Gccc-logo.png


მუხლი 137. ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 137. ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა


გიორგი სვანაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.

I. ზოგადი დებულებები, ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა და თავიდან დაწყება

1

ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა და თავიდან დაწყება ის სამართლებრივი კატეგორიებია, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. მაშინ, როდესაც 137-ე მუხლი განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევაში წყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, 141-ე მუხლი ადგენს აღნიშნული ვადის დენის შეწყვეტის შედეგს. კერძოდ, ვადის დენის შეწყვეტამდე გასული დრო მხედველობაში აღარ მიიღება და ვადის დენა დაიწყება თავიდან.[1] ვადის დენის შეწყვეტასთან მიმართებით ცენტრალური ადგილი უკავია ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე მოთხოვნის არსებობის აღიარებას.

II. აღიარება

1. სამართლებრივი ბუნება

2

ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის მიზნებისათვის აღიარება წარმოადგენს უფლებამოსილი პირის წინაშე განხორციელებულ მოვალის ფაქტობრივ ქმედებას, რომლითაც არაორაზროვნად დასტურდება შესაბამისი მოთხოვნის არსებობის შესახებ მოვალის აღქმა.[2] გერმანიის სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ყველა აღიარება შეიძლება არ იყოს გარიგება და იგი დაკვალიფიცირდეს, როგორც გარიგების მსგავსი აქტი, რომლის სამართლებრივი შედეგებიც მოვალის ნებისაგან დამოუკიდებლადაც შეიძლება დადგეს; აღიარების ნამდვილობისთვის საჭიროა პირის ქმედუნარიანობა.[3] თუმცა, მეორე მხრივ, ნამდვილი გარიგება ან ვალის არსებობის აღიარებაც შეიძლება შეიცავდეს იმ ფაქტობრივ ქმედებას, რომლითაც წყდება ხანდაზმულობის ვადის დენა.[4]

3

ქართულ სასამართლო პრაქტიკაში 137-ე მუხლის მიზნებისათვის აღიარებასთან მიმართებით უფრო მეტი აქცენტი მოვალის ნებაზეა გადატანილი. კერძოდ, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ „[...] 137-ე მუხლით დადგენილი ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე მოთხოვნის არსებობის სხვაგვარად აღიარება შეფასებითი კატეგორიაა და კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა სრული ანალიზით უნდა შეფასდეს. მოვალის ასეთ ქმედებად – სხვაგვარად აღიარებად – უნდა ჩაითვალოს მოვალის ისეთი ქმედება, რომელშიც აშკარად გამოკვეთილია პირის ნება ვალდებულებების არსებობასთან მიმართებით.“[5]

იმავე მუხლთან მიმართებით სხვა საქმეზე სასამართლომ შემდეგი შეფასება გააკეთა: „[...] აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მოთხოვნის „სხვაგვარ აღიარებად“ მხოლოდ მოვალის ერთმნიშვნელოვანი და ნათლად გამოვლენილი ნება ჩაითვლება, რომლის საფუძველზეც იგი პირდაპირ აღიარებს დავალიანების არსებობას. ნებიმისერი ეჭვი ან უზუსტობა მოვალის სასარგებლოდ უნდა იქნეს განმარტებული“.[6]

4

საქართველოს სასამართლო პრაქტიკიდან ჩანს, რომ უმეტეს შემთხვევაში მოვალის ნების შინაარსი განმსაზღვრელი რჩება. შესაბამისად, მოვალის მიერ მოთხოვნის არსებობის აღიარების კვალიფიკაციისას უპირველეს გზად 341-ე მუხლის რეგულაცია რჩება, რომელიც სპეციალურ მოწესრიგებას შეიცავს ვალის არსებობის აღიარებასთან დაკავშირებით (იხ. 341-ე მუხლის კომენტ.). თუმცა, აღნიშნული სასამართლო პრაქტიკა და შეფასება არ უნდა იქცეს განსახილველი საკითხის მოწესრიგების ერთადერთ გზად და ყოველი კონკრეტული გარემოებების არსებობისას ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს მოვალის ნების შინაარსი, მაშინ, როდესაც გარეგნული მახასიათებლებით მოვალის მიერ გახორციელებული გარიგების მსგავსი ქმედება აშკარად უფლებამოსილი პირის მიმართ გაკეთებული მოთხოვნის არსებობის აღიარებით ქმედებად უნდა შეფასდეს. უფრო მეტიც, იმავე გერმანიის სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, ნების ნაკლთან დაკავშირებული ნორმები არ გამოიყენება მოვალის მიერ განხორციელებული აღიარებისადმი მისი ნებელობითი დამოკიდებულების განსასაზღვრად.[7]

5

განსახილველ საკითხთან მიმართებით მსჯელობის განვითარებისას გერმანული სამართლის დოქტრინისა და სასამართლო პრაქტიკის განხილვა შემთხვევითი არ არის, რამდენადაც, 137-ე მუხლისა და გსკ-ის § 212-ის დისპოზიცია თითქმის იდენტურია და ნორმის მიღმა შინაარსობრივი საწყისების შეფასებისას საკმაოდ შედეგიანად შეიძლება ქართული სამართლის ერთგვარი პირველადი წყაროს განხილვა-მოშველიება ისევ და ისევ ქართული სამართლის თვითმყოფადი განვითარებისათვის.

2. ცალკეული შემთხვევები

6

137-ე მუხლი პირდაპირ ჩამოთვლის ვალდებულების არსებობის აღიარების კონკრეტულ ფორმებს. კერძოდ, ესენია: აღიარება ავანსის, პროცენტის გადახდითა და გარანტიის მიცემით. გარდა ამისა, კანონმდებელი საკმაოდ მოქნილ რეგულაციას სთავაზობს, რამდენადაც აღნიშნული ჩამონათვალი არ არის ამომწურავი ხასიათის და შესაძლებელია, რომ ვალდებულმა პირმა ვალდებულების არსებობის „სხვაგვარად აღიარებაც“ განახორციელოს. თავად „სხვაგვარად აღიარების“ კვალიფიკაციასთან დაკავშირებით, როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლო პრაქტიკა მკაფიოდ მიუთითებს, რომ ყოველი აღიარება ინდივიდუალური შეფასების საგანს წარმოადგენს შესაბამისი გარემოებების გათვალისწინებით.

3. მოთხოვნის სრულად და ნაწილობრივ აღიარება

7

აღიარება შეიძლება განხორციელდეს როგორც სრულად, მთელ ვალდებულებასთან მიმართებით, ასევე ვალდებულების მხოლოდ ცალკეულ ნაწილ(ებ)ზე. ეს ორი ტიპის აღიარება შეიძლება განსხვავებული სამართლებრივი შედეგების მომტანი იყოს. კერძოდ, ვალდებულების სრულად აღიარებისას, ლოგიკურია, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა უნდა შეწყდეს და მისი თავიდან დაწყება/ათვლა უნდა მოხდეს მთლიან ვალდებულებასთან მიმართებით. მაგრამ, რაც შეეხება ვალდებულების მხოლოდ ცალკეული ნაწილის არსებობის არიარებას, აქ ლოგიკური იქნება, რომ აღიარებას შედეგად მოჰყვეს ვალდებულების მხოლოდ იმ ნაწილის ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა და მისი ათვლის ახლიდან დაწყება, რომელი ნაწილის არსებობის აღიარებაზეც იყო ვალდებული პირის აღიარება მიმართული. რაც შეეხება ვალდებულების მეორე ნაწილს, რომლის არსებობის აღიარებაც არ მომხდარა, მისი ხანდაზმულობის ვადის დენა არ უნდა იქნეს განხილული შეწყვეტილად და მაშასადამე, არც ვადა არ უნდა დაიწყოს თავიდან.

4. მოვალის აღიარება უფლებამოსილი პირის წინაშე

8

137-ე მუხლის თანახმად აუცილებელია, რომ აღიარება მოხდეს ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე. საქართველოს სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ 137-ე მუხლით ვალდებული პირის აღიარება უნდა განხორციელდეს უშუალოდ უფლებამოსილი პირის და არა სხვა სუბიექტის წინაშე. მოცემულ შემთხვევაში, წერილის ადრესატს არ წარმოადგენს შპს [...]; სააპელაციო სასამართლომ ასევე არ იმსჯელა, აღნიშნული დოკუმენტი გამოხატავს მხოლოდ ფაქტის აღიარებას თუ ვალდებულების აღიარებას. ამასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის როგორც 137-ე, ისე 144-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგი უკავშირდება მოვალის მიერ ვალდებულების აღიარებას, სადაც მოვალე გამოხატავს ნებას, იძლევა დაპირებას ვალდებულების შესრულების თაობაზე და არა ფაქტის აღიარებას, სადაც მოვალე ახდენს მარტოოდენ ვალდებულების ფაქტის კონსტატაციას.[8]

9

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, უნდა ითქვას, რომ როგორც ვალდებულ პირს, ასევე უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით განახორციელოს როგორც ვალდებულების აღიარების არსებობის (ვალდებული პირის შემთხვევაში), ასევე შესაბამისი აღიარების მიღებაც (უფლებამოსილი პირის შემთხვევაში). უბრალოდ, გასათვალისწინებელია, რომ ვალდებული და უფლებამოსილი პირის უფლებამოსილი წარმომადგენლები სათანადო ფორმის დაცვით იქნენ შესაბამისი უფლებებით აღჭურვილნი და ვალდებულებებით დავალებულნი.

III. შედეგი

10

ხანდაზმულობის ვადის დენის აღიარების საფუძველზე შეწყვეტის შემდეგ ახლიდან იწყება ვალდებულების ხანდაზმულობის ვადის დენა (137-141). კერძოდ, აღიარების ნამდვილი ფორმით განხორციელების მეორე დღიდან იწყება ხანდაზმულობის ვადის დენის ახლიდან ათვლა (122). აღიარების შედეგის დასადგომად მნიშვნელოვანია აღიარების განხორციელების დრო და არა მისი უფლებომისილი პირის მიერ მიღების დრო.




  1. ახვლედიანი, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 137, გვ. 330; ბერეკაშვილი/თოდუა/ჩაჩავა/ძლიერიშვილი, კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სამოქალაქო სამართალში, 2015, გვ. 51; შდრ.: Ellenberger, in Palandt BGB Komm. 69. Aufl., § 312, Rn. 1.
  2. ახვლედიანი, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 137, გვ. 330; შდრ.: Ellenberger, in Palandt BGB Komm. 69. Aufl., § 312, Rn. 2.
  3. Ellenberger, in Palandt BGB Komm. 69. Aufl., § 312, Rn. 2.
  4. Brem OLGZ 71, 53.
  5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2006 წლის 19 დეკემბრის #ას-330-733-06 გადაწყვეტილება; ნაჭყებია, სამოქალაქო-სამართლებრივი ნორმების განმარტებები უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში, 2014, გვ. 53.
  6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2010 წლის 1 დეკემბრის #ას-599-562-2010 გადაწყვეტილება; ნაჭყებია, სამოქალაქო-სამართლებრივი ნორმების განმარტებები უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში, 2014, გვ. 54.
  7. RG HRR 30, 96.
  8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ნოემბრის #ას-374-347-2010 გადაწყვეტილება; ნაჭყებია, სამოქალაქო-სამართლებრივი ნორმების განმარტებები უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში, 2014, გვ. 54.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_137._ხანდაზმულობის_ვადის_დენის_შეწყვეტა&oldid=1992"