Gccc-logo.png


მუხლი 136. ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების მომენტი

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 136. ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების მომენტი


ნუნუ კვანტალიანი
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

1. ხანდაზმულობის ვადა ჩერდება იმ შემთხვევაში, თუ 132-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები წარმოიშვა ან განაგრძობდა არსებობას ხანდაზმულობის ვადის უკანასკნელი ექვსი თვის ფარგლებში; ხოლო თუ ეს ვადა ექვს თვეზე ნაკლებია, – ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში.

2. იმ გარემოებების შეწყვეტის დღიდან, რომლებიც საფუძვლად დაედო ხანდაზმულობის ვადის შეჩერებას, ხანდაზმულობა გაგრძელდება ექვს თვემდე; ხოლო თუ ხანდაზმულობის ვადა ექვს თვეზე ნაკლებია, – ხანდაზმულობის ვადამდე.

I. რეგულირების მიზანი

1

136-ე მუხლით დადგენილი წესის მიზანია, პირისთვის დარღვეული უფლების დაცვის უზრუნველყოფა იმ ვითარებაში, როდესაც მოთხოვნის წარდგენა უფლებამოსილი პირისგან დამოუკიდებელ და ობიექტურად ხელშემშლელ გარემოებათა გამო შეუძლებელია. ნორმით გათვალისწინებულია, დამაბრკოლებელ გარემოებათა შეწყვეტიდან ექვსი თვის ვადით ხანდაზმულობის ვადის გაგრძელება, რაც ამ ვადაში კრედიტორს უფლების დასაცავად მოთხოვნის წარდგენის შესაძლებლობას უქმნის.

II. გამოყენების სფერო

2

136-ე მუხლით, ამ ნორმით დადგენილი რეგულაცია გამოიყენება 132-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის წარდგენის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობისას, კერძოდ:

ა. ვალდებულების შესრულება გადავადებულია აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ (მორატორიუმი);

ბ. სარჩელის წარდგენას აბრკოლებს განსაკუთრებული და მოცემულ პირობებში აუცდენელი დაუძლეველი ძალა;

გ. კრედიტორი ან მოვალე იმყოფება შეიარაღებული ძალების იმ ნაწილში, რომელიც გადაყვანილია საომარ მდგომარეობაში;

დ. კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ჩამოთვლილთაგან ა, ბ და გ პუნქტებში გარემოებათა არსებობისას ვადის დენის შეჩერების ერთგვაროვანი წესი გამოიყენება.

1. ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების განსხვავებული წესი

3

136-ე მუხლის გამოყენება 132-ე მუხლის „დ“ პუნქტში მითითებულ კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევების მიმართ, კონკრეტული ნორმით რეგულირებულ ხანდაზმულობის ვადის დენის დამაბრკოლებელი გარემოების ხასიათის გათვალისწინებით უნდა გავრცელდეს.

ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევაა 133-ე და 134-ე მუხლებში მითითებული გარემოებები.

ა) 133-ე მუხლში მითითებული გარემოებები

4

133-ე მუხლით, ხანდაზმულობის ვადა შეჩერდება:

ა. მეუღლეთა შორის მოთხოვნებზე — ხანდაზმულობის ვადა შეჩერებულია ქორწინების განმავლობაში და ვადის დენა იწყება ქორწინების შეწყვეტის მომენტიდან.

ბ. მშობლებსა და შვილებს შორის — ხანდაზმულობის ვადა შეჩერებულია ბავშვების სრულწლოვანების დადგომამდე (18 წლის ასაკის მიღწევამდე);

გ. მეურვეებსა (მზრუნველებსა) და სამეურვეო პირებს შორის მოთხოვნებზე ხანდაზმულობის ვადა მეურვეობის მთელი პერიოდის მან- ძილზე შეჩერდება.

5

ამდენად, 133-ე მუხლით, ხანდაზმულობის ვადის დენის დამაბრკოლებელ გარემოებათა არსებობისას ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების საწყის მომენტად კონკრეტული იურიდიული ფაქტის (ქორწინება, არასრულწლოვანება, მეურვეობა) წარმოშობა მიიჩნევა, ხოლო შეჩერების პერიოდად — დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც ეს გარემოებები არსებობას განაგრძობს.

6

133-ე მუხლი მსგავსია გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 207-ე პარაგრაფისა, რომელიც ოჯახური და სხვა მსგავსი გარემოებების არსებობისას ხანდაზმულობის ვადის შეჩერებას ადგენს. საგულისხმოა, რომ ამ გარემოებებთან მიმართებით გსკ შეჩერებული ხანდაზმულობის ვადის გაგრძელების პერიოდს (დროის მონაკვეთს) არ უთითებს (მაგ., 210-211-ე პარაგრაფებში გსკ ხანდაზმულობის ვადის გაგრძელების დროდ ექვს თვეს განსაზღვრავს). კანონის ასეთი მიდგომა ამ ურთიერთობათა თავისებურებებითაა გამართლებული.

7

დამაბრკოლებელ გარემოებათა არსებობის შეწყვეტის შემდეგ ხანდაზმულობის ვადის გაგრძელების წესს არც 134-ე მუხლი არ ადგენს. ამასთან, 136-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, 134-ე მუხლთან მიმართებით ხანდაზმულობის ვადის გაგრძელების ექვსთვიანი ვადა უნდა გავრცელდეს, რაც მიზანშეუწონელია. 136-ე მუხლის გათვალისწინება, ჩვეულებრივისგან განსხვავებით, მოთხოვნაზე უფლებამოსილ პირს, ნაცვლად დადგენილი ხანდაზმულობის ვადისა (მაგ., 3 წელი), უფლების დაცვა მხოლოდ ექვსი თვის განმავლობაში შეეძლება. ამდენად, ეს პატივსადები ობიექტური გარემოებები, რომელიც 134-ე მუხლით კანონმდებლის მიერაც უფლების განხორციელების დამაბრკოლებელ გარემოებად იქნა მიჩნეული, 136-ე მუხლის მოქმედების გავრცელებით, უფლებამოსილ პირს კერძო სამართლის სხვა სუბიექტებთან შედარებით არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს. კერძოდ:

8

ა. ქორწინებაში მყოფ პირებთან მიმართებით, თუ მოთხოვნა ქორწინების განმავლობაში წარმოიშვა, ხანდაზმულობის ვადა შეჩერებულია და მისი დენა დაიწყება ქორწინების შეწყვეტის მომენტიდან. ე.ი. თუ პირს მეუღლის მიმართ სახელშეკრულებო ან სანივთო უფლებებთან დაკავ- შირებით მოთხოვნა ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ წარმოეშვა და ხუთი წლის შემდეგ განქორწინდა, 136-ე მუხლის გამოყენების შემთხვევაში, მოთხოვნაზე უფლებამოსილ პირს, ნაცვლად დადგენილი ხანდაზმულობის ვადისა (მაგ., 3 წელი), უფლების დაცვა მხოლოდ ექვსი თვის განმავლობაში შეეძლება.

თუ მოთხოვნა ქორწინებამდე წარმოიშვა, ქორწინების განმავლობაში ხანდაზმულობის ვადა შეჩერებულია, ხოლო განქორწინების შემთხვევაში ვადის დენა გაგრძელდება. იურიდიულ ლიტერატურაში გამოთქმული მოსაზრებით, ამ უკანასკნელ შემთხვევაში მხედველობაში იქნება მიღებული დაქორწინებამდე გასული დრო.[1] აღნიშნულით ავტორი გამორიცხავს 136-ე მუხლით გათვალისწინებული შეჩერებული ვადის ექვსი თვით გაგრძელებას. დაქორწინებამდე გასული დროის გათვალისწინებამ შესაძლებელია, გაუმართლებლად არახელსაყრელი მდგომარეობა შეუქმნას უფლებამოსილ პირს — კრედიტორს (მაგალითად, თუ სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის შემთხვევაში დაქორწინება მოთხოვნის წარმოშობიდან 2 წლისა და 10 თვის შემდეგ მოხდა).

9

ბ. მშობლებსა და შვილებს შორის მოთხოვნებზე ხანდაზმულობის ვადის დენას რაც შეეხება, ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადა არც დაწყებულა და მისი შეჩერება პრაქტიკულად წარმოადგენს ხანდაზმულობის ვადის გადავადებას (ვადის დაყოვნებას) არასრულწლოვანთა სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაშიც, თუ ხანდაზმულობის ვადა შეჩერებულად მიიჩნევა და 136-ე მუხლით უფლების დაცვა ექვსი თვით გაგრძელდება, ეს სამართლებრივ ლოგიკას მოკლებულია.

10

გ. მეურვეებსა (მზრუნველებსა) და სამეურვეო პირებს შორის მოთხოვნებზე ხანდაზმულობის ვადა მეურვეობის მთელი პერიოდის მანძილზე შეჩერდება. ამ შემთხვევაშიც, წინა ორი გარემოების მსგავსი ვითარებაა, ვინაიდან მეურვეობა და მზრუნველობა წესდება როგორც შვიდ წლამდე ასაკის, აგრეთვე იმ სრულწლოვნის პირადი და ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დამოუკიდებლად განახორციელოს თავისი უფლებები და შეასრულოს თავისი მოვალეობები (1275-1276-ე მუხლები).

11

ამდენად, ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერებისა და გაგრძელების 136-ე მუხლით გათვალისწინებული წესის გამოყენება 134-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებებთან მიმართებით, მიზანშეუწონელია. ამ ურთიერთობების თავისებურებათა გათვალისწინებით, ხანდაზმულობის ვადის დენა უფლების დამაბრკოლებელი გარემოების დამთავრების (შეწყვეტის) მომენტიდან უნდა დაიწყოს.

ბ) 134-ე მუხლში მითითებული გარემოებები

12

134-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერდება, თუ დარღვეული უფლების დაცვის მოთხოვნა:

ა) მომდინარეობს შეზღუდულქმედუნარიანი ან მხარდაჭერის მიმღები პირისაგან, რომელსაც კანონიერი წარმომადგენელი არ ჰყავს, ან

ბ) მოთხოვნა მიმართულია შეზღუდულქმედუნარიანი ან მხარდაჭერის მიმღები იმ პირის მიმართ, რომელსაც კანონიერი წარმომადგენელი არ ჰყავს ან რომელსაც მხარდაჭერა სათანადო წესით არ გაეწია.

13

ამავე ნორმით, განსაზღვრულია ხანდაზმულობის ვადის შეჩერების ხანგრძლივობა — სანამ ეს პირი სრული ქმედუნარიანი არ გახდება ან მას კანონიერი წარმომადგენელი, ან მხარდამჭერი არ დაენიშნება.

14

რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადის შემაჩერებელ გარემოებათა შეწყვეტის შემდეგ მოთხოვნის იძულებით დაცვის ვადის გაგრძელებას, გამოიყენება 136-ე მუხლის დანაწესი, შესაბამისად, ვადა გაგრძელდება ექვს თვემდე, ექვს თვეზე ნაკლები ხანდაზმულობის ვადის შემთხვევაში — ხანდაზმულობის ვადამდე.[2] ნორმით აღწერილ დამაბრკოლებელ გარემოებათა აღმოფხვრის შემდეგ მოთხოვნის წარსადგენად ექვსი თვის ვადა უფლებამოსილი პირისთვის სავსებით საკმარისი და გონივრულია. ამდენად, 136-ე მუხლის გამოყენება 134-ე მუხლთან მიმართებით მიზანშეწონილია.

III. ვადის დენის შეჩერების წინაპირობა

15

ნორმის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უფლების დაცვის დამაბრკოლებელი გარემოებები წარმოიშვა და არსებობს:

1. ხანდაზმულობის უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში;

2. მოთხოვნის იძულებით დაცვის ექვს თვეზე ნაკლები ვადის შემთხვევაში, ამ ვადის განმავლობაში.

16

ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს უფლების დაცვის დამაბრკოლებელ გარემოებათა ხანდაზმულობის ვადის უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში არსებობა. ამასთან, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა ასეთ გარემოებათა წარმოშობის დროს, არამედ ამ გარემოებათა ვადის ბოლო ექვსი თვის მონაკვეთში არსებობას. ასე მაგალითად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის შეჩერებისთვის განმსაზღვრელია უფლების დაცვის დამაბრკოლებელი გარემოების ბოლო ექვსი თვის განმავლობაში არსებობა, მიუხედავად იმისა, სამწლიანი ვადის რა მონაკვეთში (თუნდაც ვადის დასაწყისში) წარმოიშვა ასეთი გარემოება. ასეთ შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერდება ბოლო ექვსი თვის დაწყებისთანავე.[3]

17

მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა თუ ექვს თვეზე ნაკლებია, უფლების დაცვის დამაბრკოლებელ გარემოებათა ამ ვადაში წარმოშობა ყოველთვის გამოიწვევს ხანდაზმულობის ვადის შეჩერებას. ასე მაგალითად, პარტნიორთა კრების, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებათა გასაჩივრებისთვის შესაბამისი ოქმის შედგენიდან 2 თვის ვადაა დადგენილი (მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 15 II მუხლი). ამ დროის განმავლობაში 132-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებათა წარმოშობა ან არსებობა ხანდაზმულობის ვადას აჩერებს.

IV. ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების დამთავრება

18

ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების ხანგრძლივობა დამოკიდებულია უფლების დაცვის დამაბრკოლებელ გარემოებათა არსებობის ხანგრძლივობაზე. ამ გარემოებათა შეწყვეტის დღიდან ხანდაზმულობის ვადა გაგრძელდება.

V. შეჩერებული ხანდაზმულობის ვადის დენის გაგრძელება

19

ხანდაზმულობის ვადის შემაჩერებელ გარემოებათა შეწყვეტის შემდეგ მოთხოვნის იძულებით დაცვის ვადა გაგრძელდება ექვს თვემდე, ექვს თვეზე ნაკლები ხანდაზმულობის ვადის შემთხვევაში – ხანდაზმულობის ვადამდე.

20

მაგალითად, თუ სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის დროს ვადის მიმდინარეობა შეჩერდა მისი დაწყებიდან ორი წლისა და რვა თვის გასვლის შემდეგ და შეჩერება გაგრძელდა ერთი თვე, ამ ერთი თვის გასვლის შემდეგ ხანდაზმულობის ვადა გაგრძელდება არა დარჩენილი ოთხი თვით, არამედ ექვსი თვით. თუ ხანდაზმულობის ვადა ხუთი თვეა და იგი შეჩერდა ერთი თვის გასვლის შემდეგ, იგი კვლავ ხუთი თვე იქნება, ე.ი. იმდენი, რამდენიცაა ხანდაზმულობის ვადა.[4]




  1. ახვლედიანი, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 133, გვ. 326.
  2. შდრ. გერმანიის სამოქალაქო კოდექსი, პარაგრაფი 210.
  3. ახვლედიანი, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 136, გვ. 329.
  4. იქვე. 136, გვ. 330.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_136._ხანდაზმულობის_ვადის_დენის_შეჩერების_მომენტი&oldid=1988"