Gccc-logo.png


მუხლი 115. უფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 115. უფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა


სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

I. ზოგადი დებულებები

1

115-ე მუხლი კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპის – „კეთილსინდისიერების პრინციპის“ გამოხმაურებაა.[1] 8 III მუხლის შესაბამისად კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლება-მოვალეობები, რაც „ინდივიდის თავისუფლების ერთგვარი შეზღუდვაა.“[2]

2

მე-9 და 10 II მუხლები პირს ანიჭებს თავისუფლებას, კერძოსამართლებრივ ურთიერთობაში განახორციელოს კანონით აუკრძალავი ნებისმიერი ქმედება, თუმცა აქვე ზღუდავს ნების ავტონომიის ფარგლებს მაშინ, როდესაც ის ხელყოფს მესამე პირთა უფლებებს.[3]

3

10 III მუხლით კანონმდებელი იქვე კანონის იმპერატიული ნორმების დანიშნულებაზე მიუთითებს. საგულისხმოა, რომ სწორედ უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან იცავს სხვათა თავისუფლებას კანონის იმპერატიული ნორმები.[4]

იმპერატიული ნორმების დარღვევა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სხვადასხვა სამართლებრივ შედეგს უკავშირდება (მაგ., 54, 992).

115-ე მუხლით კანონმდებელი განსაზღვრავს ზოგად აკრძალვას იმ შემთხვევებისათვის, როდესაც უფლების ბოროტად გამოყენების კონკრეტული შემთხვევა კანონის სპეციალური იმპერატიული ნორმებით არ არის გათვალისწინებული.

II. სხვა ნორმებთან ურთიერთკავშირი

4

უფლების ბოროტად გამოყენების 115-ე მუხლით მოწესრიგებული შემადგენლობა 8 III მუხლით გათვალისწინებული კეთილსინდისიერების პრინციპის დაკონკრეტებაა, რომელიც კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს ავალდებულებს, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპი ვლინდება ურთიერთობის მონაწილე „სუბიექტის მიერ სხვა პირის ინტერესების გათვალისწინების ვალდებულებაში იმ მოცულობით, რომელიც არ იწვევს თავად მისი ინტერესების არათანაზომიერ შეზღუდვას.“[5]

ნაკლებად სავარაუდოა არსებობდეს შემთხვევა, როდესაც სახეზეა უფლების ბოროტად გამოყენება და ის იმავდროულად არ არის კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევა.[6] თუმცა უფლების ბოროტად გამოყენების შემადგენლობით დამატებითი წინაპირობებია დადგენილი, რომელიც მოწესრიგების სფეროს ავიწროებს და მის ცალკე მოწესრიგებას ამართლებს.

5

115-ე მუხლი, მე-8 მუხლის მსგავსად, სამოქალაქო კოდექსის ზოგად ნაწილშია მოწესრიგებული და სისტემურად ის ვრცელდება თანაბრად ნებისმიერ კერძოსამართლებრივ ურთიერთობაზე.[7] ნორმის მოქმედების სფერო არ იზღუდება არც საპროცესო ნორმებთან მიმართებით.[8] ცალკეულ შემთხვევაში შესაძლებელია გამართლებული იყოს მისი გამოყნება საჯარო-სამართლებრივ ურთიერთობებშიც.[9]

III. შემადგენლობა

1. მართლზომიერება

6

115-ე მუხლის 1-ლი წინადადების თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. ფორმულირება, ერთი შეხედვით დეკლარაციულ ხასიათს ატარებს და იგი მხოლოდ ამავე მუხლის მეორე წინადადებასთან კავშირში ხდება გასაგები. კერძოდ, მუხლის მეორე წინადადების შესაბამისად, „დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას“. ამ ორი წინადადების ურთიერთკავშირში დგინდება კანონმდებლის სავარაუდო ნება, მართლსაწინააღმდეგოდ ჩაითვალოს უფლების დაუშვებელი გამოყენების ნებისმიერი შემთხვევა.[10]

7

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მართლსაწინააღმდეგოდ უნდა ჩაითვალოს უფლების განხორციელება, რომელიც სხვა პირს ზიანს აყენებს და „არ ისახავს უფლების განხორციელების აუცილებლობით ნაკარნახევი ინტერესის დაცვას“.[11]

უფლების გამოყენების მართლზომიერების ფარგლები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ცალკეული უფლებისა და გარემოებების შეფასების საფუძველზე დგინდება. მოწესრიგების თავისებურების გათვალისწინებით ამ ფარგლების წინასწარ განსაზღვრა და იმპერატიული ნორმებით შეზღუდვა შეუძლებელია.[12]

2. უფლების გამოყენების მიზანი

ა. ობიექტური კრიტერიუმი

8

115-ე მუხლის შესაბამისად უფლების გაუმართლებელ განხორციელებად ჩაითვლება ცალკეული შემთხვევა, როდესაც ობიექტური დამკვირვებლის თვალსაწიერიდან არ დგინდება პირის მიერ უფლების განხორციელების არანაირი მიზანი,[13] გარდა სხვა პირისათვის ზიანის მიყენებისა. უფლების ასეთი განხორციელება დაუშვებელი და გაუმართლებელია. უფლების განხორციელება გამართლებულია,[14] თუ არსებობს ობიექტურად შეცნობადი დასაბუთებული ინტერესი, რომელიც მის განხორციელებას გაამართლებს.[15]

ბ. სუბიექტური კრიტერიუმი

9

სხვა პირისათვის ზიანის მიყენების მიზანი უფლების განმახორციელებლის თვალსაწიერიდან უნდა შეფასდეს. უფლების განმახორციელებელი პირის მიზანი ვლინდება როგორც ქმედების შედეგად ზიანის მიყენების შეგნებაში, ასევე ამ ზიანის დადგომის შესაძლებლობის დაშვებაში.[16]

შესაბამისად საკმარისია, რომ უფლების განხორციელება მიმართულია ზიანის მიყენებაზე, უშუალოდ შედეგის დადგომა აუცილებელი არ არის. საგულისხმოა, რომ ზიანი მოიცავს არა მხოლოდ ქონებრივ დანაკლისს, არამედ ნებისმიერი არამატერიალური სიკეთის,[17] უფლებისა და ინტერესის ხელყოფასაც კი.[18]

3. ზიანის მიყენების მიზანი

10

უფლების ბოროტად გამოყენება შესაძლოა მოხდეს როგორც მოქმედებით, ასევე უმოქმედობით. შესაბამისად, უფლების ბოროტად გამოყენებად უნდა ჩაითვალოს მათ შორის შემთხვევა, როდესაც პირი უფლებას არ იყენებს მხოლოდ იმ მიზნით, რომ სხვას მიადგეს ზიანი.[19]

უფლების განხორციელებისას პირს უნდა სურდეს „მარტოოდენ“ სხვისთვის ზიანის მიყენება. ამ შემთხვევაში სიტყვა „მარტოოდენ“ მიზანშეწონილია განიმარტოს ფართოდ – როგორც „მნიშვნელოვანწილად, დიდწილად“. ყოველი შემთხვევის თავისებურების გათვალისწინებით თვალსაჩინო უნდა იყოს, რომ ძირითადი მამოძრავებელი ინტერესი პირის მიერ უფლების გამოყენებისა, სწორედ მესამე პირისათვის ზიანის მიყენება ან ზიანის დაშვებაა. სხვა დამატებითი მოტივაცია იმდენად უმნიშვნელო უნდა იყოს მესამე პირის ინტერესთან მიმართებით, რომ მისი ფორმალურად დასახელება არ უნდა ამართლებდეს უფლების განხორციელებას.

4. ცალკეული შემთხვევები

11

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატამ მხარეთა ინტერესების შეპირისპირების შედეგად უფლების ბოროტად გამოყენებად მიიჩნია მიწის ნაკვეთის მესაკუთრის მიერ კანონით გათვალისწინებული უფლების რეალიზება. კერძოდ, მესაკუთრემ არ დაუშვა მეზობლის მიერ ღიობის ამოჭრა, რაც სასამართლომ უფლების ბოროტად გამოყენებად შეაფასა. სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ, ერთი მხრივ, მესაკუთრის ინტერესია მესამე პირებმა არ ჩაიხედონ მის ეზოში (რაც მესაკუთრის მიერ დასახელებული ინტერესი იყო), თუმცა მობინადრის ინტერესი არსებითად მნიშვნელოვანია, „თითო ოთახს ჰქონდეს თითო-თითო განათებისა და ჰაერის გასუფთავების საშუალება.“[20]

გაუმართლებელი უფლების განხორციელებად შეფასდა ამხანაგობის ერთ-ერთი წევრის მიერ შენობა-ნაგებობის ლეგალიზებაზე უარის შემთხვევა, როდესაც ამხანაგობის დანარჩენი წევრები თანხმობას აცხადებენ; ხოლო უარის საფუძვლად დასახელდა უფლების მფლობელსა და მესაკუთრეს შორის არსებული სხვა დავა, რომლის გადაწყვეტაც არ იყო დაკავშირებული ლეგალიზების შედეგებთან.[21]

უფლების მართლზომიერ განხორციელებად მიიჩნია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატამ შრომის ხელშეკრულების მოშლა დამსაქმებლის მიერ იმ დასაბუთებით, რომ დასაქმებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა ვალდებულების არაერთჯერად დარღვევას.[22] სასამართლოს დავის ფარგლებში მხარეთა ინტერესების შეპირისპირებისა და დამსაქმებლის გადაწყვეტილების მიზნის შეფასებისათვის სასურველი იყო ემსჯელა დარღვევის ტიპზე, მის ინტენსივობაზე და ამასთან, ხელშეკრულების მოშლის თანაზომიერებაზე დასაქმებულის მიერ ჩადენილ დარღვევებთან დაკავშირებით.[23]

უფლების განხორციელება მართლზომიერად ჩაითვალა, როდესაც საბანკო კრედიტის ფარგლებში მომხმარებლის მიერ კრედიტის გრაფიკის დარღვევის (ვალდებულების დარღვევის) გამო ბანკმა სარჩელი წარადგინა არა დაუყოვნებლივ, არამედ დარღვევიდან 2 წლისა და 5 თვის გასვლის შემდეგ. ამ საქმეში საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის 2012 წლის 18 სექტემბრის განჩინება. სუს-მ განმარტა, რომ ბანკის კომერციული ინტერესი ამართლებს უფლების განხორციელებას ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში ნებისმიერ დროს.[24]

გაუმართლებელი უფლების განხორციელებად უნდა ჩაითვალოს სხვა პირის, მაგალითად, მეზობლის წინააღმდეგ მოთხოვნების წარდგენა, რომელიც წმინდა აღმზრდელობითი დანიშნულებისაა,[25] განსაკუთრებით, თუ მოთხოვნასა და მოთხოვნის განხორციელების შედეგად წარმოშობილ ხარჯებს შორის აშკარა შეუსაბამობაა.[26] არამართლზომიერად შეიძლება ჩაითვალოს, გერმანული მაგალითის თანახმად, საფუძველს მოკლებული უარი მოვალის მხრიდან თანხმობის გაცემასა და უზრუნველყოფის შეცვლაზე სხვა იდენტური ღირებულების უზრუნველყოფით.[27]

სუს-მ უფლების ბოროტად გამოყენებად მიიჩნია შემთხვევა, როდესაც ბანკმა მოვალის სასარგებლოდ სხვა საკრედიტო დაწესებულების მიერ მოვალის ვალის გადაფარვის შესახებ გაკეთებული შეთავაზება უგულებელყო და მოვალის მიერ სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთული ქონების რეალიზაცია მოახდინა. სასამართლო უფლების ბოროტად გამოყენების დადგენისას აფასებს ბანკის ინტერესს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით. კერძოდ, სასამართლო განმარტავს, რომ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მიზანი მოვალის მიერ ბანკის წინაშე აღებული ვალდებულების დაფარვაა. შესაბამისად, თუ ამ ვალდებულების შესრულება სხვა ალტერნატიული საშუალებითაა შესაძლებელი, რომელიც ნაკლებ დანახარჯს მოითხოვს და ამასთანავე, მოვალის ინტერესების გათვალისწინებით უფრო მსუბუქი და ხელსაყრელი ალტერნატივაა, კრედიტორმა უფრო მსუბუქი საშუალება უნდა აირჩიოს. შესაბამისად, სასამართლომ სრულიად მართებულად მიიჩნია, რომ ბანკის ინტერესის დაკმაყოფილების უფრო მარტივი მსუბუქი და თანაბარწილად ეფექტიანი საშუალების არსებობისას, მოვალისათვის საზიანო საშუალების არჩევა დაუსაბუთებელი და გაუმართლებელია. შესაბამისად, ასეთი ქმედება ბანკის მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენებად შეაფასა.[28]

IV. სამართლებრივი შედეგი

12

თუ კონკრეტულ შემთხვევაში ნორმის შემადგენლობის ელემენტები სახეზეა, უფლების განხორციელება დაუშვებელია.

115-ე მუხლი არ ითვალისწინებს უფლების დაუშვებელი განხორციელების შესაბამის სამართლებრივ შედეგებს. შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სამართლებრივი შედეგი განსხვავებულია. მაგალითად, თუ უფლების ბოროტად გამოყენება გარიგების შინაარსზე ახდენს ზეგავლენას, გარიგების მიმართ გამოიყენება 54-ე მუხლი 62-ე მუხლის დათქმის გათვალისწინებით.[29]

ასე მაგალითად, უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების მოშლა, თუ მას არ აქვს გამართლება და დამსაქმებელი არ მიუთითებს ხელშეკრულების მოშლის კონკრეტულ საფუძველს, უფლების ბოროტად გამოყენებად უნდა ჩაითვალოს.[30] ასეთ შემთხვევაში ხელშეკრულების მოშლა უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება, რაც 115-ე მუხლის შესაბამისად დაუშვებელია, 54-ე მუხლის თანახმად კი ნების გამოვლენა, რომელიც კანონით დადგენილ წესს ეწინააღმდეგება, ბათილია.[31]

13

სამოქალაქო კოდექსი, გერმანიის სამოქალაქო კოდექსისაგან განსხვავებით, არ შეიცავს დელიქტის სპეციალურ შემადგენლობას, რომელიც უფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევებში ზიანის ანაზღაურების წესს განსაზღვრავს.[32] მიუხედავად ამისა, თუ უფლების ბოროტად გამოყენების შედეგად მესამე პირს მიადგა ზიანი, ის უფლებამოსილია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება 992-ე და სხვა დელიქტის მომწესრიგებელი სპეციალური მუხლების შესაბამისად. უფლების ბოროტად გამოყენების შეფასება დელიქტის შემადგენლობაში მართლწინააღმდეგობის ელემენტის შემოწმების ფარგლებში იქნება აუცილებელი. კერძოდ, თუ დადგინდება, რომ პირი მისთვის კანონით ან ხელშეკრულებით მინიჭებული უფლების საფუძველზე საკმარისი მოტივაციისა და ინტერესის გარეშე საკუთარი ქმედებით ზიანს აყენებს სხვას, და ასევე სახეზეა როგორც მიზეზობრივი კავშირი, ასევე ბრალი, პასუხისმგებლობა შესაძლოა დადგეს 992-ე მუხლის შესაბამისად. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია შეფასდეს, პირის ზიანის გამომწვევი ქმედება იყო ობიექტური ინტერესით ნაკარნახევი, რაც უფლების გამოყენებას ამართლებს, თუ ის უპირატესად მხოლოდ სხვა პირისათვის ზიანის მიყენებას ისახავდა მიზნად და ამიტომ მართლსაწინააღმდეგოდ უნდა შეფასდეს.

14

თუ პირი, რომელიც უფლებას ბოროტად იყენებს, სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილეა, მას ცალკეული შემთხვევის თავისებურების გათვალისწინებით დაეკისრება არაძირითადი სახელშკერულებო ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, მათ შორის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.[33]

უფლების ბოროტად გამოყენებამ, რომელიც უშუალოდ ხელშეკრულების დადების ეტაპს უკავშირდება, შესაძლოა ხელშეკრულების დადების შემდგომ ამ სახელშეკრულებო პირობის ბათილობაც გამოიწვიოს.

უფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა პირს დაეკისროს ცალკეული ქმედების განხორციელება, მაგალითად, სავალდებულო თანხმობის გაცემა,[34] უფლების რეგისტრაცია, როდესაც უფლებამოსილი პირი არ არეგისტრირებს საკუთარ უფლებას და ამით ზიანს აყენებს მესამე პირს.[35] უფლების არამართლზომიერმა განხორციელებამ შესაძლოა ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის უფლება დააფუძნოს,[36] ასევე უფლების განმახორციელებელს სხვა პირების მხრიდან გარკვეული ქმედების განხორციელების დაშვება დააკისროს.[37]

თუ დადგინდა, რომ უფლების განხორციელება დაუშვებელია, ცალკეულ შემთხვევაში მის საწინააღმდეგოდ შესაძლოა აუცილებელი მოგერიებისა[38] თუ თვითდახმარების გამოყენებაც გამართლებული იყოს.

V. მტკიცების ტვირთი

15

102-ე მუხლის ზოგადი წესის შესაბამისად, მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ პირს, რომელიც უფლების ბოროტად გამოყენებაზე აპელირებს.

თუმცა, რამდენად ჰქონდა პირს უფლების განხორციელების ობიექტური ინტერესი, ასევე მესამე პირისათვის ზიანის მიყენების მიზანი,[39] უფლების განმახორციელებელმა უნდა ამტკიცოს.

გასათვალისწინებელია, რომ უფლების ბოროტად გამოყენების ფაქტის არსებობა სასამართლომ საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს და გაითვალისწინოს.[40] „შესაბამისად, ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას.“[41]




  1. ჯორბენაძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 115 გვ. 301.
  2. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 83.
  3. შდრ. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 49; მუხ. 8 III, 9 და 10 კომენტ.
  4. შდრ. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., 2012, § 226, Rn. 1.
  5. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 83.
  6. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., 2012, § 226, Rn.1.
  7. შდრ. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl,. 2012, § 226, Rn. 2.
  8. 115-ე მუხლის გათვალისწინებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მართლზომიერებასთან დაკავშირებით შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 7 მარტი #3კ/288-01 განჩინება, სუსგ სამოქალაქო საქმეებზე, 3/2001, გვ. 239.
  9. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., 2012, § 226, Rn. 2.
  10. მაგ., შდრ. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., 2012, § 226, Rn. 5.
  11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის # ას-1535-1438-2012 გან- ჩინება, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 29 ოქტომბრის # ას-1200-1129-2012 განჩინება.
  12. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., 2012, § 226, Rn.1.
  13. უფლების განმხორციელებლის მოტივაციასთან დაკავშირებით ვრცლად იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 29 ოქტომბრის # ას-1200-1129-2012 განჩინება; შდრ. ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის # ას-1127-1058-2012 გადაწყვეტილება.
  14. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., 2012, § 226, Rn.4.
  15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის #ას-1535-1438-2012 განჩინება; Kesseler, BGB Kommentar, 2006, § 226, Rn. 2.
  16. Dernhardt, in Beck OK BGB, § 226, Rn. 6; MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl.. 2012, § 226, Rn. 5.
  17. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., 2012, § 226, Rn. 2.
  18. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., 2012, § 226, Rn. 2.
  19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 სექტემბრის განჩინება, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 თებერვლის # ას-1480-1396-2012 გადაწყვეტილებით ძალაში იქნა დატოვებული.
  20. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 მარტის #ას-40-38-2012 გადაწყვეტილებით ძალაში იქნა დატოვებული.
  21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის # ას-1535-1438-2012 განჩინება.
  22. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება ძალაში იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის # ას-1840-1813-2011 განჩინებით.
  23. ჩაჩავა, შრომის ხელშეკრულების ნებაზე დამოკიდებული და მხარეთა ნებისაგან დამოუკიდებელი შეწყვეტა 2013 წლის 2 ივნისის ცვლილებებით დამკვიდრებული ახალი კლასიფიკაცია, გვ. 110.
  24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის # ას-1385-1307-2012 გადაწყვეტილება/ განჩინება; შდრ. MüKo/Roth/Schubert, BGB, 6. Aufl., 2012, § 242, Rn. 329 ff. გერმანულ დოქტრინაში ხანდაზმულობის ვადის ფარგლებში მოთხოვნის განხორციელება შესაძლოა გამოირიცხოს, თუ გასულია ხანგრძლივი ვადა და გარემოებათა გათვალისწინებით მოვალეს კეთილსინდისიერების პრიცნიპის შესაბამისად შესაძლოა ჰქონდეს საფუძლიანი ვარაუდი, რომ კრედიტორის მიერ ვალდებულების შესრულების მოთხოვნა აღარ მოხდება – „illoyal verspätete Geltendmachung“; შდრ. ასევე BeckRS 2001 30176268, BAG.
  25. საერთო საკუთრებაში არსებულ სხვენში ინდივიდუალური საკუთრებიდან ამოჭრილი ასასვლელის გაუქმების მოთხოვნა ნებართვის არარსებობის მოტივით. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება ძალაში იქნა დატოვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 22 მაისის #ას-1242-1484-05 განჩინებით; შდრ. ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 14 სექტემბრის #ას-376-698-05 განჩინება.
  26. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., 2012, § 226, Rn.11.
  27. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., 2012, § 226, Rn.12.
  28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 29 ივნისის #ას-1338-1376-2014 გადაწყვეტილება/განჩინება.
  29. მაგ., საქართველოს შრომის კოდექსის მუხ. 6 I (3) შესაბამისად, მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება შრომის ხელშეკრულება, თუ ხელშეკრულებებს შორის წყვეტა 60 დღეზე ნაკლები. ამ დათქმის მიუხედავად, მაგ., ხელშეკრულებებს შორის 61-დღიანი წყვეტა საფუძვლის გარეშე უფლების ბოროტად გამოყენებად უნდა ჩაითვალოს და გავრცელდეს უვადო ხელშეკრულების მიმართ მოქმედი შესაბამისი წესები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ უფლების რეალიზების მოტივაცია დამსაქმებლის მხრიდან დასაბუთებულია.
  30. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 იანვრის # ას-1127-1058-2012 გადაწყვეტილება/განჩინება.
  31. შდრ. ჩაჩავა, ვადიანი და უვადო შრომითი ხელშეკრულებების მოშლის მიმართ მოქმედი კანონმდებლობის სამოსამართლეო სამართლით სრულყოფის რეკომენდაციები, 2011, გვ. 52.
  32. შდრ. გერმანიის სამოქალაქო კოდექსის § 826, რომლის თანახმად პირი, რომელიც ზნეობის საწინააღმდეგოდ სხვა პირს მიაყენებს განზრახ ზიანს, ვალდებულია აანაზღაუროს ეს ზიანი.
  33. შდრ. ჩაჩავა, მოთხოვნებისა და მოთხოვნის საფუძვლების კონკურენცია, დის., 2011, გვ. 140.
  34. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 29 ოქტომბრის # ას-1200-1129-2012 განჩინება.
  35. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 მაისის # 2/4479-12 (საქმის პროგრამული #330210012082769).
  36. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., 2012, § 226, Rn.14.
  37. გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების მიზნით პირველ სართულზე მესაკუთრის მიერ იმ პირთა შეშვება, რომელთაც სასამართლო გადაწყვეტილებით ევალებოდათ აღნიშნული სამუშაოების ჩატარება შდრ. თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიის 2013 წლის 24 აპრილის #2/2974- 13 გადაწყვეტილება.
  38. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., 2012, § 226, Rn.14.
  39. იქვე, Rn. 14.
  40. შდრ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 სექტემბრის # 2/10023 გადაწყვეტილება.; MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., 2012, § 226, Rn.15.
  41. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 დეკემბრის # 2/14619 გადაწყვეტილება.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_115._უფლების_ბოროტად_გამოყენების_დაუშვებლობა&oldid=1913"