Gccc-logo.png


მუხლი 134. ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერება შეზღუდულქმედუნარიანის და მხარდაჭერის მიმღების...

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 134. ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერება შეზღუდულქმედუნარიანის და მხარდაჭერის მიმღების მონაწილეობისას


ნუნუ კვანტალიანი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

თუ მოთხოვნა მომდინარეობს შეზღუდულქმედუნარიანისაგან, რომელსაც კანონიერი წარმომადგენელი არ ჰყავს, ან მხარდაჭერის მიმღებისაგან, რომელსაც მხარდაჭერა სათანადო წესით არ გაეწია, ანდა მოთხოვნა მიმართულია აღნიშნული პირისადმი, ხანდაზმულობის ვადა შეჩერებულად ითვლება, სანამ ეს პირი სრული ქმედუნარიანი არ გახდება, ან მას კანონიერი წარმომადგენელი ან მხარდამჭერი არ დაენიშნება.

I. ნორმის მიზანი და გამოყენების ფარგლები

1

ნორმის მიზანი იმ პირთა ინტერესების დაცვაა, რომელთაც ობიექტურად, პატივსადები დამაბრკოლებელი გარემოებების გამო (ასაკი, ჯანმრთელობა, ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები) საკუთარი სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების დამოუკიდებლად განხორციელება არ შეუძლიათ.ამავდროულად, ნორმა ხანდაზმულობისაგან იცავს იმ კრედიტორის უფლებასაც, რომელსაც მოთხოვნა აქვს შეზღუდულქმედუნარიანი (მე-14-მე-16-ე მუხლები) ან მხარდაჭერის მიმღები პირის (12. IV-V) მიმართ,[1] ხოლო ამ უკანასკნელს კანონიერი წარმომადგენელი ან მხარდამჭერი დანიშნული არ ჰყავს (1280-1282-ე მუხლები).

2

მიუხედავად უფლება-მოვალეობათა განხორციელების შეუძლებლობისა, ნორმით დადგენილი წესი არ გამოიყენება არასრულწლოვან ბავშვებთან მიმართებით, რომელთაც მშობლები (მშობელი) ჰყავთ, ვინაიდან მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში (1198 VI). ამ სუბიექტთა შორის წარმოშობილ მოთხოვნებზე ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების საკითხი 133-ე მუხლით რეგულირდება (იხ. 133-ე მუხლის კომენტარი).

3

აღნიშნულიდან გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს ის შემთხვევა, როდესაც არასრულწლოვანი ბავშვი, მიუხედავად იმისა, რომ მშობელი ჰყავს, უფლების სათანადო წესით რეალიზებას ვერ ახდენს, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს მშობლის მძიმე ავადმყოფობით ან სხვა ობიექტური და რეალურად უფლების განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოებებით.[2]

II. ნორმის წინაპირობები

4

134-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერდება, თუ დარღვეული უფლების დაცვის

ა) მოთხოვნა მომდინარეობს შეზღუდულქმედუნარიანი ან მხარდაჭერის მიმღები პირისაგან, რომელსაც კანონიერი წარმომადგენელი არ ჰყავს, ან

ბ) მოთხოვნა მიმართულია შეზღუდულქმედუნარიანი ან მხარდაჭერის მიმღები იმ პირის მიმართ, რომელსაც კანონიერი წარმომადგენელი არ ჰყავს.

5

შეზღუდულქმედუნარიანი ან მხარდაჭერის მიმღებ პირთა პირადი და ქონებრივი ინტერესების სამართლებრივი დაცვა მეურვეობისა და მზრუნველობის ინსტიტუტით რეგულირდება. ნორმა ითვალისწინებს იმ გამონაკლის ვითარებას, როდესაც უფლების რეალიზების შესაძლებლობას მოკლებულ პირებს მეურვე, მზრუნველი ან მხარდამჭერი სათანადო წესით არ ჰყავთ დანიშნული და, ამავდროულად, მათ იურიდიული მოქმედების განხორციელების აუცილებლობა წარმოეშვათ — მოთხოვნა უნდა წარადგინონ ან მათ წინააღმდეგ მიმართულ მოთხოვნას უპასუხონ.

6

მოთხოვნის წარმოშობის შემთხვევაში, მეურვეობის, მზრუნველობის ან მხარდაჭერას დაქვემდებარებულ პირს, ხოლო ამ პირთა მიმართ (მათ წინააღმდეგ) მოთხოვნის წარმოშობის შემთხვევაში მოთხოვნაზე უფლებამოსილ პირს (კრედიტორს) მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა პირის სრული ქმედუნარიანობის დადგომამდე, ან მისთვის წარმომადგენლის დანიშვნამდე უჩერდებათ.

7

ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერდება იმ მომენტიდან, როდესაც პირისათვის მეურვის ან მზრუნველის დანიშვნის გარემოება წარმოიშვა (იხ. 136-ე მუხლის კომენტარი).

III. კავშირი პროცესთან

8

მიუხედავად კანონიერი წარმომადგენლის გარეშე დარჩენილ პირთა მიმართ 134-ე მუხლით დაწესებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის შეჩერებისა, სამოქალაქო-საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია ვითარება, როდესაც ქმედუუნარო პირის მიმართ აღძრულია სარჩელი ან ასეთ პირს უფლების დასაცავად სარჩელი წარდგენილი აქვს სასამართლოში და მას კანონიერი წარმომადგენელი არ ჰყავს.

9

როგორც წესი, ქმედუუნარო პირი სასამართლოში წარმოდგენილია კანონიერი წარმომადგენლით, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს წარმოებაში არ მიიღებს (საქართველოს სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი), სარჩელის განსახილველად მიღების შემთხვევაში განუხილველად დატოვებს (საქართველოს სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი), ხოლო საქმისწარმოების ეტაპზე ქმედუნარიანობის დაკარგვისას, საქმისწარმოებას შეაჩერებს (საქართველოს სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი).

10

ამავდროულად, კონკრეტულ გარემოებათა არსებობისას, სასამართლო უფლებამოსილია, პროცესში ჩართულ კანონიერი წარმომადგენლის გარეშე მყოფ ქმედუუნარო პირს დაუნიშნოს საპროცესო წარმომადგენელი (საპროცესო მზრუნველი), კერძოდ, თუ:

ა) სარჩელი აღძრულია ქმედუუნარო პირის წინააღმდეგ; ქმედუუნარო მოპასუხეს კანონიერი წარმომადგენელი დანიშნული არ ჰყავს; მოსარჩელე შუამდგომლობს საპროცესო წარმომადგენლის დანიშვნას; საქმის დროულად განუხილველობა მოსარჩელეს ზიანს მიაყენებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის I ნაწ.).

ბ) სარჩელი აღძრულია ქმედუუნარო პირის მიერ; ქმედუუნარო მოსარჩელეს კანონიერი წარმომადგენელი დანიშნული არ ჰყავს; გარემოებათა გამო მიზანშეწონილია საქმის დროულად განხილვა (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მეორე ნაწ.).

11

ორივე შემთხვევაში საპროცესო წარმომადგენლის დანიშვნა დასაბუთებული უნდა იყოს კონკრეტული დავის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მისი სწრაფი განხილვისა და სასამართლო გადაწყვეტილების დროულად გამოტანის აუცილებლობით. საქმის სწრაფი განხილვის აუცილებლობა, როგორც წესი, მოტივირებულია იმ სავარაუდო ზიანით, რომელიც აზარალებს კრედიტორს და, არცთუ იშვიათ შემთხვევაში, მოვალესაც (ასე მაგალითად, ვადის გადაცილების შემთხვევაში სანქციებზე შეთანხმების არსებობა). საპროცესო წარმომადგენლის დანიშვნის მიზანშეუწონლობის შემთხვევაში, სასამართლომ დავა კანონიერი წარმომადგენლის დანიშვნამდე არ უნდა განიხილოს.

საპროცესო წარმომადგენელი ინიშნება იმ შემთხვევაშიც, როდესაც 14 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვანი თავისი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად სასამართლოს თვითონ მიმართავს (საქართველოს სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის 811 მუხლი).

12

კანონი არ ადგენს საპროცესო წარმომადგენლის უფლება-მოვალეობების ფარგლებს და მიიჩნევა, რომ მათ იგივე უფლებები და მოვალეობები აქვთ, რაც კანონიერ წარმომადგენლებს გააჩნიათ. ამასთან, საქმის განხილვისას, ქმედუუნარო პირის მატერიალური უფლების განმკარგველი მოქმედების განხორციელებისას (სარჩელის ცნობა, მორიგება), ქმედუუნარო პირთა უფლებების დაცვის მიზნით, მიზანშეწონილია სასამართლოს აქტიური ჩართულობა.[3]

13

სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლი სამოქალაქო დავაში საპროცესო წარმომადგენლის დანიშვნას მხოლოდ ქმედუუნარო პირთა მონაწილეობის შემთხვევაში უშვებს. დასაბუთებული აუცილებლობის შემთხვევაში, ნორმით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, ამავე კოდექსის მე-7 მუხლით გათვალისწინებული კანონის ანალოგიით, პროცესში მონაწილე მხარდამჭერის გარეშე მყოფ მხარდაჭერის მიმღებ პირთა მიმართაც საპროცესო წარმომადგენლის დანიშვნა შესაძლებელია.

14

პირის შეზღუდულქმედუნარიანად (მე-16 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში) ან მხარდაჭერის მიმღებად აღიარება ხორციელდება სასამართლოს მიერ სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის კარი მეშვიდე, XLIV¹⁰ და XLIV¹¹ თავებით დადგენილი წესით.




  1. შენიშვნა: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე 2015 წლის 20 მარტს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლში შეტანილი ცვლილებით, ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევების მქონე პირი მიჩნეულ იქნა ქმედუნარიანად, რომელიც თავისი უფლებებისა და მოვალეობების რეალიზებისთვის საჭიროებს მხარდაჭერას. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი # 3339-IIს, 31.03.2015; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 8 ოქტომბრის # 2/4/532,533 გადაწყვეტილება.
  2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 12 აპრილის # ას-1224-1076-2010 გადაწყვეტილება.
  3. ლილუაშვილი, სამოქალაქო-საპროცესო სამართალი, 2005, გვ. 182.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_134._ხანდაზმულობის_ვადის_დენის_შეჩერება_შეზღუდულქმედუნარიანის_და_მხარდაჭერის_მიმღების...&oldid=1983"