Gccc-logo.png


მუხლი 110. წარმომადგენლის ვალდებულება უფლებამოსილების გაქარწყლებისას

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 110. წარმომადგენლის ვალდებულება უფლებამოსილების გაქარწყლებისას


სერგი ჯორბენაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

უფლებამოსილების გაქარწყლების შემდეგ წარმომადგენელმა უფლებამოსილების საბუთი უნდა დაუბრუნოს უფლებამოსილების გამცემს; საბუთის დატოვების უფლება მას არა აქვს.

I. ზოგადი დებულებანი

1

წარმომადგენლობის არარსებობის შემთხვევაში მისი დამადასტურებელი საბუთის მოთხოვნის უფლება გააჩნია წარმოდგენილს. განსახილველ მუხლს ერთგვარი პრევენციული ხასიათი გააჩნია და იგი უპირველესად, წარმოდგენილის ინტერესის დაცვის მიზნისკენაა მიმართული.[1] იგი ამ საბუ- თის მიღებით მაქსიმალურად გამორიცხავს გაუთვალისწინებელი გარიგების დადებას წარმომადგენლის მეშვეობით. ამასთან, ცალკეა დაცული მეორე მხარე, არ დადოს გარიგება ისეთ წარმომადგენელთან, რომელსაც ასეთი ქმედების განხორციელების უფლებამოსილება არ გააჩნია. ამასთან, წარმომადგენლის მიერ საბუთის წარმოდგენილისთვის გადაცემით მაქსიმალურად გამოირიცხება მეორე მხარისთვის სიმართლესთან შეუსაბამო ინფორმაციის მიწოდების შესაძლებელობა და აღნიშნულიდან გამომდინარე, უფლების ბოროტად გამოყენება,[2] არამართლზომიერი ქმედება[3] და სხვ.

II. საბუთის გადაცემის ვალდებულების მიზანი

1. სხვისი სახელით მოქმედების გათვალისწინებით

2

წარმოდგენილისთვის საბუთის გადაცემის ერთ-ერთ მიზანს შესაძლებელია სხვისი სახელით მოქმედებისას უფლებამოსილების გადაჭარბების გამორიცხვა წარმოადგენდეს. სწორედ ასეთი საშუალების გამოყენებით შეიძლება თავიდან იქნეს აცილებული, მაგალითად, მოტყუებით დადებული გარიგება ან კონტრაჰენტის პიროვნებაში შეცდომით დადებული გარიგება და სხვ.

2. კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვა

3

გარდა პრევენციული ხასიათისა, ვალდებულების ამგვარი სახით განხორციელება პირდაპირ კავშირშია კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვასთან. კერძოდ, ისევე როგორც სხვა კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში, კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვის ვალდებულება აკისრია მხარეს წარმომადგენლობის შემთხვევაშიც.

3. საბუთის დატოვების დაუშვებლობა

4

110-ე მუხლის მე-2 წინადადება წარმოადგენს ამავე ნორმაში გაწერილი ქცევის წესის დაკონკრეტებულ ვერსიას. შეიძლება ითქვას, რომ საბუთის დატოვების უფლების არქონა წარმომადგენელს ავტომატურად მისი გადაცემის ვალდებულებას აკისრებს.[4]

4. 110-ე მუხლის გავრცელება მოქმედი წარმომადგენლობის შემთხვევაზე

5

მხარეთა შორის არსებული შეთანხმებით შესაძლებელია წინასწარ იყოს განსაზღვრული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გადაცემის, უკან დაბრუნების საკითხი. მაგალითად, დავალების ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს, რომ კონკრეტული შედეგის დადგომის მომენტის შემდეგ მხარეთა შორის წყდება ასეთი სახის სახელშეკრულებო ურთიერთობა და თუნდაც იმ მომენტისთვის გაცემული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება _ რწმუნებულება ჯერ კიდევ ძალაში იყოს, რწმუნებულმა მარწმუნებელს უფლებამოსილების საბუთი აუცილებლად უნდა დაუბრუნოს. ასეთ შემთხვევაში, მართალია, ვალდებულება სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარეობს, მაგრამ ანალოგიის წესით დავალების ხელშეკრულებაზე დაყრდნობით იგი შესაძლებელია რწმუნებულების შემთხვევაზეც გავრცელდეს.

5. პასუხისმგებლობა

6

უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთის უკან გადაცემისგან თავის შეკავების შემთხვევაში შესაძლებელია პირს დაეკისროს პასუხისმგებლობა. ასეთი პასუხისმგებლობა შეიძლება გათვალისწინებული იყოს როგორც ხელშეკრულებით, ისე გამომდინარეობდეს კონკრეტული შემთხვევიდან. კვლავ დავალების ხელშეკრულების მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი. კერძოდ, აღნიშნულ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების უკან გადაცემის ვალდებულება ეკისრება რწმუნებულს. თუ მან ეს ვალდებულება არ განახორციელა, მას დაეკისრება პირგასამტეხლო შესაბამისი ოდენობით. ასეთი შეთანხმება ნამდვილი იქნება ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო.




  1. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 110, გვ. 292.
  2. იქვე.
  3. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 411.
  4. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 411.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_110._წარმომადგენლის_ვალდებულება_უფლებამოსილების_გაქარწყლებისას&oldid=1896"