Gccc-logo.png


121-ე მუხლის შესავალი

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

121-ე მუხლის შესავალი


ნუნუ კვანტალიანი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

I. ზოგადი მიმოხილვა

1. ვადის არსი და მნიშვნელობა

1

ვადას სამოქალაქო უფლების განხორციელებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, ვინაიდან უფლების განხორციელება, როგორც წესი, სწორედ დროის გარკვეულ მონაკვეთშია შესაძლებელი.

2

ვადა დროში არსებული მომენტი ან გარკვეული მონაკვეთია, მაგრამ დრო, ვადისგან განსხვავებით, სამართლებრივ კატეგორიას არ წარმოადგენს. ვადა დროშია, ე.ი. დრო მოიცავს ვადასაც. დრო უსასრულოა, ხოლო ვადა კონრეტული სუბიექტის (პირის, კანონმდებლის) ნებით განსაზღვრული დროის მონაკვეთია, რომელიც კონკრეტულ უფლებებსა და ვალდებულებებს წარმოშობს.[1]

3

ვადაში იგულისხმება დროის განსაზღვრული პერიოდი (მომენტი), რომელსაც სამოქალაქო კანონმდებლობა უკავშირებს ამა თუ იმ იურიდიული შედეგის დადგომას.[2] ამდენად, ვადა ადამიანის ნებას დაქვემდებარებული დროის განსაზღვრული ან განსაზღვრადი მონაკვეთი, ან კონკრეტული კალენდარული თარიღია, რომელიც სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე რაიმე მოვლენის დადგომის, შესრულების ან დამთავრების მომენტს განსაზღვრავს.

2. დროის ერთეულის გამოთვლის ისტორია

4

ქართული სამართლის ძეგლებით დროის გასვლას გარკვეული სამართლებრივი შედეგები უკავშირდებოდა. ასე მაგალითად, ნივთზე საკუთრების ხანდაზმულობის – „სიგრძოთაგან ჟამთაჲს“ შედეგად შეძენის აუცილებელ წინაპირობად ნივთის 30 წლით „მიუმძლავრებლად“ ფლობა სახელდებოდა,[3] ხოლო სესხის ხელშეკრულებაში თარიღის მითითება სესხის დადების აუცილებელ პირობად — წესად მიიჩნეოდა.[4]

5

დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა რომის სამართალიც. გარკვეულ ვითარებაში, გარკვეული პირობების დაცვით, დროს შეეძლო სამართლებრივი დაცვა მიენიჭებინა ფაქტისათვის, ფაქტობრივი მდგომარეობისათვის; ფაქტი შეიძლება გადაქცეულიყო უფლებად. სხვა შემთხვევაში „ხანგრძლივი დროის“ განმავლობაში უფლების გამოუყენებლობა უფლებას აქარწყლებდა. ასევე მნიშვნელოვანი იყო დროის გამოთვლისა და სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხები.[5]

3. ვადების დადგენის მიზანი

6

დროის ფაქტორი გადამწყვეტია ვალდებულების შესრულების, სამოქალაქო- სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სხვა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ინსტიტუტებისთვის. კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში ვადებისადმი ინტერესი მარტივი მიზეზითაა გამოწვეული — კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოქმედება სწრაფად და ეფექტურად, ურთიერთობის სუბიექტებისათვის მისაღებ, ამავდროულად, მხარეებისათვის განჭვრეტად დროში უნდა განხორციელდეს, რაც ვადების გამოთვლის საერთო წესების დადგენითაა შესაძლებელი.

7

ვადების განსაზღვრისას სამოქალაქო კოდექსი ყველასთვის აშკარა დებულებებს შეიცავს, მაგრამ ამ დებულებებს იურიდიული ძალა მხოლოდ მათი საკანონმდებლო განმტკიცების შედეგად აქვთ. ამიტომ მათი მნიშვნელობა სამართლებრივი პრაქტიკისა და ვადების ერთიანი გაგებისთვის დიდია.[6]

II. საერთაშორისო აქტები

8

ვადებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო ხელშეკრულებებში. საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებათა შესახებ კონვენცია[7] ვადებთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივ მოწესრიგებას ნორმებში ასახული სპეციალური დებულებებით უზრუნველყოფს.

სამართლებრივ ურთიერთობებში ვადის აქტუალობას ცხადყოფს ვადების გამოთვლის შესახებ ევროპული კონვენცია, რომელიც ეხება ვადების გამოთვლას სამოქალაქო, კომერციულ და ადმინისტრაციულ საკითხებზე, მათ შორის, ყოველივე ამასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებზე, სადაც ამგვარი ვადები დადგენილია: კანონის, სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ; არბიტრაჟის მიერ, სადაც არ განსაზღვრულა ვადის გამოთვლის წესი; მხარეების მიერ, სადაც ვადის გამოთვლის წესი არ განსაზღვრულა არც მხარეების შეთანხმებით, გამოხატულად ან ნაგულისხმევად, და არც მხარეებს შორის დადგენილი პრაქტიკით (პირველი მუხლი).[8]

9

ევროკავშირის ფარგლებში მოქმედი სახელშეკრულებო სამართლის ზოგად წესებად გამოყენებული ევროპული სახელშეკრულებო სამართლის პრინციპები ადგენს ვადების გამოთვლის (1:304), გონივრული ვადის (2:206, 4:113, 6:109), შესრულების დროს (7:102, 7:103), ხანდაზმულობისა (14:201-14:601) და ვადებთან დაკავშირებულ სხვა არაერთ საყურადღებო დანაწესს.[9] ვადებთან დაკავშირებით ასევე მნიშვნელოვან დებულებებს შეიცავს საერთაშორისო კომერციული კონტრაქტებისათვის ზოგადი წესების დამდგენი საერთაშორისო კომერციულ ურთიერთობათა პრინციპები.[10] მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ზემოთ დასახელებული საერთაშორისო აქტი საქართველოში რატიფიცირებული არ არის, სამოქალაქო სამართალწარმოების დროს შესაძლებელია მათი, როგორც უნიფიცირებული ხასიათის მქონე დოკუმენტის დებულებების გათვალისწინება.

III. ვადების კლასიფიკაცია

10

სამოქალაქო სამართალში დანიშნულების მიხედვით არსებობს:[11]

– სამოქალაქო უფლების წარმოშობის ვადები

11

ვადა, რომლის დადგომა ან გასვლა უფლების წარმოშობას იწვევს, მაგალითად, 191-ე მუხლით, ნივთის მპოვნელი, სათანადო სუბიექტებთან განცხადების განხორციელებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, ნაპოვარზე საკუთრებას შეიძენს.

– სამოქალაქო უფლების განხორციელების ვადები.

12

დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც პირს შეუძლია განახორციელოს უფლება ან ვალდებული პირისგან მოქმედების შესრულება მოითხოვოს. ამ ვადებში შედის: სამოქალაქო უფლების არსებობის ვადები, ე.წ. აღმკვეთი ვადები, რომელიც განსაზღვრავს უფლების მოქმედების ფარგლებს დროში. საგარანტიო ვადები – ვადა, რომლის განმავლობაშიც მოვალე კისრულობს ნაკეთობის შეუფერხებელ გამოყენებას (მაგ., 496-ე მუხ.). საგარანტიო ვადებში განასხვავებენ ვარგისიანობისა და ტრანსპორტაბელურობის ვადებს. ვარგისიანობის ვადები წესდება კვების პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და სხვა ნაწარმზე. ეს ვადა მოიცავს დროს, რომლის განმავლობაშიც შეიძლება პროდუქციის შენახვა, რეალიზაცია და მისი გამოყენება. ტრანსპორტაბელურობის ვადა არის ის დრო, რომლის განმავლობაშიც გარანტირებულია პროდუქციის თვისებების შენარჩუნება მისი დადგენილი წესით ტრანსპორტირების დროს.[12] საპრეტენზიო ვადები – დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს უფლება აქვს (ზოგჯერ ვალდებულიცაა) სასამართლოსადმი მიმართვამდე ვალდებულ პირს მიმართოს. მაგალითად, გადაზიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპრეტენზიო ვადები. საგულისხმოა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით 573-ე მუხლით გათვალისწინებული საპრეტენზიო ვადა გაიმიჯნა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადებისგან.[13]

– ვალდებულების შესრულების ვადები, რომლის განმავლობაშიც მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს

13

განასხვავებენ ვალდებულების შესრულების საერთო (ვალდებულების მთლიანად შესრულების) და კერძო (ვალდებულების გარკვეული ნაწილის შესრულების) ვადებს.

შესრულების დრო განისაზღვრება კანონით, მხარეთა შეთანხმებით, ანდა გამონაკლის შემთხვევაში ერთ-ერთი მხარის ცალმხრივი ნების გამოვლენით, შეიძლება იგი გამომდინარეობდეს სხვა გარემოებიდანაც.[14]

IV. კავშირი სამოქალაქო პროცესთან

14

დროის ფაქტორი დიდ როლს ასრულებს სამოქალაქო-საპროცესო სამართალში. საპროცესო ვადა არის დროის გარკვეული მონაკვეთი, რომლის განმავლობაში უნდა შესრულდეს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება.[15] სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. აღნიშნული ნორმით, სასამართლოში სამოქალაქო საქმისწარმოებისას ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების განხორციელების ვადის გამოთვლა წესრიგდება არა მატერიალური კანონმდებლობით, არამედ სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის VII თავით დადგენილი საპროცესო ვადების გამოთვლის წესიდან. შესაბამისად, 121-ე მუხლის დანაწესი, რომ კანონებში, სასამართლო გადაწყვეტილებებსა და გარიგებებში მითითებული ვადების მიმართ გამოიყენება ამ თავში დადგენილი წესები, ნიშნავს არა საპროცესო მოქმედების განხორციელებისათვის დადგენილი ვადის ამ ნორმების შესაბამისად ათვლას (იქნება ეს საჩივრის, კერძო, სააპელაციო თუ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა), არამედ გამოიყენება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით რაიმე ქმედების განხორციელების ან მისი განხორციელების შეზღუდვისა თუ აკრძალვისათვის მოდავე მხარისათვის დაწესებული ვადის ათვლისას.[16]




  1. დროისა და ვადის ურთიერთმიმართების შესახებ იხ. ზოიძე/ზარანდია, მოძღვრება ვადების (დროის) სამართლებრივი ბუნების შესახებ, სამართლის ჟურნალი, 4-5, 2003; სუხიტაშვილი, სამართალი და დრო, 2004; ზარანდია, სახელშეკრულებო ვადების შესრულების ადგილი და ვადები, დის., 2002.
  2. ახვლედიანი, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 121, გვ. 306.
  3. ჯავახიშვილი, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 7, 1984, გვ. 292, 308.
  4. იქვე, გვ. 330.
  5. ნადარეიშვილი, რომის სამოქალაქო სამართალი, 2008, გვ. 39-41.
  6. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 119.
  7. გაეროს 1980 წლის კონვენცია „საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებათა შესახებ“ საქართველოში ძალაშია საქართველოს პარლამენტის მიერ 1994 წლის 3 თებერვლის დადგენილებით.
  8. European Convention on the Calculation of Time-Limits (კონვენცია ამჟამად საქართველოში რატიფიცირებული არ არის).
  9. The Principles Of European Contract Law 2002.
  10. European Convention on the Calculation of Time-Limits.
  11. ახვლედიანი, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 121, გვ. 306.
  12. კობახიძე, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, გვ. 355-356.
  13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 1 ნოემბრის #ას-543-858-05 გადაწყვეტილება. ასევე, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 8 ნოემბრის #ას-542-775-08 გადაწყვეტილება.
  14. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი III, მუხ. 365, გვ. 286; ზარანდია, სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ადგილი და ვადები, დის., 2002, გვ. 39; ძლიერიშვილი, ვალდებულების შესრულების ნავარაუდევი და გონივრული ვადები; სამოქალაქო კოდექსის მუხ. 1 სტრუქტურა, 2013, გვ. 3.
  15. ლილუაშვილი, სამოქალაქო-საპროცესო სამართალი, 2005, გვ. 183.
  16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 10 მაისის # ას-1282-ა-11-2011 განჩინება.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=121-ე_მუხლის_შესავალი&oldid=1935"