Gccc-logo.png


მუხლი 124. ცნებები

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 124. ცნებები


ნუნუ კვანტალიანი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. ნახევარი წელი ნიშნავს ექვსთვიან ვადას, კვარტალი – სამთვიან ვადას, რომელიც აითვლება წლის დასაწყისიდან, ხოლო ნახევარი თვე – თხუთმეტდღიან ვადას.

2. თუ ვადა შედგება ერთი ან რამდენიმე მთლიანი და ნახევარი თვისაგან, ბოლოს უნდა გამოითვალოს თხუთმეტი დღე.



1

შესაძლებელია, ვადა დროის სხვადასხვა მონაკვეთით განისაზღვროს. ვადის გამოთვლის გამარტივების მიზნით, ნორმა დროის მონაკვეთების მოცულობას აზუსტებს. ნორმით, ნახევარი წელი ექვსი თვის ტოლფასია. ამასთან, იგი შესაძლებელია, წლის ნებისმიერი თვიდან აითვალოს, მაგალითად, ვადის ნახევარი წლით შეთანხმების შემთხვევაში, თუ ვადა იწყება 1 მაისს, დამთავრდება 1 ნოემბერს. განსხვავებული ვითარებაა, თუ ნახევარი წელი კანონით ან მხარეთა შეთანხმებით, მკაცრად განსაზღვრული დრო ან კალენდარული წელია, მაგალითად, კანონის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებისთვის საიჯარო წლად ითვლება კალენდარული წელი (606).

2

სამოქალაქო კოდექსი კვარტალის განმარტებას არ გვაძლევს. საერთო წესით, კვარტალი კალენდარული წლის სამთვიანი დროის მონაკვეთია, ხოლო კალენდარული წელი ოთხი კვარტალისგან შედგება. საქართველოს საგადასახადო კოდექსით, კალენდარული წელი მოიცავს ოთხ კვარტალს: ა) 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით – I კვარტალი; ბ) 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით – II კვარტალი; გ) 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით – III კვარტალი; დ) 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით – IV კვარტალი.[1] 124-ე მუხლის შესაბამისად, კვარტალი სამთვიან ვადას მოიცავს, რომელიც აუცილებლად წლის დასაწყისიდან უნდა აითვალოს. თუ ვალდებულება უნდა შესრულდეს 2013 წლის მესამე კვარტალში, ვადის დასაწყისად ჩაითვლება 2013 წლის 1 ივლისი, ხოლო დასასრულად იმავე წლის 1 ოქტომბერი. განსხვავებული მოსაზრებით[2] აღნიშნულ მაგალითზე ვადა სექტემბრის თვის ბოლოს უნდა დამთავრდეს.

კანონის მიზნებისთვის, ნახევარი თვე განისაზღვრება 15 დღით. თვე შეიძლება 28, 29, 30 ან 31 დღისგან შედგებოდეს, რასაც ნახევარი თვის დათვლისას მნიშვნელობა არ მიენიჭება და ნახევარ თვედ ზუსტად 15 დღე მიიჩნევა. ასე მაგალითად, თუ ვალდებულების შესრულების ვადად ნახევარი თვეა დადგენილი, ხოლო ვადის დასაწყისად აღებულია 11 მარტი, ვადა 26 მარტს დამთავრდება.

3

ნორმის მეორე ნაწილი ითვალისწინებს გამონაკლისს, როდესაც ვადა ერთდროულად მოიცავს ნახევარ და სრულ თვეს ან თვეებს. ასეთ შემთხვევაში ვადა თავდაპირველად თვეებით გამოითვლება, შემდეგ კი ნახევარი თვე დაემატება. ასე მაგალითად, თუ ვადა ორი თვენახევრითაა განსაზ- ღვრული, ვადის დასაწყისი კი 2013 წლის 15 მაისია, ორი თვე 15 ივლისს დამთავრდება, რასაც დაემატება ნახევარი თვე – 15 დღე და საბოლოოდ, ვადა 30 ივლისს დამთავრდება.




  1. საქართველოს საგადასახადო კოდექსი, მუხ. 3 X.
  2. ახვლედიანი, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 124. გვ. 313.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_124._ცნებები&oldid=1946"