Gccc-logo.png


მუხლი 119. თვითდახმარების ფარგლები

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 119. თვითდახმარების ფარგლები


სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. თვითდახმარება არ შეიძლება გასცდეს იმ ფარგლებს, რომლებიც აუცილებელია საფრთხის თავიდან ასაცილებლად.

2. ნივთის წართმევის შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ გაკეთდეს განცხადება ნივთზე ყადაღის დადების შესახებ.

3. ვალდებული პირის შეპყრობის შემთხვევაში იგი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს სათანადო ორგანოებს.

I. თვითდახმარების ფარგლები

1. საფრთხის თავიდან ასაცილებლად აუცილებელი თვითდახმარება

1

119 I მუხლი დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ თვითდახმარების ისეთი საშუალების გამოყენებას, რომელიც აუცილებელია საფრთხის თავიდან ასაცილებლად. უკიდურესი აუცილებლობისა და აუცილებელი მოგერიების მსგავსად გამართლებული და შესაბამისად მართლზომიერია ისეთი ქმედება, რომელიც საფრთხის თავიდან აცილებისათვის ობიექტურად აუცილებელია. პირმა უნდა გამოიყენოს სხვადასხვა საშუალებათა შორის მხოლოდ ყველაზე მსუბუქი ღონისძიება, რომელიც საფრთხეს აღკვეთს და ვალდებულ პირს ნაკლებად დააზარალებს.[1]

თუ პირის დაკავება მისი პიროვნების დადგენის მიზნით ხდება, მას შემდეგ, რაც მისი პიროვნების დადგენა მოხდა, მისი შემდგომი დაკავება გაუმართლებელია.[2]

თუ მოპარული ნივთის ჩამორთმევა საკმარისია მოთხოვნის განხორციელებისათვის, პირის დაკავება არ იქნება გამართლებული.[3]

თვითდახმარების ფარგლების გადაცილებად მიიჩნია საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შემთხვევა, როდესაც ბანკმა მომხმარებლის ანგარიშიდან ჩამოჭრა მასთან შეთანხმების გარეშე კრედიტის თანხა, განსაკუთრებით იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოთხოვნა ხანდაზმული იყო.[4]

საგულისხმოა, რომ აუცილებელი მოგერიებისაგან განსხვავებით, თვითდახმარების მართლზომიერების შეფასებისას საფრთხესა და თვითდახმარების საშუალებას შორის თანაზომიერება, როგორც წესი, არ მოწმდება.[5]

2. ნივთის წართმევა

2

ნივთის წართმევა, როგორც წესი, მოთხოვნის უზრუნველყოფას ემსახურება[6] და მხოლოდ დროებით არის დასაშვები იმ მომენტამდე, სანამ კომპეტენტური ორგანოს დახმარება შესაძლებელი გახდება.[7] უფლებამოსილმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს შესაბამის ორგანოებს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გამოყენების მოთხოვნით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 191-ე და შემდგომი მუხლების შესაბამისად), წინააღმდეგ შემთხვევაში მას ამ პროცედურის გაჭიანურების გამო შესაძლოა ზიანის ანაზღაურებაც დაეკისროს, რადგან ქმედება მართლსაწინააღმდეგოდ გარდაიქმნება.[8]

მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების გამოყენებაზე ან სხვა კონპეტენტური ორგანოს მხრიდან ჩარევაზე უარის მიღების შემთხვევაში ნივთი დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდეს.[9]

თვითდახმარების ფარგლების შეფასებისას მიზანშეწონილია ამ კონტექსტში გაანალიზდეს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით გათვალისწინებული მოწესრიგება, რომელიც თვითდახმარებით დადგენილი ფარგლებისაგან განსხვავებულ წესს ითვალისწინებს. კერძოდ, 978-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც იძულების ან მუქარის საფუძველზე გადასცემს სხვას რაიმეს, უფლებამოსილია მოითხოვოს მისი უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიმღებს ჰქონდა უფლება გადაცემულზე. მოწესრიგების გათვალისწინებით იძულებისა თუ მუქარის საფუძველზე მიღებული უკან დაბრუნებას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიმღებს არ აქვს ამ ნივთის დატოვების უფლებამოსილება. დასაფიქრებელია, თუ თვითდახმარების ფარგლებში პირმა სხვა პირს იძულების გზით ჩამოართვა ნივთი, რომელიც მას ეკუთვნის ან სხვაგვარად აქვს ამ ნივთის მიღების უფლება (მაგ., ხელშეკრულების თანახმად ნივთის გადაცემის ვალდებულება არსებობდა და ეს უფლება მიმღებს გააჩნდა), ხომ არ უნდა იქნეს გამოყენებული 978-ე მუხლი უპირატესად. ასეთ შემთხვევაში მიმღებს ექნება ნივთის დატოვების უფლება, მაშინ, როდესაც თვითდახმარების ფარგლებში ასეთი უფლებამოსილება მიმღებს არ გააჩნია.

3. ვალდებული პირის შეპყრობა

3

ვალდებული პირის შეპყრობის შემთხვევაში იგი დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს შესაბამის ორგანოებს. ამასთან, მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენების მოთხოვნა უნდა მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 191-ე და შემდგომი მუხლების შესაბამისად.[10]

II. სამართლებრივი შედეგი

4

119-ე მუხლით გათვალისწინებულ ფარგლებში განხორციელებული თვითდახმარება მართლზომიერია და მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება გამოირიცხება.




  1. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., § 230, Rn.1.
  2. Dennhardt, in Beck OK BGB, 28. Aufl., § 230, Rn.4; Kesseler, BGB Kommentar, 2006, § 330, Rn.1.
  3. Grothe, in Beck OK BGB, 6. Aufl., § 230, Rn.1.
  4. საქ. უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 12 ნოემბრის # ას-159-867-03 გადაწყვეტილება.
  5. Kesseler, BGB Kommentar, 2006, § 330, Rn.1; MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., § 230, Rn.1.
  6. ჯორბენაძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 115 მუხლი, გვ. 304.
  7. Kesseler, BGB Kommentar, 2006, § 330, Rn.1; MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., § 230, Rn.2.
  8. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., § 230, Rn.4.
  9. Dennhardt, in Beck OK BGB, 28. Aufl., § 230, Rn.5.
  10. შდრ. Dennhardt, in Beck OK BGB, 28. Aufl., § 230, Rn.4.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_119._თვითდახმარების_ფარგლები&oldid=1927"