Gccc-logo.png


მუხლი 111. გარიგების დადება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 111. გარიგების დადება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე


სერგი ჯორბენაძე/აკაკი გაწერელია
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. თუ პირი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე სხვისი სახელით დებს ხელშეკრულებას, ამ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია წარმოდგენილი პირის თანხმობაზე.

2. თუ მეორე მხარე წარმოდგენილი პირისაგან მოითხოვს თანხმობას, მაშინ ამ თანხმობის შესახებ უნდა ეცნობოს მხოლოდ მას. თანხმობა შეიძლება გაიცეს მოთხოვნიდან ორი კვირის ვადაში; თუ ეს არ მოხდა, მაშინ ითვლება, რომ თანხმობაზე მოთხოვნა უარყოფილია.

სარჩევი

I. ზოგადი დებულებანი

1

111-ე მუხლი წარმოადგენს სათანადო უფლებამოსილების გარეშე წარმომადგენლობის შემთხვევის მომწესრიგებელ ნორმას, რომელიც ცალკეულ დაკონკრეტებულ სახეს 112-ე და 113-ე მუხლებში პოვებს.[1] შედეგად, მიუხედავად განსახილველი ინსტიტუტის თავისებურებისა, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების საჭიროების თვალსაზრისით, წარმოდგენილი პირის სახელით დადებული ხელშეკრულება, როდესაც შესაბამისი უფლება არ არის კანონის საფუძველზე წარმოშობილი, არ იწვევს წარმოდგენილი პირის მიმართ სამართლებრივ შედეგებს.[2]

2

111-ე მუხლის უმთავრესი მიზანია, დაადგინოს პირის უფლება წარმომადგენლობითი უფებამოსილების გარეშე მოქმედებაზე, თუ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით არ არის საკმარისი დრო, რათა დროულად იქნეს მიღებული წარმოდგენილი პირისგან წინაწარი თანხმობა. ამდენად, თუ გარიგება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშეა დადებული, ხელშეკრულება მაინც დადებულად ითვლება, თუ წარმოდგენილი პირი შემდგომში დაეთანხმება აღნიშნული ხელშეკრულების პირობებს.[3] მაგალითად, თუ წარმოდგენილი ნახავს, რომ მასთან შეთანხმების გარეშე, მისი სახელითაა დადებული (წარმომადგენლის საშუალებით) ხელშეკრულება და იგი მოიწონებს მას, ხელშეკრულება დადებულად / ნამდვილად ჩაითვლება.

3

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ 111-ე მუხლის რედაქცია მხარეებს, ერთი მხრივ, გარკვეულ თავისუფალ არეალს ანიჭებს, იმოქმედონ დამატებითი დაბრკოლებების გარეშე, ხოლო, მეორე მხრივ, იგი წარმოდგენილი პირის ნამდვილობის დასადგენ მექანიზმს აწესრიგებს.[4]

II. წარმოდგენილი პირის თანხმობა (111 I)

4

წარმოდგენილი პირის თანხმობა, 111-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, გარიგების ნამდვილობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს. ასეთ შემთხვევაში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე დადებული გარიგება მოწონებაუნარიანია,[5] რომელიც მერყევად ბათილ გარიგებად დაკვალიფიცირდება.

1. მერყევად ბათილი გარიგება წარმომადგენლის მიერ მოქმედებისას

5

ზოგადი დანაწესის მიხედვით, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე დადებული ხელშეკრულება მერყევად ბათილია. მერყევი (დროებითი) მდგომარეობის დასასრული უკავშირდება წარმოდგენილი პირის უარს/თანხმობას (111 I), ვადის გასვლას (111 II) ან გარიგების მეორე მხარის მიერ ნების გამოხმობას (112).[6] მერყევი (დროებითი) მდგომარეობის დროს წარმოდგენილი არ იმყოფება მეორე მხარესთან სახელშეკრულებო თვითბოჭვაში. ამ შემთხვევაში მხარეებს არ აქვთ ვალდებულება შეასრულონ ხელშეკრულების პირობები.[7]

2. თანხმობის (მოწონების) სამართლებრივი შედეგი წარმომადგენლობისას

6

წარმოდგენილ პირს შეუძლია არაუფლებამოსილი პირის მიერ დადებულ გარიგებას დაეთანხმოს (მოიწონოს) და ამის შედეგად გახადოს ის ნამდვილი. მოწონების შემთხვევაში, წარმოდგენილი პირისათვის წარმოიშობა ისეთივე შედეგები, როგორც ამას ადგილი ექნებოდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დროს.[8] აღნიშნული დანაწესი ცხადყოფს, რომ „ნების გამოვლენით პირი აცხადებს თანხმობას კონკრეტული გარიგების ფარგლებში სხვა პირის მიერ განხორციელებული მოქმედების მოწონებაზე, ანუ, თანამედროვე გაგებით, დამდგარი სამართლებრივი შედეგების მის მიმართ მოქმედებაზე“.[9] ნების გამოვლენის ნამდვილობის მომენტის ხანგრძლივობა განისაზღვრება ნების მისვლიდან მარწმუნებლის („წარმოდგენილი პირის“) მიერ გარიგების მოწონებამდე.[10] მოწონება შესაძლოა ასევე კონკლუდენტური მოქმედებით განხორციელდეს.[11]

7

თანხმობა (მოწონება) სამართლებრივ შედეგს იწვევს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების არარსებობის, ასევე ბათილი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის (მინდობილობის) საფუძველზე ხელშეკრულების დადების შემთხვევაში.[12] უძრავ ნივთთან დაკავშირებული გარიგების ნამდვილობა ასევე დამოკიდებულია წარმოდგენილი პირის თანხმობაზე (მოწონებაზე), თუკი ეს გარიგება ბათილი მინდობილობის საფუძველზე დაიდო.[13]

3. წარმოდგენილი პირის თანხმობის ფორმა

8

წარმოდგენილი პირის თანხმობა ნებისმიერი სახით შეიძლება გაიცეს. მთავარია, მისი ნამდვილობის დადასტურება და წარმოდგენილის მიერ უფლების დამდგენი დოკუმენტის წარდგენა. ვინაიდან კანონში არ გვხვდება დაკონკრეტება, 111-ე მუხლის გავრცელების ნაწილში გარიგებისმიერი, ორგანიზაციული და კანონისმიერი წარმომადგენლობა (ასევე, ინდივიდუალური და საერთო წარმომადგენლობა[14]) უნდა იქნეს მოაზრებული.

4. ცალკეული შემთხვევები, რომელთან მიმართებითაც გამოიყენება 111 I მუხლი

ა) სხვა პირის სახელის გამოყენება

10

შემთხვევებზე, როდესაც პირი იყენებს სხვა პირის სახელს, იმ მიზნით რომ საკუთარი თავის სასარგებლოდ დაამყაროს სხვა პირთან (კონტრაჰენტთან) სახელშეკრულებო ურთიერთობა, 111 I მუხლის მოქმედება ვრცელდება. მსგავს შემთხვევას ადგილი აქვს, როდესაც პირს, მისთვის სასურველი გარიგების დადების მიზნით, გარიგების მეორე მხარეს მიზანმიმართულად შეჰყავს შეცდომაში და როგორც სხვა (გარიგების მეორე მხარისთვის სასურველი) პირი დებს მასთან ხელშეკრულებას. პირს, რომელთანაც გარიგების მეორე მხარეს სურდა ხელშეკრულების დადება, უფლება აქვს, განაცხადოს თანხმობა ხელშეკრულებაზე (მოიწონოს ხელშეკრულება), რის შედეგადაც ხელშეკრულება ძალაში დარჩება.

11

აღსანიშნავია ასევე, რომ ზემოთ დასახელებული შემთხვევის არსებობისას, გარიგების მეორე მხარე კარგავს მოტყუებით დადებული გარიგების მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე ხელშეკრულების შეცილების უფლებას. გაყალბებული ხელმოწერის პარალელურად უნდა მოწესრიგდეს საკითხი, როდესაც იგი მოტყუებით დადებულ გარიგებას ეხება. კერძოდ, თუ, მიუხედავად მოტყუებისა, წარმოდგენილი პირი დაეთანხმება გარიგების პირობას, ხოლო მეორე მხარე არ იქნება უარზე ასეთი გარიგების მიმართ, მაშინ გარიგება თავისთავად ნამდვილად ჩაითვლება და მასზე არ გავრცელდება შეცილების სამართლებრივი საფუძვლები.

ბ) გაყალბებული ხელმოწერა

12

გაყალბებული ხელმოწერის საფუძველზე დადებული ხელშეკრულებაც ექვემდებარება წარმოდგენილი პირის მხრიდან მოწონებას.[15] თავის მხრივ, მოწონება შეიძლება იყოს როგორც მხოლოდ ხელშეკრულების ფარგლებში უკვე განხორციელებულ მოქმედებასთან მიმართებაში, ისე მთლიანი სახელშეკრულებო ურთიერთობის მიმართ.

გ) დაურეგისტრირებელი იურიდიული პირი

13

მოცემული დანაწესი გამოიყენება დაურეგისტრირებელი იურიდიული პირის შემთხვევაშიც.[16] კერძოდ, წარმომადგენლობა შესაძლოა ნამდვილად ჩაითვალოს იმ დროს, როდესაც პირი მოქმედებს დაურეგისტრირებელი იურიდიული პირის სახელით.[17] ასეთ დროს, მომავალში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტის უფლებამოსილ ორგანოებს უფლება აქვთ მოიწონონ წარმომადგენლის მიერ განხორციელებული ქმედება, რის შედეგადაც იურიდიული პირის დაფუძნებამდე დადებული ხელშეკრულება ჩაითვლება ნამდვილად.

14

ზემოთ მოყვანილ მსჯელობასთან შედარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია სამეწარმეო კანონმდებლობის განხილვა, სადაც დგინდება დაურეგისტრირებელი მეწარმე სუბიექტის სახელით მოქმედ პირთა წრე და მათი პასუხისმგებლობის ფარგლები. კერძოდ, პასუხისმგებელ პირებად გვევლინებიან დაურეგისტრირებელი მეწარმე სუბიექტის სახელით მოქმედი პირები და საწარმოს დამფუძნებლები.[18] ამდენად, ნორმის სიტყვასიტყვითი განმარტებით, პასუხისმგებლობა კუმულაციურია როგორც დაურეგისტრირებელი საწარმოს სახელით მოქმედი პირისთვის, ისე საწარმოს დამფუძნებლებისათვის. შედეგად, 111-ე (ასევე, 112-ე და 113-ე) მუხლების შემთხვევაში, ზემოაღნიშნული დანაწესისგან განსხვავებით, დგება მხოლოდ იმ პირის პასუხისმგებლობა, ვინც სათანადო უფლებამოსილების გარეშე მესამე პირის სახელით შესაბამისი მოქმედება შეასრულა (დადო ხელშეკრულება).[19]

დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების მაგალითი

15

განსახილველი ნორმის მოქმედების არეალში ექცევა ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირების[20] მიერ დადებული კერძოსამართლებრივი ხასიათის გარიგებებში წარმომადგენლობა.[21] მსგავს შემთხვევას (მათ შორის) აქვს ადგილი, როდესაც არ არის დაცული საჯარო სამართლის შესაბამისი ნორმებით წარმომადგენლობისთვის დადგენილი სავალდებულო მოთხოვნები.[22]

III. თანხმობის მოთხოვნა წარმოდგენილი პირისაგან (111 II)

16

ხელშეკრულების მერყევად ბათილი ბუნების გამო სამართლებრივი სტაბილურობის არარსებობის გათვალისწინებით, მეორე მხარეს უფლება აქვს თავიდანვე უარი განაცხადოს ხელშეკრულებაზე (112), ან თუ სურს ხელშეკრულების შენარჩუნება, სიცხადის მიზნით, მოითხოვოს წარმოდგენილი პირისაგან თანხმობა (მოწონება – 111 II).[23]

1. სუბიექტთა წრე

17

წარმოდგენილი პირისგან თანხმობის მოთხოვნის უფლებამოსილება გააჩნია მეორე მხარეს. კანონი ასევე აკონკრეტებს, რომ მხოლოდ მას უნდა ეცნობოს შესაბამისი სამართლებრივი უფლებამოსილების თაობაზე. ასეთი დადასტურება შესაძლებელია მეორე მხარეს გაეგზავნოს ნებისმიერი საშუალებით, ხოლო, თუ მხარეები შეთანხმდებიან – შეთანხმებული პირობების მიხედვით.

2. თანხმობის სამართლებრივი ბუნება

18

წარმოდგენილი პირისაგან თანხმობა (მოწონება) წარმოადგენს ცალმხრივი გარიგების მსგავს მოქმედებას, რომელიც მიღებასავალდებულოა.[24] იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი პირის მიერ გაცხადებული თანხმობის (მოწონების) შესახებ არ ეცნობება საკუთრივ გარიგების მეორე მხარეს, აღნიშნულ თანხმობას (მოწონებას) არ ექნება იურიდიული ძალა და გარიგება კვლავ მერყევად ბათილ მდგომარეობაში დარჩება.[25]

3. ორკვირიანი ვადა

19

მეორე მხარის ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად, დასახელებული ნორმა ადგენს ორკვირიან ვადას, რომლის განმავლობაშიც თანხმობა (მოწონება) უნდა იქნეს გაცხადებული. ამ ვადის გასვლის შემდეგ თანხმობა (მოწონება) უარყოფილად ჩაითვლება.[26]

IV. წარმომადგენელთან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე დადებული ხელშეკრულება

1. გავრცელების არეალი

20

სკ-ის 111 მუხლის მოქმედება ვრცელდება ყველა ხელშეკრულებაზე, გარდა შემთხვევებისა, როდესაც წარმომადგენლობა გამოირიცხება კანონის ან სხვა საფუძვლების გამო.[27] წარმომადგენლის მეშვეობით გარიგების დადება იზღუდება, თუ გარიგების ხასიათის გათვალისწინებით ან კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში, პირი უფლებამოსილია, წარმომადგენლის დაუხმარებლად, დამოუკიდებლად დადოს ეს გარიგება (მაგ., წარმომადგენლობის მეშვეობით შვილად აყვანა და სხვა).[28]

2. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაკლი 111-ე მუხლის მიზნებისთვის

21

წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაკლს შესაძლოა სხვადასხვა გარემოება განაპირობებდეს. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე მოქმედება სახეზეა, როდესაც აღნიშნული უფლებამოსილება იმთავითვე არ წარმოშობილა (არ არსებობდა), შეცილების შედეგად გაბათილდა ან სხვა საფუძვლებიდან გამომდინარე, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი, ან წარმოდგენილმა პირმა იგი ხელშეკრულების დადებამდე გააუქმა.[29] გარდა აღნიშნულისა, წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არარსებულად მიიჩნევა მაშინაც, თუ პირი მოქმედებს ნამდვილი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების საფუძველზე, თუმცა გარიგების მეორე მხარე არ არის აღნიშნულის თაობაზე ინფორმირებული. მსგავს შემთხვევას ადგილი აქვს, როდესაც: ა) თავად წარმომადგენელი არ ფლობს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შესახებ ინფორმაციას; ბ) წარმომადგენელმა იცის ამ უფლებამოსილების შესახებ, თუმცა არ სურს მისი გამოყენება ან გ) უბრალოდ უარყოფს მის არსებობას.[30]

3. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლების გადამეტება

22

უფლებამოსილების ფარგლების გადამეტებაზე საუბრისას შესაძლებელია სახეზე იყოს წარმომადგენლის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენება, როდესაც იგი გასცდება რწმუნებულებით მინიჭებულ უფლებამოსილებას. ამ დროს შეიძლება ადგილი ჰქონდეს პირის როგორც განზრახ, ისე გაუფრთხილებელ მოქმედებას. ორივე შემთხვევაში 111-ე მუხლი მოიცავს პირის როგორც სხვისი სახელით წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე მოქმედების, ასევე ნამდვილი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლების გადამეტების შემთხვევებს.[31] უფლებამოსილების ფარგლების გადამეტებას ადგილი აქვს, როდესაც ხელშეკრულების დადებისას პირს თავიდანვე ჰქონდა ხელშეკრულების კონკრეტულ შინაარსზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, თუმცა თავისი ინიციატივით გასცდა მის ფარგლებს.[32] მაგალითად, არ შეუთანხმდა წარმოდგენილს და სხვ. მიუხედავად ამისა, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე დადებული გარიგების ნაწილის ბათილობას, გარიგების ის ნაწილი, რომელიც წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებში შედგა, სკ-ის 62-ე მუხლის წინაპირობათა გათვალისწინებით, ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.[33] აღნიშნული, თავის მხრივ, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა კავშირი არსებობს გარიგების ამ ნაწილსა და მის სხვა ნაწილებს შორის.[34]

23

111-ე მუხლის შემადგენლობა ასევე სახეზეა, როცა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გადამეტებას არ აქვს ადგილი, თუმცა წარმომადგენელმა ეს უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა.[35] ისევე როგორც ზემოთ დასახელებული შემთხვევისას (წარმომადგენლის ინიციატივა), უფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევაშიც, თუ მეორე მხარე ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია, გარიგება ნამდვილად ჩაითვლება (იხ. წინა ველში არსებული ინფორმაცია).

V. კავშირი სხვა სამართლებრივ ინსტიტუტებთან

24

სხვა სამართლებრივ ინსტიტუტებთან კავშირის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია განხილულ იქნეს წარმომადგენლობის მომწესრიგებელი (104 II), გარიგებებში თანხმობისა და დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების შესახებ ცალკეული სამართლებრივი ნორმები.

1. კავშირი გარიგებებში თანხმობასთან

25

გარიგებებში თანხმობასთან 111-ე მუხლის კავშირი გამომდინარეობს კონკრეტული ქმედების განხორციელების საჭიროებიდან, რომელზეც გარიგების ნამდვილობაა დამოკიდებული. თუმცა, განსხვავებით გარიგებაში თანხმობისგან, წარმომადგენლობის შემთხვევაში ასეთი თანხმობა არა მესამე პირის, არამედ უშუალოდ გარიგების სამომავლო მხარის ნებას ეფუძნება. აქვე აღსანიშნავია, რომ გარიგებებში თანხმობის მომწესრიგებელი ნორმის ცალკეული შემთხვევა (101) ასახვას პოვებს წარმომადგენლობით დადებული გარიგების მაგალითებზე, როდესაც წარმოდგენილი პირის მიერ გარიგების მოწონების შემთხვევაში, გარიგება თავიდანვე ნამდვილად ჩაითვლება.[36]

2. კავშირი დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულებასთან

26

დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულებისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე დადებული ხელშეკრულების მომწესრიგებელ ნორმებს შორის მსგავსება უდავოა. კერძოდ, ორივე შემთხვევაში პირი სხვა პირის სასარგებლოდ ახორციელებს კონკრეტულ ქმედებას (დებს ხელშეკრულებას), ისე, რომ არ აქვს ამ მოქმედებისათვის აუცილებელი წინასწარი ნებართვა/სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე ხელშეკრულების დადების მსგავსად, დავალების გარეშე სხვისი საქმეები უნდა სრულდებოდეს შემსრულებლის კეთილი ნებითა და მეპატრონის ინტერესებისათვის.[37]

27

მიუხედავად მათ შორის არსებული მსგავსებისა, არსებობს უმთავრესი განმასხვავებელი ნიშანი. კერძოდ, ის, რომ დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულებისას პირი (გესტორი) მეპატრონის ინტერესებისათვის, არა მისი, არამედ საკუთარი სახელით მოქმედებს.[38]




  1. იხ. მაგალითად, კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 411.
  2. MüKo/Schubert, BGB, 7. Aufl., 2015, § 177, Rn. 1; იხ. ასევე კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 411.
  3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 24 იანვრის #ას-203-622-06 განჩინება.
  4. იხ. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 28 ოქტომბრის #ას-813-764-2015 განჩინება.
  5. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 111, გვ. 292.
  6. იხ. ასევე MüKo/Schubert, BGB, 7. Aufl., 2015, § 177, Rn. 19.
  7. Schäfer, Beck OK BGB, 39. Aufl., § 177, Rn. 18.
  8. იხ. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 111 გვ. 293.
  9. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 400.
  10. იქვე, გვ. 412.
  11. კროპჰოლერი, გსკ-ის სასწავლო კომენტარი, თარგმანი, § 177, ველი 3.
  12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 24 იანვრის #ას-203-622-06 განჩინება.
  13. იგივე განჩინება; ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 4 ოქტომბრის #ას-464-434-2010 განჩინება.
  14. MüKo/Schubert, BGB, 7. Aufl., 2015, §. 177, Rn. 3.
  15. იქვე, Rn. 8.
  16. კროპჰოლერი, გსკ-ის სასწავლო კომენტარი, თარგმანი, § 177, ველი 1.
  17. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს მეწარმე სუბიექტის სახელით, მის რეგისტრაციამდე, მოქმედების განხორციელბის შესაძლებლობასა და შესაბამის პირთა პასუხისმგებლობის ფარგლებს. იხ. ასევე MüKo/Schubert, BGB, 7. Aufl., 2015, §. 177, Rn. 4.
  18. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი.
  19. აღნიშნული საკითხის დეტალურად გაანალიზებისთვის იხილეთ 113-ე მუხლის მოწესრიგება.
  20. საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, უპირველეს ყოვლისა, ნაგულისხმებია 1509 I მუხლით განსაზღვრული სუბიექტები.
  21. MüKo/Schubert, BGB, 7. Aufl., 2015, § 177, Rn. 3.
  22. Schäfer, Beck OK BGB, 39. Aufl., § 177, Rn. 9.
  23. MüKo/Schubert, BGB, 7. Aufl., 2015, § 177, Rn. 2.
  24. MüKo/Schubert, BGB, 7. Aufl., 2015, § 177, Rn. 21.
  25. იქვე, Rn. 24.
  26. იქვე, Rn. 2.
  27. იქვე, Rn. 9.
  28. იხ. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 103, გვ. 278.
  29. Bamberger/Roth/Valenthin, BGB, § 177, Rn. 5.
  30. MüKo/Schubert, BGB, 7. Aufl., 2015, § 177, Rn. 14.
  31. იხ. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 411.
  32. იხ. ასევე Schäfer, Beck OK BGB, 39. Aufl., § 177, Rn. 6.
  33. იხ. ასევე MüKo/Schubert, BGB, 7. Aufl., 2015, § 177, Rn. 11.
  34. იხ. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 62, გვ. 202.
  35. MüKo/Schubert, BGB, 7. Aufl., 2015, § 177, Rn. 15.
  36. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 111, გვ. 293.
  37. იხ. ასევე ნინიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი IV, ტომი II, 2001, მუხ. 979, გვ. 342.
  38. იხ. ნინიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი IV, ტომი II, 2001, მუხ. 979, გვ. 342.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_111._გარიგების_დადება_წარმომადგენლობითი_უფლებამოსილების_გარეშე&oldid=1900"