Gccc-logo.png


მუხლი 114. საკუთარ თავთან გარიგების დადების დაუშვებლობა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 114. საკუთარ თავთან გარიგების დადების დაუშვებლობა


სერგი ჯორბენაძე/აკაკი გაწერელია
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

თუ თანხმობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წარმომადგენელს არ შეუძლია წარმოდგენილი პირის სახელით საკუთარ თავთან თავისი სახელით, ან, როგორც მესამე პირის წარმომადგენელმა, დადოს გარიგება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გარიგება უკვე არსებობს რაიმე ვალდებულების შესასრულებლად.

სარჩევი

I. ზოგადი დებულებები

1

114-ე მუხლის მიზანია, რომ წარმომადგენელს არ უნდა გააჩნდეს გარიგების ორივე მხარის წარმოდგენის/განსახიერების უფლებამოსილება.[1] გარიგებებში წარმომადგენლობისას, წარმომადგენელს უნარჩუნდება ფაქტობრივი შესაძლებლობა, წარმოდგენილის სახელით საკუთარი თავის მიმართაც გამოავლინოს ნება. წარმომადგენელი შესაძლოა ან თავად მოექცეს ნების მიმღების მხარეს (თვითკონტრაჰირება), ან იმოქმედოს მესამე პირის სახელით (წარმომადგენლობათა სიმრავლე).[2] ამდენად, განსახილველი მუხლით გათვალისწინებულია ორი, „თვითკონტრაჰირებისა“ და „წარმომადგენლობათა სიმრავლის“ შემთხვევა.[3]

2

წარმომადგენელი შესაძლოა აღმოჩნდეს საკუთარ ინტერესებთან კონფლიქტში. აღნიშნული ფაქტი ართულებს წარმომადგენლის მიერ საკუთარი თავის საზიანოდ მარწმუნებლის ინტერესების დაცვის შესაძლებლობას.[4] წარმომადგენლის უმთავრესი მიზანი წარმოდგენილის ინტერესების დაცვაა. ეს კი ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით სარგებლობის აკრძალვაში გამოიხატოს.[5] თავის მხრივ, ამის აღსრულება, წარმომადგენლის მიერ როგორც წარმოდგენილის, ასევე საკუთარი თავის ან მესამე პირის სახელით ერთდროულად მოქმედებისას, შეუძლებელია.[6]

3

სამართლებრივ ლიტერატურაში გაბატონებული მოსაზრების თანახმად, საკუთარ თავთან დადებული გარიგება[7] მერყევად ბათილია.[8] თუ კანონით სპეციალურად სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, 114-ე მუხლის მოქმედების არეალში, მისი შინაარსის გათვალისწინებით, ექცევა ყველა კერძოსამართლებრივი გარიგება.[9] შესაბამისად, მისი მოქმედება ვრცელდება არა მხოლოდ ხელშეკრულებებზე, არამედ ცალმხრივ მიღებასავალდებულო გარიგებებზეც.[10]

II. საკუთარ თავთან დადებული გარიგების სამართლებრივი შედეგები

4

ის, თუ რა ჩაითვლება საკუთარ თავთან დადებულ გარიგებად, ცალკეული მაგალითის საფუძველზე უნდა იქნეს განხილული. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ წინა პლანზე იყოს წამოწეული ერთი მხარის უფლებრივი სარგებელი, ისევე, როგორც სამართლებრივი შესაძლებლობა, დადოს გარიგება დამატებითი შეზღუდვის გარეშე.

1. საკუთარ თავთან დადებული გარიგების მერყევად ბათილობა

5

იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილს შესაძლებლობა აქვს უკეთ შეაფასოს ხსენებული გარიგების სამართლებრივი შედეგები მისი დადების შემდეგ და არა მის დადებამდე, განსახილველი დანაწესი წარმოდგენილს ანიჭებს უფლებას მოიწონოს წარმომადგენლის მიერ საკუთარ თავთან დადებული გარიგება და ამ მოწონების საფუძველზე დატოვოს ის ძალაში.[11] გამომდინარე აღნიშნულიდან, 114-ე მუხლი ადგენს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მხოლოდ შეზღუდვის წინაპირობას, რომლის თანახმად, წარმომადგენლის მიერ დადებული ხელშეკრულება არა მისი დადებისთანავე უპირობოდ ბათილია,[12] არამედ მის მოწონებამდე – მერყევად ბათილი.

6

წარმომადგენლის მიერ საკუთარ თავთან დადებული გარიგების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობის მოსაწერიგებლად გამოიყენება 111-113-ე მუხლები,[13] რაც იმას ნიშნავს, რომ წარმოდგენილი პირისათვის ნებისმიერ დროს უნდა იყოს შესაძლებელი, თავისი ინტერესების შესაბამისად ასეთი გარიგება მოიწონოს და ამით ხელშეკრულება ნამდვილად აქციოს ან არ მოიწონოს და ამით გააბათილოს იგი.[14]

2. ნორმის განმარტების ტელეოლოგიური შეზღუდვა (რედუქცია)

7

ის, თუ რატომ არ მიიჩნევა საკუთარ თავთან დადებული გარიგება ბათილ გარიგებად, ნორმის შინაარსობრივი დატვირთვის გათვალისწინებით, რამდენიმე წინაპირობიდან გამომდინარე უნდა იქნეს განხილული.

ა) უფლებრივი სარგებელი

8

განსახილველი დანაწესის შეზღუდვის კლასიკური მაგალითია წარმოდგენილისათვის გარიგებით მხოლოდ უფლებრივი სარგებლის მინიჭება.[15] მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება არც ინტერესთა კონფლიქტის ან სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის ხელმყოფი გარემოებების წარმოშობის საშიშროება და არც წარმოდგენილის დაცვის განსაკუთრებული აუცილებლობა.[16] 114-ე მუხლის შინაარსის ტელეოლოგიური შეზღუდვის (რედუქციის) საფუძველზე კანონისმიერ წარმომადგენელს არ ეკრძალება დაასაჩუქროს საკუთარი ქმედუუნარო შვილი[17] და სხვ.

ბ) ერთი პირის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი

9

ვინაიდან თვითკონტრაჰირებისა და ორმაგი წარმომადგენლობის აკრძალვა ემსახურება წარმოდგენილი პირის ინტერესების დაცვას, სამართლებრივ ლიტერატურაში არსებობს არაერთგვაროვანი მიდგომა 114-ე მუხლის ერთკაცა იურიდიული პირის (შპს-ის) მიმართ გამოყენების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, რამეთუ აქ ინტერესთა კონფლიქტი არ შეიძლება არსებობდეს.[18] შპს-ს ერთპიროვნული დამფუძნებლის − დირექტორის მიერ საკუთარ თავთან დადებული გარიგების საფუძველზე კომპანიის კაპიტალის/ქონების გადაადგილების შეზღუდვის პრევენციის მიზნებისთვის დაცვის სუბიექტია კრედიტორი და არა ეს კომპანია.[19] სწორედ ერთკაცა შპს-ს მიმართ შეიძლება იქნეს გამოყენებული 114-ე მუხლი. ასეთ დროს შეიძლება წესდებით იყოს აკრძალული შესაბამისი გარიგების დადება, რაც, თავის მხრივ, გარიგების ნამდვილობის საკითხზე მსჯელობისას შემაფერხებელი სამართლებრივი წინაპირობა გახდება.[20]

III. საკუთარ თავთან დადებული გარიგების ნამდვილობა

10

114-ე მუხლში, მიუხედავად შეზღუდვისა, გათვალისწინებულია გამონაკლისი, როდესაც საკუთარ თავთან გარიგების დადება დასაშვებია. ასეთი საგამონაკლისო შემთხვევა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობასა და კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპებს (ასევე, მაგალითად, 54-ე მუხლს და სხვ.). 114-ე მუხლი ადგენს საკუთარ თავთან დადებული გარიგების აკრძალვის საგამონაკლისო შემთხვევებს. ნებადართულია წარმომადგენლის მიერ მსგავსი გარიგების დადება – ან წარმოდგენილისგან თანხმობის არსებობისას, ან იმ დროს, როდესაც ეს გარიგება, გამონაკლისის სახით არსებული ვალდებულების შესრულებას ემსახურება.[21] ამდენად, „სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს გარიგების დადებაზე თანხმობის, როგორც გარიგების ნამდვილობის პირობის, ორ სახეს: ა) წინასწარ გაცემულ თანხმობას – ნებართვას (მე-100 მუხლი) და ბ) შემდგომ თანხმობას – მოწონებას (101-ე მუხლი).“[22]

1. წარმოდგენილის თანხმობა

11

წარმომადგენლის მიერ 114-ე მუხლით განსაზღვრული გარიგების დადებაზე თანხმობა არის ცალმხრივი, მიღებასავალდებულო ნების გამოვლენა და არ საჭიროებს სპეციალური ფორმას.[23] თანხმობის გაცემა შესაძლოა როგორც ნათლად და გარკვევით,[24] ასევე კონკლუდენტური მოქმედებითაც განხორციელდეს.[25] ამის მაგალითია, როდესაც უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების ორივე მხარე, სანოტარო წესით დამოწმებული ერთი მინდობილობის საფუძველზე, ერთსა და იმავე პიროვნებას ანიჭებენ უძრავი ნივთის განკარგვის უფლებამოსილებას.[26]/[27]

12

იურიდიული პირების წარმომადგენლობის შემთხვევაში, თანხმობა შესაძლოა გაიცეს წესდების საფუძველზე ან კონკრეტული იურიდიული პირის უფლებამოსილი უმაღლესი მმართველობითი/სამეთვალყურეო ორგანოს გადაწყვეტილებით.[28] აღსანიშნავია ასევე, რომ წარმომადგენლის მიერ საკუთარ თავთან გარიგების დადების უფლებამოსილება შესაძლოა კანონის საფუძველზეც იქნეს მოწესრიგებული,[29] როდესაც პირს ასეთი შესაძლებლობა პირდაპირ ნორმით ენიჭება.

13

მართალია, წარმოდგენილი არ არის ვალდებული მოიწონოს გარიგება, თუმცა გამონაკლისის სახით შესაძლოა მოწონების ვალდებულება მაინც წარმოიშვას. ასეთი შემთხვევა კი მაშინაა სახეზე, თუკი აღნიშნულის განუხორციელებლობა ეწინააღმდეგება სამოქალაქო სამართლით განმტკიცებულ კეთილსინდისიერებისა და გულისხმიერების პრინციპებს.[30]

2. ვალდებულების შესრულების მიზანი

14

ნორმის შინაარსობრივი დატვირთვიდან გამომდინარე,[31] წარმომადგენელი უფლებამოსილია საკუთარ თავთან დადოს გარიგება, თუ ეს გამონაკლისის სახით ვალდებულების შესრულების მიზანს ემსახურება.[32] აღნიშნულს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს – წარმომადგენლის ვალდებულების შესრულებისას წარმოდგენილის მიმართ, წარმოდგენილის ვალდებულების შესრულებისას წარმომადგენლის მიმართ ან წარმომადგენლობათა სიმრავლის დროს, ერთ-ერთი წარმოდგენილის (მაგ., მოვალის) ვალდებულების შესრულებისას მეორე წარმოდგენილის (მაგ., კრედიტორის) მიმართ.[33] ამასთან, 114-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების შესრულება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ ეს ვალდებულება უკვე არსებობს (წარმოიშვა), მისი შესრულება ვადამოსული და თავისუფალია მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლისგან.[34] შესაგებელში ნაგულისხმევია გარიგების მეორე მხარის და არა წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილის მოთხოვნის საპირისპიროდ წაყენებული მოთხოვნა.[35]

3. ამოცნობადობა

15

წარმომადგენლის მიერ საკუთარ თავთან დადებული გარიგება, თუკი გარიგება ფორმასავალდებულო არ არის, როგორც წესი, გარეგნულად ამოუცნობადია.[36] რამდენადაც, აღნიშნული გარიგება მესამე პირთა მიმართ სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს, აუცილებელია, რომ ის გარეგნულად ამოცნობადი იყოს, რათა მესამე პირებმა შეძლონ მისი აღქმა.[37] ამოცნობადობისთვის საკმარისია, რომ უფლებამოსილ პირს შესწევდეს უნარი შეიცნოს წარმომადგენლის მიერ 114-ე მუხლით გათვალისწინებული გარიგების დადება.[38]

IV. კავშირი სხვა სამართლებრივ ინსტიტუტებთან

16

სხვა სამართლებრივ ინსტიტუტებთან კავშირის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ორ მათგანზე: ა) ქორწინებასა და ბ) საერთო საკუთრებაზე. ასეთი სახის დიფერენციაცია გამომდინარეობს სასამართლო პრაქტიკიდან, რომელიც საერთო საკუთრების შემთხვევაში საკუთარ თავთან გარიგების დადების საკითხს ეხება.

1. კავშირი ქორწინებასთან

17

სასამართლო პრაქტიკის თანახმად, 114-ე მუხლი აწესებს არა მხოლოდ წარმოდგენილის მიერ საკუთარ თავთან გარიგების დადების აკრძალვას, არამედ, ასევე უარყოფს წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილის სახელით მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირთან სახელშერულებო ურ- თიერთობის დამყარების შესაძლებლობასაც. სასამართლოს განმარტებით, მოცემული მსჯელობა ეფუძნება იმ გარემოებას, რომ რეგისტრირებული ქორწინების პირობებში, თანაცხოვრების პერიოდში, შეძენილი ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებად იქცევა და ამ მოტივით, ეს გარემოება, 114-ე მუხლის საფუძველზე, გარიგების ბათილობის საფუძველს წარმოშობს.[39] სასამართლო პრაქტიკით, ასეთი გარიგება საკუთარ თავთან დადებულ გარიგებად უნდა იქნეს შეფასებული.[40] თავის მხრივ, ასეთი დამაბრკოლებელი გარემოება არ იარსებებს, თუ სახეზე არ იქნება მეუღლეთა რეგისტრირებული ქორწინება.[41]

2. ერთი პიროვნების მიერ დადებული ხელშეკრულება, რომელიც ორივე მხარესთანაა დაკავშირებული

18

ასეთ მაგალითად მოიაზრება შემთხვევა, როდესაც პირი ერთ შპს-ში წილების 51%-ის მფლობელია, ხოლო, მეორე შპს-ში - დირექტორი. ასეთ დროს, თუ იგი ერთი მხრივ, როგორც დირექტორი დადებს ხელშეკრულებას და, მეორე მხრივ, როგორც იმ კომპანიის წარმომადგენელი, რომელშიც 51%-ს ფლობს, შეიძლება ანალოგიის თვალსაზრისით ასეთი გარიგება 114-ე მუხლის მოწესრიგებაში მოექცეს და მასზე გავრცელდეს შესაბამისი სამართლებრივი წინაპირობები.




  1. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 114 გვ. 298.
  2. Schäfer, Beck OK BGB, 39. Aufl., § 181, Rn. 1.
  3. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 114 გვ. 298.
  4. იხ. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 412.
  5. MüKo/Schubert, BGB, 7. Aufl., 2015, § 181, Rn. 2.
  6. Schäfer, Beck OK BGB, 39. Aufl., § 181, Rn. 1.
  7. განსახილველი მუხლის კომენტარში საკუთარ თავთან დადებული გარიგების ჭრილში იგულისხმება როგორც თვითკონტრაჰირება, ისე წარმომადგენლობათა სიმრავლის შემთხვევა, თუკი ეს შეესაბამება კონკრეტულ ვითარებას.
  8. იხ. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 114 გვ. გვ. 299; ასევე, კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 413.
  9. იხ. ასევე Schäfer, Beck OK BGB, 39. Aufl., § 181, Rn. 4.
  10. MüKo/Schubert, BGB, 7. Aufl., 2015, § 181, Rn. 14.
  11. იხ. იქვე, Rn. 56.
  12. საინტერესოა სასამართლოს პოზიცია, სადაც იგი მიიჩნევს, რომ, თუ წარმომადგენელმა მინდობილობის ფარგლებში საკუთარ თავთან დადო გარიგება, მაშინ ეს გარიგება უცილოდ ბათილია და მასზე ვრცელდება 54-ე მუხლით მოქმედი დანაწელი _ იხ. სუს განჩინება, 24 ივლისი 2015, #ას-887-848-2014.
  13. MüKo/Schubert, BGB, 7. Aufl., 2015, § 181, Rn. 56.
  14. მიგრიაული/ბეარი, საკუთარ თავთან გარიგების დადება ერთკაცა შპს-ში, გვ. 4.
  15. „უფლებრივი სარგებლის“ ცნებასთან დაკავშირებით იხ. მე-15 მუხლის კომენტარი, ველი 5.
  16. Schäfer, Beck OK BGB, 39. Aufl., § 181, Rn. 19.
  17. იქვე.
  18. მიგრიაული/ბეარი, საკუთარ თავთან გარიგების დადება ერთკაცა შპს-ში, გვ. 6.
  19. MüKo/Schubert, BGB, 7. Aufl., 2015, § 181, Rn. 30.
  20. იხ. მიგრიაული/ბეარი, საკუთარ თავთან გარიგების დადება ერთკაცა შპს-ში, გვ. 7; ნაშრომში შედარებაა გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 181-ე მუხლთან.
  21. Schäfer, Beck OK BGB, 39. Aufl., § 181, Rn. 31.
  22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 8 ივლისის Nას-543-516-2013 განჩინება.
  23. Schäfer, Beck OK BGB, 39. Aufl., § 181, Rn. 32.
  24. მაგ., წერილობითი მინდობილობის/რწმუნებულების საფუძველზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იხ. ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 8 ნოემბრის #ას-1655-1552-2012 გადაწყვეტილება; ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 13 ოქტომბრის #ას-788-745-2015 განჩინება.
  25. MüKo/Schubert, BGB, 7. Aufl., 2015, § 181, Rn. 58.
  26. Schäfer, Beck OK BGB, 39. Aufl., § 181, Rn. 33.
  27. აღნიშნულ საკითხზე იხილეთ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 28 ივნისის #ას-167-497-05 განჩინება.
  28. Schäfer, Beck OK BGB, 39. Aufl., § 181, Rn. 36.
  29. იქვე, ღნ. 37. ამ მხრივ აღსანიშნავია გერმანიის კანონმდებლობთ გათვალისწინებული მოწესრიგება, რომლის თანახმად მშობლებს აქვთ უფლება დადონ მათ არასრულწლოვან შვილთან საწყისი განათლების მიღების თაობაზე ხელშეკრულება (Ausbildungsvertrag). აღნიშნულ საკითხზე იხილეთ, მაგალითად, MüKo/Schubert, BGB, 7. Aufl., 2015, § 181, Rn. 59.
  30. MüKo/Schubert, BGB, 7. Aufl., 2015, § 181, Rn. 64; შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 8 ივლისის #ას-543-516-2013 განჩინება.
  31. ნორმის თაობაზე კრიტიკული მოსაზრება იხილეთ: კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 413.
  32. იხ. Schäfer, Beck OK BGB, 39. Aufl., § 181, Rn. 38.
  33. იქვე; იხ. ასევე MüKo/Schubert, BGB, 7. Aufl., 2015, § 181, Rn. 83.
  34. იქვე, Rn. 84.
  35. იხ. იქვე.
  36. MüKo/Schubert, BGB, 7. Aufl., 2015, § 181, Rn. 90.
  37. იხ. იქვე; ასევე, Schäfer, Beck OK BGB, 39. Aufl., § 181, Rn. 41.
  38. MüKo/Schubert, BGB, 7. Aufl., 2015, § 181, Rn. 91.
  39. იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 6 ივნისის #ას-369-349-2011 განჩინება, აღწერილობითი ნაწილი; თბილისი სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 18 ნოემბრის განჩინება.
  40. იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 19 დეკემბრის #ას-525-870-07 განჩინება.
  41. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 11 ნოემბრის #ას-429-671-08 განჩინება, აღწერილობითი ნაწილი — სასამართლოს განმარტებით, არარეგისტრირებული ქორწინებისას შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების მომწესრიგებელი ნორმები არ ვრცელდება.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_114._საკუთარ_თავთან_გარიგების_დადების_დაუშვებლობა&oldid=1909"