Gccc-logo.png


მუხლი 125. ვადის გამოთვლა ვადის გაგრძელებისას

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 125. ვადის გამოთვლა ვადის გაგრძელებისას


ნუნუ კვანტალიანი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

ვადის გაგრძელების შემთხვევაში ახალი ვადა გამოითვლება გასული ვადის დამთავრებიდან.

I. ნორმის მიზანი

1

ნორმის მიზანია დადგენილი ვადის გაგრძელებისას ვადის გამოთვლის საერთო წესის დადგენა. ნორმა გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 190 პარაგრაფის ანალოგიური შინაარსისაა და კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში განსაზღვრული ვადის გაგრძელებას აწესრიგებს.

გავრცელებული მოსაზრებით, დადგენილმა ვადამ კერძოსამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტებისთვის დაბრკოლება არ უნდა შექმნას და მხარეებმა, კანონის ფარგლებში, მასზე ზემოქმედება უნდა შეძლონ. შინაარსობრივად, ვადის გაგრძელება დადგენილი ვადის დროში გაზრდაა, რაც ზოგ შემთხვევაში ორივე მხარის ინტერესშია. მატერიალურ-სამართლებრივად ვადის გაგრძელება ძირითადად მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული, თუმცა მისი ათვლა 125-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად უნდა მოხდეს.

II. ვადის გაგრძელების მომენტი.

2

ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია სამოქალაქო კოდექსით დადგენილი იმპერატიული აკრძალვები, ასე მაგალითად, 514-ე მუხლით დადგენილია, რომ გამოსყიდვის ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს ათ წელს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია (514).

ვადის გაგრძელება დასაშვებია როგორც თავდაპირველი ვადის პერიოდშიც, ასევე მისი გასვლის შემდეგაც. ამასთან, 124-ე მუხლით დადგენილი წესი გამოიყენება მხოლოდ ვადის გაგრძელების შემთხვევისთვის. თუ განსაზღვრული ვადის ნაცვლად ახალი ვადა დგინდება, ვადის ათვლა 122-ე მუხლით უნდა განხორციელდეს. მაგალითად, თუ ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი პირები ახალ გარიგებას დადებენ თავდაპირველი ხელშეკრულების მსგავს საგანსა და ფასზე. ამასთან, ვადის გაგრძელება განსხვავებულ სამართლებრივ შედეგებს იწვევს შრომით სახელშეკრულებო ურთიერთობებში (საქართველოს შრომის კოდექსი, მუხ. 6, ნაწ. 13).

III. ახალი ვადის ათვლა.

3

ვადის გაგრძელებისას სამართლებრივად მნიშვნელოვანია ახალი (გაგრძელებული) ვადის ათვლის წესი. ნორმის შესაბამისად, ახალი ვადა გამოითვლება გასული ვადის დამთავრებიდან. ამდენად, ახალი ვადის მიმდინარეობა იწყება არა მისი დათქმის, არამედ პირველადი ვადის გასვლის მომენტიდან.[1] ასე მაგალითად, თუ ვალდებულების შესრულების ვადა მთავრდებოდა 11 ივნისს, ხოლო მხარეები მის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ 8 ივნისს, ახალი ვადა აითვლება არა 8 ივნისიდან, არამედ 11 ივნისიდან. რადგან ძველი და ახალი ვადა ერთ მთლიანობას წარმოადგენს, მნიშვნელობა არა აქვს პირველადი ვადა მთავრდებოდა თუ არა კვირას ან სხვა უქმე დღეს,[2] შესაბამისად, ამ შემთხვევაში 127-ე მუხლი არ გამოიყენება.

4

ახალი ვადის განსაზღვრისას დრო შეთანხმებულად ითვლება, თუ ის განსაზღვრულია კალენდარული თარიღით ან არ არის კალენდარულად განსაზღვრული თუმცა, დამოკიდებულია კონკრეტულ სამომავლო მოვლენაზე, რაც ნათლად და ობიექტურადაა გამოხატული (მაგ., ხვალ, როგორც კი შესაძლებელი იქნება, აღდგომიდან მე-10 დღეს, და სხვა). ამასთან, ვალდებულ პირს შეუძლია ვალდებულება განსაზღვრული ვადის პირველ, ბოლო ან ნებისმიერ დღეს, ოღონდ მითითებულ პერიოდში შეასრულოს.[3]

IV. კავშირი სხვა ნორმებთან

5

ვადის გაგრძელება განსხვავებულ სამართლებრივ შედეგებს იწვევს შრომით სახელშეკრულებო ურთიერთობებში (საქართველოს შრომის კოდექსი, მუხ. 6, ნაწ. 13), შესაბამისად, გამოიყენება სპეციალური ნორმა.

აღსანიშნავია, რომ ვადის გაგრძელებას სამოქალაქო-საპროცესო კოდექსიც ითვალისწინებს, იმ განსხვავებით, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებისთვის დადგენილი ვადის გაგრძელება მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ იგი სასამართლოს მიერაა დადგენილი. რაც შეეხება კანონით დადგენილ ვადას, სამოქალაქო-საპროცესო კოდექსით დასაშვებია მისი აღდგენა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხ. 64-65).[4] ამდენად, სამოქალაქო საქმეთა განხილვის დროს, საპროცესო მოქმედებების შესრულებისას ან/და პროცესუალური უფლებების განხორციელებისათვის დადგენილი ვადების გაგრძელებისას, გამოიყენება მხოლოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმა.




  1. Bassenge, in Palandt BGB Komm., 56. Aufl., § 190, Rn. 1.
  2. Bassenge, in Palandt BGB Komm, 56. Aufl., § 190, Rn. 1.
  3. Schlechtriem/Schwenzer, Commentary on CISG, 3. Ed., 2010, Art. 33, p. 552-553.
  4. ლილუაშვილი, სამოქალაქო-საპროცესო სამართალი, გვ.189-190.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_125._ვადის_გამოთვლა_ვადის_გაგრძელებისას&oldid=1948"