.
  6. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2012, გვ. 176; ასევე: ჭანტურია, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 11, გვ. 41.
  7. MüKo/Schmitt, BGB, 6. Aufl., 2012, §1, Rn. 7.
  8. AnwaltKommentar zum BGB AT, 2005, §1, Rn. 12.
  9. AnwaltKommentar zum BGB AT, 2005, §1, Rn. 13.
  10. AnwaltKommentar zum BGB AT, 2005, §1, Rn. 14.
  11. ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, წიგნი I, მუხ. 11, გვ. 40-41.
  12. MüKo/Schmitt, BGB, 6. Aufl., 2012, §1, Rn. 2, Rn. 16.
  13. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2009, გვ. 168.
  14. Гарридо, Римское частное право: Казусы, иски, институты, 2005, გვ. 225.
  15. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2012, გვ. 169.
  16. ჭანტურია, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 11, 1999, გვ. 42.
  17. AntwaltKommentar zum BGB AT, Ring, §1, Rn. 39.
  18. BVerfGE 39, 1, 41 f = NJW 1975, 573, 575.
  19. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 106.
  20. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 107.
  21. Anwaltkommentar zum BGB AT, 2005, §1, Rn. 22.
  22. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 103.
  23. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2012, გვ. 177.
  24. MüKo/Schmitt, BGB, 6. Aufl., 2012, §1, Rn. 19.
  25. Anwaltkommentar zum BGB AT, 2005, §1, Rn. 31.
  26. Anwaltkommentar zum BGB AT, 2005, §1, Rn. 32.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_11._უფლებაუნარიანობა&oldid=872"