Gccc-logo.png


მუხლი 138. ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა სარჩელის შეტანით

From Georgian Civil Code Commentary
Jump to: navigation, search

მთავარი პროექტის შესახებ კომენტარის შესახებ ავტორები კონტაქტი

მუხლი 138. ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა სარჩელის შეტანით


გიორგი სვანაძე
ბოლო დამუშავება: 24 დეკემბერი, 2017

ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.

I. წინაპირობები

1

138-ე მუხლი განსაზღვრავს იმ კონკრეტულ სამართლებრივ მექანიზმებს/საშუალებებს, რომელთა უფლებამოსილი პირის მიერ სათანადო ფორმით გამოყენების შემთხვევაშიც წყდება ხანდაზმულობის ვადის დენა. კერძოდ, აღნიშნული საშუალებებია:

  • სარჩელის შეტანა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად (სარჩელის შეტანა ყოველთვის არ იწვევს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას (იხ. 140-ე მუხლი));
  • განცხადებით მიმართვა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში მოთხოვნის არსებობის შესახებ;
  • აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება.

მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს აღნიშნული სამართლებრივი საშუალებების უფლებამოსილი პირის მიერ გამოყენება.

2

ერთ-ერთ საქმეზე სასამართლომ განმარტა,[1] რომ „მითითებული მუხლი ადგენს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე საკუთარი მოთხოვნის დაცვის ნებას ავლენს და გარკვეულ ღონისძიებებს მიმართავს დარღვეული უფლების აღსადგენად. ამასთან, აღნიშნული ნორმის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტისათვის აუცილებელია, რომ მხარის მიერ არჩეული საშუალება ვარგისი იყოს შესაბამისი შედეგის მისაღწევად. ხანდაზმულობის ვადის დენას უფლებამოსილი პირის მხოლოდ ისეთი სარჩელი (განცხადება) წყვეტს, რომელსაც სასამართლო წარმოება- ში მიიღებს. სხვა სახელმწიფო ორგანოსათვის მიმართვისას აუცილებელია, რომ აღნიშნული ორგანო კომპეტენტური იყოს, ანუ სადავო-სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება ამ ორგანოსადმი მიმართვის გზით უნდა შეიძლებოდეს. თითოეულმა მხარემ თავად უნდა შეარჩიოს საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სწორი და ეფექტური საშუალება, ამ პირობის დარღვევით გამოწვეული შედეგები კი, თავად მხარის რისკია.

საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე ასევე განმარტავს, რომ „[...] 138-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული მოქმედებებიდან ერთ-ერთის განხორციელებას მხოლოდ მაშინ მოჰყვება ამავე ნორმაში მითითებული სამართლებრივი შედეგი, ვიდრე ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასული ვადის დენის შეწყვეტაზე საუბარი მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს. ამასთანავე, ნორმით განსაზღვრული შედეგის მიღწევისათვის მნიშვნელოვანია, კრედიტორმა მიმართოს უფლებამოსილ პირს“.[2]

3

გარდა ზემოაღნიშნული საშუალებებისა, უფლებამოსილ პირს შეუძლია განახორციელოს აღმასრულებელი მოქმედებები, როდესაც აღნიშნული პირი თავად აღასრულებს თავის მოთხოვნას.[3]

4

სასამართლო პრაქტიკით ნათლად ჩანს, რომ 138-ე მუხლის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა შესაბამისი უწყებისთვის მიმართვის გზით შესაძლებელია შემდეგი წინაპირობების არსებობისას:

  • სამართლებრივი საშუალების გამოყენება უნდა მოხდეს უფლებამოსილი პირის მიერ ვალდებული პირის მიმართ;
  • უფლებამოსილი პირის მიერ არჩეული საშუალება ვარგისი უნდა იყოს შესაბამისი შედეგის მისაღწევად. კერძოდ, არჩეული საშუალებით მიმართვა უნდა განხორციელდეს ისეთ უწყებაში, რომელიც კომპეტენტურია განსახილველ საკითხზე რეაგირების მოსახდენად და არ წარმოადგენს არასათანადო უწყებას.
5

იმ შემთხვევაში, თუ ხდება აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება უფლებამოსილი პირის მიერ, მაშინ მნიშვნელოვანია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაბამი გარემოებების გათვალისწინება და შეფასება თუ რამდენად საკმარისია ესა თუ ის მოქმედება, რათა ხანდაზმულობის ვადის დენა მიჩნეულ იქნეს შეწყვეტილად.

6

ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის ხანგრძლივობა და სარჩელზე უარის შედეგები 138-ე მუხლის მიზნებისათვის განისაზღვრება 139-140-ე მუხლებით.

II. სარჩელი უცხო ქვეყნის სასამართლოში ან კერძო არბიტრაჟში

7

მართალია, 138-ე მუხლი უთითებს სასამართლოსთვის სარჩელით ან განცხადებით მიმართვაზე, თუმცა აღნიშნული მუხლის შედეგები ასევე მაშინაც უნდა დადგეს, როდესაც შესაბამისი უფლებამოსილი პირი სასამართლოს ნაცვლად სარჩელით მიმართავს სათანადო განსჯადობის მქონე კერძო არბიტრაჟს.[4]

8

138-ე მუხლის სამართლებრივი შედეგი ასევე დგება უცხო ქვეყნის განსჯადი/საერთაშორისო კომპეტენციის მქონე სასამართლოში[5] სარჩელის შეტანისას, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის ან შესაბამისი საერთაშორისო მრავალმხრივი ან ორმხრივი ხელშეკრულების შესაბამისად უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ცნობაუნარიანი და შესაბამისად, აღსრულებადი იქნება საქართველოში.[6]

III. შედეგები

9

ხანდაზმულობის ვადის დენის განხილული სამართლებრივი საშუალებებით შეწყვეტისას ახლიდან იწყება ვალდებულების ხანდაზმულობის ვადის დენა (137-141). კერძოდ, სამართლებრივი საშუალების ნამდვილი ფორმით განხორციელების მეორე დღიდან იწყება ხანდაზმულობის ვადის დენის ახლიდან ათვლა (122).




  1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2015 წლის 4 დეკემბრის #ას-960-909-2015 გადაწყვეტილება; ნაჭყებია, სამოქალაქო-სამართლებრივი ნორმების განმარტებები უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში, 2014, გვ. 54.
  2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2015 წლის 4 დეკემბრის #ას-960-909-2015 გადაწყვეტილება; ნაჭყებია, სამოქალაქო-სამართლებრივი ნორმების განმარტებები უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში, 2014, გვ. 54.
  3. ახვლედიანი, სკ-ის კომენტარი, წიგნი I, 2002, მუხ. 138, გვ. 332.
  4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2012 წლის 22 აპრილი #ას-1586-1489-2012 გადაწყვეტილება.
  5. დამატებით ლიტერატურაზე მითითებით სასამართლოთა საერთაშორისო კომპეტენციის თაობაზე იხ. სვანაძე, საერთაშორის ბიზნეს-ხელშეკრულებების მოლაპარაკება და შედგენა საერთაშორისო ნასყიდობის სამართლის მაგალითზე, ბიზნეს-სამართლის მიმოხილვა, IV გამოცემა, 2015, გვ. 79.
  6. დამატებით ლიტერატურაზე მითითებით უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების თაობაზე იხ. Svanadze, Grundlagen des deutsch-georgischen Anerkennungsrechts, Eine rechtsvergleichende Analyse, 2014.


დატოვეთ კომენტარი
თქვენ შეგიძლიათ კომენტარის დატოვება ანონიმურად. თუ არ გსურთ ანონიმურობა, გაიარეთ რეგისტრაცია ან ავტორიზაცია.

Retrieved from "http://civilcode.ge/index.php?title=მუხლი_138._ხანდაზმულობის_ვადის_დენის_შეწყვეტა_სარჩელის_შეტანით&oldid=1995"