Gccc-logo.png


მუხლი 126. ვადის გამოთვლა თვეების მიხედვით

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 126. ვადის გამოთვლა თვეების მიხედვით


ნუნუ კვანტალიანი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. თუ დრო განსაზღვრულია თვეების ან წლების მიხედვით იმგვარად, რომ არ არის საჭირო მათი ერთად გასვლა, მაშინ თვე გამოითვლება ოცდაათი დღით, ხოლო წელი – სამას სამოცდახუთით.

2. თვის დასაწყისად ითვლება თვის პირველი დღე, შუა თვედ – თვის მეთხუთმეტე დღე, ხოლო თვის დასასრულად – თვის ბოლო დღე.



1

ნორმა ადგენს ვადის გამოთვლის სპეციალურ წესს ისეთი შემთხვევისთვის, როდესაც დრო თვეების ან წლების მიხედვითაა განსაზღვრული. დროის ასეთი მონაკვეთებით ვადის განსაზღვრისას, მისი რეგულაცია მოცემულია 123-124-ე მუხლებშიც, მაგრამ მათგან განსხვავებით 126-ე მუხლი აწესრიგებს ვადის გამოთვლას მაშინ, როდესაც თვეების ან წლების ერთად გასვლა საჭირო არ არის.

2

თვის ხანგრძლივობა კალენდარულად 28-31 დღეს შეადგენს. ნორმის შესაბამისად თვე ოცდაათი დღით გამოითვლება იმ შემთხვევისთვის, როდესაც თვეების ერთად გასვლა საჭირო არ არის.[1] ასე მაგალითად, პერიოდულად შესასრულებელი ნასყიდობის ხელშეკრულებისთვის მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ, რომ ნასყიდობის საგნის (100 ტონა მარცვლეულის) მიწოდება აპრილიდან დეკემბრამდე ნაწილ-ნაწილ – სამი თვის განმავლობაში განხორციელდეს. ასეთ შემთხვევაში, ვალდებულება შეთანხმებულ, მაგრამ ერთმანეთის არამიმდევარ ივნისის, აგვისტოსა და დეკემბრის თვეებში შეიძლება შესრულდეს.

3

წელი (წელიწადი) ზოგადად მოიცავს წლის დასაწყისიდან – 1 იანვრიდან წლის დასასრულამდე – 31 დეკემბრამდე, უწყვეტ, 365 ან 366 დღისგან შემდგარ პერიოდს (კალენდარული წელი). სახელშეკრულებო ურთიერთობებში წელიწადი ზოგჯერ მითითებულია როგორც სამეურნეო წელი, რაც ძირითადად კალენდარულ წელს ემთხვევა. სამეურნეო წელი გამოიყენება კანონითაც.[2] კალენდარულ წელს ემთხვევა საიჯარო წელიც.[3] სახელშეკრულებო ურთიერთობებში წელიწადად მიიჩნევა ასევე დროის მონაკვეთიც, რომელიც არ ემთხვევა კალენდარულ წელს, მაგრამ 12 უწყვეტ თვეს მოიცავს, მაგალითად, შეთანხმებიდან, 2011 წლის ივლისიდან ვალის ერთ წელიწადში დაბრუნების ვალდებულება მოიცავს 2012 წლის ივლისამდე 12-თვიან უწყვეტ პერიოდს. ნორმის შესაბამისად კი, წელი სამას სამოცდახუთი დღით განისაზღვრება, იმ შემთხვევისთვის, როდესაც მათი ერთად გასვლა საჭირო არ არის. მაგალითად, თუ მოქმედება 2012 წლიდან 2015 წლამდე ორი წლის ვადაში უნდა შესრულდეს, შესრულების ვადა 730 დღით გამოითვლება.

4

ნორმის მეორე ნაწილი თვის მონაკვეთების მარტივ რიცხობრივ მონაცემს განსაზღვრავს: თვის დასაწყისი თვის პირველი დღეა, შუა თვედ თვის მეთხუთმეტე დღე მიიჩნევა, ხოლო თვის დასასრულად – თვის ბოლო დღე.

კანონი არ ადგენს წლის დასაწყისსა და დასასრულს, თუმცა იგი ნორმის მეორე ნაწილის ანალოგიურად წლის პირველი და ბოლო დღით შეიძლება განისაზღვროს.[4]




  1. ახვლედიანი, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 126, გვ. 314.
  2. საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ მუხ. 91 IV, დ.
  3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხ. 606 I.
  4. საქ. უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 4 ოქტომბრის #ას-649-610-2011 განჩინება, სუსგ სამოქალაქო საქმეებზე 2/2012, გვ. 86-91.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_126._ვადის_გამოთვლა_თვეების_მიხედვით&oldid=1950"