Gccc-logo.png


მუხლი 128. ცნება. სახეები

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 128. ცნება. სახეები


ნუნუ კვანტალიანი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

2. ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება:

ა) პირად არაქონებრივ უფლებებზე, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

ბ) მეანაბრეთა მოთხოვნაზე ბანკსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში შეტანილი ანაბრების გამო.

3. ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს 10 წელს.

I. ხანდაზმულობის არსი და მიზანი

1

ძველი ქართული სამართლის ძეგლებში ხანდაზმულობა დროის განსაზღვრულ მონაკვეთზე მითითებით ან დროის სინონიმებით (ხანი, ჟამი) არის გამოყენებული. როგორც სამართლებრივი ტერმინი, ხანდაზმულობა ქართულ ნორმატიულ აქტებში 1923 წლის საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსიდან იღებს სათავეს.[1] „ხანდაზმულობა“ სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე.[2]

2

სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა.[3] ამდენად, უფლებადარღვეული პირისათვის უფლების დაცვა დროის გარკვეულ პერიოდშია შესაძლებელი, ხოლო ამ ვადის გასვლის შედეგად მოთხოვნა ხანდაზმულად ჩაითვლება, რაც მოთხოვნის სასარჩელო წესით დაცვას (მატერიალურად, და არა პროცესუალურად) გამორიცხავს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ვალდებული პირი, ხანდაზმულობის ვადის გასვლის მიუხედავად, შესრულებაზე თანახმაა.

3

ხანდაზმულობის მიზანი მოვალის დაცვა და დროის გასვლის გამო მტკიცების სირთულეებისგან მისი გათავისუფლებაა. დაცულია ასევე მოვალის ნდობა, რომ მოთხოვნის უფლებები მის წინააღმდეგ არ იქნება გამოყენებული.[4] უფლების სასარჩელო წესით დაცვის დროში შეზღუდვა განპირობებულია: 1. სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების გამარტივებით; 2. სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის დაცვით; 3. დარღვეული უფლების დასაცავად ხანგრძლივი დროის მანძილზე ზომების მიუღებლობა, როგორც წესი, მეტყველებს იმაზე, რომ დაზარალებული ან არ არის საკმარისად დაინტერესებული თავისი უფლების განხორციელებით ან არ არის დარწმუნებული მოთხოვნის საფუძვლიანობაში; 4. სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, თავიანთი უფლებების რეალიზაციის თვალსაზრისით, სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეების აქტიურობის სტიმულირებას ახდენს, აგრეთვე აძლიერებს ორმხრივ კონტროლს ვალდებულების შესრულებაზე.[5]

II. გამოყენების სფერო

4

სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის ვადების გამოთვლის წესი საერთოა კერძო სამართლისათვის და მოქმედებს როგორც სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ, ასევე შრომის, საავტორო, საკორპორაციო და სხვა სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილ მოთხოვნებზე. გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევები, როდესაც კონკრეტული ურთიერთობა განსხვავებულ წესს ადგენს, შესაბამისად, 2 I მუხლის თანახმად, გამოიყენება სპეციალური ნორმა.[6]

5

სამოქალაქო კოდექსის ზოგად ნაწილში გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადების მარეგულირებელი ნორმები იმპერატიული ხასიათისაა და სავალდებულოა როგორც კერძო სამართლის სუბიექტებისთვის, ასევე დავის მომწესრიგებელი ორგანოებისთვის.

6

სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის ვადები და მათი გამოთვლის წესი გამოიყენება ადმინისტრაციულ დავებშიც.[7]

III. ხანდაზმულობის გამიჯვნა სხვა ვადებისგან

7

ხანდაზმულობის ვადების გარდა, კანონი ადგენს ვადებს, რა დროშიც სამართალურთიერთობის სუბიექტს შეუძლია უფლების დაცვა უშუალოდ მეორე მხარეს მოთხოვოს. კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში ვალდებული პირისადმი მიმართვის ვადა სამართალწარმოების ეკონომიურობის მიზნითაა შემოღებული და დარღვეული უფლების აღდგენის საკითხის მხარეთა შორის ნებაყოფლობით მოწესრიგებას ემსახურება.[8] ასეთი ვადების აღსანიშნავად კანონში გამოყენებულია ტერმინი შეცილების ვადა, საგარანტიო ვადა (653), რეკლამაცია (698), პრეტენზია (495, 573) ან ზოგ შემთხვევაში პირდაპირი მითითებაა (1488) უფლებამოსილი პირის მიერ ვალდებული პირისთვის მოთხოვნის წარდგენის თაობაზე.

ამ ვადებთან ერთად კანონი ზოგჯერ პირდაპირ ადგენს მოთხოვნის იძულებით დაკმაყოფილების – ხანდაზმულობის ვადებს (655, 699), სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ ურთიერთობისთვის დადგენილი ხანდაზმულობის ვადები.

IV. კავშირი პროცესთან

8

ხანდაზმულობა, როგორც დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა, მჭიდროდაა დაკავშირებული პროცესთან, ვინაიდან უფლების დაცვა სასამართლოში სასარჩელო წესით ხორციელდება.

სარჩელი წარმოადგენს უფლების დაცვის საპროცესო საშუალებას,[9] ხოლო ხანდაზმულობა დაცვის ამ საშუალების გამოყენების ვადაა.[10] მოთხოვნის ხანდაზმულობა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველს არ წარმოადგენს[11] და იგი სარჩელის წარმოებაში მიღების წინაპირობად არ მიიჩნევა.[12] აღნიშნულს განაპირობებს ის გარემოება, რომ კრედიტორს (მოსარჩელეს) შეუძლია, ხანდაზმულობის საწინააღმდეგო ფაქტებზე (ხანდაზმულობის ვადის შეჩერებისა და შეწყვეტის გარემოებებზე) მიუთითოს და მოთხოვნის იძულებით აღსრულებაზე იდაოს. სასამართლო უფლებამოსილია, მხოლოდ საქმის არსებითი განხილვით, ხანდაზმულობის დამადასტურებელ და გამომრიცხავ გარემოებათა დამდგენი მტკიცებულებების სრულყოფილი გამოკვლევითა და ურთიერთშეჯერების შედეგად დაადგინოს, ხანდაზმულია თუ არა მოთხოვნა. ამავდროულად, დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი – დაეთანხმოს ხანდაზმული მოთხოვნის შესრულებას (სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლი).

9

ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. ხანდაზმულობის ვადის გასვლის მიუხედავად მოთხოვნა განხილულ უნდა იქნეს და თუ გამოირკვევა, რომ არ არსებობს ხანდაზმულობის ვადის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები, მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.[13]

ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია, მხოლოდ საქმის არსებითი განხილვით, ხანდაზმულობის დამადასტურებელ და გამომრიცხავ გარემოებათა დამდგენი მტკიცებულებების სრულყოფილი გამოკვლევითა და ურთიერთშეჯერების შედეგად დაადგინოს, ხანდაზმულია თუ არა მოთხოვნა.

ამასთან, თუ ვალდებული პირი შესაგებლით ხანდაზმულობაზე პრეტენზიას არ აცხადებს, მიუხედავად იმისა, მოთხოვნა საფუძვლიანია თუ არა, სასამართლოს გადაწყვეტილება ხანდაზმული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საკმარისია, დაეყრდნოს მხოლოდ ხანდაზმულობის ფაქტის დადგენას, ვინაიდან ხანდაზმულობა მოთხოვნას მატერიალურ-სამართლებრივად სპობს.

10

რაც შეეხება სასარჩელო ხანდაზმულობის გამოთვლის წესს, აღნიშნულს, სასამართლო პრაქტიკით, სწორედ სასამართლო ადგენს, მაგალითად, თუ საქმის გარემოებებიდან ირკვევა, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყვეტილი იყო, სასამართლომ გადაწყვეტილება აღნიშნულის გათვალისწინებით უნდა მიიღოს, თუნდაც მხარე ამ საკითხს არ აყენებდეს.[14]

11

მოთხოვნის ხანდაზმულობა ფაქტია და არა სამართლებრივი კვალიფიკაცია, შესაბამისად, მასზე მითითებით სარჩელის უარყოფა მხოლოდ მოვალის (მოპასუხის) უფლებაა, რაც სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, გამორიცხავს ამ საკითხის სასამართლოს ინიციატივით გამოკვლევას.

ამრიგად, სასამართლო მოთხოვნის ხანდაზმულობას იკვლევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე პირადად ან კანონით შესაგებლის წარდგენაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით[15] მოთხოვნის ხანდაზმულობის საფუძვლით სასარჩელო მოთხოვნას სათანადო წესით წარდგენილი პასუხით (შესაგებელი) უარყოფს.

12

სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე არასათანადო მოპასუხის მითითებას სამართლებრივი ძალა არ აქვს.

13

მიუხედავად იმისა, რომ დავაზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება გავლენას ახდენს საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მოპასუხის მხარეზე ჩართულ მესამე პირებზე, ამ პირთა მიერ მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითებას მოპასუხის ამავე შინაარსის შესაგებლის გარეშე, სარჩელზე უარის თქმის უფლების არარსებობის გამო,[16] იურიდიული ძალა არ უნდა მიენიჭოს. ამასთან, პრაქტიკული თვალსაზრისით, ასეთი მითითება დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მოპასუხის მხარეზე ჩართულ მესამე პირისათვის თავდაცვის საშუალებას წარმოადგენს მის წინააღმდეგ წარდგენილ რეგრესულ მოთხოვნებზე (მაგალითისთვის შდრ. 706).

14

სამოქალაქო სამართალწარმოებაში უფლებამონაცვლის[17] ჩართვის შემთხვევაში, თუკი პროცესში მონაწილე მოპასუხემ, რომელიც უფლებამონაცვლემ შეცვალა, მოთხოვნის ხანდაზმულობაზე შედავება უკვე განახორციელა, ამ საკითხზე უფლებამონაცვლისაგან ხელახალი შესაგებლის წარდგენა აუცილებელი არ არის.

15

სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის დანაწესებიდან გამომდინარე, ხანდაზმულობაზე მოპასუხის შესაგებელი, როგორც წესი, წარდგენილ უნდა იქნეს პირველი ინსტანციის სასამართლოში, წერილობითი ფორმით.[18] გამონაკლისი ვითარებაა, როდესაც დავის პირველ ინსტანციაში განხილვისას, სასამართლო გადაწყვეტილებით სარჩელში მითითებულ სამართლებრივ კვალიფიკაციას ცვლის და მოპასუხეს ხანდაზმულობაზე მითითებით სარჩელისგან თავდაცვის საშუალება არ ეძლევა. ასეთ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოში ხანდაზმულობაზე შესაგებელი დასაშვებად მიიჩნევა.[19]

16

მოპასუხეთა სავალდებულო საპროცესო თანამონაწილეობისას[20] ხანდაზმულობაზე შესაგებლის უფლება ნებისმიერ მოპასუხეს აქვს[21] და მისი შედეგი საერთოა ყველა მოპასუხისათვის, მიუხედავად იმისა, დამოუკიდებლად წარდგენილ შესაგებელში სხვა მოპასუხეებიც უთითებენ თუ არა მოთხოვნის ხანდაზმულობის ფაქტზე.

17

არასავალდებულო თანამონაწილეობის დროს[22] მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნევა მხოლოდ იმ მოპასუხის მიმართ, რომელიც შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნას ხანდაზმულობის ფაქტზე მითითებით უარყოფს.

18

მოთხოვნის ხანდაზმულობის ფაქტის მითითებისა და მტკიცების ტვირთი მიმთითებელ სუბიექტს (როგორც წესი, მოპასუხეს) ეკისრება. მოწინააღმდეგე მხარემ უნდა ამტკიცოს მოთხოვნის ვადაში წარდგენის, ხანდაზმულობის შეჩერების ან შეწყვეტის ფაქტი.

1. ხანდაზმულობის სამართლებრივი შედეგი

19

ხანდაზმულობა იწვევს არა მოთხოვნის უფლების გაუქმებას, არამედ ანიჭებს მოვალეს მყარ უფლებას, უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე.[23]/[24]

V. მოთხოვნები, რომლებზეც ხანდაზმულობა არ ვრცელდება

20

ხანდაზმულობა მხოლოდ მოთხოვნებზე ვრცელდება,ხოლო აბსოლუტური უფლებების დაცვა ხანდაზმულობის საფუძვლით უარყოფილი ვერ იქნება.

1. პირადი არაქონებრივი უფლებები

21

ნორმის შესაბამისად, ხანდაზმულობა არ ვრცელდება პირად არაქონებრივ უფლებებზე, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ასეთ მოთხოვნათა რიცხვს მიეკუთვნება მე-18 მუხლით გათვალისწინებული სახელის ტარების, პატივისა და ღირსების, პირადი ცხოვრების საიდუმლოების, პირადი ხელშეუხებლობის ან საქმიანი რეპუტაციის შელახვის დასაცავად აღძრული მოთხოვნები. ნორმა მოიცავს ნაწარმოების ავტორისა (ავტორობის უფლების, სახელის (ფსევდონიმის, ანონიმის) უფლების, ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლებისა და რეპუტაციის პატივისცემის უფლებები) და შემსრულებლის (სახელის უფლება და რეპუტაციის პატივისცემის უფლება), ასევე მათი მემკვიდრეების[25] არაქონებრივ უფლებებს, ამასთან, ავტორის არაქონებრივ უფლებათა უვადო დაცვა საქართველოს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ კანონის სპეციალური მოწესრიგების საგანს წარმოადგენს.[26]

არაქონებრივი უფლებები კონსტიტუციით გარანტირებულ ძირითად უფლებებს განეკუთვნება[27] და მათი უვადო დაცვა ამ უფლებათა მაღალი ხარისხითაა განპირობებული.

ნორმისგან განსხვავებული წესია გათვალისწინებული ცილისწამების შემთხვევაში უფლების იძულებით დაცვის ვადასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით, სარჩელი სასამართლოში წარდგენილ უნდა იქნეს 100 დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პირი გაეცნო ან შეეძლო, რომ გასცნობოდა განცხადებას.[28] მე-18 მუხლში 2004 წლის 24 ივნისს განხორციელებული ცვლილების შედეგად, ცილისწამების – არსებითად მცდარი ინფორმაციის შემცველი და პირისათვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხ განცხადებაზე დავის შემთხვევაში გამოიყენება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები.[29]

2. მეანაბრეთა მოთხოვნა საკრედიტო დაწესებულებაში შეტანილ ანაბრებზე

22

ნორმით დროში შეუზღუდავია მეანაბრეთა მოთხოვნა ბანკსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში შეტანილი ანაბრების გამო, რაც გამოწვეულია ამ ურთიერთობათა ხანგრძლივი ხასიათის გამო.[30] მათზე სასარჩელო ხანდაზმულობა იმის გამო არ ვრცელდება, რომ კანონმდებელს სურს დამატებითი გარანტიებით უზრუნველყოს მეანაბრეები, რაც თავის მხრივ, გაზრდის თავისუფალი თანხების საბანკო ანგარიშებზე განთავსების მიმზიდველობას.[31]

3. საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნა

23

გარდა 128-ე მუხლში მითითებული ჩამონათვალისა, 968-ე მუხლით, ხანდაზმულობას არ ექვემდებარება საზიარო უფლების გაუქმების მოთხოვნა.[32]

4. საკუთრების უფლების დაცვის მოთხოვნის ხანდაზმულობა

24

მიუხედავად იმისა, რომ ნორმა არ უთითებს საკუთრების უფლების უვადო დაცვაზე, სასამართლო პრაქტიკა ამ უფლების ვინდიკაციური და ნეგატორული სარჩელებით დაცვაზე ხანდაზმულობას, საკუთრების უფლების აბსოლუტური ბუნებიდან გამომდინარე, არ ავრცელებს.[33] სასამართლო პრაქტიკით, ხანდაზმულობის საგანი არის ფარდობითი უფლება და არა აბსოლუტური უფლება, შესაბამისად, აბსოლუტურ უფლებაზე ხანდაზმულობა არ ვრცელდება.[34]

25

ნორმით დადგენილი გამონაკლისის რეგულირების სფეროს გაფართოება და მისი გავრცელება ე.წ. აბსოლუტური ბატონობის უფლებებზე, უდავოდ ლოგიკური და მიზანშეწონილია.[35] სხვა მოსაზრებით, ხანდაზმულობა არ ვრცელდება საკუთრების უფლებაზე: მესაკუთრე მარადიულად რჩება მესაკუთრედ, მაგრამ ხანდაზმულობა ვრცელდება მესაკუთრის სავინდიკაციო მოთხოვნაზე.[36]

საკუთრების უფლების შენარჩუნება ნივთზე, მისი მფლობელობისა და სარგებლობის უვადოდ გამორიცხვით, ეჭვქვეშ აყენებს უფლების ამ სახით არსებობის მიზანშეწონილობას.

VI. საერთო ვადა

26

საერთო ხანდაზმულობის ვადა მოთხოვნის წარდგენისათვის შეადგენს ათ წელს. მოთხოვნის საერთო ვადის დადგენა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ კრედიტორის მხრიდან მოთხოვნის უფლების მიმნიჭებელი გარემოებების შესახებ ცოდნის (ან უხეში გაუფრთხილებლობით – არცოდნის) სუბიექტური კრიტერიუმი არ იწვევდეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ფაქტობრივ ხანდაზმულობაუუნარობას.[37] მოთხოვნის დროში შეზღუდვა სამოქალაქო ბრუნვასა და კერძოსამართლებრივ ურთიერთობათა სტაბილურობას ემსახურება.

27

კანონის ეს დანაწესი გამოიყენება იმ მოთხოვნებისთვის, რომელთა დაცვის სპეციალური (უფრო ხანგრძლივი (მაგ., 920-ე მუხლით ფასიანი ქაღალდებიდან გამომდინარე მოთხოვნებისთვის დროის უფრო მეტი მონაკვეთი – 30 წელია დადგენილი) ან მოკლე) ვადა კანონით დადგენილი არ არის.

28

სამოქალაქო კოდექსი არ განსაზღვრავს მაქსიმალურ ვადას, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია ნაჩუქარი ნივთის უკან გამოთხოვის განხორციელება 530-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას. მიუხედავად ასეთი ფორმულირებისა, ცხადია, რომ კანონმდებლის ნება არ შეიძლება განიმარტოს იმგვარად, თითქოს მჩუქებლის მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენის შემთხვევაში წარმოშობილი ჩუქების საგნის გამოთხოვის მოთხოვნა დროში არ არის შეზღუდული.[38] ნივთის გამოთხოვის მოთხოვნა 530-ე მუხლში მითითებული წინაპირობების გარდა, დამატებით შეზღუდვას უნდა დაექვემდებაროს და განხორციელებადი იყოს მხოლოდ განსაზღვრული ვადის განმავლობაში.[39] ამ შემთხვევაში საერთო ვადის გამოყენების მიზანშეწონილობა ცხადია და ნაჩუქარი ნივთის გამოთხოვა ათწლიანი ხანდაზმულობის ვადაში უნდა განხორციელდეს.[40]

29

იშვიათ შემთხვევაში, მოთხოვნებისთვის ხანდაზმულობის საერთო ვადის გამოყენების თაობაზე, კანონი პირდაპირ უთითებს (1489-1490).

30

ხანდაზმულობა, როგორც მოთხოვნის იძულებით დაცვის ვადა, განსხვავდება კონტრაჰენტების ურთიერთშედავების ვადებისგან. ზოგ შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს არა უფლების იძულებით დაცვის მოთხოვნის ვადებს, არამედ ადგენს დაინტერესებული პირის მიერ მხოლოდ მეორე მხარის წინაშე უფლების დარღვევის თაობაზე შედავების ვადას. ასეთ შემთხვევაში, გამოიყენება ხანდაზმულობის საერთო ათწლიანი ვადა, თუ კანონი ამგვარი მოთხოვნისათვის განსხვავებულ წესს არ ადგენს (მაგ., 663).

31

ამ თვალსაზრისით საყურადღებოა ბათილ გარიგებებზე შეცილების ნორმები. ვინაიდან 59-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, შეცილება ხორციელდება ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ, უფლებადარღვეულმა პირმა კანონით განსაზღვრულ ვადებში (79, 84, 89) შეცილება უნდა განახორციელოს მეორე მხარის მიმართ. რაც შეეხება უფლების იძულებით დაცვის ხანდაზმულობას, მოთხოვნა საერთო, ათი წლის ვადაში უნდა იქნეს წარდგენილი.[41]

32

უფლების დაცვის ვადები განსაზღვრული არ არის უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილ მოთხოვნებზეც. სასამართლო პრაქტიკით, ვინაიდან უსაფუძვლო გამდიდრება არის გარიგების ბათილობის, მისი არარსებობის ან შეწყვეტის შედეგი, ანუ, ეს არ არის ცალკე, იზოლირებული სამართლებრივი ურთიერთობა, არამედ მიბმულია ხელშეკრულებაზე, ასეთ მოთხოვნაზე უნდა გავრცელდეს ხანდაზმულობის ხელშეკრულების მიმართ მოქმედი, და არა საერთო ვადა, რადგანაც ამ შემთხვევაში მოთხოვნა პირდაპირაა დაკავშირებული ხელშეკრულებასთან.[42] აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ამ პოზიციისა, ცალკეულ შემთხვევებში უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილ მოთხოვნებზე დავის გადაწყვეტისას გამოყენებულია ხანდაზმულობის ათწლიანი ვადა.[43]

32

აღნიშნულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ პირის უსაფუძვლო გამდიდრება მხოლოდ ბათილი გარიგების შედეგი არ არის (მაგ. ხელყოფის კონდიქცია – 982-985), ამავდროულად, გარიგების ბათილობა გარიგებას იურიდიული ძალის არმქონედ, არარად აქცევს, რაც გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების კავშირს ბათილ ხელშეკრულებასთან.

33

უცილოდ ბათილი გარიგება ვერ წარმოშობს შედეგებს მისი არსებობის „ვერც ერთ“ ეტაპზე,[44] ხოლო საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან, თუ შეცილებაზე უფლებამოსილი პირი შეცილების ნებას გამოავლენს. ამასთან, შეცილება კანონით გათვალისწინებულ ვადებში მეორე მხა რის („შეცილების ადრესატის“[45]) მიმართ და არა სასამართლოში სარჩელის წარდგენით უნდა განხორციელდეს.

ხანდაზმული მოთხოვნა სასამართლოს გადაწყვეტილებით მოთხოვნის ხანდაზმულობის ფაქტის შედეგად, ხოლო შეცილების უფლების განუხორციელებლობისას – ამ უფლების გამოუყენებლობის საფუძველზე არ დაკმაყოფილდება. ამავდროულად, ხანდაზმულობისგან განსხვავებით, შეცილების უფლების გამოუყენებლობისას, უფლებამოსილ პირს შეუძლია, კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში სხვა საფუძვლით იდავოს. შესაბამისად, შეცილების ვადა და ხანდაზმულობის ვადა ერთმანეთისაგან მკაცრად გამიჯნული ინსტიტუტებია.




  1. ლომიძე, ხანდაზმულობა (ტერმინის საკითხისათვის), სამართლისა და პოლიტიკური აზროვნების ისტორიის ნარკვევები, წიგნი I, 2010, გვ. 371-377.
  2. ახვლედიანი, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 128, გვ. 316.
  3. იქვე, გვ. 317.
  4. კროპჰოლერი, გსკ-ის სასწავლო კომენტარი, თარგმანი, გვ. 94, 95.
  5. საქ. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა სასარჩელო ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, თბილისი, 2009, გვ. 63.
  6. საქ. უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 24 თებერვლის #ას-959-1161-08 განჩინება, სუსგ საქმეებზე 10/2011, გვ. 28.
  7. საქ. უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის 2011 წლის 1 მარტის # ბს-1197-1164(კ-10) გადაწყვეტილება, 2011 წლის 4 ოქტომბრის # ბს-384-381(კ-11) განჩინება და 2012 წლის 28 დეკემბრის # ბს-1548-1527(კ-11) განჩინება.
  8. საქ. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა სასარჩელო ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, თბილისი, 2009.
  9. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბილისი, 2005, გვ. 288.
  10. ძლიერიშვილი, ხანდაზმულობის ვადების გავლენა სარჩელზე, თბილისი, 1997, გვ. 9.
  11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლი.
  12. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბილისი, 2005, გვ. 289-295.
  13. ახვლედიანი, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2001, გვ. 317.
  14. საქ. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა სასარჩელო ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, თბილისი, 2009, გვ. 6.
  15. საქართველოს სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის 93-101-ე მუხლები.
  16. საქართველოს სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლი.
  17. საქართველოს სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლი.
  18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე, 380-ე, 407-ე მუხლები.
  19. საქ. უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 25 მარტის #ას-1350-1275-2012 განჩინება.
  20. საქართველოს სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის 86-ე „ა“ მუხლი.
  21. იხ. მუხ. 466 კომენტ.
  22. საქართველოს სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის 86-ე „ბ“ და „გ“ მუხლი.
  23. კროპჰოლერი, გსკ-ის სასწავლო კომენტარი, თარგმანი, გვ. 95.
  24. იხ. მუხ. 144 კომენტ.
  25. საქ. უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2002 წლის 3 იანვრის # 3კ/35-02 განჩინება.
  26. საქართველოს საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ კანონის მე-17, 33-ე, 35-ე და 57-ე მუხლები.
  27. საქართველოს კონსტიტუციის მე-17, 23-ე მუხლები.
  28. სიტყვისა და გამოხატვის შესახებ საქართველოს კანონის მე-19 მუხლი.
  29. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 20 თებერვლის № ას-1278-1298-2011გადაწყვეტილება.
  30. ახვლედიანი, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 129, გვ. 318.
  31. საქ. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა სასარჩელო ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, თბილისი, 2009, გვ. 4.
  32. იხ. მუხ. 968 კომენტ.
  33. საქ. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა სასარჩელო ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, თბილისი, 2009, გვ. 16.
  34. საქ. უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 12 ივლისის # ას 146-140-2012 განჩინება.
  35. ჩაჩავა, მოთხოვნისა და მოთხოვნის საფუძვლების კონკურენცია, 2011, გვ. 154.
  36. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 121.
  37. კროპჰოლერი, გსკ-ის სასწავლო კომენტარი, გვ. 96.
  38. ჩაჩავა, მოთხოვნისა და მოთხოვნის საფუძვლების კონკურენცია კერძო სამართალში, დის., 2010, გვ. 162.
  39. ძლიერიშვილი, ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებათა სამართლებრივი ბუნება, 2010, გვ. 258.
  40. იხ. მუხ. 530-ე კომენტ.
  41. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 78, 85, გვ. 236, 245.
  42. საქ. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა სასარჩელო ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, თბილისი, 2009, გვ. 13; შდრ. საქ. უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 1 მარტის #ას-1570-1473-2012 განჩინება.
  43. საქ. უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 9 ივლისის # ას-347-323-2010 განჩინება.
  44. კერესელიძე, უზოგადესი ცნებები, 2009, გვ. 263.
  45. იქვე, გვ. 361-363


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_128._ცნება._სახეები&oldid=1959"