Gccc-logo.png


მუხლი 13. ქმედუნარიანობის შეზღუდვის დაუშვებლობა გარიგებით

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 13. ქმედუნარიანობის შეზღუდვის დაუშვებლობა გარიგებით


ბესარიონ ზოიძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

ქმედუნარიანობის შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. დაუშვებელია ქმედუნარიანობის შეზღუდვა გარიგებით.


I. ქმედუნარიანობის შეზღუდვა კანონით (13 I 1)

1
ქმედუნარიანობის შეზღუდვა ხდება როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური გარემოებების საფუძველზე „მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში“. ერთ შემთხვევაში ეს დაკავშირებულია პირის ასაკთან. კერძოდ, შვიდიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანი შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონეა (14). მეორე შემთხვევაში, ასაკის მიუხედავად ხდება ქმედუნარიანობის შეზღუდვა ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენების გამო (16). ქმედუნარიანობის შეზღუდვა ემსახურება როგორც აღნიშნული კატეგორიის პირთა დაცვას, აღზრდასა და შესაბამისად, მათ სრულ ქმედუნარიანებად ჩამოყალიბებას, ისე სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებას, როცა გარიგების მეორე მხარის ინტერესებსაც ეწევა ანგარიში.[1] ასაკის გამო ქმედუნარიანობის შეზღუდვა თანაბრად ეხება ყველა არასრულწლოვანს, იმის მიუხედავად, ინდივიდუალურად (სუბიექტურად) ნების გამოვლენის რა უნარი გააჩნიათ მათ. როცა შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირი დებს ისეთ გარიგებას, რითაც კანონიერი წარმომადგენლის თანხმობაა საჭირო, ეს უკანასკნელი წყვეტს არასრულწლოვნის ნების გამოვლენის სამართლებრივ ძალაუნარიანობას. ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ნივთიერების გამოყენების გამო ქმედუნარიანობის შეზღუდვა კი ემყარება სუბიექტურ გარემოებებს, ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურად ფასდება.

სამოქალაქო კოდექსი იცნობს მხოლოდ ქმედუნარიანობის შეზღუდვის ინსტიტუტს და არა ფიზიკური პირების ნაწილობრივ ქმედუნარიანობას, რომელსაც ცნობდა საქართველოს საბჭოთა სამოქალაქო სამართალი და ამჟამად იცნობს ზოგიერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნის სამოქალაქო კოდექსი.[2] ასეთებად მიჩნეული იყვნენ თოთხმეტიდან თვრამეტ წლამდე პირები.

II. ქმედუნარიანობის შეზღუდვა კანონით (13 I 1)

2
ქმედუნარიანობის შეზღუდვა გარიგებით დაუშვებელია. ქმედუნარიანობა ფიზიკური პირის ნებაუნარიანობის ობიექტური მდგომარეობაა. კანონით შეზღუდვის შემთხვევებიც არსებითად მოცემული მდგომარეობის ამსახველია. 12 I მუხლით განსაზღვრული „ფიზიკური პირის უნარი“ ისეთი მდგომარეობაა, რომელსაც სუბიექტი ვერც გაზრდის და ვერც შეამცირებს. იგი სუბიექტისგან განუყოფელია. ამიტომაც, ნებისმიერი გარიგება, რომელიც ქმედუნარიანობის შეზღუდვას შეეხება, იქნება უსაგნო, ვინაიდან „პირის უნარი“ პირისგან განუყოფელი (მოუშორებელი) თვისებაა. ის, რისი იდენტიფიცირებაც პირისგან შეუძლებელია, შეუძლებელია იყოს გარიგების საგანი. შეუძლებელია პირი, რომელიც სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტია, იმავდროულად იყოს მისი ობიექტი. თუკი ჩვენ დავუშვებდით გარიგებით მის შეზღუდვას, სავსებით შესაძლებელია შეფასების ობიექტურმა კრიტერიუმმა თავისი მნიშვნელობა დაკარგოს და პირის ნების გამოვლენის უნარიანობა დამოკიდებული გახდეს გარიგების მონაწილეთა ნებაზე. ამის დაშვებით დაირღვეოდა კერძო სამართალში დამკვიდრებული ღირებულებათა ობიექტური წესრიგი და სამოქალაქო ბრუნვაში ქაოსი გაბატონდებოდა.
3
ქმედუნარიანობის შეზღუდვის გაუქმება ეხება როგორც ასაკის გამო ქმედუნარიანობის შეზღუდვას, ისე სხვა საფუძვლით მის შეზღუდვას (მ. 14, მ. 16).




  1. MüKo/Schmitt, BGB, 6. Aufl., 2012, §106, Rn. 2.
  2. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 183.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_13._ქმედუნარიანობის_შეზღუდვის_დაუშვებლობა_გარიგებით&oldid=898"