Gccc-logo.png


მუხლი 129. სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 129. სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა


ნუნუ კვანტალიანი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს.

2. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

3. ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც.

I. ნორმის მიზანი

1

ნორმის მიზანია სპეციალური ხანდაზმულობის ვადების განსაზღვრა და გამოიყენება მხოლოდ სახელშეკრულებო ურთიერთობებში წარმოშობილი მოთხოვნების მიმართ.[1] სახელშეკრულებო მოთხოვნების სტანდარტული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა ზოგადია და გამოიყენება ყველა სახელშეკრულებო მოთხოვნებისათვის, თუ კანონით სპეციალური ვადა არ არის გათვალისწინებული (მაგ., 655, 663).[2]

2

ამავე ნორმით გათვალისწინებულია გამონაკლისი უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისთვის, რომელიც ექვსი წლით განისაზღვრება და იგი გამოიყენება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დადგენის, უფლების გადაცემისა ან გაუქმების მოთხოვნებისთვის.

3

ამასთან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ვინდიკაციური და ნეგატორული სარჩელებით დაცვაზე ხანდაზმულობას, საკუთრების უფლების აბსოლუტური ბუნებიდან გამომდინარე, არ ავრცელებს.[3]

4

გასათვალისწინებელია, რომ უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების ექვსწლიანი ვადა, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების ობიექტი უძრავი ნივთია, არ გამოიყენება სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი იმ მოთხოვნების მიმართ, რომელთა საფუძველს, ამა თუ იმ კერძოსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობა წარმოადგენს. მაგალითად, უძრავი ნივთის იჯარის ან ქირავნობიდან გამომდინარე ქირის, იჯარის ან სხვა სახელშეკრულებო პირობების შესრულების მოთხოვნებზე ზოგადი ან ამ ურთიერთობისთვის გათვალისწინებული სპეციალური ხანდაზმულობის ვადები გამოიყენება.

5

სპეციალური მოწესრიგების საგანს წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან წარმოშობილი მოთხოვნები, რომლისთვისაც ხანდაზმულობის სამწლიანი ვადაა გათვალისწინებული. ვალდებულების პერიოდულად, დროის განსაზღვრულ შუალედებში (მაგ., ყოველთვე, კვარტალში ერთხელ, თვის კონკრეტულად განსაზღვრულ კალენდარულ დღეს) შესრულების დადგენა მოთხოვნის უფლებას ცალკეულად, ყოველი შესრულებისათვის დამოუკიდებლად წარმოშობს და შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადაც კონკრეტული შესრულების დარღვევიდან აითვლება.

6

ვალდებულების ერთდროული ან ნაწილ-ნაწილ შესრულება მხარეთა შე- თანხმებაზე (ნასყიდობა გადახდის განვადებით – 507) ან შესასრულებელი ვალდებულების არსზეა (მაგ., სარჩოს, პენსიის, ხელფასის გადახდის მოთხოვნის უფლება) დამოკიდებული.

თუ კრედიტორი თანახმაა, მოვალეს შეუძლია ვალდებულება ნაწილ-ნაწილ (ნაწილობრივი შესრულება) შეასრულოს ხელშეკრულების დადების შემდეგაც (378).

7

განსაზღვრული პერიოდებით შესასრულებელი ვალდებულებების ხანდაზმულობის ვადის ათვლა გარკვეული სპეციფიკით ხასიათდება. ასეთ შემთხვევაში, თითოეული შესრულების დარღვევა ცალ-ცალკე წარმოშობს მოთხოვნის უფლებას და ასეთი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა სამი წელია.[4] ამგვარ მოთხოვნებზე შესაძლებელია მხოლოდ სარჩელის აღძვრამდე ბოლო სამი წლის კუთვნილი თანხის ანაზღაურება.[5] ვადის გამოთვლის აღნიშნული წესი ზოგადია და გამოიყენება განსაზღვრული პერიოდებით შესასრულებელ ვალდებულებათა მიმართ. ამასთან, კანონით შეიძლება გამონაკლისი წესი დადგინდეს (656).

მნიშვნელოვანია, რომ ხანდაზმულობის ვადის ასეთი გამოთვლა დაწესებულია მხოლოდ ისეთი შემთხვევისთვის, როდესაც განსაზღვრულია ვალდებულების ცალკეული ნაწილის (მოქმედების) შესრულების კონკრეტული დრო.[6]

129-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობა გამოიყენება სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურებულ იმ მოთხოვნათა მიმართ, თუ დადასტურება შეეხება პერიოდულად განმეორებად მოქმედებებს (იხ. 142.2 კომენტარი).

II. ხანდაზმულობის სპეციალური ვადები

8

კერძოსამართლებრივ ურთიერთობათა თავისებურებებიდან გამომდინარე, კანონით შეიძლება სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის სპეციალური ვადებიც დადგინდეს.

9

ხანდაზმულობის სპეციალური ვადების არსებობა გამორიცხავს 129-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ზოგადი ვადების გამოყენებას და მოთხოვნა მხოლოდ სპეციალურ ვადაშია განსახორციელებელი.

სპეციალური ვადა ზოგადი ვადებისაგან განსხვავებულ მცირე (მაგ., 663-ე მუხლით ტურისტის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს ექვს თვეს) ან ხანგრძლივ (მაგ., 920-ე მუხლით ფასიანი ქაღალდებიდან გამომდინარე მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს ოცდაათ წელს) დროს შეიძლება ადგენდეს. სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადების დროის როგორც მცირე, ისე ხანგრძლივი პერიოდით განსაზღვრა განპირობებულია სახელშეკრულებო ურთიერთობათა თავისებურებით და მიზანი უფლების ეფექტურად დაცვაშია. ასე მაგალითად, 655-ე მუხლით ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების ნაკლის გამო შემკვეთმა მოთხოვნა ერთი წლის მანძილზე უნდა წარადგინოს, ხოლო თუ შესრულება ნაგებობას შეეხება, შესრულების ნაკლის გამო მოთხოვნის წარდგენა შესრულებული სამუშაოს მიღებიდან ხუთი წლის განმავლობაშია შესაძლებელი.




  1. საქ. უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 4 ოქტომბრის # ას-649-610-2011 განჩინება, სუსგ სამოქალაქო საქმეებზე 2/2012, გვ. 86-91.
  2. საქ. უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 3 იანვრის # ას-1321-1247-2012 განჩინება.
  3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა სასარჩელო ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, თბილისი, 2009, გვ. 16.
  4. ახვლედიანი, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 129, გვ. 319.
  5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა სასარჩელო ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, თბილისი, 2009, გვ. 63; შდრ. მუხ. 1235.
  6. საქ. უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 3 თებერვლის # ას-1014-1286-09 განჩინება.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_129._სახელშეკრულებო_მოთხოვნათა_ხანდაზმულობის_ვადა&oldid=1962"