Gccc-logo.png


მუხლი 113. წარმომადგენლის ვალდებულება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაკლის არსებობისას

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 113. წარმომადგენლის ვალდებულება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაკლის არსებობისას


სერგი ჯორბენაძე/აკაკი გაწერელია
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. თუ პირი, რომელიც დებს ხელშეკრულებას, როგორც წარმომადგენელი, თავის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ვერ დაადასტურებს, ვალდებულია მეორე მხარის სურვილით ან შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება, ან აანაზღაუროს ზიანი, თუკი წარმოდგენილი პირი ხელშეკრულებაზე თანხმობის მიცემას უარყოფს.

2. თუ წარმომადგენელმა არ იცოდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაკლის შესახებ, იგი ვალდებულია აანაზღაუროს მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მეორე მხარეს მიადგა იმის გამო, რომ იგი ენდობოდა ამ უფლებამოსილებას.

3. წარმომადგენელს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, თუ მეორე მხარემ იცოდა ან მას უნდა სცოდნოდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაკლის შესახებ. წარმომადგენელი პასუხს არ აგებს მაშინაც, როცა ქმედუნარიანობა შეზღუდული ჰქონდა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი მოქმედებდა თავისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით.

სარჩევი

I. ზოგადი დებულებები

1

113-ე მუხლი ადგენს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების არსებობის შესახებ ნდობის გაწბილებისთვის კანონისმიერ პასუხისმგებლობას.[1] ასეთი ნდობა კი შეიძლება იყოს სტიმულირებული და იმედგაცრუებული. აღნიშნული პასუხისმგებლობის[2] განსაზღვრის წინაპირობას ის გარემოება წარმოადგენს, რომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე მოქმედებით, პირი საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას. ასეთ შემთხვევაში კანონი პასუხისმგებლობას სწორედ წარმომადგენელს აკისრებს. მაგალითისთვის შესაძლებელია იმედგაცრუებული ნდობის შემთხვევა იქნეს განხილული. ასეთისთვის პასუხისმგებლობის ერთ-ერთი შემთხვევაა, როდესაც წარმომადგენელი არწმუნებს გარიგების მეორე მხარეს, რომ ის წარმოდგენილისგან მიიღებს თანხმობას (მოწონებას). მიუხედავად იმისა, რომ მეორე მხარემ იცოდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაკლის შესახებ (113 II), წარმომადგენელი, სამოქალაქო კოდექსის ძირეული პრინციპების გათვალისწინებით (8 III, 115, 316 II), არ თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან.[3]

2

წარმომადგენელს, გარიგების მეორე მხარისგან განსხვავებით, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაკლის შესახებ ინფორმაციის ფლობის უკეთესი შესაძლებლობა გააჩნია. ამდენად, 113-ე მუხლი ადგენს წარმომადგენლის პასუხისმგებლობას, თუ მან წარმოდგენილის სახელით, სათანადო უფლებამოსილების გარეშე, მესამე პირთან დაამყარა სახელშეკრულებო ურთიერთობა. კანონის ეს დანაწესი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების არსებობის დადასტურების ვალდებულებას წარმომადგენელს აკისრებს, რა შემთხვევებშიც მხედველობაში არ მიიღება მოქმედებდა თუ არა წარმომადგენელი ბრალეულად.[4] სათანადო გულისხმიერების გამოვლენის შემთხვევაშიც წარმოიშობა მის მიმართ შესაბამისი მოთხოვნის საფუძველი.[5] წარმომადგენელი პასუხს აგებს დამოუკიდებლად იმისა, მოქმედებდა იგი ნებაყოფლობითი (გარიგებისმიერი), ორგანიზაციული თუ კანონისმიერი წარმომადგენლობის ფარგლებში.[6]

II. პასუხისმგებლობის წინაპირობები (113 I)

3

პასუხისმგებლობის თვალსაზრისით კანონი აკონკრეტებს შესაბამის წინაპირობებს. იგი მეორე მხარეს ორი სამართლებრივი შედეგიდან ერთ-ერთის არჩევის შესაძლებლობას ანიჭებს: ა) შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება ან ბ) აანაზღაუროს ზიანი. პირველი მათგანი შეიძლება იყოს ნებისმიერი ის ვალდებულება, რაც მხარეთა შორის ხელშეკრულებით იქნა შეთანხმებული. უფრო ზუსტად, საუბარია ქმედების განხორციელებაზე.

113 I მუხლი ეხება მხოლოდ სახელშეკრულებო ურთიერთობებს. ამდენად, იგი არ გამოიყენება ყველა გარიგებაზე.

1. ხელშეკრულების დადება

5

წარმომადგენლობის უმთავრესი წინაპირობაა, რომ წარმომადგენელი წარმოდგენილის სახელით უნდა დებდეს მეორე მხარესთან ხელშეკრულებას. ამდენად, წარმომადგენელი უნდა მოქმედებდეს სხვისი სახელით და, სულ მცირე, კონკლუდენტური მოქმედებით უნდა ქმნიდეს ვარაუდს, რომ მას წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გააჩნია.[7] აღნიშნული ქმედება პირდაპირ კავშირშია კეთილსინდისიერების პრინციპთან,[8] მეორე მხარე არ შეცდეს ხელშეკრულების დადებისას.

2. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების არარსებობა

6

წარმომადგენელი არ უნდა იყოს აღჭურვილი ნებაყოფლობითი (გარიგებისმიერი), ორგანიზაციული თუ კანონისმიერი წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით.[9] 113-ე მუხლის საფუძველზე მოთხოვნა წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი უარყოფს ხელშეკრულების დადებაზე თანხმობის გაცემას (მოწონებას) ან უშედეგოდ გაივლის კანონით განსაზღვრული ორკვირიანი ვადა (111 II).[10]

3. წარმოდგენილის უარი თანხმობაზე

7

113-ე მუხლის საფუძველზე წარმომადგენლის პასუხისმგებლობა დგება მაშინ, თუ წარმოდგენილმა ხელშეკრულების თანხმობაზე (მოწონებაზე) საბოლოო უარი განაცხადა და ამის შედეგად ხელშეკრულება არ დაიდო. პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის მნიშვნელობა არ აქვს ხელშეკრულება წარმოდგენილის თანხმობაზე/მოწონებაზე უარის მიზეზით, თუ კანონით განსაზღვრული ვადის გასვლის საფძველზე არ დადებულა.[11]

8

თუ წარმომადგენლის მიერ დადებული ხელშეკრულების მხოლოდ ნაწილი ექცევა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების არეალში, და ხელშეკრულების ეს ნაწილი ნამდვილია, წარმომადგენლის პასუხისმგებლობა ვრცელდება მხოლოდ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე დადებული ხელშეკრულების ნაწილზე. იგივე წესი მოქმედებს, როდესაც წარმომადგენელმა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე იმოქმედა, ხოლო, წარმოდგენილმა ხელშეკრულების მხოლოდ ნაწილი მოიწონა.[12]

4. მიზეზშედეგობრივი კავშირი

9

წარმომადგენლის მიერ დადებული ხელშეკრულების იურიდიული ძალის არარსებობას წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაკლი უნდა განაპირობებდეს. შესაბამისად, წარმომადგენელი პასუხისმგებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ 113-ე მუხლიდან გამომდინარე, მეორე მხარის მოთხოვნა მიზეზშედეგობრივ კავშირშია მისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების არარსებობასთან.[13]

10

წარმომადგენლის პასუხისმგებლობა გამოირიცხება, თუ გარიგების მეორე მხარე, 112-ე მუხლის თანახმად, უკან გამოითხოვს გამოვლენილ ნებას. ამ შემთხვევაში, ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით, შესაძლოა მოთხოვნილ იქნეს 394-ე, 316 II და 317 II მუხლების საფუძველზე, ხელშეკრულების მომზადების ეტაპზე წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება.[14]

5. პასუხისმგებლობის მოცულობა — არჩევანის თავისუფლება

11

113 III მუხლით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წარმომადგენელი გარიგების მეორე მხარის წინაშე ყოველთვის არის პასუხისმგებელი. განსახილველი ნორმა ადგენს მხოლოდ პასუხისმგებლობის ფარგლების ვარირების შესაძლებლობას,[15] რაც 112 II მუხლით გათვალისწინებული, ნდობასთან დაკავშირებული ზიანისათვის წარმომადგენლის შეზღუდული პასუხისმგებლობიდან გამომდინარეობს.[16]

12

წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაკლის ან მისი შეცილებადობის პოზიტიური ცოდნის გამო წარმომადგენლის მოქმედება მიიჩნევა არაკეთილსინდისიერად.[17] ამგვარად, კანონი გარიგების მეორე მხარეს (კრედიტორს) ანიჭებს არჩევანის უფლებას ვალდებულების შესრულებასა და მისი შეუსრულებლობისას ზიანის ანაზღაურებას შორის.[18] მეორე მხა რეს უფლება აქვს მოსთხოვოს წარმომადგენელს ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რაც წარმომადგენელს არსებითად ხელშეკრულების მხარედ აქცევს.[19] თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ წარმომადგენელი არ წარმოადგენს, კლასიკური გაგებით, ხელშეკრულების მხარეს,[20] 113 I მუხლი აფუძნებს კანონისმიერ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობას, რომლის შინაარსიც მხოლოდ წარმომადგენელთან არარსებული ხელშეკრულების შემთხვევაში დგინდება.[21]

13

მეორე მხარის არჩევანის უფლების რეალიზაცია შესაძლოა კონკლუდენტურად, წარმომადგენლის მიერ ფაქტობრივად განხორციელებული შესრულების მიღებითაც განხორციელდეს. წარმომადგენელს არ შეუძლია შებოჭოს მეორე მხარე ამ შესრულების შეთავაზებით.[22] 376-ე მუხლის თანახმად, არჩევანის უფლების ერთჯერადად გამოყენებით მეორე მხარე კარგავს სხვა (ალტერნატიული) მოთხოვნის უფლებას.[23]

14

არჩევანის უფლება იზღუდება 375-ე მუხლის საფუძველზე და წარმოიშობა მხოლოდ ზიანის ანაზღაურების მოვალეობა, თუ წარმომადგენლის მიერ ვალდებულების შესრულება შეუძლებელია.[24]

ა) შესრულება

15

წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაკლის დროს მეორე მხარეს წარმომადგენლის მიმართ გააჩნია ყველა პირველადი და მეორადი მოთხოვნა, რაც შესაძლოა გამომდინარეობდეს წარმოდგენილის სახელით დადებული ხელშეკრულებიდან. წარმომადგენელს უფლება აქვს მეორე მხარის მოთხოვნას დაუპირისპიროს ყველა ის შესაგებელი, რაც წარმოდგენილს მოქმედი ხელშეკრულების საფუძველზე ექნებოდა.[25] თავის მხრივ, „წარმომადგენელს შესრულების მოთხოვნისაგან თავის დაცვა შეუძლია იქამდე, ვიდრე მეორე მხარე არ შეასრულებს (369-ე მუხლი)“.[26]

16

იმ შემთხვევაში, თუ პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, ვალდებულება მხოლოდ წარმოდგენილის მიერ უნდა შესრულდეს, წარმომადგენელი გათავისუფლდება ამ მოვალეობისგან და დაეკისრება მხოლოდ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.[27]

ბ) ზიანის ანაზღაურება

17

ზიანის ფულადი ანაზღაურება დარღვეული უფლების აღდგენის ბოლო ღონისძიებაა.[28] თუმცა, 113-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა გარიგების მეორე მხარის არჩევითაც იკავებს ვალდებულების შესრულების ადგილს.[29] ანაზღაურებას ექვემდებარება ხარჯები და ასევე ის ზიანი, რომელიც წარმოდგენილთან ნამდვილი ხელშეკრულებისას არ იარსებებდა.[30]

გ) ნეგატიური (უარყოფითი) ინტერესი

18

წარმომადგენლის პასუხისმგებლობის მოცულობის განსაზღვრა დამოკიდებულია მის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ცოდნა/არცოდნის ფაქტზე.[31] წარმომადგენელი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაკლის შესახებ არცოდნისას პასუხისმგებელია მხოლოდ მეორე მხარის ნეგატიური (უარყოფითი) ინტერესისთვის (ნდობის ზიანი), რაც, თავის მხრივ, ზღუდავს 113 I მუხლით გათვალისწინებულ „საგარანტიო პასუხისმგებლობის“ მასშტაბებს.[32] სხვა სიტყვებით რომ ითქვას, 113 II მუხლი ადგენს წარმომადგენლის ბრალის გარეშე პასუხისმგებლობას, თუმცა პასუხისმგებლობის ეს ფარგლები იზღუდება მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი, პირდაპირი (და არა არაპირდაპირი) ზიანის ფარგლებით. ამდენად, თუ წარმომადგენელმა არაფერი იცოდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაკლის შესახებ, იგი პასუხს არ აგებს ვალდებულების შესრულების ინტერესისათვის.[33]

19

თუ ნაკლის შესახებ არცოდნა გამოწვეულია წარმომადგენლის გაუფრთხილებლობით (მათ შორის უხეში გაუფრთხილებლობით), წარმომადგენლის პასუხისმგებლობა მაინც გამოირიცხება.

III. წარმომადგენლის არაინფორმირებულობა (113 II)

20

113 II მუხლი ავიწროებს პასუხისმგებლობის ფარგლებს და მას კონკრეტული შემთხვევის არსებობას უკავშირებს. კერძოდ, წარმომადგენლის მიერ არ უნდა იყოს ცნობილი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაკლის შესახებ. ასეთის არსებობისას მეორე მხარეს არ გააჩნია არჩევანის თავისუფლება, მოითხოვოს მისთვის სასურველი პასუხისმგებლობის დაკისრება წარმომადგენლისთვის.

21

113 II მუხლის მოქმედების არეალი მნიშვნელოვნად ეფუძნება მეორე მხარის ნდობის ფარგლებს. პასუხისმგებლობაც სწორედ ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას განსაზღვრავს. თავის მხრივ, ასეთ ზიანში ე.წ. „ნდობის ზიანი“ იგულისხმება.[34] ასეთ დროს აუცილებელია, რომ მოთხოვნილი ზიანი იყოს გონივრული. კერძოდ, არ აჭარბებდეს იმ ინტერესის ანაზღაურებას, რომელიც ექნებოდა დაზარალებულს გარიგების შესრულების შემთხვევაში.[35]

IV. პასუხისმგებლობის გამორიცხვის წინაპირობები (113 III)

22

113 III მუხლის არსი წარმოადგენს წარმომადგენლის პასუხისმგებლობის გამორიცხვას, რომლის ფარგლებშიც განსაზღვრულია როგორც ქმედუნარიანი, ისე შეზღუდული ქმედუნარიანი წარმომადგენლის პასუხისმგებლობის საკითხი.

1. პასუხისმგებლობის გამორიცხვის ზოგადი საფუძვლები წარმომადგებლობისას

23

„წარმომადგენლობითი ძალაუფლება გამორიცხავს წარმომადგენლის პასუხისმგებლობას და აფუძნებს მოთხოვნის საპირისპირო შესაგებელს“.[36] წარმომადგენლის პასუხისმგებლობა ასევე გამოირიცხება, თუ წარმოდგენილი განზრახ ან გაუფრთხილებლად თავად ქმნის რისკს მასზედ, რომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაკლის გამო ხელშეკრულება არ დაიდო.[37]

24

ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრების თანახმად, 113 I მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ ნამდვილი ხელშეკრულების არსებობის პირობებში, მეორე მხარე წარმოდგენილის მიმართ, მისი ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, ვალდებულების შესრულების ან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების რეალიზაციას ვერ შეძლებდა, მსგავსი გარემოება ათავისუფლებს წარმომადგენელს პასუხისმგებლობისგან.[38]

2. მეორე მხარის ინფორმირებულობა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაკლის შესახებ

25

მეორე მხარის მიერ ინფორმაციის ფლობა, რომ წარმომადგენელს არ გააჩნია წარმომადგენლობითი უფლებამოსილება, ასევე შემთხვევა, როდესაც მან უნდა იცოდეს აღნიშნულის შესახებ, აქარწყლებს წარმომადგენლის პასუხისმგებლობას.[39] ასევე, ასეთ კატეგორიას მიეკუთვნება შემთხვევა, როდესაც „წარმომადგენელი მინდობილობის გარეშე მოქმედებს არარსებული სამართლის სუბიექტის სახელით, მისი პასუხისმგებლობა გამოირიცხება იმ შემთხვევაში, როდესაც კონტრაჰენტმა შეიტყო მინდობილობის გარეშე მოქმედი წარმომადგენლობის შესახებ“.[40]

26

წარმომადგენლის პასუხისმგებლობის გამორიცხვის შემთხვევად შესაძლებელია განხილულ იქნეს სიტუაცია, როდესაც თავად წარმომადგენელი აცნობებს მორე მხარეს, რომ მის მიმართ გაცემული წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შესაძლოა ნაკლიანი იყოს.[41]

3. წარმომადგენლის შეზღუდულ ქმედუნარიანობა

27

113-ე III მუხლის მეორე წინადადება ადგენს არასრულწლოვანი წარმომადგენლის პასუხისმგებლობის შეზღუდვის კანონისმიერ საფუძველს. მიუხედავად იმისა, რომ კანონით დაშვებულია შეზღუდულ ქმედუნარიანი პირის მიერ წარმომადგენლობა (სკ-ის 105-ე მუხლი) მისი დაცვის მიზნით, ნაკლიანი წარმომადგენლობითი უფლებამოსილებისას კანონი ათავისუფლებს შეზღუდულქმედუნარიანს პასუხისმგებლობის პოტენციური რისკისგან.[42]

28

შეზღუდულქმედუნარიანი წარმომადგენელი პასუხს აგებს, თუ მას მიღებული ჰქონდა თავისი კანონიერი წარმომადგენლისგან თანხმობა.[43] აღნიშნულზე დაფუძნებით, კანონიერ წარმომადგენელს შეუძლია შემდგომშიც მოიწონოს წარმომადგენლის მოქმედება, რის შედეგადაც ძალაში რჩება შეზღუდულქმედუნარიანი წარმომადგენლის პასუხისმგებლობა.[44]




  1. იხ. MüKo/Schubert, BGB, 7. Aufl., 2015, § 179, Rn. 2.
  2. იხ. კროპჰოლერი, გსკ-ის სასწავლო კომენტარი, თარგმანი, § 179, ველი 1.
  3. იხ. MüKo/Schubert, BGB, 7. Aufl., 2015, § 179, Rn. 7.
  4. Schäfer, Beck OK BGB, 39. Aufl., § 179, Rn. 1.
  5. ერქვანია, მესამე პირთა ინტერესების დაცვა წარმომადგენლობაში (საქართველოსა და გერმანიის სამოქალაქო კოდექსის მიხედვით), მართლმსაჯულება და კანონი, #3(34)12, გვ. 32.
  6. Schäfer, Beck OK BGB, 39. Aufl., § 179, Rn. 16.
  7. MüKo/Schubert, BGB, 7. Aufl., 2015, § 179, Rn. 22.
  8. აღნიშნულის თაობაზე იხ. ერქვანია, მესამე პირთა ინტერესების დაცვა წარმომადგენლობაში (საქართველოსა და გერმანიის სამოქალაქო კოდექსის მიხედვით), მართლმსაჯულება და კანონი, #3(34)12, გვ. 35-36.
  9. MüKo/Schubert, BGB, 7. Aufl., 2015, § 179, Rn. 23.
  10. იქვე, Rn. 24.
  11. Schäfer, Beck OK BGB, 39. Aufl., § 179, Rn. 5.
  12. დასახელებული ნაშრომი, Rn. 4.
  13. MüKo/Schubert, BGB, 7. Aufl., 2015, § 179, Rn. 30.
  14. იხ. ასევე, იქვე, Rn. 33.
  15. იქვე, Rn. 3.
  16. იხ. ასევე ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 113 გვ. 296.
  17. Schäfer, Beck OK BGB, 39. Aufl., § 179, Rn. 19.
  18. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 113, გვ. 296.
  19. იხ. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 412.
  20. MüKo/Schubert, BGB, 7. Aufl., 2015, § 179, Rn. 34. იხ. ასევე ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 113 გვ. 296.
  21. MüKo/Schubert, BGB, 7. Aufl., 2015, § 179, Rn. 36.
  22. იქვე, Rn. 35.
  23. იხ. ასევე, იქვე, Rn. 19.
  24. იხ. იქვე.
  25. MüKo/Schubert, BGB, 7. Aufl., 2015, § 179, Rn. 38.
  26. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 113, გვ. 297.
  27. Schäfer, Beck OK BGB, 39. Aufl., § 179, Rn. 21.
  28. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი III, მუხ. 409, გვ. 455.
  29. MüKo/Schubert, BGB, 7. Aufl., 2015, § 179, Rn. 44.
  30. იხ. იქვე, Rn. 45.
  31. Schäfer, Beck OK BGB, § 179, Rn. 25.
  32. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 113, გვ. 297.
  33. იხ. კროპჰოლერი, გსკ-ის სასწავლო კომენტარი, 2014, § 179, ვნ. 4.
  34. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 113, გვ. 297.
  35. იქვე.
  36. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 113, გვ. 297.
  37. MüKo/Schubert, BGB, 7. Aufl., 2015, § 179, Rn. 4.
  38. იქვე, Rn. 40.
  39. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 113, გვ. 298.
  40. კროპჰოლერი, გსკ-ის სასწავლო კომენტარი, თარგმანი § 179, ვნ. 4.
  41. Schäfer, Beck OK BGB, § 179, Rn. 29.
  42. დასახელებული ნაშრომი. Rn.. 30.
  43. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 113, გვ. 298.
  44. Schäfer, Beck OK BGB, § 179, Rn. 30.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_113._წარმომადგენლის_ვალდებულება_წარმომადგენლობითი_უფლებამოსილების_ნაკლის_არსებობისას&oldid=1906"