Gccc-logo.png


მუხლი 132. ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერება

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 132. ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერება


ნუნუ კვანტალიანი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

ხანდაზმულობის ვადის დენა ჩერდება, თუ:

ა) ვალდებულების შესრულება გადავადებულია აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ (მორატორიუმი);

ბ) სარჩელის წარდგენას აბრკოლებს განსაკუთრებული და მოცემულ პირობებში აუცდენელი დაუძლეველი ძალა;

გ) კრედიტორი ან მოვალე იმყოფება შეიარაღებული ძალების იმ ნაწილში, რომელიც გადაყვანილია საომარ მდგომარეობაში;

დ) კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

I. ზოგადი დებულებანი

1

როგორც წესი, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა უწყვეტად მიმდინარეობს და ამ ვადის განმავლობაში უფლებამოსილი პირის მოთხოვნა დარღვეული უფლების იძულებით დაცვაზე, განხორციელებადია. ამავდროულად, კანონი ითვალისწინებს მოთხოვნის წარდგენის შემაფერხებელ გარემოებებს, რომელთა არსებობა ხანდაზმულობის ვადის დენას აჩერებს.

2

სამოქალაქო კოდექსი ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების საფუძვლებს ორ ჯგუფად ყოფს: პირველი, როცა უფლებამოსილი პირი მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოკლებულია მოთხოვნის წარდგენის შესაძლებლობას და, მეორე, როცა ურთიერთობათა ხასიათიდან გამომდინარე ხანდაზმულობის ვადის დენა არ არის მიზანშეწონილი.[1] გარემოებები, რომლებშიც უფლებამოსილი პირისათვის შეუძლებელია მოთხოვნის განხორციელება, მოცემულია 132-ე მუხლში, ხოლო 133-ე და 134-ე მუხლით გათვალისწინებულია ურთიერთობები, რომელთა არსებობის დროის განმავლობაში ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებულია.

ვინაიდან ხანდაზმულობის ვადის გასვლის სამართლებრივი შედეგები მოვალის ინტერესშია, მოთხოვნის წარდგენის ვადის შეჩერება მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებშია დასაშვები.

სამოქალაქო კოდექსი არ აწესრიგებს სოლიდარული უფლებამოსილების მქონე პირთა არსებობის შემთხვევაში ერთი სოლიდარული კრედიტორისათვის მოთხოვნის წარდგენის კანონით გათვალისწინებული შემაფერხებელი გარემოება იწვევს თუ არა სხვა კრედიტორებისათვის ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერებას. სოლიდარული უფლებამოსილების არსიდან გამომდინარე, ერთი კრედიტორისთვის პატივსადები, მოთხოვნის წარდგენის დამაბრკოლებელი გარემოება სხვა კრედიტორების მიმართ არ უნდა გავრცელდეს (იხ. 460-ე მუხლის კომენტარი).

ერთ-ერთი მოვალის მიმართ ხანდაზმულობის ვადის შეჩერების ფაქტი მხოლოდ ამ მოვალის მიმართ მოქმედებს, შესაბამისად, კრედიტორს ამ ფაქტის სხვა სოლიდარულ მოვალეთა მიმართ გამოყენების უფლება, 476-ე მუხლის თანახმად, არ აქვს.

II. ნორმის მიზანი და გამოყენების სფერო

3

ნორმის მიზანია ხანდაზმულობის ვადის შემაჩერებელ გარემოებათა განსაზღვრა და იგი გამოიყენება კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში. ამასთან, გარდა ამ გარემოებებისა, ვადის დენის შეჩერება დასაშვებია კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

III. ვადის დენის შეჩერების საფუძვლები

1. აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ვალდებულების შესრულების გადავადება (მორატორიუმი)

4

მორატორიუმი ხანდაზმულობის ვადის ერთ-ერთ შემაჩერებელ გარემოებას წარმოადგენს. ეს სიტყვა ლათინური წარმოშობისაა (moratoius – დამაყოვნებელი) და განიმარტება, როგორც საშინაო და საგარეო ვალდებულებათა შესრულების გადადება მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის (მაგ., ომის, სტიქიური უბედურების) გამო.[2] მიუხედავად იმისა, მორატორიუმი საშინაო თუ საგარეო ურთიერთობათა სფეროს ეხება, მან შეიძლება გავლენა მოახდინოს კერძოსამართლებრივ ურთიერთობაზე. მაგალითად, რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის მიერ ამ ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშებზე რიცხული, საქართველოს იურიდიული პირების კუთვნილი სახსრების სახელმწიფო საგარეო ვალის ანგარიშში ჩამოწერის შედეგად წარმოქმნილი დავალიანება სახელმწიფო ვალის შესახებ საქართველოს კანონით აღიარებულია საშინაო ვალად და მისი შესრულება გადავადებულია,[3] შესაბამისად, უფლებამოსილ პირთა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეჩერებულია.

ვალდებულების შესრულების გადავადება ხორციელდება ხელისუფლების მიერ გამოცემული სათანადო ნორმატიული აქტის საფუძველზე,[4] რომელიც, როგორც წესი, მისი მოქმედების სფეროსა და ვადას (ზუსტ დროს ან მოვლენის დამთავრებას) განსაზღვრავს.

მორატორიუმი შეიძლება გავრცელდეს განსაზღვრულ ტერიტორიაზე, ვალდებულებათა ცალკეულ სახეებზე, პირთა განსაზღვრულ ჯგუფებზე და სხვა.[5]

5

კავშირი პროცესთან. აფერხებს თუ არა მოთხოვნის წარდგენას აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილება ვალდებულების შესრულების გადავადებაზე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტობრივ გარემოებათა ურთიერთშეჯერებით უნდა შემოწმდეს. ხანდაზმულობის ვადის დენის შემაჩერებელი გარემოების მტკიცების ტვირთი გარემოების (ფაქტის) მიმთითებელ პირს ეკისრება და იგი სათანადო მტკიცებულებით – ხელისუფლების მიერ მიღებული აქტით უნდა დადგინდეს. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერდება, თუ მორატორიუმსა და უფლებამოსილი პირის მიერ მოთხოვნის წარუდგენლობას შორის მიზეზობრივი კავშირი დადგინდება.

2. განსაკუთრებული და მოცემულ პირობებში აუცდენელი დაუძლეველი ძალა

6

განსაკუთრებული და მოცემულ პირობებში აუცდენელი დაუძლეველი ძალის გამო ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერება განპირობებულია ამ გარემოების უჩვეულობით, მისი გათვალისწინებისა და აცილების ობიექტური შეუძლებლობით, განსაკუთრებულობით.

7

დაუძლეველი ძალა ისეთი მოვლენაა, რომლის თავიდან აცილება მოცემულ პირობებში ტექნიკური და სხვა საშუალებებით ობიექტურად შეუძლებელია. დაუძლეველი ძალა ხანდაზმულობის ვადის დენას აჩერებს არა მისი შინაგანი დამახასიათებელი თვისებების გამო, არამედ მთელი რიგი პირობებისა და კონკრეტული გარემოებების გამო.[6]

8

დაუძლეველ ძალას ქართული სამოქალაქო კოდექსი არ განმარტავს, თუმცა ასეთი გარემოება ტერმინით „ფორსმაჟორი“,[7] როგორც მოქმედების შემზღუდავი გარემოება, აღიარებულია უნიფიცირებული აქტებით, რომლებიც გარემოების დაუძლეველ ძალად მიჩნევის ძირითად სტანდარტებს ადგენენ, კერძოდ, ევროპული სახელშეკრულებო სამართლის პრინციპებით, მხარის მიერ ვალდებულების დარღვევა საპატიოა, თუ ის დაამტკიცებს, რომ ეს გამოიწვია მის კონტროლს მიღმა არსებულმა დამაბრკოლებელმა გარემოებებმა და ხელშეკრულების დადებისას მათი მხედველობაში მიღება ან ამ გარემოებების ან მისი შედეგების თავიდან არიდება შეუძლებელი იყო.[8]

9

დამკვიდრებული აზრით, დაუძლეველ ძალად მიიჩნევა როგორც ბუნებრივი (სტიქიური) ხდომილებები, ასევე პოლიტიკური, სამხედრო, სოციალური და სხვა გარემოებები, რომელიც უფლებამოსილი პირისთვის გადაულახავია და მოქმედების განხორციელებას შეუძლებელს ხდის,[9] ანუ ამ შემთხვევაში ისეთ სუბიექტურ თუ ობიექტურ გარემოებებთან გვაქვს საქმე, რომელიც გამორიცხავს ვალდებულების შესრულების შესაძლებლობას.[10] ამასთან, დაუძლეველი გარემოება საგანგებო და უჩვეულო მოვლენაა,[11] რაც კრედიტორის მიერ მისი წინასწარ გათვალისწინების და მასზე ზემოქმედების შესაძლებლობას გამორიცხავს. ასე მაგალითად, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუძლეველ ძალად მიიჩნია 2006 წლის ოქტომბრის დასაწყისიდან რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების გადაწყვეტილების საფუძველზე რუსეთ-საქართველოს შორის საზღვაო, საჰაერო, სახმელეთო ტრანსპორტის მოძრაობის შეჩერების ფაქტი,[12] ასევე საქართველო-რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ომი.[13]

10

განსაკუთრებულ და უფლების დაცვის შემაფერხებელ გარემოებად შეიძლება შეფასდეს სამართალდამცავი ორგანოების კანონსაწინააღმდეგო უარი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედების განხორციელებაზე, ასე მაგალითად, საქართველოს სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის მოთხოვნა- თა უგულებელყოფით სარჩელის (განცხადების) წარმოებაში მიღებაზე უარი, ასევე პირის მიმართ განხორციელებული პოლიტიკური იძულება, არ გამოიყენოს სამართლებრივი დაცვის საშუალებები.

11

კრედიტორის მიერ კანონის არცოდნა (მე-3 II) ან მისი წარმომადგენლის შეცდომა (განზრახი ან გაუფრთხილებელი) უფლების დაცვის დამაბრკოლებელ გარემოებას არ წარმოადგენს.

12

მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენის შემაჩერებელ გარემოებად ასევე არ უნდა ჩაითვალოს უფლების დაცვის სამართლებრივად არასწორი მოქმედების განხორციელება (სამოქალაქო უფლების დასაცავად პროკურატურის, შსს ან სხვა ორგანოებისათვის მიმართვა).

13

კრედიტორის ავადმყოფობა უფლების დაცვის განხორციელების დამაბრკოლებელ გარემოებად მიჩნევა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარად დადგინდება, რომ ავადმყოფობის სირთულიდან გამომდინარე, მას არ შეეძლო თავად ან წარმომადგენლის მეშვეობით ემოქმედა.

14

მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა დაუძლეველი ძალის წარმო- შობიდან მის დამთავრებამდე შეჩერდება.

15

მოთხოვნის წარდგენის შეუძლებლობის გამო ხანდაზმულობის ვადის შეჩერების ფაქტის მითითებისას კრედიტორმა უნდა დაამტკიცოს:

– მოთხოვნის წარუდგენლობა მის კონტროლს მიღმა არსებულმა გარემოებამ გამოიწვია;

– გონივრული წინდახედულობის ფარგლებში დაუძლეველი ძალის გათვალისწინება, მოსალოდნელობა შეუძლებელი იყო;

– მოვლენის ან/და მისი შედეგების თავიდან აცილება და დაძლევა კრედიტორს არ შეეძლო;

– მოთხოვნის წარუდგენლობა კრედიტორის დაუდევრობას არ უკავშირდება.

3. კრედიტორი ან მოვალე იმყოფება შეიარაღებული ძალების იმ ნაწილში, რომელიც გადაყვანილია საომარ მდგომარეობაში

16

მოთხოვნის წარდგენის დამაბრკოლებელი გარემოებაა, როდესაც კრედიტორი ან მოვალე შეიარაღებული ძალების იმ ნაწილში იმყოფება, რომელიც გადაყვანილია საომარ მდგომარეობაში. კრედიტორს შეუძლია ისარგებლოს ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერებით, როცა შეიარაღებულ ძალებ- ში იმყოფება თვითონ ან მოვალე.[14] ამდენად, ხანდაზმულობის ვადის დენა ჩერდება როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის შეიარაღებულ ძალების ნაწილში ყოფნის განმავლობაში.

ნორმაში აღწერილი საფუძვლით ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების აუცილებელ წინაპირობას შეიარაღებული ძალების ნაწილის საომარ მდგომარეობაში გადაყვანის ფაქტი წარმოადგენს. მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა სწორედ ამ ფაქტის დადგომიდან (მხარის შეიარაღებულ ძალებში გაწვევის დღიდან) შეჩერდება.

17

კავშირი პროცესთან. შეიარაღებული ძალების ნაწილის საომარ მდგომარეობაში გადაყვანის ფაქტი და ზუსტი დრო კომპეტენტური ორგანოს[15] მიერ გამოცემული სათანადო აქტით უნდა დადგინდეს.

უფლების დაცვის ასეთი შემაფერხებელი ფაქტის მტკიცების ტვირთი ფაქტის მიმთითებელ მხარეზეა.

4. კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები

18

132-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების ზუსტ ჩამონათვალს არ მოიცავს და ამავე ნორმით, ხანდაზმულობის ვადის დენა შეიძლება შეჩერდეს კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. კერძოსამართლებრივ ურთიერთობათა თავისებურებიდან გამომდინარე, მოთხოვნის წარდგენის ვადის შეჩერება კონკრეტულ გარემოებაზე ან მოქმედებაზეა დამოკიდებული. ამასთან, როგორც წესი, განსაზღვრულია ვადის დენის შეჩერების საწყისი და დასრულების დრო. ასე მაგალითად, 663-ე მუხლით, მოგზაურობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ტურისტის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა ექვს თვეს შეადგენს. თუ ტურისტი მოთხოვნებს წარადგენს ხანდაზმულობის ვადის დაწყებამდე, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეჩერდება იმ დღემდე, რომელ დღესაც მოგზაურობის მომწყობი უარყოფს მოთხოვნას. მსგავსი რეგულაციაა დადგენილი მე-700 მუხლით.

5. ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების მომენტი

19

132-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებათა არსებობისას ვადის დენის შეჩერება და მისი გაგრძელება დასაშვებია 136-ე მუხლით გათვალისწინებული წესით (იხ. 136-ე მუხლის კომენტარი).




  1. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, 2011, გვ. 125.
  2. უცხო სიტყვათა ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
  3. საქართველოს „სახელმწიფო ვალის შესახებ“ კანონის 48-ე მუხლი.
  4. საქართველოს 2013 წლის 28 ივნისის „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონი საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანით უცხოელებსა და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებზე, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების მოპოვებასთან დაკავშირებით 2014 წლის 31 დეკემბრამდე მორატორიუმი გამოცხადდა; საქ. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2012 წლის 26 ივნისის # 3/1/512 გადაწყვეტილება.
  5. ახვლედიანი, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 132, გვ. 323.
  6. ახვლედიანი, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 132, გვ. 324.
  7. Force majeure – ვითარება, რომლის თავიდან აცილება შეუძლებელია, გადაულახავი დაბრკოლება, სამოქალაქო განათლების ლექსიკონი, უცხო სიტყვათა ლექსიკონი.
  8. ევროპული სახელშეკრულებო სამართლის პრინციპები, 8:108 მუხლი, დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი, ბზეკალავას, ჭალიძის, ცერცვაძისა და გეგენავას საერთო რედაქციით, 2014; შდრ. UNIDROIT Principles of International Commercial Contracts, art.7.1.7; საქონლის საერთაშორისო ნასყიდობის ხელშეკრულებათა შესახებ გაეროს (ვენის) კონვენცია, მუხ. 79.
  9. ზოიძე, სკ-ის კომენტარი, წიგნი III, 2001, მუხ. 394, გვ. 375.
  10. საქ. უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 6 ივლისის # ას-7-6-2010 განჩინება.
  11. ახვლედიანი, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 132, გვ. 324.
  12. საქ. უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 23 ივლისის # ას-30-367-09 განჩინება.
  13. საქ. უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 6 ივლისის # ას-7-6-2010 განჩინება.
  14. ახვლედიანი, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 132, გვ. 324.
  15. საქართველოს თავდაცვის შესახებ საქართველოს კანონი მუხ. 7.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_132._ხანდაზმულობის_ვადის_დენის_შეჩერება&oldid=1974"