Gccc-logo.png


მუხლი 118. თვითდახმარება

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 118. თვითდახმარება


სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

თუკი კომპეტენტური ორგანოების დახმარება დროულად ვერ უსწრებს და სწრაფი ჩარევის გარეშე არსებობს საფრთხე, რომ უფლება ვერ განხორციელდება, ან მისი განხორციელება არსებითად გართულდება, მაშინ მართლსაწინააღმდეგოდ არ ჩაითვლება იმ პირის მოქმედება, რომელიც თვითდახმარების მიზნით წაართმევს, გაანადგურებს ან დააზიანებს ნივთს, ან ამავე მიზნით შეიპყრობს ვალდებულ პირს, რომელიც შეიძლება მიიმალოს, ანდა აღკვეთავს ვალდებული პირის წინააღმდეგობას იმ მოქმედების მიმართ, რომელიც მას უნდა შეესრულებინა.

I. ზოგადად

1

მოთხოვნათა ძალისმიერი განხორციელება და უზრუნველყოფა, როგორც წესი, სახელმწიფო ორგანოების კომპეტენციაა.[1] 118-120-ე მუხლები აწესრიგებს ერთიან შემადგენლობას, რომლის ფარგლებშიც კანონმდებელი მოთხოვნათა „ძალისმიერ“ და თვითნებურ განხორციელებას მართლზომიერად მიიჩნევს.[2] გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, თვითდახმარება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ისეთი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად, რომელთა განხორციელება სახელმწიფოებრივი ორგანოების მიერ დასაშვებია,[3] ხოლო მოთხოვნის განხორციელება სხვა საშუალებით შეუძლებელი.[4]

118-ე მუხლი კანონით დადგენილი გამონაკლისია და მისი სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში განვრცობა გაუმართლებელი და დაუშვებელია.[5]

II. შემადგენლობა

2

თვითდახმარება აუცილებელი მოგერიებისაგან არსებითად იმით განსხვავდება, რომ თვითდახმარება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის შედეგად ხელყოფამდე არსებული მდგომარეობის აღდგენას ემსახურება, მაშინ, როდესაც მოგერიების მიზანი ხელყოფისაგან თავდაცვაა.[6] შესაბამისად, აუცილებელი მოგერიების ფარგლები იქ სრულდება, სადაც ხელყოფა განხორციელებულია[7] ან ხელყოფის საფრთხე აღკვეთილია, თუმცა ამით პირი არ კარგავს უფლებას თვითდახმარების წესით გათვალისწინებულ ფარგლებში განახორციელოს შესაბამისი ქმედებები ხელყოფამდე არსებული მდგომარეობის აღდგენის მიზნით.

1. უფლება თუ მოთხოვნა

3

118-ე მუხლის თანახმად, ნორმის გამოყენების ერთ-ერთი წინაპირობაა, უნდა არსებობდეს საფრთხე იმისა, რომ უფლება ვერ განხორციელდება.

სამოქალაქო კოდექსის ფორმულირებისაგან განსხვავებით, გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 229-ე პარაგრაფი იყენებს ტერმინს „მოთხოვნა“ და არა „უფლება“. გასაანალიზებელია, ასეთი მიდგომა ქართველი კანონმდებლის გააზრებული ნებაა, თვითდახმარების ფარგლები ამ გზით განავრცოს თუ მოცემულ კონტექსტში უფლება ვიწროდ უნდა განიმარტოს და მხოლოდ მოთხოვნებზე უნდა გავრცელდეს.[8]

ცალკეული მაგალითები იძლევა დასკვნის შესაძლებლობას, რომ კანონმდებლის მიზანია თვითდახმარება მხოლოდ მოთხოვნათა მიმართ გავრცელდეს. მაგალითად, თუ სამეზობლო ურთიერთობის ფარგლებში გამონაბოლქვი ხელს უშლის მესაკუთრეს საკუთრების უფლების განხორციელებაში (ვერ ფენს სარეცხს აივანზე), უფლების შეზღუდვა სახეზეა, მაგრამ არ არსებობს მოთხოვნა, ვინაიდან ამ შემთხვევაში უფლებას ზღუდავს სამეზობლო თმენის ვალდებულება.[9] შესაბამისად, გამოირიცხება თვითდახმარების განხორციელების უფლებაც. ანალოგიურად წყდება საკითხი ხმაურის, ხმამაღალი მუსიკის თუ სხვა ხელშეშლის შემთხვევაში, რომელიც დასაშვებ ხელშეშლად განიხილება სამეზობლო თმენის ვალდებულების ფარგლებში, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულწილად ზემოქმედება ხელს უშლის მეზობელს საკუთრებით სარგებლობაში. აქაც გამორიცხულია თვითდახმარების განხორციელება მოთხოვნის არარსებობის გამო.[10]

გერმანული დოქტრინის თანახმად, უდავოა, რომ თვითდახმარების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად,[11] რომელიც განხორციელებადია.[12] ამასთან, არ არის აუცილებელი მოთხოვნა ვადამოსული იყოს.[13]

თვითდახმარება შესაძლოა განხორციელდეს არაძირითადი მოთხოვნის უზრუნველსაყოფადაც, ასეთი შეიძლება იყოს პირადობის მოწმობის წარდგენის მოთხოვნა კრედიტორის მიერ მოვალის პირადობის დადგენის მიზნით, თუ მისი პიროვნება უცნობია (განსაკუთრებით ხშირია შემთხვევები სასტუმროს, ტაქსის, რესტორანის მომსახურებით სარგებლობისას).[14]

სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში თვითდახმარების განხორციელება გამორიცხულია. ასე მაგალითად, განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა არ აძლევს გამყიდველს მყიდველისაგან თვითნებურად ნივთის წართმევის უფლებას.[15] სუპერმარკეტში მომხმარებლისათვის ჯიბეების შემოწმება მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება გამართლებულად, თუ არა მხოლოდ საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, არამედ ვინდიკაციის მოთხოვნა უდავოდ სახეზეა (ქურდობის ფაქტი უდავოა).[16]

საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი პირების მიერ თვითდახმარების გამოყენება გამართლებულია მხოლოდ კერძოსამართლებრივ მოთხოვნათა უზრუნველსაყოფად.[17]

2. უფლებამოსილი პირი

4

უკიდურესი აუცილებლობისა და აუცილებელი მოგერიების შემადგენლობებისაგან განსხვავებით, თვითდახმარების გამოყენების უფლება პირს აქვს, როგორც წესი, მხოლოდ საკუთარი „უფლების“ განხორციელების მიზნით.[18]

თუმცა, ცხადია, შესაძლოა მესამე პირის მოთხოვნის უზრუნველყოფას ემსახურებოდეს თვითდახმარება, თუ უფლებამოსილი პირის მხრიდან უფლების განმახორციელების მიმართ არსებობს მის სასარგებლოდ ამ თვითდახმარების განხორციელების გამოხატული ან კონკლუდენტური ნება.[19] იგივე წესი ვრცელდება გარიგებისმიერ და კანონისმიერ წარმომადგენელზე.[20]

დასაფიქრებელია, რამდენად დასაშვებია თვითდახმარების განხორციელება დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების ფარგლებში. ნორმის საგამონაკლისო ბუნების გათვალისწინებით გერმანულ დოქტრინაში პოზიცია არაერთგვაროვანია. არსებობს მოსაზრება, რომ თვითდახმარება დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულების მიზნით გამორიცხულია,[21] ზოგიერთი ავტორი კი მიიჩნევს, რომ თვითდახმარების უფლება უნდა გავრცელდეს დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულებაზე თუ მეპატრონე შემდგომში მოიწონებს მას.[22]

ანალოგიურად შეიძლება წამოიჭრას აზრთა სხვადასხვაობა, როდესაც პირი მოქმედებს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე და ამ დროს იყენებს თვითდახმარების უფლებას.[23] ასეთ დროს გადამწყვეტია, რამდენად ემსახურება პირის თვითდახმარება წარმოდგენილი პირისა თუ მეპატრონის ინტერესებს, კერძოდ, მისი მოთხოვნის განხორციელების უზრუნველყოფას.

3. კომპეტენტური ორგანოების მხრიდან დროული დახმარების შეუძლებლობა

5

თვითდახმარების უფლება გამორიცხულია, თუ კომპეტენტური ორგანოების ჩარევა მოთხოვნის განხორციელების მიზნით შესაძლებელია დროულად.[24] საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი ორგანოს ჩარევად ჩაითვლება ღონისძიება, რომელიც ემსახურება მოთხოვნის განხორციელებას.[25] ასეთი შეიძლება იყოს დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიება, ყადაღა,[26] ვინდიკაციის განხორციელება კომპეტენტური ორგანოს (პოლიციის) დახმარებით.[27]

დასაფიქრებელია, კომპეტენტური ორგანოების დახმარება ვერ უნდა ხდებოდეს კანონით დადგენილ ვადებში (პროცედურის გაჭიანურების ან შეფერხების გამო),[28] თუ დასაშვებია თვითდახმარების გამოყენება მაშინაც, როდესაც კომპეტენტური ორგანოების დახმარება გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად ობიექტურად ვერ უსწრებს მოთხოვნის დაცვას? სასურველია, საკითხი, რამდენად გამართლებულია ნორმის ფართოდ განმარტება, გადაწყდეს ცალკეული შემთხვევის თავისებურებების გათვალისწინებით ინტერესთა შეპირისპირების საფუძველზე.

სასურველია, სასამართლო პრაქტიკაში ყურადღება გამახვილებულ იქნეს ამ წინაპირობაზე, როგორც ერთ-ერთ აუცილებელ ელემენტზე თვითდახმარებიის განხორციელების მართლზომიერების შეფასებისას. მაგალითად, სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე გამართლებულ თვითდახმარებად მიიჩნია ერთ-ერთი თანამესაკუთრის მიერ სხვა პირთა თანასაკუთრების მითვისების მიზნით აღმართული ღობის თვითნებური მოშლა, ისე, რომ არ იმსჯელა კომპეტენტური ორგანოების ჩარევის დროულ შესაძლებლობაზე და თვითდახმარების განხორციელების მყისიერ აუცილებლობაზე.[29]

სხვა საქმეზე სასამართლომ ბანკის მიერ ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრა არ მიიჩნია გამართლებულ თვითდახმარებად, ვინაიდან ბანკს ნებისმიერ დროს შეეძლო სათანადო ვადაში მიემართა კომპეტენტური ორგანოებისა- თვის.[30]

4. „უფლების“ ვერგანხორციელების საფრთხე

6

ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებლობიდან გამომდინარე უნდა მოხდეს ვითარების შეფასება. მაგალითად, ტაქსის მგზავრი, რომელიც საფასურს არ იხდის, შეიძლება დაკავებულ იქნეს მხოლოდ მისი პიროვნების დადგენის მიზნით. მის საფულეზე წვდომა მხოლოდ იმ შემთხვევაშია გამართლებული, თუ არსებობს რეალური საფრთხე, რომ მგზავრი მიიმალება,[31] ანუ მოთხოვნის განხორციელება არსებითად გართულდება. საინტერესოა, მაგალითად, გერმანულ დოქტრინაში გადახდისუუნარობის საფრთხის არსებობა საკმარისი არ არის იმისათვის, რომ თვითდახმარება გამართლებულად ჩაითვალოს.[32]

5. თვითდახმარების საშუალება და მისი ფარგლები

7

გამართლებულია ნებისმიერი ისეთი საშუალების გამოყენება, რომლის გამოყენების უფლებამოსილება ექნებოდა შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს.[33]

სააღსრულებო წარმოების პროცესში დასაშვებია ნებისმიერი დაგირავებადი ნივთის „დაუფლება“, რომელზეც სააღსრულებო წარმოების მიქცევა დასაშვებია;[34] ვინდიკაციური სარჩელის არსებობისას თვითდახმარების უფლება ვრცელდება მხოლოდ უშუალოდ ვინდიკაციის ობიექტზე.[35] მესამე პირების ნივთებზე თვითდახმარება არ ვრცელდება.[36]

ნივთის განადგურება ან დაზიანება გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნა მიმართულია სწორედ ამ ნივთით გამოწვეული ხელშეშლის აღკვეთისაკენ.[37] ასევე, თუ ზიანის მიყენება აუცილებელია მოთხოვნის განსახორციელებლად (მაგ., კარის შემტვრევა ნივთის გამოტანის მიზნით).[38]

პირის დაკავება, როგორც თვითდახმარების ზომა, ხანმოკლე უნდა იყოს; ის, როგორც წესი, მხოლოდ დაკავებული პიროვნების დადგენის მიზნითაა გამართლებული; ასევე, თუ არსებობს მისი მიმალვის საფრთხე.[39] პირი, რომელიც კონკრეტული დანაშაულის ფაქტზე დაიჭირეს, მისი წარდგენა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს კომპეტენტური ორგანოებისათვის.

უკიდურესი აუცილებლობისა და აუცილებელი მოგერიების მსგავსად, თვითდახმარების განმახორციელებელი პირის სუბიექტური დამოკიდებულება არსებული გარემოებებისა თუ საშუალების შერჩევისას არ არის მნიშვნელოვანი. გადამწყვეტია, მისი ქმედება ობიექტურად იყოს გამართლებული.[40]

III. სამართლებრივი შედეგი

8

თვითდახმარება მართლზომიერია და შესაბამისად, პირი თავისუფლდება 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური პასუხისმგებლობისაგან.

თვითდახმარების საპასუხოდ დაუშვებელია ასევე აუცილებელი მოგერიების განხორციელება, ვინაიდან თავდასხმა ან მისი საფრთხე მართლზომიერია.[41]

ერთმნიშვნელოვანია გერმანულ დოქტრინაში პოზიცია, რომ თვითდახმარების ხარჯები ვალდებულ პირს ეკისრება.[42]

გერმანული დოქტრინის თანახმად, უფლებამოსილ პირს თვითდახმარებით მოპოვებული ნივთების დაკავების უფლება აქვს მხოლოდ კომპეტენტური ორგანოებისათვის დაუყოვნებლივ მიმართვის შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე.[43]

IV. მტკიცების ტვირთი

9

უკიდურესი აუცილებლობისა და აუცილებელი მოგერიების მსგავსად, თვითდახმარება სასამართლოს მიერ შესამოწმებელი უფლების განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოებაა.[44]

სამოქალაქო-საპროცესო სამართლის ზოგადი პრინციპის მიხედვით მტკიცების ტვირთი იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა უფლებამოსილი პირის პასუხისმგებლობას მიყენებული ზიანისათვის გამორიცხავდეს, იმ პირს ეკისრება, ვინც ამ ნორმის შესაბამის სამართლებრივ შედეგს ეყრდნობა.[45]

შესაბამისად, თვითდახმარების საშუალების აუცილებლობის მტკიცების ტვირთიც იმ პირს ეკისრება, რომელიც იყენებს ამ უფლებას.[46]




  1. Dennhardt, in Beck OK BGB, 28. Auflage, § 229, Rn. 1.
  2. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., § 229, Rn.1.
  3. Kesseler, BGB Kommentar, 2006, § 229, Rn.1.
  4. ჯორბენაძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I,მუხ. 115, გვ. 304.
  5. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., § 229, Rn.1, ასევე Kesseler, BGB Komm., § 229, Rn.1.
  6. Tuhr, Der Notstand im Zivilrecht, 1988, S. 46.
  7. Tuhr, Der Notstand im Zivilrecht, 1988, S. 48.
  8. მოთხოვნის მიმართება უფლებასთან, ვრცლად იხ. ჩაჩავა, მოთხოვნებისა და მოთხოვნის საფუძვლების კონკურენცია, 2010, გვ. 11-14.
  9. შდრ. მუხ. 175.
  10. Tuhr, Der Notstand im Zivilrecht, 1988, S. 50.
  11. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., § 229, Rn.3; შდრ. მუხ. 128-130.
  12. ხანდაზმული მოთხოვნის უზრუნველსაყოფად განხორციელებული თვითდახმარება გაუმართლებლად მიიჩნია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების პალატამ, გადაწყვეტილება #ას-159-867-03; Dennhardt, in Beck OK BGB, 28. Aufl., 2013, § 229, Rn. 3; Kesseler, BGB Kommentar, 2006, § 229, Rn. 2.
  13. Dennhardt, in Beck OK BGB, 28. Auflage, § 229, Rn. 4.
  14. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., § 229, Rn. 3.
  15. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., § 229, Rn. 3.
  16. Kesseler, BGB Kommentar, 2006, § 229, Rn. 2.
  17. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., § 229, Rn. 3.
  18. Tuhr, Der Notstand im Zivilrecht, 1988, S. 43.
  19. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., § 229, Rn. 2.
  20. იქვე.
  21. უარყოფილია Kesseler, BGB Kommentar, 2006, § 229, Rn. 2.
  22. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., § 229, Rn.2.
  23. შდრ. მუხ. 111.
  24. ბანკის მიერ ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრა არ მიიჩნია გამართლებულ თვითდახმარებად, ვინაიდან ბანკს ნებისმიერ დროს შეეძლო სათანადო ვადაში მიემართა კომპეტენტური ორგანოებისათვის საქ. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების პალატის 2013 წლის 12 ნოემბრის # ას-159-867-03 გადაწყვეტილება, Dennhardt, in Beck OK BGB, 28. Auflage, § 229, Rn. 5.
  25. მაგ., სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით იხ. ბიოლინგი/ლუტრინგჰაუსი, სკ-ის ცალკეული მოთხოვნის საფუძვლების სისტემური ანალიზი, გვ. 74.
  26. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., § 229, Rn.4; Kesseler, BGB Kommentar, 2006, § 229, Rn. 3.
  27. მუხ. 172 III შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოების დახმარება.
  28. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., § 229, Rn.4.
  29. საქ. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების პალატის 2013 წლის 9 ივლისის # 3კ-468-03 განჩინება.
  30. საქ. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების პალატის 2013 წლის 12 ნოემბრის # ას-159-867-03 გადაწყვეტილება.
  31. შდრ. ჯორბენაძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 115, გვ. 304; Kesseler, BGB Kommentar, 2006, § 229, Rn. 4, 7.
  32. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., § 229, Rn.5.
  33. Kesseler, BGB Kommentar, 2006, § 229, Rn. 5; MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., § 229, Rn.6.
  34. შდრ. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონი 04.10.2013 რედაქციით.
  35. Kesseler, BGB Kommentar, 2006, § 229, Rn. 6.
  36. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., § 229, Rn.7.
  37. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., § 229, Rn.7.
  38. Kesseler, BGB Kommentar, 2006, § 229, Rn. 6.
  39. Dennhardt, in Beck OK BGB. 28. Aufl., 2013, § 229, Rn. 9; MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., § 229, Rn.8.
  40. იქვე.
  41. შდრ. სსკ-ის 116 მუხლის კომენტარი მართლწინააღმდეგობის შესახებ.
  42. Dennhardt, in Beck OK BGB, 28. Auflage, § 229, Rn.11.
  43. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., § 229, Rn.9.
  44. Dernhardt, in Beck OK BGB,28. Aufl.,§ 227, Rn. 25; Dernhardt, in Beck OK BGB, 28. Aufl., § 228, Rn. 14; Dernhardt, in Beck OK BGB,28. Aufl., § 229, Rn. 12.
  45. შდრ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხ. 102 I.
  46. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., § 230, Rn.1.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_118._თვითდახმარება&oldid=1923"