Gccc-logo.png


მუხლი 123. ვადის დამთავრება

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 123. ვადის დამთავრება


ნუნუ კვანტალიანი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. დღეების მიხედვით განსაზღვრული ვადა მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად.

2. ვადა, რომელიც განსაზღვრულია კვირების, თვეების ან რამდენიმე თვის შემცველი დროით — წლით, ნახევარი წლით, კვარტალით, — მთავრდება ბოლო კვირის ან ბოლო თვის იმ დღის დამთავრებისთანავე, რომელიც შეესაბამება მოვლენის დადგომის დღეს ან დღის ზემოაღნიშნულ დროს.

3. თუ თვეების მიხედვით განსაზღვრულ ვადას აკლია ვადის გასვლის აღსანიშნავი კონკრეტული დღე, მაშინ ვადა მთავრდება ამ თვის ბოლო დღის დამთავრებისას.

I. ნორმის მიზანი

1

ნორმის მიზანია ვადის გამოთვლისას ვადის დამთავრების ზუსტი მომენტის განსაზღვრის საერთო წესის დადგენა, ვინაიდან უფლების განხორციელების შესაძლებლობა სწორედ დროის ამ მონაკვეთში მთავრდება და შესაბამისად, იგი მნიშვნელოვანია სამართლებრივი შედეგის დადგომისთვის. ეს მომენტი ზოგ შემთხვევაში უფლებას წარმოშობს (შეძენითი ხანდაზმულობა), სხვა შემთხვევაში კი შესაძლოა, ვადის დასრულებამ ვალდებულების იძულებით შესრულების მოთხოვნის უფლება და სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება გამოიწვიოს. ვადის დასრულების ზუსტი დროის განსაზღვრას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამართლებრივ შედეგებთან მიმართებით. ასე მაგალითად, თუ გამყიდველი ვალდებულია დააბრუნოს საფასური, მან უნდა გადაიხადოს აგრეთვე მისი პროცენტები ფასის გადახდის თარიღიდან გაანგარიშებით (საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებათა შესახებ კონვენცია, მუხ. 84 I), ე.ი. მნიშვნელოვანია, განისაზღვროს ფასის გადახდის თარიღი, რათა პროცენტული დარიცხვა სწორედ აღნიშნული დღიდან მოხდეს.[1]

I. რეგულირების საგანი

2

ვადა შეიძლება დროის სხვადასხვა მონაკვეთით — დღეებით, თვეებით, კვარტალით ან წლებით განისაზღვროს. ნორმის შესაბამისად, დღეების მიხედვით განსაზღვრული ვადა ამ ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად მთავრდება. კალენდარული დღე 24 საათს მოიცავს. იგი იწყება 00:00 საათზე და მთავრდება ამავე დღის 24:00 საათზე. ასე მაგალითად, ვალდებულების შესრულების ვადა მოვალეს ვადის ბოლო დღის 24 საათზე ეწურება. ამდენად, ვადა, ვადის ბოლო დღის 24 საათამდე დროს სრულად მოიცავს. ბოლო დღის 24 საათის შემდეგ ვადა დასრულებულია. აღნიშნულიდან გამონაკლისს წარმოადგენს გარემოება, როდესაც ხელშეკრულებით განსაზღვრული მოქმედება კერძო ან საჯარო დაწესებულებაში უნდა შესრულდეს. ასეთ შემთხვევაში პირი ვალდებულია, მოქმედება სამუშაო საათების დასრულებამდე განახორციელოს. მაგალითად, თუ ბანკი დღის 18 საათამდე მუშაობს, ხელშეკრულებით შეთანხმებული საბანკო ოპერაციის განხორციელების ვადა 18 საათზე დასრულებულად ჩაითვლება.[2] კრედიტორის ინტერესიდან გამომდინარე, შესაძლებელია, ვადის დამთავრების დროდ დღის რომელიმე მონაკვეთიც მიეთითოს, მაგალითად, დილით, სამუშაო დღის ბოლომდე, სამუშაო დღის განმავლობაში და სხვ. ოფერენტის მიერ აქცეპტის მიღების ვადად დღის მონაკვეთის განსაზღვრისას, ვადის ათვლა ოფერენტის მიერ ნების გამოხატვის მომენტიდან — განცხადების ტექსტში მითითებული ვადიდან აითვლება და არა ადრესატისთვის წინადადების მისვლის მომენტიდან.[3]

3

სახელშეკრულებო ურთიერთობებშ, დღეებით ვადის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია, შესრულების ვადის ზუსტი განსაზღვრა, რაც თარიღის ან კონკრეტულ მოვლენაზე (მაგ., დაბადების დღეს) მითითებითაა შესაძლებელი. თუ ვადა მხოლოდ დღეების ოდენობითაა განსაზღვრული, მაშინ შესრულების ვადის განსაზღვრა ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე უნდა მოხდეს. მაგალითად, სასამართლომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ცალკეული სამუშაოების შესრულების ვადების მხოლოდ დღეების ოდენობით განსაზღვრის და მისი დაწყებისა და დამთავრების ზუსტ თარიღებზე შეთანხმების არარსებობის გამო, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში სამუშაოთა შესრულება ჯეროვან შესრულებად მიიჩნია.[4] სხვა შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ დამატებითი ვადის დანიშვნა არ შეადგენს კრედიტორის ვალდებულებას, რადგანაც გამოკვეთილად და ნათლად განსაზღვრული დღე თავისთავად აღარ საჭიროებს შეხსენებას („დრო აფრთხილებს ადამიანის მაგივრად“). იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების შესრულებისათვის წინასწარ იყო შეთანხმებული გარკვეული დღე, ხელშეკრულების შეწყვეტისათვის არ არის საჭირო შეხსენება, ასეთ შემთხვევაში შეხსენება კრედიტორის უფლებას და არა მოვალეობას წარმოადგენს.[5]

ნორმის მეორე ნაწილი ხანგრძლივი ვადის დამთავრების წესს ადგენს, კერძოდ, როდესაც ვადა რამდენიმე კვირას ან რამდენიმე თვეს მოიცავს.

4

კვირა ზოგადად, შვიდდღიანი დროის მონაკვეთისაგან შედგება. ვადა კვირით ძირითადად ხელშეკრულებით, ასევე ზოგ შემთხვევაში კანონითაც განისაზღვრება (მაგ., 336, 258¹, 279, 281, 282, 798, 817, 834). ვადის ერთი ან რამდენიმე კვირით განსაზღვრისას, კვირა 7 დღით უნდა გამოითვალოს, ამასთან, კვირის დასაწყისად და შესაბამისად, დამთავრების დღედ შეიძლება კვირის ნებისმიერი დღე დადგინდეს. ასე მაგალითად, თუ მხარეების შეთანხმება ოთხშაბათს შედგა, ხოლო ვალდებულება ხელშეკრულების დადებიდან ერთი კვირის ვადაში უნდა შესრულდეს, ვადის გამოთვლა დაიწყება ხუთშაბათიდან და დამთავრდება მომდევნო ხუთშაბათს 24 საათზე. ვადის გამოთვლის ასეთი წესი ვერ გავრცელდება ისეთ შემთხვევაზე, როდესაც ხელშეკრულებით მხარეები კვირას სხვა გარემოებითაც აზუსტებენ, მაგალითად, სამუშაო კვირა, რომელიც სამუშაოს თავისებურებიდან გამომდინარე, შეიძლება შვიდ დღეს არ მოიცავდეს (საქართველოს შრომის კოდექსი მუხ.13 II ა, მუხ. 14).

5

თვე გრიგორიანული კალენდრით 28-31-დღიან დროის მონაკვეთს უდრის. თვეებით ვადის განსაზღვრისას, შესაძლებელია, ვადად მიეთითოს როგორც კონკრეტული ოდენობა (მაგ., ხუთი თვე), ასევე თვეების შემცველი დროის მონაკვეთი — კვარტალი, ნახევარი წელი ან წელიწადი. თუ ვადა თვეებით ან მისი შემცველი დროის მონაკვეთით — კვარტალით ან წლითაა დადგენილი, ნორმის თანახმად, ვადა ბოლო თვის შესაბამის დღეს დამთავრდება, ანუ თუ ხუთი თვით განსაზღვრული ვადა 18 ივლისს დაიწყო, 18 დეკემბერს დამთავრდება. თვე, ჩვეულებრივ, 4 კვირას მოიცავს. ამასთან, მხარეთა შეთანხმება 4-კვირიან ვადაზე, ცალსახად ერთ თვეზე შეთანხმებად არ უნდა განიმარტოს. ასე მაგალითად, თუ ვადის დასაწყისად აღებულია 2013 წლის 1 მარტი, 4-კვირიან ვადაზე შეთანხმებისას, იგი 2013 წლის 29 მარტს დასრულდება, ხოლო 4-კვირიანი ვადის ერთთვიან ვადად მიჩნევისას, იგივე მაგალითით, ვადა 2013 წლის 1 აპრილს უნდა დამთავრდეს.

6

123 III მუხლი სპეციალურ რეგულაციას ითვალისწინებს ისეთი შემთხვევისთვის, როდესაც თვეების მიხედვით განსაზღვრულ ვადის ბოლო თვეს შესაბამისი დღე აკლია და ვადის დასასრულად ამ თვის ბოლო დღეს ადგენს. ასე მაგალითად, თუ ვადის დასაწყისი 31 იანვარია, ვადა 28 თებერვალს დასრულდება. ამასთან, თუ ვადა 28 თებერვალს იწყება, ვადა 28 მარტს (და არა 30 მარტს) დასრულდება.[6] ამდენად, თვეებით განსაზღვრული ვადის გამოთვლისას, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, თვის რომელ რიცხვში დაიწყო ვადა და აქვს თუ არა ვადის ბოლო თვეს შესაბამისი რიცხვი.

7

კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში არ არის გამორიცხული, მხარეები ვადის დამთავრების თვეზე რიცხვის მიუთითებლად შეთანხმდნენ, მაგალითად, ნასყიდობის საგნის აგვისტოს თვეში მიწოდებაზე. ასეთ დროს, ვადა აგვისტოს თვის ბოლო დღის 24 საათზე დამთავრდება.[7] ვადის კვარტალით, ნახევარი წლით ან წლით განსაზღვრის შემთხვევებშიც იგივე წესი გავრცელდება,[8] ანუ კვარტალით ვადის განსაზღვრისას, ვადა მესამე თვის ბოლო დღეს, ნახევარი წლით განსაზღვრისას, მეექვსე თვის ბოლო დღეს, ხოლო წლით განსაზღვრისას — 31 დეკემბრის 24 საათზე დამთავრდება.

III. კავშირი სამოქალაქო-საპროცესო კოდექსთან

8

სამოქალაქო-საპროცესო კანონმდებლობა, სამოქალაქო კოდექსის მსგავსად, განსაზღვრავს წლებითა და თვეებით განსაზღვრული ვადის დამთავრების წესს. ამასთან, საპროცესო ვადის დამთავრებას მნიშვნელოვანი სამართლებრივი შედეგი უკავშირდება — კანონით ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში საპროცესო მოქმედების განუხორციელებლობა ამ მოქმედების შესრულების უფლებას აქარწყლებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მუხ. 61, 63).




  1. Schlechtriem/Schwenzer, Commentary on CISG, 3. Ed., 2010, Art. 84, p. 1132.
  2. ახვლედიანი, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ.123, გვ. 311.
  3. ჭანტურია, სკ-ის კომენტარი, წიგნი III, მუხ. 331, გვ. 135.
  4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 2 დეკემბრის # ას-851-902-2011 განჩინება.
  5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაცულ საქმეთა პალატის 2010 წლის 5 მაისის # ბს-1034-992(კ-09) გადაწყვეტილება.
  6. Heinrichs, in Palandt BGB Komm, 66. Aufl., § 188, Rn. 2.
  7. ახვლედიანი, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ.123, გვ. 312.
  8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 1 ოქტომბრის # ას-649-610-2011 განჩინება.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_123._ვადის_დამთავრება&oldid=1944"