Gccc-logo.png


მუხლი 131. მოთხოვნის წარმოშობა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 131. მოთხოვნის წარმოშობა


ნუნუ კვანტალიანი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება.

I. ზოგადი დებულება

1. ნორმის მიზანი

1

ნორმის მიზანი შესრულების მიღებაზე კრედიტორის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დასაწყისის განსაზღვრაშია. განსხვავებით 130-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნის წარმოშობის ვადის დასაწყისის სტანდარტული წესისგან, 131-ე მუხლი კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში ისეთ კონკრეტულ შემთხვევას აწესრიგებს, როდესაც მოვალის მიერ ვალდებულების შესრულება კრედიტორის მოქმედებაზეა დამოკიდებული.

ხშირად მოვალის მიერ ვალდებულების შესრულება კრედიტორის მიერ რაიმე მოქმედებაზეა დამოკიდებული, ამიტომ, სანამ ის ამ მოქმედებას არ შეასრულებს, მოვალისაგან ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება არ წარმოიშობა.[1]

2. გამოყენების წინაპირობები

2

131-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი განისაზღვრება დროის იმ მონაკვეთით, როდესაც კრედიტორმა, მოვალესთან არსებული სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარე, კონკრეტული მოქმედება უნდა შეასრულოს.

3

მოქმედება, რომლის შესრულების ვალდებულებაც კრედიტორს აკისრია, შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულებაში ამ მოქმედებაზე და შესრულების ზუსტ ვადაზე შეთანხმებით, შესაბამისად, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაც შეთანხმებული დროიდან აითვლება.

4

კრედიტორის მიერ განსახორციელებელი მოქმედების ან ამ მოქმედების შესრულების ვადის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, კრედიტორის შესასრულებელი მოქმედების ვადა ვალდებულების შინაარსის და მხარეთა ინტერესების გონივრული განმარტებით უნდა დადგინდეს. ასე მაგალითად, ნარდობის ხელშეკრულებით თუ სამუშაო შემკვეთის მასალით უნდა შესრულდეს, შემკვეთის მოთხოვნის უფლება დამზადებული ნაკეთობის ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში გადაცემაზე, დამოკიდებულია შესრულების მიღებაზე უფლებამოსილი პირის – შემკვეთის მიერ სამუშაოს მასალის გონივრულ (სამუშაოს შესასრულებლად საჭირო) ვადაში მიწოდებაზე.

5

კრედიტორს ყოველთვის არ აქვს შესაძლებლობა განახორციელოს მოცემული მოქმედება, ამიტომ ასეთ შემთხვევაში მოთხოვნის ხანდაზმულობა არ დაიწყება. თუ კრედიტორს შეეძლო შეესრულებინა მოქმედება, რომელზედაც დამყარებულია მოთხოვნის წარმოშობა, მაგრამ არ შეასრულებს, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება.[2]

6

ნორმით დადგენილი წესი უმეტესად გამოიყენება ორმხრივ სახელშეკრულებო ურთიერთობებში, როდესაც სახელშეკრულებო ურთიერთობათა შინაარსიდან გამომდინარე, შესრულების მიღებამდე კრედიტორს გარკვეული მოქმედების განხორციელება ევალება (მაგ., ლიზინგის გამცემი ვალდებულია, ლიზინგის საგანი შეთანხმებული თვისებებითა და ვადაში სარგებლობაში გადასცეს ლიზინგის მიმღებს. მხოლოდ ამ მოქმედების განხორციელების შემდეგ წარმოეშობა ლიზინგის გამცემს საზღაურის მიღების შესაძლებლობა, შესაბამისად, კრედიტორის საზღაურზე მოთხოვნის უფლება და ხანდაზმულობის ვადის ათვლაც ამ მოქმედებაზეა დამოკიდებული).




  1. ახვლედიანი, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 131, გვ. 322.
  2. ახვლედიანი, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, მუხ. 131, გვ. 322.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_131._მოთხოვნის_წარმოშობა&oldid=1970"