Gccc-logo.png


მუხლი 133. ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერება ქორწინების განმავლობაში

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 133. ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერება ქორწინების განმავლობაში


ნუნუ კვანტალიანი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

სანამ ქორწინება არსებობს, მეუღლეთა შორის მოთხოვნებზე ხანდაზმულობის ვადის დენა ჩერდება. იგივე წესი მოქმედებს მშობლებსა და შვილებს შორის მოთხოვნებზე ბავშვების სრულწლოვანების დადგომამდე, აგრეთვე მეურვეებსა (მზრუნველებსა) და სამეურვეო პირებს შორის მოთხოვნებზე მეურვეობის მთელი პერიოდის მანძილზე.

I. ნორმის მიზანი და გამოყენების სფერო

1

ნორმის მიზანია საოჯახო ურთიერთობაში მყოფ პირთა შორის სიმშვიდისა და სიმყარის შენარჩუნება-განმტკიცება. ნორმა მოიცავს როგორც ქორწინებისა და ნათესაობის საფუძველზე დაკავშირებულ პირთა, ასევე მეურვეებსა და სამეურვეო პირებს შორის ურთიერთობას, ვინაიდან ამ უკანასკნელ პირთა კავშირი განსაკუთრებულ ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზეა დამყარებული და, სავსებით მართებულად, საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობათა სფეროს წარმოადგენს.

ხანდაზმულობის ვადის დენა ჩერდება არა იმიტომ, რომ პირს მოთხოვნის წარდგენის შესაძლებლობა არ აქვს, არამედ იმ თავისებური ურთიერთობის გამო, რომელიც მყარდება[1] ნორმაში დასახელებულ პირებს შორის, შესაბამისად, დადგენილი რეგულაცია მხოლოდ ამ ურთიერთობაში მყოფი პირების მიმართ გამოიყენება.

II. კავშირი სხვა სამართლებრივ ინსტიტუტებთან

2

ურთიერთობათა თავისებურებიდან გამომდინარე, ნორმა მჭიდრო კავშირშია საოჯახო სამართლის ისეთ ინსტიტუტებთან, როგორიცაა ქორწინება, მშობლებისა და შვილების ურთიერთობა, მეურვეობა და მზრუნველობა.

III. ნორმის შემადგენლობა

3

მეუღლეთა შორის მოთხოვნებზე ხანდაზმულობის ვადის შეჩერების წინაპირობას პირთა შორის 1106-ე მუხლით დადგენილი წესით ქორწინება წარმოადგენს და ხანდაზმულობა ქორწინების ამ წესით რეგისტრაციის მომენტიდან შეჩერდება (1151).

1107-ე, 1108-ე და 1120-ე მუხლებით გათვალიწინებული პირობების დარღვევით რეგისტრირებული და ფიქციური ქორწინების ბათილად ცნობა, 1146-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,[2] არ იწვევს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის შეჩერებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოთხოვნის წარდგენაზე უფლებამოსილმა მეუღლემ (კეთილსინდისიერი მეუღლე) არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ (1146 III).

ვინაიდან ორივე მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ქორწინების გაბათილების მოთხოვნა დაუშვებელია (1149), ერთ-ერთი მეუღლის მემკვიდრის მოთხოვნა[3] ხანდაზმულობის ვადის შეჩერების არგუმენტით საფუძველს მოკლებულია.

მოთხოვნის წარდგენის ვადის დენა 1122-ე მუხლით გათვალისწინებული ქორწინების შეწყვეტამდე ჩერდება. კანონის თანახმად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში მოშლილი ქორწინება შეწყვეტილად ჩაითვლება განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან, ხოლო სასამართლოში მოშლილი ქორწინება შეწყვეტილად ჩაითვლება განქორწინების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან.[4]

4

გართულებულია ვითარება ფაქტობრივ ქორწინებაში მყოფ (დაუქორწინებელ) პირებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართ სასამართლო პრაქტიკა, 1151-ე მუხლით გათვალისწინებულ იმპერატიულ მოთხოვნას, მეუღლეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობას მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებული ქორწინების შემთხვევაში ავრცელებს.[5] სახელმწიფოსაგან საეკლესიო წესით ჯვრისწერის აღიარების მიუხედავად, მეუღლეთა კანონით დადგენილი უფლებებისა და მოვალეობების წარმოშობის საფუძველი ვერ გახდება,[6] ვინაიდან კონსტიტუციური შეთანხმების შესაბამისი ნორმა დეკლარაციული ხასიათისაა, ნორმით ზუსტად განსაზღვრულია სახელმწიფოს მიერ ჯვრისწერის აღიარების ფარგლები _ ეკლესიის მიერ შესრულებული ჯვრისწერის აღსრულების შემდეგ ახლად შექმნილი ოჯახი მართლმადიდებლური წესით ხდება კანონიერი და მას რაიმე თანამდევი კანონით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არ მოჰყვება.[7] ასეთი ფაქტობრივი ქორწინება, რეგისტრირებულისაგან განსხვავებით, სრულყოფილად არ წარმოშობს მექორწინეებისათვის[8] კანონით დადგენილ ქონებრივ უფლებებს.

ამ მიმართებით ეროვნული სასამართლოებისთვის გასათვალისწინებელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ქორწინების გარეშე ერთ ოჯახად მცხოვრებ პირთა სამართლებრივ მდგომარეობაზე.

ევროპული კონვენციის მონაწილე სახელმწიფოებში მომხდარი სოციალური და სამართლებრივი ცვლილებების გათვალისწინებით, ოჯახური ცხოვრების განმარტება სტრასბურგის ორგანოების მიერ გასცდა ფორმალურ ურთიერთობას და ასევე მოიცვა ფაქტობრივი კავშირები პარტნიორებს შორის. ამდენად, თუ პარტნიორებს არა აქვთ ფორმალური ურთიერთობა, შეადგენს თუ არა ასეთი ურთიერთობა ოჯახურ ცხოვრებას, დამოკიდებული იქნება ფაქტობრივ მდგომარეობაზე. საქმეზე კრონი ნიდერლანდების წინააღმდეგ (Kroon v. Netherlands) _ ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: „სასამართლო იხსენებს, რომ მე-8 მუხლით გათვალისწინებული „ოჯახური ცხოვრების“ ცნება არ იზღუდება მხოლოდ ქორწინებაზე დამყარებული ურ- თიერთობით და შეიძლება მოიცავდეს სხვა დე ფაქტო „ოჯახურ კავშირებს“, როდესაც მხარეები ერთად ცხოვრობენ ქორწინების გარეშე.[9]

ცხოვრებისეული და სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს საქართველოს მოქალაქეთა ქორწინების გარეშე ერთ ოჯახად ცხოვრების არაიშვიათ შემთხვევათა არსებობას. ამ ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, თანაცხოვრების პერიოდში პარტნიორის მიმართ პირის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადის შეჩერება, ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის გათვალისწინებით და 133-ე მუხლის ანალოგიის გამოყენებით, უფლების დაცვის სწორ გზად უნდა ჩაითვალოს.[10] მსგავსი მოწესრიგებაა გერმანიის სამოქალაქო კოდექსის § 207-ის პირველი აბზაცით.

5

მშობლებსა და შვილებს შორის ხანდაზმულობის ვადა კანონის თანახმად, შეჩერებულია ბავშვების სრულწლოვანების დადგომამდე _ 18 წლის ასაკის მიღწევამდე (მე-12 მუხ.) ან ბავშვის გაშვილებამდე (ბიოლოგიურ მშობელთან ნათესაური ურთიერთობის შეწყვეტით).

ნორმით დადგენილი წესი ვრცელდება:

ა) შვილებსა და მშობლებზე, მიუხედავად იმისა, იმყოფებიან თუ არა ისინი ქორწინებაში (1202-ე მუხ.); სასამართლო ქალისა და მამაკაცის ერთობლივ თანაცხოვრებას არ განიხილავს მშობლებსა და მცირეწლოვან შვილებს შორის ოჯახური ცხოვრების აუცილებელ პირობად.[11] ბავშვის ინტერესები უპირატესია,[12] შესაბამისად, ბავშვისა და მშობლის ურთიერთობა არ არის დამოკიდებული ბავშვის დედისა და მამის ერთად ცხოვრებაზე ან ბავშვის ერთად აღზრდასა, ან რჩენაზე.[13]

ბ) შვილებსა და მშობლის უფლება-მოვალეობა ჩამორთმეულ პირებს შორის (1207-ე მუხ.);

გ) მშვილებლებსა და შვილად აყვანილს შორის (1261-ე მუხ.).

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვსა და მშობლის მეუღლეს შორის სამართლებრივ ურთიერთობას საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ აწესრიგებს, მიზანშეწონილია, ამ სუბიექტებს შორის 133-ე მუხლით დადგენილი წესის გავრცელება.[14]

არასრულწლოვან ბავშვებთან მიმართებით ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერება პრაქტიკულად წარმოადგენს ხანდაზმულობის ვადის გადავადებას მათი სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე.

6

მეურვეებსა (მზრუნველებსა) და სამეურვეო პირებს შორის მოთხოვნებზე ხანდაზმულობის ვადა მეურვეობის მთელი პერიოდის მანძილზე შეჩერდება.

მეურვეობის პერიოდად განისაზღვრება დრო პირის მეურვედ (მზრუნველად) დანიშვნიდან ამ ურთიერთობების შემწყვეტი გარემოებების წარმოშობის გამო მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მეურვეობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე (1301-1304).

ნორმის მოქმედება შეიძლება გავრცელდეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ პირთა, კერძოდ, მეურვეებსა და სამეურვეო პირებს, მზრუნველებსა და სამზრუნველო პირებს შორის ურთიერთობაზე.

სამეურვეო პირებს წამოადგენენ: მშობლის მზრუნველობის გარეშე დარჩენილი შვიდ წლამდე ასაკის ბავშვები (1275) და სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირები (12, 1276).

მზრუნველობა წესდება მშობლის მზრუნველობის გარეშე დარჩენილ შვიდი წლის ასაკიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანსა და სრულწლოვან ქმედუნარიან პირზე მისი თხოვნით, თუ მას თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დამოუკიდებლად განახორციელოს თავისი უფლებები და შეასრულოს მოვალეობანი (1277), ასევე იმ პირებზე, რომლებსაც ალკოჰოლის ან ნარკოტიკული ნივთიერების გამო სასამართლოს გადაწყვეტილებით ქმედუნარიანობა შეეზღუდათ (16).

მეურვე და მზრუნველი ინიშნება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების გადაწყვეტილების ან გარდაცვლილი მშობლების ანდერძის საფუძველზე (1281).

7

133-ე მუხლი არ უთითებს, ნორმის მოქმედება უნდა გავრცელდეს თუ არა მინდობით აღსაზრდელად გადაცემულ ბავშვებსა და დედობილ-მამობილს შორის წარმოშობილ მოთხოვნებზე.[15] ბავშვის მინდობით აღსაზრდელად გადაცემა ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის მიზანს ემსახურება და ბუნებრივია, შვილობილსა და დედობილ-მამობილს შორის, გარდა მინდობით აღზრდის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, განსაკუთრებულ პატივისცემასა და ნდობას წარმოშობს, შესაბამისად, მინდობით აღზრდის განმავლობაში მიზანშეწონილია, ამ სუბიექტებს (შვილობილი და დედობილი ან მამობილი) შორის წარმოშობილ მოთხოვნებზე 133-ე მუხლით გათვალისწინებული წესი გავრცელდეს.

8

იმავე მოსაზრებით, ხანდაზმულობის ვადა შესაძლებელია შეჩერდეს ბავშვის ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად დანიშნულ ქონების მეურვესა (1211, 1286) და არასრულწლოვანს შორის წარმოშობილ მოთხოვნებზე ამ ურთიერთობის არსებობამდე. არასრულწლოვნის ქონების მართვის უფლება ქონების მეურვეს გადაეცემა არასრულწლოვნის მშობლების, მამკვიდრებლის ან მეურვის (მზრუნველის) მოთხოვნის შედეგად, რაც ცხადყოფს მოცემული ურთიერთობის განსაკუთრებული ნდობის საფუძველზე წარმოშობას და შესაბამისად, ამ სუბიექტებს შორის 133-ე მუხლის მოქმედების გავრცელების კანონზომიერებას.




  1. ახვლედიანი, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 133, გვ. 325.
  2. ბათილად ცნობილი ქორწინება ბათილად ითვლება ქორწინების რეგისტრაციის დღიდან და არ წარმოშობს მეუღლეთა უფლებებსა და მოვალეობებს, 1146-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
  3. საქ. უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 27 სექტემბრის #ას-427-818-06 განჩინება, სუსგ სამოქალაქო საქმეებზე 7/2006, გვ 31-32.
  4. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ საქართველოს კანონი, 55-ე მუხლი.
  5. საქ. უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 25 იანვრის # ას-681-637-2010 განჩინება, სუსგ სამოქალაქო საქმეებზე, 11/2011, გვ. 37-45; საქ. უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 15 მაისის # ას-968-1269-07 განჩინება.
  6. სახელმწიფო აღიარებს ეკლესიის მიერ შესრულებულ ჯვრისწერას კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამართლებრივ ურთიერთობებში გამოიყენება ქორწინების სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემები. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების მე-3 მუხლი.
  7. საქ. უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 27 სექტემბრის # ას-427-818-06 განჩინება.
  8. შენგელია/შენგელია, საოჯახო სამართალი, 2011, გვ. 70.
  9. კორკელია/მჭედლიძე/ნალბანდოვი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და მისი ოქმების სტანდარტებთან, 2005, გვ. 191.
  10. 133-ე მუხლი არ ითვალისწინებს ქორწინების გარეშე ერთ ოჯახად მცხოვრებ პირთა შორის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადის შეჩერებას, თუმცა მართლმსაჯულების ერთ-ერთ ფუნქციას კანონის ხარვეზის შევსება წარმოადგენს, რაც მოცემულ შემთხვევაში გამართლებულია სამართლიანობისა და თანასწორობის უპირატეს არგუმენტებზე დაყრდნობით.
  11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Berrehab v. The Netherlands, განაცხადი # 10730/84, §21.
  12. ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ ევროპული კონვენცია, რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 03/01/2002 წლის №1321 დადგენილებით.
  13. საქ. უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 7 მაისის # ას-41-40-2010 განჩინება.
  14. შდრ. გერმანიის სამოქალაქო კოდექსის § 207.2 თანახმად, ერთ-ერთი მშობლის მეუღლესა და ამ მეუღლის შვილებს შორის ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერდება ბავშვების არასრულწლოვანების განმავლობაში.
  15. იხ. საქართველოს კანონი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_133._ხანდაზმულობის_ვადის_დენის_შეჩერება_ქორწინების_განმავლობაში&oldid=1978"