Gccc-logo.png


მუხლი 120. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 120. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება


სოფიო ჩაჩავა
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

პირი, რომელიც 118-ე მუხლში გათვალისწინებულ მოქმედებას განახორციელებს იმ მცდარი ვარაუდით, თითქოს ეს აუცილებელი იყო მართლსაწინააღმდეგო მოქმედების თავიდან ასაცილებლად, ვალდებულია მეორე მხარეს აუნაზღაუროს ამ დროს წარმოშობილი ზიანი.

I. უფლების განმახორციელებელი პირის შეცდომა

1

120-ე მუხლი ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც უფლების განმახორციელებელი პირი ცდება თვითდახმარების უფლების გამოყენების აუცილებლობაში და ვარაუდობს, რომ მისი მოქმედება აუცილებელია მართლსაწინააღმდეგო მოქმედების თავიდან ასაცილებლად. მოქმედება ამ კონტექსტში, 992-ე მუხლის მსგავსად, ფართოდ უნდა განიმარტოს და უმოქმედობაზეც გავრცელდეს,[1] ვინაიდან თვითდახმარება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც მოქმედების, ისე უმოქმედობის მიმართაც მაშინ, როდესაც არსებობს მოთხოვნის რეალიზების დაყოვნების შედეგად მისი განხორციელების შეუძლებლობის ან მნიშვნელოვანი გაძნელების საფრთხე.

თუ ცალკეულ შემთხვევაში თვითდახმარების შემადგენლობა ობიექტურად არ არსებობს, თვითდახმარება მართლსაწინააღმდეგოა. დელიქტის ზოგადი შემადგენლობის შესაბამისად, თუ პირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ბრალეულად აყენებს სხვას ზიანს, ის ვალდებულია (992-ე და/ან დელიქტის სპეციალური შემადგენლობის განმსაზღვრელი მუხლების შესაბამისად) აანაზღაუროს ამით გამოწვეული ზიანი.

პირი შესაძლოა ცდებოდეს ფაქტობრივ გარემოებებში ან უფლებაში. შესაძლებელია პირი შეცდომით ვარაუდობდეს, რომ დაზარალებული მიმალვას აპირებს; ან ცდებოდეს თვითდახმარების განხორციელების აუცილებლობა- ში, მაშინ, როდესაც კომპეტენტური ორგანოების მიერ სწრაფი ჩარევა შესაძლებელია; შესაძლოა ნივთი, რომელსაც დაეუფლა ან დააზიანა, მესამე პირს ეკუთვნოდეს. თვითდახმარების უფლების განმახორციელებელი პირი შესაძლოა ცდებოდეს თავად განხორციელებადი მოთხოვნის არსებობაში. ნებისმიერ შემთხვევაში ის პასუხს აგებს აღნიშნული შეცდომით გამოწვეული ზიანისათვის.[2] შემთხვევის შეფასების დროს გასათვალისწინებელია, მცდარი ვარაუდი თავად დაზარალებულმა ხომ არ გამოიწვია.[3]

II. მოწესრიგების მიზანი

2

მოწესრიგების აუცილებლობა, ერთი შეხედვით, ბუნდოვანია, ვინაიდან 992-ე ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, რომელიც გავრცელდება ნებისმიერი არამართლზომიერი ზიანის მიყენების შემთხვევაში, როგორიცაა, მაგალითად, აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება.

შესაბამისად, 120-ე მუხლის არსებობა გამართლებული იქნება, თუ იგი გაითვალისწინებს დამატებით წინაპირობებს, რომელიც ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის განსხვავებულ, საგამონაკლისო წესს დაადგენდა.

ამ თვალსაზრისით საგულისხმოა, რომ სამოქალაქო კოდექსის მსგავსად, გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 231-ე პარაგრაფი ითვალისწინებს თვითდახმარების უფლებაში შეცდომის დროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას. თუმცა 120-ე მუხლის განსხვავებით 231-ე პარაგრაფი აზუსტებს, რომ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა მიუხედავად ბრალისა.[4] სავარაუდოდ, 120-ე მუხლის მოწესრიგების მიზანიც ესაა.

აღნიშნულს ვარაუდის საფუძველს ქმნის ასევე თავად ფორმულირება „მცდარი ვარაუდი“, რომელიც ობიექტური კრიტერიუმია და მოიცავს როგორც ბრალეულ, ასევე ბრალის გარეშე შეცდომას.

ნორმის ამგვარი განმარტების შემთხვევაში 120-ე მუხლი დაზარალებულ პირს დამოუკიდებელი მოთხოვნის საფუძველს, რომლის ძალითაც დაზარალებულს ხელმყოფის მიერ მისთვის თვითდახმარების მცდარი ვარაუდით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება ექნება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა.[5]

ნორმის ამაგვარი განმარტების შემთხვევაში 120-ე მუხლის დელიქტის სპეციალურ შემადგენლობად უნდა ჩაითვალოს, როდესაც ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა, მიუხედავად იმისა, პირი ფაქტობრივ გარემოებებში ცდებოდა თუ უფლებაში.[6]




  1. Tuhr, Der Notstand im Zivilrecht, S. 43, მაგ., მეზობელი არ ჭრის ხის ტოტებს, რომლის ყოველწუთიერი ჩამოტეხვისა და მესაკუთრის სამართლებრივი სიკეთის დაზიანების საფრთხე არსებობს.
  2. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., § 231, Rn. 2.
  3. შდრ. მუხ. 415, 998.
  4. Dennhardt, in Beck OK BGB, 28. Aufl., § 231, Rn.1.
  5. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., § 231, Rn. 1; შდრ. მსგავსად უკიდურესი აუცილებლობა.
  6. MüKo/Grothe, BGB, 6. Aufl., § 231, Rn. 2.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_120._ზიანის_ანაზღაურების_ვალდებულება&oldid=1929"