Gccc-logo.png


მუხლი 122. ვადის დასაწყისის აღმნიშვნელი დრო

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 122. ვადის დასაწყისის აღმნიშვნელი დრო


ნუნუ კვანტალიანი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

თუ ვადის დასაწყისად აღებულია ესა თუ ის მოვლენა ან დღის რომელიმე მონაკვეთი, მაშინ ვადის გამოთვლისას არ მიეთვლება ის დღე, რომელშიც დგება ეს მოვლენა ან დღის ზემოაღნიშნული დრო.

I. ნორმის მიზანი

1

ვადის გამოთვლისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს ვადის დასაწყისის სწორად განსაზღვრას, ვინაიდან აღნიშნულს უფლების განხორციელების, ვალდებულების შესრულების ან ზოგ შემთხვევაში უფლების გაქარწყლების საკითხები უკავშირდება. სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს უფლება აქვთ ვადები სხვაგვარად განსაზღვრონ, მაგრამ, თუ მათ გამორჩათ ვადების კონკრეტული მითითება, გამოიყენება 122-127-ე მუხლებში მოცემული ცნებები.[1] ნორმის მიზანი, კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში ვადის საწყისად დროის სხვადასხვა მონაკვეთის განსაზღვრის მიუხედავად, ვადის დასაწყისის საერთო წესის დადგენაშია.

II. რეგულირების საგანი

2

ზოგ შემთხვევაში ვადის დასაწყისი კონკრეტული დღით ან დღის რომელიმე მონაკვეთითაა გამოხატული, ზოგჯერ კი ვადის დაწყება გარკვეული მოვლენის დადგომაზეა დამოკიდებული. როდესაც ვადის დასაწყისად კონკრეტული დღეა განსაზღვრული, იგი გამოხატულია ზუსტი თარიღით ან კვირის რომელიმე დღით. სახელშეკრულებო ურთიერთობებში ხშირ შემთხვევაში თარიღი გამოიყენება.[2] დათარიღება ბუნებაში და საზოგადოებრივი ცხოვრების ამა თუ იმ სფეროში უკვე მომხდარი, აწმყოში ან მომავალში მოსახდენი ხდომილების ან მოქმედების კალენდარული დროის აღნიშვნაა.[3] ვადა განსაკუთრებით აქტუალური ხდება, როდესაც ოფერტში მითითებული ვადა არ არის დაფიქსირებული კალენდარული თარიღით. ასეთ შემთხვევაში, საჭირო ხდება მისი სხვადასხვა საშუალებით (მაგ., 2 კვირით, 10 დღით) განსაზღვრა, რათა ვადის ათვლის პერიოდი დადგინდეს.[4] დათარიღებით ვადის დასაწყისი ზუსტად განსაზღვრულია, რაც ამარტივებს ვადის გამოთვლას. ჩვეულებრივ, თარიღი სამწევროვანი შემადგენლობისაა: დღე, თვე, წელიწადი. თუმცა ზოგჯერ იგი სახეშეცვლილია, ასე მაგალითად, 2005 წლის შობა ან 2005 წლის თამარობა.[5]

ვადის გამოთვლა სრული დღეებით ხდება, რაც ნიშნავს, რომ ვადაში არ ჩაითვლება განსაზღვრული თარიღის ან მოვლენის დადგომის დღე და ვადის დასაწყისად მომდევნო დღე მიიჩნევა. ამავდროულად, მნიშვნელობა არ აქვს, ვადის დასაწყისი ემთხვევა თუ არა შაბათ-კვირას ან რომელიმე უქმე დღეს. ვადის დასაწყისად დღის რომელიმე მონაკვეთიც შეიძლება დადგინდეს, მაგალითად, დილა, შუადღე და სხვა. ნორმა განსხვავებულ წესს არ ადგენს იმ შემთხვევისთვის, როდესაც ვადის ათვლის დასაწყისად დღის დასაწყისია აღებული, შესაბამისად, ვადის ათვლა მომდევნო დღის დასაწყისიდან უნდა დაიწყოს. ვადის ათვლის ასეთი წესი აღიარებულია ქართულ სამოქალაქო სამართალში,[6] ასეთი შემთხვევა განსხვავებულადაა მოწესრიგებული, გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 187-ე პარაგრაფის მეორე ნაწილით, რომლის ძალითაც, როდესაც ვადის დასაწყის მომენტად აღებულია დღის დასაწყისი, ის დღე ვადაში შედის.

3

ზოგ შემთხვევაში კანონით[7] ან მხარეთა შეთანხმებით შეიძლება 24 ან 48-საათიანი ვადა განისაზღვროს. ასეთ შემთხვევაში, ვადის დასაწყისის 122-ე მუხლით დადგენილი წესის ანალოგიით გამოყენება შესაძლებელია ისე, რომ ვადის ათვლა დროის ერთეულის მომდევნო ერთეულიდან დაიწყოს, შესაბამისად, ვადა განსაზღვრული დროის მომდევნო საათიდან ან მომდევნო წუთიდან დაიწყება.[8]

თუ ვადის დასაწყისად აღებულია რაიმე მოვლენა, ვადის ფარგლები ზუსტად დადგენილი არ არის, მაგრამ მოვლენის დადგომის საეჭვოობა არ არსებობს. ასე მაგალითად, თუ საავტომობილო გადაზიდვის ხელშეკრულებაში ვადის დასაწყისად განსაზღვრულია უღელტეხილზე მოძრაობის გახსნის დღე,[9] ვადის ათვლა ასეთ შემთხვევაშიც მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან უნდა აითვალოს.

4

ვადის დასაწყისის გამოთვლის ზემოაღნიშნული წესისგან გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც ამა თუ იმ სამოქალაქო უფლების წარმოშობისთვის მნიშვნელოვანია პირის დაბადების დღე (მაგ., პირის ქმედუნარიანობა გარიგებებში, 994-ე მუხლით გათვალისწინებული არასრულწლოვნის პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანისათვის, მემკვიდრეობით და საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში და სხვა). ამ საკითხს სამოქალაქო კოდექსი პირდაპირ არ აწესრიგებს, მაგრამ მე-12 მუხლის (იხ. მე-12 მუხლის კომენტ.) შინაარსიდან გამომდინარე, პირის დაბადების დღე სიცოცხლის ხანგრძლივობის ვადაში უნდა ჩაითვალოს, რაც უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის წარმოშობის ამ დღიდან ათვლის საფუძველია. აღსანიშნავია, რომ 122-ე მუხლი მსგავსია გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 187 პარაგრაფის პირველი ნაწილისა, ამავე პარაგრაფის მეორე ნაწილით კი დადგენილია, რომ ასაკის გამოთვლისას დაბადების დღე ასაკში მიითვლება.

5

ვადის დასაწყისის მოვლენით განსაზღვრის შემთხვევა 90-98-ე მუხლებით გათვალისწინებულ პირობით გარიგებებს ჰგავს, მაგრამ პირობითი გარიგებისაგან მკვეთრად განსხვავდება. გარიგება პირობითად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, როცა მისი ნამდვილობა დამოკიდებულია სამომავლო და უცნობ მოვლენაზე, ე.ი. ისეთ მოვლენაზე, რომელიც მომავალში უნდა დადგეს, მაგრამ ჯერ კიდევ გაურკვეველია დადგება, თუ არა ეს მოვლენა,[10] ხოლო ვადის მოვლენით დადგენა ამ მოვლენის დადგომის ეჭვს არ იწვევს.

6

ვადა არის სამომავლო, მაგრამ დადგენილი მოვლენა, რომელზეც დამოკიდებულია ვალდებულების შესრულება ან მოქმედების შეწყვეტა, პირობა კი არის სამომავლო, მაგრამ განუსაზღვრელი მოვლენა, რომელზედაც დამოკიდებულია რაიმე უფლების ან ვალდებულების წარმოშობა ან მისი მოქმედების შეწყვეტა.[11] ვადა არის სამომავლო მოვლენა (ამით ის უახლოვდება პირობას), მაგრამ დადგენილი პირობა (ამით ის უპირისპირდება მას). პირობის დადგომას ყოველთვის თან ახლავს მისი განუხორციელებლობის ეჭვი.[12]

7

სამოქალაქო კოდექსი არ აწესრიგებს იმ შემთხვევას, როდესაც რაიმე მოვლენის დადგომის მომენტად არა კონკრეტული დღე, არამედ ზოგადად წელია განსაზღვრული. სასამართლო პრაქტიკით, წლებით დადგენილი ვადის დენის დაწყების მომენტის განსასაზღვრად ანალოგიით გამოიყენება 122-ე მუხლი და ვადის დენა იწყება წლის დასრულების მომდევნო დღიდან, ანუ მომდევნო წლის 1 იანვრიდან.[13]




  1. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 119.
  2. საქ. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2000-2012 წწ. გადაწყვეტილებათა კრებულები სახელშეკრულებო დავებზე.
  3. სუხიტაშვილი, სამართალი და დრო, 2004, გვ. 39.
  4. Schlechtriem/Schwenzer, Commentary on CISG, 2010, Art. 20, p. 356.
  5. ზარანდია, სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ადგილი და ვადები, დის., 2002, გვ. 59.
  6. ახვლედიანი, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 122, გვ. 310.
  7. საქართველოს სარკინიგზო კოდექსი, მუხ. 25, 27.
  8. Bassenge, in Palandt BGB Komm, 56. Aufl., § 187, Rn. 1.
  9. ახვლედიანი, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 122, გვ. 310.
  10. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, გვ. 411.
  11. ზარანდია, სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ადგილი და ვადები, დის., 2002, გვ. 35.
  12. იქვე, გვ. 39.
  13. საქ. უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 4 ოქტომბრის # ას-649-610-2011 განჩინება, სუს სამოქალაქო საქმეებზე 2/2012, გვ. 86-91.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_122._ვადის_დასაწყისის_აღმნიშვნელი_დრო&oldid=1941"