Gccc-logo.png


მუხლი 12. ქმედუნარიანობა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 12. ქმედუნარიანობა


ბესარიონ ზოიძე/თამარ კორძაია
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. ქმედუნარიანობა, ანუ ფიზიკური პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, წარმოიშობა სრულწლოვანების მიღწევისთანავე.

2. სრულწლოვანია პირი, რომელმაც 18 წლის ასაკს მიაღწია.

3. ქმედუნარიანად ითვლება პირი, რომელმაც 18 წლის ასაკის მიღწევამდე იქორწინა.

4. ქმედუნარიანად ითვლება ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი (შემდგომ — მხარდაჭერის მიმღები), ანუ პირი, რომელსაც აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში, თუ ეს პირი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილის პირობებს, ამასთანავე, აღნიშნული დაბრკოლებები სათანადო რჩევისა და დახმარების გარეშე მნიშვნელოვნად ართულებს პირის მიერ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვას და ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთებას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სფეროში.

5. მხარდაჭერის მიმღებად სასამართლომ შეიძლება ცნოს აგრეთვე არასრულწლოვანი იმ ფარგლებში, რომლებშიც, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მას თავისი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა არ სჭირდება.

6. 7 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი (მცირეწლოვანი) ქმედუუნაროდ ითვლება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება №2/4/532,533 — ვებგვერდი, 28.10.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3339 — ვებგვერდი, 31.03.2015წ.

I. ქმედუნარიანობის ცნება (12 I)

1
თუკი უფლებაუნარიანობა უფლება-მოვალეობათა ქონის აბსტრაქტული შესაძლებლობაა სუბიექტის მოქმედების უნარის მიუხედავად, ქმედუნარიანობა მთლიანად სუბიექტის უნარზეა დამოკიდებული. ქმედუნარიანობა — ესაა სუბიექტის უნარი, თვითონ, თავისი მოქმედებით მოახდინოს უფლებაუნარიანობის შინაარსის პრაქტიკული რეალიზაცია. 12 I მუხლი იძლევა ქმედუნარიანობის ნორმატიულ ცნებას, რომელიც ემყარება სამართალ ში აღიარებულ (დამკვიდრებულ) განმარტებას. კერძოდ, „ქმედუნარიანობა — ესაა ფიზიკური პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები“. უნდა ვივარაუდოთ, რომ ყველა ადამიანი ქმედუნარიანია. კანონით გათვალისწინებული შემთხვევები, როცა პირი ქმედუუნარო (მცირეწლოვანი) ან შეზღუდულად ქმედუნარიანია, უნდა ჩავთვალოთ იმ გამონაკლის შემთხვევებად, რომელთაც სპეციალურად აწესრიგებს სამოქალაქო კოდექსი.[1] მოცემული სამართლებრივი კატეგორიები — უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა — ორგანულად არიან ერთმანეთთან დაკავშირებული. ისინი ერთმანეთის გარეშე არ არსებობენ, მაშინაც კი, როცა ფიზიკური პირი ქმედუუნაროა. ამ შემთხვევაში, უფლებაუნარიანობის „მამოძრავებელი“ ხდება სხვათა (კანონიერ წარმომადგენელთა) ქმედუნარიანობა. თუკი არ იარსებებდა სხვისი ქმედუნარიანობის გამოყენებით საკუთარი ქმედუუნარობის შევსება, მაშინ ყველა ფიზიკური პირი ვერც უფლებაუნარიანი და შესაბამისად, ვერც სამართალის სუბიექტი იქნებოდა.
2
ცნობილია ზოგადი ქმედუნარიანობა და სპეციალური ქმედუნარიანობა. 12 I მუხლში მოცემულია ზოგადი ქმედუნარიანობის ცნება. კერძოდ, ესაა ზოგადად პირის უნარი, საკუთარი ნებით განახორციელოს (მართოს) ესა თუ ის სამართლებრივი შედეგის მომტანი მოქმედებანი[2] და არა მისი უნარი, განახორციელოს ერთი რომელიმე კონკრეტული მოქმედება.[3] ზოგადი ქმედუნარიანობის ფორმებად უნდა ჩაითვალოს გარიგებაუნარიანობა და დელიქტუნარიანობა, თუმცა ამ ტერმინებს სამოქალაქო კოდექსი არ იყენებს.[4] ისინი „ქმედუნარიანობის“ გვარეობითი ცნების სპეციალური ფორმებია. გარიგებაუნარიანია პირი, რომელსაც შესწევს უნარი თავისი ნებით დადოს ნებადართული გარიგება, რაც შესაძლებელია კერძო ავტონომიის პირობებში. სამოქალაქო კოდექსი ქმედუნარიანობას მიიჩნევს გარიგების ნამდვილობის აუცილებელ პირობად (63, 67). თუ არ არის პირი ქმედუნარიანი, ის ვერც გარიგებაუნარიანი იქნება. ვინც გარიგებაუნარიანია, იმავდროულად ქმედუნარიანიცაა. დელიქტუნარიანობა — ესაა ზიანის გამომწვევი ქმედებისათვის პასუხისმგებლობის ქონის უნარი ზიანის ანაზღაურების მოვალეობის ფორმით.[5]

ქმედუნარიანობა დაკავშირებულია ადამიანური მოქმედების სხვა ფორმებთან, რაც არც გარიგებაუნარიანობაა და არც დელიქტუნარიანობა.[6] მაგალითად, როგორიცაა მასალის გადამუშავება ანდა გადაკეთება (195), ნაპოვარი (191).

3
2015 წელს კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, სიახლეა, რომ ნორმა ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირს აღიარებს ქმედუნარიან პირად. ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი, ანუ პირი, რომელსაც აქვს ფსიქიკური, გონებრივი ან/და ინტელექტუალური დარღვევები, სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მიიჩნევა ქმედუნარიანად, ანუ სუბიექტად, რომელსაც შეუძლია თავისი ნებითა და მოქმედებით განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები. 12 I მუხლში მითითებული სუბიექტისგან განსხვავებით, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირს თავისი ნებისა და მოქმედების განსახორციელებლად ესაჭიროება სხვა პირის დახმარება (მხარდაჭერა). მუხლში მითითებული ცნებაც მხარდა ჭერის მიმღები ნორმის ამ არსის გამომხატველია.
4
ნორმის შინაარსი ასეთი ფორმით ჩამოყალიბდა სამოქალაქო კოდექსში 2015 წლის 1 აპრილს შესული ცვლილებების თანახმად. ეს ცვლილება ორმა მნიშვნელოვანმა გარემოებამ განაპირობა:[7] ა) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება; ბ) კონვენციით აღებული ვალდებულებები.[8] საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნორმის ის შინაარსი, რომლის თანახმად ჭკუასუსტობის ან სულით ავადმყოფობის გამო პირი მიიჩნეოდა ქმედუუნაროდ, ცნობილ იქნა არაკონსტიტუციურად კონსტიტუციის მე-14 და მე-16 მუხლებთან მიმართებაში. გადაწყვეტილების მიხედვით, დაუშვებელია პირს სრულად წაერთავს ქმედუნარიანობა მისი ინდივიდუალური გონებრივი შესაძლებლობების გათვალისწინების გარეშე. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების გაეროს კონვენცია საქართველოს მიერ რატიფიცირებულ იქნა 2013 წლის 26 დეკემბერს, რითაც საქართველომ აიღო ვალდებულება სამართლებრივად უზრუნველყოს კონვენციით აღიარებული უფლებების დაცვა. კონვეციის 4 I ა-ბ მუხლის თანახმად: „წევრი-სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას[…] ა) მიიღონ ყველა საჭირო საკანონმდებლო, ადმინისტრაციული ან სხვა ზომა ამ კონვენციით აღიარებული ყველა უფლების უზრუნველსაყოფად; ბ) მიიღონ ყველა საჭირო ზომა, საკანონმდებლოს ჩათვლით, რათა შეცვალონ, ან გააუქმონ კანონები, დადგენილებები, ადათები და პრაქტიკები, რომლებიც დისკრიმინაციულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ“. ნორმის ამ სახით ჩამოყალიბების მიზანი ფსიქიკური ან გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ წარსულში არსებული უთანასწორო, დისკრიმინაციული მიდგომის აღმოფხვრაა. ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი სხვებთან თანასწორ პირობებში თავისი ნებით განახორციელებს საკუთარ სამოქალაქო უფლებებსა და მოვალეობებს.

II. სრულწლოვანება (12 II)

5
კანონით დადგენილი ასაკის შესრულებისთანავე, პირი ავტომატურად ხდება ქმედუნარიანი ყოველგვარი სამართლებრივი აქტის გარეშე.[9] სრული მოცულობით, ფიზიკური პირის ქმედუნარიანობა წარმოიშობა სრულწლოვანების მიღწევისთანავე. ამ მომენტიდან ფიზიკურ პირს შეუძლია სამოქალაქო უფლებაუნარიანობაში მოაზრებული უფლებები და მოვალეობები განახორციელოს სრული მოცულობით, თუ არ არსებობს კანონით გათვალისწინებული შემაფერხებელი გარემოებანი. 12 II მუხლის თანახმად, „სრულწლოვანია პირი, რომელმაც თვრამეტი წლის ასაკს მიაღწია“. იგულისხმება, რომ ამ ასაკში პირის გონებრივი და ფიზიკური განვითარების დონე ისეთია, რომ მას შეუძლია სწორად შეიმეცნოს და შეაფასოს კერძო უფლებებთან დაკავშირებული გარემოებები და მიიღოს თავისუფალ ნებაზე დამყარებული გადაწყვეტილება. სხვა სიტყვებით, ამ ასაკის პირისათვის ნების გამოვლენის ასპარეზი კერძოსამართლებრივ სივრცეში თავისუფალია.
6
სრულწლოვანების მიღწევისთანავე წყდება მშობლების მხრიდან შვილების მიმართ მზრუნველობის ვალდებულება (1304, I ბ.). საოჯახო სამართალში სრულწლოვანებას მოსდევს დაქორწინების უფლება (1108, I), მემკვიდრეობით სამართალში — ანდერძის შედგენის უნარი (1345). სრულწლოვანების ასაკთანაა დაკავშირებული სამოქალაქო-საპროცესო ქმედუნარიანობისა და საარჩევნო უფლების წარმოშობა.
7
მნიშვნელოვანია თვრამეტი წლის ასაკის შესრულების დროის განსაზღვრა. საამისოდ, ანალოგიით გამოყენებულ უნდა იქნეს 122-ე მუხლით გათვალისწინებული წესი, რომლიდან გამომდინარე, გაანგარიშებაში ჩაითვლება დაბადების დღეც. თვრამეტი წელი სრულდება სიცოცხლის მეთვრამეტე წლის ბოლო დღის ამოწურვით.[10]
8
სამოქალაქო კოდექსი არ ითვალისწინებს არასრულწლოვნობის მდგომარეობის არც შემცირებას და არც გაზრდას. არ არსებობს სრულწლოვნობის ნაადრევად დადგომის შესაძლებლობა. თვრამეტ წლამდე ქორწინების ფაქტით არასრულწლოვანი არ ხდება სრულწლოვანი. იგი მხოლოდ არასრულწლოვანი პირის მოქმედების ფარგლების გაფართოებას იწვევს.[11]

III. ქმედუნარიანად ემანსიპაცია (12 III)

9
სამოქალაქო კოდექსი ზოგ შემთხვევაში ითვალისწინებს არასრულწლოვანი პირების სრულ გათანაბრებას (ემანსიპაციას) სრულწლოვანი პირების უფლებებთან. 12 III მუხლის თანახმად, „ქმედუნარიანად ითვლება პირი, რომელიც იქორწინებს თვრამეტი წლის ასაკის მიღწევამდე“. 1108 I მუხლი საქორწინო ასაკად მიიჩნევს 18 წელს. აქედან გამონაკლისია 15073 I მუხლის დანაწესი, როცა გარკვეული პირობების (გარემოებების) არსებობისას, როგორიცაა ბავშვის დაბადება, დასაშვებია 17 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება სასამართლოს თანხმობით. არასრულწლოვანი ხდება სრული ქმედუნარიანი. ოჯახის შექმნის საფუძველზე არასრულწლოვანი ექცევა კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ისეთ სივრცეში, რომელშიც მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება (შეგუება) შეუძლებელია სრული ქმედუნარიანობის სტატუსის გარეშე. სრული ქმედუნარიანობა ამ ურთიერთობის ობიექტური მოთხოვნილებაა.
10

პრაქტიკული თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, თუ რა გავლენას ახდენს ქმედუნარიანობაზე არასრულწლოვანის განქორწინება, ან ქორწინების ბათილობა სრულწლოვანების მიღწევამდე. სამოქალაქო კოდექსი არ იძლევა ამაზე პირდაპირ პასუხს. ერთი შეხედვით, განქორწინება ან ქორწინების ბათილობა ავტომატურად უნდა სპობდეს (წყვეტდეს) პირის ქმედუნარიანობას და იწვევდეს მის თავდაპირველ მდგომარეობაში დაბრუნებას. თუკი დავეყრდნობით ქმედუნარიანობის წარმოშობის საფუძველს, ამ შემთხვევაში, შეუძლებელია იგი მისი შენარჩუნების საფუძველიც არ იყოს. ჩვენი აზრით, არ იქნებოდა სწორი ქმედუნარიანობის იმგვარად დაკავშირება ქორწინებასთან, რომ იგი მიზეზობრივად მხოლოდ ქორწინებასთან დაკავშირებულ ფაქტს წარმოადგენდეს და არა პირის სამართლებრივად ანგარიშგასაწევ ნებელობით მდგომარეობას. სასამართლოს თანხმობა მიგვანიშნებს იმაზე, რომ ქორწინების ფაქტი ვერ იარსებებდა, არასრულწლოვანის ნებელობითი მზაობა, ან მასზე მოთხოვნილების ობიექტურად გარდაუვალი აუცილებლობა რომ არ იყოს.

IV. ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის (მხარდაჭერის მიმღების) ქმედუნარიანობა

11
ტერმინი „ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი“ მოიაზრებს სამ ძირითად კომპონენტს, რომელთაგან ერთ-ერთის არარსებობა გამორიცხავს პირის ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირად (მხარდაჭერის მიმღებად) აღიარებას. ტერმინი გულისხმობს: 1) ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები; 2) ეს დარღვევები სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებაში ხელს უშლის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას; 3) საზოგადოებრივ ცხოვრებაში პირის სრული და ეფექტიანი მონაწილეობა იზომება სხვებთან თანაბარ პირობებში მონაწილეობის შესაძლებლობით.
12
1) ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალურ დარღვევების დასადგენად აუცილებლად უნდა არსებობდეს სამედიცინო დასკვნა, რომლის თანახმად პირს აქვს ისეთი დაავადებები, როგორიცაა შიზოფრენია, გონებრივი ჩამორჩენილობა, ალცჰაიმერი და ა.შ. სამოქალაქო კოდექსში ამ ტერმინის შემოღებამდე, მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო დასკვა იყო საკმარისი იმისათვის, რომ პირი სასამართლოს ეღიარებინა ქმედუუნაროდ და უარი ეთქვა მისთვის სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განხორციელებაზე, რაც პრინციპულ წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო მიდგომასთან, რადგან კონვენცია „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის“ მსგავს მიდგომას მიიჩნევს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვად და პირველ მუხლში აცხადებს: „წინამდებარე კონვენციის მიზანია, ხელი შეუწყოს, დაიცვას და უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ ადამიანის ყველა უფლებითა და ფუნდამენტური თავისუფლებით სრულყოფილ და თანასწორ სარგებლობას და მათი თანდაყოლილი ღირსების პატივისცემას.“ ამ მიდგომის გათვალისწინებით, სამედიცინო დასკვნის არსებობა არ არის საკმარისი ფაქტობრივი გარემოება იმისათვის, რომ დღის წესრიგში დადგეს პირის სამოქალაქო ქმედუნარიანობის განხილვის საკითხი. ამისათვის, აუცილებელია დამატებით ქვემოთ განხილული ორი კომპონენტის არსებობაც.
13
2) სხვებთან თანაბარ პირობებში საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული და ეფექტიანი მონაწილეობა. ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებაში ხელს უშლის საზოგადოებრივ ცხოვრებაში პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას. აქ, უპირველეს ყოვლისა, უარია ნათქვამი წარსულში არსებულ მიდგომაზე, რომლის თანახმად, პირს სრულად წართმეული ჰქონდა სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობებში არათუ დამოუკიდებლად, არამედ მეურვის დახმარებით მონაწილეობის უფლება (მისი ნება მხარდაჭერილი კი არა, ჩანაცვლებული იყო მეურვის ნებით). კანონმდებელი მიიჩნევს, რომ ფსიქოსოციალუარი საჭიროების მქონე პირს (მხარდაჭერის მიმღებს) გააჩნია სამოქალაქო ქმედუნარიანობა, თუმცა, შესაძლოა, მისი ფსიქიკური, გონებრივი მდგომარეობისა და სოციალური უნარ-ჩვევების გამო მას სამოქალაქო-სამართლებრივი უფლებებისა და მოვალეობების განხორციელების პროცესში დამოუკიდებლად არ შეეძლოს სრული და ეფექტიანი მონაწილეობა და ამისათვის საჭიროებდეს მხარდამჭერის დახმარებას (ტერმინები: ა) მხრდამჭერის მიმღები, ანუ ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი, რომელიც საჭიროებს მხარდაჭერას და ბ) მხარდამჭერი, ანუ ვინც ეხმარება ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირს სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განხორციელებაში). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირისთვის სამოქალაქო ქმედუნარიანობის წართმევა ფსიქიკური ან გონებრივი დარღვევების გამო, პირის ინდივიდუალური შეფასების გარეშე, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-16 მუხლს, რომელიც „იცავს პიროვნების ავტონომიურობას, პირის თავისუფლებას, თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს საკუთარი შინაგანი სამყარო, მისი პირადი გონებრივი და ფიზიკური სფერო, სხვებისგან ჩაურევლად, პირადი გადაწყვეტილებით დაამყაროს და განავითაროს ურთიერთობა სხვა პირებთან და გარესამყაროსთან. საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცულია პირის უფლება, აკონტროლოს საკუთარი თავის წარმოჩენა საზოგადოების თვალში და პიროვნული განვითარებისა და რეალიზაციისათვის აუცილებელი მოქმედებების განხორციელების თავისუფლება. პიროვნების ავტონომიურობის, მისი თავისუფალი და სრულყოფილი განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება როგორც გარესამყაროსთან ურთიერთობის დამოუკიდებლად განსაზღვრის თავისუფლებას, ასევე ინდივიდის ფიზიკურ და სოციალურ იდენტობას, ინტიმური ცხოვრების ხელშეუვალობას.[12] კონსტიტუციის მე-16 მუხლის ამ ზოგადი განმარტებიდან გამომდინარე, ფსიქიკური ან გონებრივი დარღვევების გამო პირის ქმედუუნარობა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების მოყვანილ მიდგომას. კერძოდ, „სასამართლო ხაზგასით აღნიშნავს, რომ აღნიშნული კატეგორიის პირები უნდა განიხილებოდნენ როგორც უფლებათა სუბიექტები და არა როგორც მხოლოდ პაციენტები“.[13] ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის ქმედუნარიანობას (სამართლის სუბიექტობას) აღიარებს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების“ კონვენციის 12 I მუხლი: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ყველგან აქვთ უფლება სამართლის სუბიექტად აღიარებაზე“. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი (მოცემულ შემთხვევაში „ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი — მხარდაჭერის მიმღები“) არ უნდა გახდეს საფუძველი სამართალ უნარიანობაზე უარის თქმისათვის.[14]
14
3) სათანადო რჩევისა და დახმარების გარეშე მოქმედების შეუძლებლობა. საზოგადოებრივ ცხოვრებაში პირის სრული და ეფექტიანი მონაწილეობა სხვებთან თანაბარ პირობებში გულისხმობს სამოქალაქო-სამართლებრივი უფლებებითა და მოვალეობებით სხვების თანასწორად სარგებლობას. „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების“ კონვენციის 12 V მუხლი: „წევრი სახელმწიფოები იღებენ ყველა სათანადო და ეფექტურ ზომას, რომ უზრუნველყონ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების თანაბარი უფლება საკუთრების ფლობაზე ან მემკვიდრეობით მიღებაზე, საკუთარი ფინანსური საქმეების მართვასა და საბანკო სესხების, იპოთეკებისა და ფინანსური კრედიტების სხვა ფორმების თანაბარ ხელმისაწვდომობაზე და უზრუნველყოფენ, რომ არ მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის საკუთრების თვითნებურად ჩამორთმევა“. შესაბამისად, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირმა, მისი ინდივიდუალური შესაძლებლობების შეფასების შემდეგ, მხარდამჭერის დახმარებით, თავად უნდა მიიღოს მონაწილეობა სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში, ისევე, როგორც მსგავს გადაწყვეტილებას იღებს ქმედუნარიანი პირი.
15
გარდა ზემოთ მოყვანილი სამი კომპონენტისა, კანონმდებელი 12 IV მუხლში აზუსტებს, რომ ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი ამავდროულად უნდა აკმაყოფილებდეს 12 II, III მუხლის პირობებს, ანუ არის სრულწოვანი, 18 წელს მიღწეული პირი, ან არის პირი, რომლის ემანსიპაცია მოხდა 18 წლამდე, ქორწინების გამო.
16
ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დაბრკოლებები სათანადო რჩევისა და დახმარების გარეშე მნიშვნელოვნად ართულებს პირის მიერ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვას და ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას, კანონმდებელი ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირს მიიჩნევს ქმედუნარიან პირად, რომელიც თავის ნებას მხარდამჭერი პირის მიერ გაწეული დახმარებით გამოხატავს. შესაბამისად, ყველა ადამიანს გააჩნია სამართალსუბიექტობა. უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის ასეთი განმარტება შეესაბამება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სოციალური სტატუსის თანამედროვე კონცეფციას და მისი განუყოფელი ნაწილია.
17
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტება, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის ქმედუნარიანობის ხარისხის დადგენა, ამ პირის ინდივიდუალური შეფასების გარეშე, გულისხმობს კომპლექსურ მიდგომას. „ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის შესახებ“ კანონი ადგენს ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობას, რომელიც გულისხმობს დისციპლინათშორის საქმიანობას სამედიცინო-ფსიქიატრიული, ფუნქციური, ფსიქოლოგიური, სოციალური ადაპტაციისა და სხვა ასპექტების შეფასების მიზნით. ექსპერტიზის ჩატარების ძირითადი ამოცანაა პირის გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევის ხარისხის დადგენა, მისი სოციალური ადაპტაციის შეფასება და აქედან გამომდინარე, პირის მხარდაჭერის თავისებურებების განსაზღვრა. საბოლოო გადაწყვეტილებას, პირი აღიარებულ იქნეს თუ არა მხარდაჭერის მიმღებად და რა სფეროებში ესაჭიროება მას მხარდაჭერა, იღებს სასამართლო. სასამართლოში მიმართვისა და განხილვის წესები მოწესრიგებულია სამოქალაქო-საპროცესო კოდექსით (თავი XIV11, პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა).

V. ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე არასრულწლოვანი პირის (მხარდაჭერის მიმღების) ქმედუნარიანობა

18
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ერთმანეთისაგან მიჯნავს მცირეწლოვანისა და არასრულწლოვანის ქმედუნარიანობის ფარგლებს. არასრულწლოვანის მიმართ, ანუ პირის მიმართ, რომელიც არის 7-დან 18 წლამდე ასაკის, სამოქალაქო ურთიერთობები დასაშვებად მიიჩნევს მშობლის მოწონების შემთხვევაში ან მის გარეშე გარიგების დადების შესაძლებლობას (15). შესაბამისად, მხარდაჭერის ფარგლებიც სწორედ ამ სპეციფიკის გათვალისწინებით დგინდება. კერძოდ, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე არასრულწლოვანი პირის მიმართ მხარდაჭერის ფარგლების განსაზღვრისას სასამართლომ დამატებით აღნიშნულ ფაქტორებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება. კერძოდ, არასრულწლოვან პირს გარიგების დასადებად ესაჭიროება თუ არა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. იმ შემთხვევაში, თუ ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის კანონიერი წარმომადგენელი და მხარდამჭერი ერთი და იგივე პირია, მაშინ არასრულწლოვანი ამ პირის მხარდაჭერითა და თანხმობით დებს გარიგებას. ისეთი გარიგების დადებისას, როდესაც არასრულწლოვანი იღებს სარგებელს და არ ესაჭიროება კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა, სწორედ სარგებლის სწორად აღქმისა და ნამდვილი ნების ჩამოყალიბებისათვის შესაძლებელია საჭირო გახდეს პროცესში მხარდამჭერის მონაწილეობაც.

VI. ქმედუუნარობა მცირეწლოვნობის გამო (12 VI)

19
სამოქალაქო კოდექსი იცნობს ასაკის გამო ქმედუუნარო პირებს. 12 VI მუხლის მიხედვით, ასეთებია შვიდ წლამდე ასაკის პირები. სამოქალაქო კოდექსი მათ უწოდებს მცირეწლოვნებს. ეს ასაკობრივი ზღვარი მთავრდება სიცოცხლის მეშვიდე წელიწადის უკანასკნელი დღის ამოწურვით. ამ მომენტიდან ბავშვი ითვლება შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ.[15] ქმედუუნაროებს ეკრძალებათ სამოქალაქო ურთიერთობებში შესვლა როგორც დამოუკიდებლად, ისე კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით. მათი სამართალსუბიექტობა მხოლოდ უფლებაუნარიანობით შემოიფარგლება. ისინი მოკლებულნი არიან შეფასებაუნარიანობას, კერძოდ, მათ არ ძალუძთ საკუთარი ქმედებებისა და მასთან დაკავშირებული გარემოებების სრულფასოვნად შეცნობისა და შეფასების უნარი.
20
პრაქტიკაში ფართოდაა გავრცელებული შემთხვევები, როდესაც კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით მცირეწლოვნები დებენ სხვადასხვა წვრილმან (ყოფით) გარიგებებს, რომელთა სამართლებრივი შედეგებიც მათთვისაა გათვალისწინებული. მაგალითად, მშობელი აძლევს ექვსი წლის ბავშვს ფულს და ეს უკანასკნელი ყიდულობს საღეჭ რეზინას, კანფეტს და ა.შ. ცხადია, გაჩნდება კითხვა, რას წარმოადგენენ მცირეწლოვნები ამ შემთხვევაში? სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თუ ამ ურთიერთობის „იარაღს“ კანონიერი წარმომადგენლის ხელში? „ქმედუუნარობის“ მიუხედავად, მცირეწლოვნებს საკმაოდ ხშირად კარგად აქვთ შეცნობილი და შეფასებული ცალკეული მოქმედების ხასიათი და შედეგები, რაც უნდა მიგვანიშნებდეს მათი ქმედუნარიანობის გარკვეულ ხარისხზე მოცემულ ურთიერთობებში. ასეთი გარიგებები, რომლებიც კანონის ენაზე არარა გარიგებებია, ფაქტობრივად წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს. ეს შემთხვევები შესაძლოა განვიხილოთ ქმედუუნარო — ქმედუნარიანობის ზღვარზე მყოფ მდგომარეობად და ყოველი კონკრეტული ფაქტის ინდივიდუალური შეფასებით უნდა დადგინდეს ამით გამოწვეული სამართლებრივი შედეგები. ამ ვარაუდის საფუძველს იძლევა ის ფაქტიც, რომ სხვადასხვა ქვეყანაში სამოქალაქო კოდექსები ადგენენ ქმედუნარიანობის სხვადასხვა ზღვრულ ასაკს, ან საერთოდ არ ითვალისწინებენ მას. მაგალითად, მაშინ, როცა ავსტრიულ და გერმანულ სამართალში ზღვრული ასაკია 7 წელი,[16] ბერძნულში — 10 წელი, ფრანგული და შვეიცარიული კანონმდებლობა საერთოდ არ აწესებს ქმედუუნარობის ზღვრულ ასაკს.[17] ასეთი მიდგომები კიდევ უფრო ზრდის სასამართლო პრაქტიკის მნიშვნელობას ქმედუუნარობის კვალიფიკაციის საქმეში, მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო კოდექსი შვიდ წლამდეპირებს მიიჩნევს ქმედუუნაროებად.
21
ასაკის გამო ქმედუუნარო პირებს სამოქალაქო ურთიერთობებში წარმოადგენენ მათი კანონიერი წარმომადგენლები. მართალია, 12 VI მუხლში ამის შესახებ არაფერია ნათქვამი, სამოქალაქო კოდექსში მაინც იკითხება კანონმდებლის ნება, რომ მცირეწლოვნებზე გავრცელდეს კანონიერი წარმომადგენლობის ინსტიტუტი, რომელიც პირდაპირაა გათვალისწინებული სრულწლოვანი პირებისათვის. ამის საფუძველს იძლევა საოჯახო სამართლის ნორმებიც (1198 II, III, IV; 1275 I).[18]
22
ქმედუუნარო პირი არც დელიქტუნარიანია. დელიქტუნარიანობა დგება 10 წლის ასაკიდან (994 I).




  1. იხ. გარიგებაუნარიანობის ჭრილში: MüKo/Schmitt, BGB, 6. Aufl., 2012, §104, Rn. 2.
  2. Larenz/Wolf, AT des bürg. Rechts, 1997, S. 131, Rn. 4.
  3. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 116.
  4. Palm in Erman BGB, §1, Rn. 1.
  5. Larenz/Wolf, AT des bürg. Rechts, 1997, S. 132, Rn. 5.
  6. Larenz/Wolf, AT des bьrg. Rechts,1997, S. 132, Rn. 7.
  7. იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება.
  8. იხ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენცია“, 13/12/2006.
  9. ჭანტურია, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 12, 1999, გვ. 45.
  10. MüKo/Schmitt, BGB, 6. Aufl., 2012, §2, Rn. 2.
  11. MüKo/Schmitt, BGB, 6. Aufl., 2012, §2, Rn. 3, Rn. 4.
  12. იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება, სამოტივაციო ნაწილი, ველი 3.
  13. იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის №2/4/532,533 გადაწყვეტილება, სამოტივაციო ნაწილი, ველი 38.
  14. იხ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტის ზოგადი კომენტარი N1(2014).
  15. MüKo/Schmitt, BGB, 6. Aufl., 2012, §104, Rn. 8.
  16. კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, გვ. 122-124.
  17. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 180.
  18. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, გვ. 124-125.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_12._ქმედუნარიანობა&oldid=893"