Gccc-logo.png


მუხლი 127. გამოსასვლელი და სადღესასწაულო დღეები

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 127. გამოსასვლელი და სადღესასწაულო დღეები


ნუნუ კვანტალიანი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

თუ მოქმედება უნდა შესრულდეს განსაზღვრულ დღეს და ეს დღე ან ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს ან მოქმედების შესრულების ადგილას გამოცხადებულ სადღესასწაულო ანდა სხვა გამოსასვლელ დღეებს, მაშინ ამ დღის ნაცვლად გამოყენებულ უნდა იქნეს მომდევნო სამუშაო დღე.



1

ნორმა არასამუშაო და სადღესასწაულო დღეებში ვადის დამთავრებისას მოქმედების შესრულების წესს ადგენს. მოქმედება გულისხმობს როგორც კანონით, ასევე ხელშეკრულებით ვადის ფარგლებში გათვალისწინებულ შესრულებას ან მოთხოვნას (პრეტენზიის წარდგენა, ვალის გადახდა, სამუშაოების შესრულება, ინფორმაციის გაცემა, ფრენშაიზის მიმღებისთვის მოქმედებისაგან თავის შეკავება, და სხვა), რომელსაც განსაზღვრული სამართლებრივი შედეგი უნდა მოჰყვეს.

2

არასამუშაო დღეს მნიშვნელობა აქვს მხოლოდ ვადის დამთავრებისათვის.[1] ნორმის შესაბამისად, მოქმედების შესრულების დღე თუ არასამუშაო დღეს ემთხვევა, შესრულების დღედ მომდევნო სამუშაო დღე ჩაითვლება. ამასთან, მოქმედების შესრულების ადგილის მიხედვით, არასამუშაო და სადღესასწაულო დღეები სხვადასხვა რეგიონში შეიძლება განსხვავებული იყოს. მოქმედების შინაარსის თავისებურებიდან გამომდინარე, მოქმედების შესრულების ადგილზე შესაძლებელია სამუშაო დრო განსხვავებულად დადგინდეს (მაგ., საზღვაო, საჰაერო, სარკინიგზო სადგურებსა და ტერმინალებში). არასამუშაო დღედ, ჩვეულებრივ, შაბათი და კვირა მიიჩნევა, თუმცა შესაძლებელია, ცალკეულ დაწესებულებაში (მაგალითად, სავაჭრო, საყოფაცხოვრებო მომსახურების და სხვა მსგავსი ტიპის დაწესებულება) ასეთად კვირის სხვა დღეც იყოს არჩეული.

3

სადღესასწაულო ანდა სხვა გამოსასვლელი — უქმე დღეების ზუსტი ჩამონათვალი კანონით არის დადგენილი. ესენია: 1 და 2 იანვარი – ახალი წლის სადღესასწაულო დღეები; 7 იანვარი – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს შობის დღე; 19 იანვარი – ნათლისღება – უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს გაცხადების დღე; 3 მარტი – დედის დღე; 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე; 9 აპრილი – საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღე; სააღდგომო დღეები – დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღე; მიცვალებულთა მოხსენიების დღე – აღდგომის მეორე დღე, ორშაბათი (თარიღები გარდამავალია); 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე; 12 მაისი – საქართველოს ეკლესიის, როგორც სამოციქულო საყდრის, დამაარსებლის – წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე; 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე; 28 აგვისტო – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე (მარიამობა); 14 ოქტომბერი – მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე; 23 ნოემბერი – გიორგობის დღე (საქართველოს შრომის კოდექსი, მუხ. 20). დაწესებულების საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეიძლება არასამუშაო დღედ სხვა ნებისმიერი დღეც განისაზღვროს. მაგალითად, თუკი მაღაზია სანიტარიული სამუშაოების გამო დაკეტილია, მყიდველისთვის ეს დღე არასამუშაოდ ჩაითვლება და ამავე მაღაზიაში შეძენილი ნივთის საგარანტიო ვადა მაღაზიის პირველ სამუშაო დღეს დამთავრდება.[2]

4

ვინაიდან ვადის დამთავრების მომენტს მნიშვნელოვანი იურიდიული შედეგები მოჰყვება, არასამუშაო დღეებთან მიმართებით რეგულაციებს საერთაშორისო აქტებიც ითვალისწინებს. საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებათა შესახებ კონვენციის 20 II მუხლის თანახმად, აქცეპტისთვის დადგენილ ვადაში ოფიციალური დასვენებებისა და არასამუშაო დღეებიც მოიაზრება. პრობლემა შესაძლოა წარმოიშვას სწორედ დასვენების და არასამუშაო დღეებთან დაკავშირებით. კერძოდ, საერთაშორისო ტრანსაქციებში ხშირია შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა არასამუშაო და დასვენების დღე ქალაქებისა და რეგიონების მიხედვით განსხვავებულია, თუმცა 20 II 2 მუხლის სწორედ აღნიშნულ საკითხს აწესრიგებს,[3] რომლის თანახმადაც, თუ აქცეპტის შესახებ ინფორმაცია ოფერენტს არასამუშაო დროის გამო ვერ ჩაბარდა, მაშინ ვადა მომდევნო პირველ სამუშაო დღემდე გადაიწევს. მსგავს დებულებას ითვალისწინებს ვადების გამოთვლის შესახებ ევროპული კონვენციის 5 მუხლიც.[4]

5

127-ე მუხლის შესაბამისად, არასამუშაო დღეები მოქმედების შესრულების ადგილის მიხედვით შეიძლება დადგენილისგან განსხვავებული იყოს. ასეთ შემთხვევაში, დაინტერესებულმა პირმა უნდა ამტკიცოს, რომ, დამკვიდრებული წესით, არასამაუშაო დღედ მიჩნეული დღე (მაგალითად, შაბათი ან კვირა) მოქმედების შესრულების ადგილზეც არასამუშაო დღეა. ასე მაგალითად, სასამართლო განჩინებით დადგინდა, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული 48-საათიან ვადაში განუბაჟებელი ტვირთის მიღებისთვის, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ ქ. ბაქოს საბაჟო ტერმინალზე შაბათი და კვირა არასამუშაო დღე არ არის.[5]




  1. ახვლედიანი, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ.127, გვ. 315.
  2. ახვლედიანი, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 127, გვ. 315.
  3. Schlechtriem/Schwenzer, Commentary on CISG, 3. Ed., 2010, Art. 20, 356.
  4. European Convention on the Calculation of Time-Limits (კონვენცია ამჟამად საქართველოში რატიფიცირებული არ არის).
  5. საქ. უზენაესი სასამართლო 2011 წლის 20 ივნისის # ას-582-550-2011 განჩინება.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_127._გამოსასვლელი_და_სადღესასწაულო_დღეები&oldid=1952"